02 ოქტომბერი, 2015
"განათხოვარს ბედნიერების უფლება არ მაქვს? - მომავალი დედამთილი შვილის გამო მიწუნებს"
ქართველი მამაკაცების დიდი ნაწილი რომ დედის გავლენის ქვეშაა, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება. რა თქმა უნდა, მშობლის პატივისცემა საჭიროა, მაგრამ ზრდასრული კაცი რომ დედის კაპრიზების გამო საყვარელ ქალზე უარს იტყვის, სხვა არაფერია, თუ არა ლაჩრობა...

ნათია, 29 წლის:

- ოჯახი რომ დამენგრა, 22 წლის ვიყავი. 18 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი და ჩემს ქმარს იმდენი წელი როგორ გავუძელი, არ ვიცი. ჩემზე 12 წლით უფროსი იყო, ნარკომანი. არ ვიცი რას ვფიქრობდი, ცოლად რომ მივყვებოდი, ძალიან სიმპათიური იყო
და ალბათ მისი გარეგნობით მოვიხიბლე. ბავშვი რომ გაგვიჩნდა, ვითომ იმკურნალა, მაგრამ მერე სმაზე გადაერთო. გალოთდა, კვირების განმავლობაში გადაბმულად სვამდა და ეძინა. მისი მშობლები გვარჩენდნენ. ბოლოს ჩემი ქმარი ისე გადაირია, მე ხომ მცემდა და ბავშვსაც უხეშად ექცეოდა. ბავშვი მამამისის დანახვაზე ტიროდა, ისე ეშინოდა. ბოლოს დედაჩემმა მითხრა, თუ იმიტომ არ მოდიხარ მაგ კაცისგან, რომ გიყვარს, კარგი, მაგრამ ბავშვს რაღას ერჩი, შვილი არ გეცოდებაო?! ალბათ ჩემი მშობლების მხარდაჭერა რომ არა, ვერც ვერასდროს წამოვიდოდი ჩემი ქმრისგან. გვერდში დამიდგნენ და ოფიციალური განქორწინებაც სულ მალე გავაკეთე. შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა. დავისვენე. ღამე იმის შიშით არ ვიძინებდი, ქმარი სახლში რომ დაბრუნდება ან მე არ მცემოს, ან ბავშვი-მეთქი. ის უფლებას არ მრთავდა სამსახურში მევლო და რომ გავცილდით, მუშაობა დავიწყე. ჯერ ძალიან მცირე ხელფასი მქონდა, მაგრამ ახლა უკვე საკმაოდ კარგი შემოსავლი მაქვს. არაფერი აკლია არც ჩემს შვილს და არც მშობლებს.

- სად მუშაობთ?
- ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში, თუმცა არ დავაკონკრეტებ.

- ბავშვი რამხელაა?
- ნატალია ცხრა წლის გახდა. გარეგნულად მამამისს ჰგავს, ძალიან ლამაზია.

- თქვენც არაჩვეულებრივად გამოიყურებით.
- (იღიმის) გმადლობ, ეს ბევრისგან მესმის და, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. იცით, ყველა ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვნია კომპლიმენტი. ეს ერთგვარი სტიმულია. სწორედ ამგვარი კომპლიმენტებით მომხიბლა კაცმა, რომელიც დღეს მიყვარს, მაგრამ მგონია, რომ მე ვერასდროს ვიქნები ბედნიერი... ხშირად ვფიქრობ ჩემს გრძნობებზე და მგონია, რომ ლაშა ერთადერთი მამაკაცია, ვინც დღემდე მყვარებია. დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ ჩემი ქმარი არ მიყვარდა, ეს უბრალოდ ბავშვური გატაცება იყო.

- ლაშა როდის და როგორ გაიცანით?
- შარშან მე და ჩემი შვილი სარფში ვისვენებდით. ნატალია გაცივდა, სიცხე მისცა, ყურიც სტკიოდა და დაგეგმილზე ადრე ჩამოვიყვანე თბილისში. სახლში არც შეგვივლია, პირდაპირ ერთ-ერთ საავადმყოფოს მივადექი და პირველივე კარზე დავაკაკუნე. ოთახში გვიხმეს, იქ ექთანი და ექიმი ისხდნენ. მათ ჩემი გასაჭირი შევჩივლე. ექიმი ახალგაზრდა კაცი იყო, ასე 35-36 წლის. ნატალიას დიდხანს სინჯავდა და თან რაღაცებს ეკითხებოდა. მერე ექთანს დანიშნულება უკარნახა და თან სთხოვა, აფთიაქში წადი და ეს წამლები ამოიტანეო. მეუხერხულა, ნუ შეწუხდებით, ყველაფერს თავად ვიყიდი-მეთქი, მაგრამ ექიმმა მაინც თავისი გაიტანა. მერე მომიბრუნდა და მითხრა, დაღლილი იქნებით, ნამგზავრი ხართ და ძალიან გთხოვთ, ყავაზე უარს ნუ მეტყვითო. პასუხს არც დალოდებია, მაშინვე მოამზადა ცივი ყავა, ნატალიას წვენი დაუსხა და გაგვიმასპინძლდა. ჭიქას რომ მაწოდებდა, მითხრა, ძალიან ლამაზი დედა-შვილი ხართ და ჩემთვის სასიამოვნოა თქვენი კომპანიაო. სიმართლე გითხრათ, იმ წამებში შევხედე როგორც მამაკაცს, თორემ მანამდე საერთოდ არ დავკვირვებივარ. მაშინვე მომეწონა და როგორც მერე გავარკვიე, მასაც პირველივე წუთებიდანვე მოვწონებივარ. იმ დღის მერე ლაშა ყოველდღე, დღეში ორჯერ რეკავდა, ჯერ ნატალიას ჯანმრთელობის მდგომარეობით ინტერესდებოდა, მერე მე მომიკითხავდა. ერთხელაც მე და ჩემი შვილი კინოში დაგვპატიჟა. უარი არ მითქვამს და სამივემ ერთად ვუყურეთ „შრეკს“ (იღიმის). ლაშას ძალიან უყვარს ბავშვები, თბილი, ჰუმანური ადამიანია.

