ეს ქალბატონი რვა წელი საბერძნეთში
- ჩემს ოჯახზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. დედისერთა ვიყავი და ქმარი ზესიძედ მივიყვანე. პატიოსანი კაცი იყო, მაგრამ სამსახურიდან გამოუშვეს, ახალი ვერაფერი ნახა და უკიდურეს გაჭირვებაში აღმოვჩნდით. პატარა ბავშვი მყავდა, დედაჩემიც ცუდად იყო, მუდმივად მედიკამენტები სჭირდებოდა. ამ ქალმა თავის დროზე, რაც გააჩნდა ყველაფერი მომცა, ახლა ჩემი დრო იყო, მაგრამ ვერაფრით ვეხმარებოდი. ამ თემაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, რადგან საქართველოში ოჯახების უმეტესობა ისეთივე ეკონომიკურ კრიზისშია, როგორშიც მე ვიყავი რვა წლის წინ.
- წასასვლელი თანხა როგორ შეაგროვეთ?
- როგორ ყველა, მეც ვალით წავედი საბერძნეთში. იქ ახლობელი დამხვდა, რომელიც მპირდებოდა, სამსახურს გიშოვიო, მაგრამ რამდენიმე თვე არაფერი გამოჩნდა. ათი თვის თავზე სამშვილიან ოჯახში მომვლელად მიმიყვანეს, წარმოგიდგენიათ, სამი ტყუპი იყო. დედა დილით გაიხურავდა კარს და დაღამებამდე დაქალებში ატარებდა დროს, ჩემი მუშაობის საათებში რომ მეთხოვა, ერთ წუთს ბავშვებთან გაჩერდი, საპირფარეშოში შევალ-მეთქი, სამსახურიდან დამითხოვდა. მისი ქმარი კარგი ადამიანი იყო, ათას ევროს მიხდიდა. ამ თანხით ვალების გასტუმრება, რამდენიმე თვეში მოვახერხე და სამუშაოს შეცვლაზე დავიწყე ფიქრი. საყვარელი ბავშვები იყვნენ, მაგრამ მათი მოვლა აღარ შემეძლო.
- რატომ?
- როცა ტელეფონში შენი შვილის ტირილის ხმა გესმის, როცა ბავშვი გეუბნება, რომ ენატრები, შენ კი სხვის შვილს უნდა მიეფერო და დააძინო, ვერ წარმოიდგენთ ეს რამხელა ტკივილია. მერჩივნა ისევ ლოგინად ჩავარდნილი მოხუცებულისთვის მიმეხედა, თუმცა ძველი განცდები ვერც სამუშაოს შეცვლამ შემიმსუბუქა. უცხოეთში მყოფი ადამიანი უბრალოდ თავის ყოფას ეჩვევა და იმ ფიქრით, რომ საკუთარი თავი ახლობელი ადამიანების კეთილდღეობისთვის სამსხვერპლოზე მიაქვს, მუშაობის ძალა ემატება. სამშობლოში დარჩენილებიც ეჩვევიან იმ აზრს, რომ შენი ადგილი, სადაც ხარ, იქ არის. ტელეფონში თბილი სიტყვები იკლებს და სასაუბრო თემა ძირითადად ფულს უკავშირდება. საბერძნეთში ბინა რამდენიმე ქართველს ერთად გვქონდა ნაქირავები. ისინი გულისტკივილით ჰყვებოდნენ, როცა ქმარ-შვილი გვირეკავს, სანამ ჩვენს ამბავს იკითხავენ იმას არკვევენ, რა თანხას გავუგზავნით და რომელი ბანკითო.Mეს ეტაპი ჩემს ცხოვრებაშიც დადგა. თავიდან მიხაროდა, როცა ბავშვი ნაკლებად ნერვიულობს, შენც ყოფა გიმსუბუქდება, მაგრამ მათი სიმშვიდე მალე უდარდელობამ შეცვალა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დედაჩემი გარდაიცვალა. ქალიშვილს მოთხოვნილებები გაეზარდა. თვეში ერთხელ მობილურის გამოცვლას მთხოვდა, წელიწადში ერთხელ - კომპიუტერის. ხშირად ტელეფონით ჩემთან საუბარს მეგობრებთან გართობა ერჩივნა. მეუღლე უზრუნველმა ცხოვრებამ გააზულუქა. სამსახურის შოვნაზე აღარ უფიქრია. მთელი დრო ტელევიზორის წინ კოტრიალობდა თურმე. უფრო მეტიც, მის სანათესაოში ვისაც ფული დასჭირდებოდა, მირეკავდა და მთხოვდა. ჩემი შრომა აღარავის ანაღვლებდა. რამდენჯერმე დამაყვედრა კიდეც, მე აქ შენს შვილს ვუვლი, სხვაგან რომ ამდენი მეშრომა, იმაზე მეტს გადამიხდიდნენ, რასაც შენ მიგზავნიო.
- ასეთმა დამოკიდებულებამ საქართველოში დაბრუნების სურვილი არ გაგიჩინათ?
- გარკვეული თანხის მოგროვება მინდოდა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ თუნდაც ერთი მაღაზია გამეხსნა და თავის რჩენა შეგვძლებოდა. მეუღლე და ქალიშვილიც ამას მირჩევდნენ. საჭირო თანხის ლოდინში რვა წელი გავიდა. ამ პერიოდში ათენში საქმეები კარგად ავაწყვე, ენა ვისწავლე და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და მაღალლანაზღაურებადი მომვლელი გავხდი. პარალელურად საავადმყოფოშიც დავიწყე მუშაობა და ჩემი ყოველთვიური შემოსავალი ორი ათას ევროს ასცდა. მაგრამ აღარაფერი მანაღვლებდა, ოჯახში უნდა დავბრუნებულიყავი.
- როგორ შეგხვდნენ ოჯახის წევრები?
- თბილად, ყველას თვალზე ცრემლები მოგვადგა. ჩემი შვილი მეხვეოდა, მკოცნიდა. მეუღლეც ბედნიერი ჩანდა. როცა პირველმა ემოციამ გადაიარა, მაშინღა მივხვდი, რომ ოჯახის წევრები გამიუცხოვდნენ. ქალიშვილი შეყვარებული იყო, მაგრამ ჩემთან ლაპარაკს ერიდებოდა, ყველაფერი ადვილად სწყინდა და თავის თავში იკეტებოდა. რამდენჯერმე ვცადე დალაპარაკება, მაგრამ ჩემი არ ესმოდა. არც მიკვირს, ათი წლის გოგონა დავტოვე და გასათხოვარი ქალიშვილი დამხვდა. ის წლები, როცა ერთმანეთის ენა უნდა გვესწავლა, ცალკ-ცალკე გავატარეთ, ახლა ის უკვე ჩამოყალიბებული ადამიანი იყო. უდედოდ გაზრდილი და გაბოროტებული.
- რატომ გაბოროტებული?
- როგორც ჩანს, ფული ადამიანებში უარყოფით მხარეებს უფრო მკვეთრად წარმოაჩენს. ის თავნება იყო, ვგრძნობდი, სხვისი წარმატებები არ ახარებდა. ადვილად შეეძლო სხვისთვის გული ეტკინა. თვალები მხოლოდ მაშინ უბრწყნავდა, როცა საჩუქარს ვუკეთებდი. ჩემი საქართველოში დაბრუნებიდან რამდენიმე თვეში მისი ქორწილიც დაინიშნა. საუკეთესო ბრილიანტის ყელსაბამი ვუყიდე, ყველა ხარჯი საკუთარ თავზე ავიღე. ჩემი შვილი ლამაზი იყო და ბედნიერი, გულწრფელი მადლობაც გადამიხადა, მაგრამ იქვე მიმანიშნა, რომ ამის შემდეგ უფრო მეტი დასჭირდებოდა, რადგან მარტო აღარ იყო. როგორ მოიქცეოდა სხვა დედა ჩემს ადგილზე, რა დანაზოგიც ჰქონდა, ქალიშვილს არ დაახარჯებდა? რასაკვირველია, ბინა ვუყიდე, გავურემონტე, ავეჯიც შევიძინეთ, შესაბამისად, ჩემი რვა წლის ნაშრომიც ორ-სამ თვეში დაიხარჯა. მერე კი თანაგრძნობით მირჩიეს, ხომ არ ჯობია თუნდაც ერთი წლით უკან დაბრუნდე, იქ ყველა პატივს გცემს, მათ სჭირდები და სამუშაოს შოვნა არ გაგიჭირდებაო.…მინდოდა მეკითხა აქ არავის გჭირდებით-თქო, მაგრამ კითხვის გარეშეც ყველაფერი ნათელი იყო.
- უკან დაბრუნება გადაწყვიტეთ?
- ქალიშვილის მეტი არავინ მყავს, რადგან უნდა, წავიდე - წავალ, ვიმუშავებ, სანამ შემიძლია. როგორც ჩანს, ეს განაჩენი საკუთარ თავს რვა წლის წინ თავად გამოვუტანე.
მკითხველის ისტორია