- საუბარზე გეტყობათ, რომ ძალიან გიყვართ, რა გიშლით ხელს, რომ ერთად იყოთ?
- „რა“ კი არა, „ვინ“! ლაშას დედას არ მოვწონვარ. უფრო სწორად, ის არ მოსწონს, რომ მისი შვილი განათხოვარ და შვილიან ქალზეა შეყვარებული. რამდენჯერმე ვყავარ ნახახი, გარეგნობით მოვწონებივარ, ხასიათითაც არ არის ცუდი გოგო, თავისი შვილისთვის უთქვამს, მაგრამ მაინც სანდო არ ჩანსო. არ ვიცი, ამ სიტყვებში რას გულისხმობს. ლაშა თავიდან ხშირად ლაპარაკობდა დაოჯახებაზე, ერთი სული მაქვს, ყველანი ერთად როდის ვიცხოვრებთო, მაგრამ ახლა დაოჯახება კი არა, ურთიერთობასაც გაურბის. დედამისი რომ იგებს, ლაშა ჩემთან მოდის, ხან გული სტკივდება, ხან თირკმელი, ხან ნაღვლის ბუშტი, მოკლედ, ყველანაირად ცდილობს სახლიდან არ გამოუშვას. ცალკე ცხოვრების პერსპექტივაც არ არსებობს, ლაშა სულ იმას ამბობდა, დედაჩემს მარტო ვერ დავტოვებ, ჩემ გარდა არავინ ჰყავსო. ეს მართალიცაა, ქმარი ადრე დაეღუპა და ქალიშვილი თავის ოჯახთან ერთად კიევში ცხოვრობს.

ლაშაზეა მოკერებული და ბედნიერების საშუალებას არ აძლევს. რამდენიმე დღის წინ ჩვენმა საერთო ნაცნობმა გამიმხილა, რომ ლაშას ჩემამდე ორჯერ ჰქონია სერიოზული ურთიერთობა და ორივეჯერ ის ქალები დედამისის გამო მიატოვა. ისინი გათხოვილები არ ყოფილან და არც შვილი ჰყოლიათ, მაგრამ ერთს გარეგნობა დაუწუნა და მეორეს ოჯახისშვილობა. არადა, მეც და ჩემი შვილიც ისე შევეჩვიეთ ლაშას, არ ვიცი მის გარეშე როგორ ვიქნებით. ლაშას მიმართ რასაც ვგრძნობ, ეს შეჩვევაზე მეტია, მიყვარს და ნებისმიერი გზით ვიბრძოლებდი მისთვის, მაგრამ დედამისს ვებრძოლო?! ერთხელ ვცადე იმ ქალთან დალაპარაკება, მაგრამ არაფერი გამოვიდა. პირდაპირ მითხრა, ჩემი შვილისთვის საუკეთესო მინდა, პირდაპირ გეტყვი, შენთვის არ მემეტება და შენ მისი ცოლი ვერასდროს გახდებიო. არადა, მინდა ლაშას ცოლი გავხდე, მისგან მეორე შვილი გავაჩინო, მაგრამ აბა, როგორ?! ვიცი, ბედნიერების უფლება მაქვს, მაგრამ ჩემი საყვარელი ადამიანის დედა ამაში ხელს მიშლის. ლაშა დედამის ვერ „გადაახტება“ და ვართ ასე გაურკვევლად, დაბნეულები, მომავლის გარეშე...

ანა კალანდაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ხათათო
მერე დალოცვილო.რა გინდა უცოლო და უშვილო კაცისგან.ნახე ვინმე განქორწინებული.თქვენი შესაფერისი.ნორმალური კაცი შვილიანს როგორ მოიყვანს
10:13 / 04-10-2015
გამოხმაურება / 4 /
მარი
აი ეგ რა შუაშია?? უცოლო ან გასათხოვარი და უჯიშო ჯერ არ გინახავს? თუ კარგად არიან, ერთმანეთს ეწყობიან, კარგი ოჯახიც ექნებათ რაღას უშლის ხელს? ეგ ქალი თავის შვილს არც გასათხოვართან გაახარებს, ისეთი სუნი უდის.
17:45 / 16-05-2020
...........
ასეთი იდიოტური აზროვნების როგორ უნდა იყო ადამიანი.შენი გაზრდილი შვილები რა იქნებიან.
17:51 / 18-05-2020
ქალი
და რატო არ უნდა მოიყვანოს შე სოფლელო ქაჯო...
15:33 / 19-05-2020
ხათათოს
თქვენნაირები კიდევ არსებობებ???? ვინც განათხოვარი გოგო მოიყვანა არანორმალურია და თქვენ ახლა ნორმალურად აზროვნებთ, ადამიანი რობოტია, რომ შეხედულებების მიხედვით დაწყვილდეს?? ცხოვრება ბუმერანგია ქალბატონო და თქვენი აზროვნება სად და როდის წამოგეწევათ და
22:45 / 21-05-2020
თუ იმ სიყვარულით უყვარხარ რასაც ქალის და კაცის სიყვარული ჰქვია,დედასაც გადაახტება , მამასაც და თავსაც!!!!! ეს სრული სიმართლეა!ასე ,რომ შენი გრძნობები დააშოშმინე და ვისაც დედიკოსი არ შეეშინდება , ოჯახი რომ შექმნას ისეთი მოძებნე!
17:03 / 02-10-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS