უნდა ესწრებდეს თუ არა მამაკაცი ბავშვის დაბადებას? რა ხდება ასეთ დროს? ალბათ ქალი იმ მომენტში მეუღლის მორალურ მხარდაჭერას გრძნობს, ტკივილების დაძლევა უადვილდება, თუმცა „მედალს“ მეორე მხარეც აქვს, ყველა მამაკაცის ფსიქიკა ვერ უძლებს ამგვარ „სანახაობას“. ფიზიოლოგიური იმპოტენცია - ეს ის საფრთხეა, რომელიც მამაკაცებს მშობიარობაზე დასწრების შემდეგ ემუქრებათ. არ შეიძლება ნახო ეს ყველაფერი და დარჩე ისეთი, როგორიც მანამდე იყავი...
ქალბატონი ნათელა:
- ჩემი რძლის ახირებული მოთხოვნა იყო, ქმარი მშობიარობას უნდა დავასწრო, გვერდით უნდა მყავდეს და ნახოს, რას ვუძლებთ ქალებიო. თავდაპირველად ჩემი ბიჭი ორჭოფობდა, მაგრამ მერე მისი ყველა ძმაკაცი რომ დაესწრო ცოლის მშობიარობას, ესეც ხომ არ ჩამორჩებოდა?! ჩემს რძალს ვეუბნებოდი, არ გინდა, დედაშენი შეიყვანე ბლოკში, ან მე შემოგყვები-მეთქი, მაგრამ დამიჯერა?! სულ სამჯერ ვესაუბრე ამ საკითხზე. ერთხელ ერთ-ერთ რუსულ არხზე ვუყურე გადაცემას, სადაც ერთი კაცი ჰყვებოდა, რა ტრავმა მიიღო ამ ყველაფრის შემდეგ. სიგიჟემდე მიყვარდა და დღესაც მიყვარს ჩემი ცოლი, მაგრამ როცა მასთან ახლოს მივდივარ, თვალწინ მიდგას ის სცენა, როცა ტკივილისგან გაწამებული სახით შველას მთხოვდა. ჯერ მეხვეწებოდა მიშველე, მერე ტკივილები რომ გაუძლიერდა, ჩხუბი დამიწყო და საოცარ სიტყვებს მეძახდა. არ მეგონა, თუ ის ქალი, ვინც სამშობიარო სკამზე იწვა და ვის გვერდითაც უკვე სამი წელი ვცხოვრობდი, ერთი და იგივე ადამიანი იყოო. ბოლოს ექიმებს მისთვის უთქვამთ, ოთახი დატოვეთო. კაცი კი გასულა, მაგრამ მეუღლის თხოვნით უკან დაბრუნებულა და ჭიპლარიც მას გადააჭრევინეს. კაცი ცუდად გამხდარა და წაქცეულა. ჰოდა, იმ დღის მერე ცოლს ვეღარ ეკარება! მითხარით, ეს ნორმალურია?! ეს კარგია?!
- ნამდვილად არ არის კარგი, რძალს ეს ამბავი უამბეთ?
- რა თქმა უნდა, ესეც ვუთხარი და ათასგვარად გავაბუქე კიდეც ყველაფერი, მაგრამ ამოიჩემა, მე დათოსი არ მრცხვენია, რა არის დასამალი, საკუთარი თვალით რომ ნახავს ყველაფერს, მერე მეც უფრო დამაფასებს და ბავშვიც უფრო ეყვარებაო. ვეუბნებოდი, შვილო, კარგად ვიცნობ ჩემი ბიჭის ხასიათს, ერთხელ ბავშვობაში სოფელში ქათმის დაკვლას უყურა და კრუნჩხვებში ჩავარდა. ერთი კვირა მაღალი სიცხეები ვერ დავუგდეთ, ბაბუამისი სამუდამოდ შეიძულა იმის მერე, მკვლელს ეძახდა-მეთქი. სისხლის სუნზე გული ერევა, წარმოიდგინე, რა დღეში აგდებ-მეთქი. არაფერმა გაჭრა.
ჩემს რძალს ტკივილები რომ დაეწყო, ღამე იყო და გვეძინა. ისტერიკით გაგვაღვიძა მთელი ოჯახი. ზამთრის პერიოდში მოუხდა მოლოგინება, გზები მოყინული იყო და სამშობიაროში მეზობლის მანქანით წავედით. მერე ის კაცი მეუბნებოდა, ყოჩაღ თქვენ გაძლებას, ეს ვინ გყოლიათ სახლშიო... ნატა ქმრის ხელზე ჩაფრენილი მივიყვანეთ სამშობიაროში. ჩემი ბიჭი მთელი ღამის განმავლობაში ოთახში გვერდით ჰყავდა, მცირე ხნითაც არ გამოუშვა. წამით თვალი მოუხუჭავს საწყალს და ჩემი რძალი გადარეულა, მე აქ ტკივილისგან ვიტანჯები და შენ ამ დროს იძინებო?! ნატა გამთენიისას აიყვანეს სამშობიარო ბლოკში. ისე კიოდა, ხმა გარეთ გვესმოდა, წარმოდგენაც კი მიჭირდა ამ ყველაფრის შემსწრე, რა დღეში იქნებოდა ჩემი შვილი. მოკლედ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და გაუჩნდათ ულამაზესი ბიჭი. ექიმს ჩემი შვილისთვის რომ უკითხავს, ჭიპლარს ხომ არ გადაჭრიო, დათოს თავბრუ დახვევია და წაქცეულა. ახლა ის გაუხდათ ექიმებს მისახედი...
როგორღაც ჩაიარა ყველაფერმა და გამოწერეს სახლში ჩემი რძალი და შვილიშვილი. იმ დღის მერე დათო ისე შეიცვალა, ვერ ვცნობთ. სახლში მოსვლა აღარ უნდა, ბავშვს კი ეფერება, მაგრამ უცხო უფრო თბილად ექცევა, ვიდრე ის. ცოლის მიმართაც ისეთი ცივი გახდა, ვერ აგიწერთ. აქამდე არაფერს ამბობდნენ, მაგრამ იმ დღეს ჩემმა რძალმა ტირილით შემომჩივლა, რატომ არ დაგიჯერეთ, მას შემდეგ, რაც დათომ ჩემი მშობიარობა ნახა, სულ აღარ მეკარება, გვერდით მიწევს და საერთოდ არ მეფერებაო. თურმე საქმე უფრო სერიოზულადაა, ვიდრე მე მეგონა. ჰოდა, ბოლო ორი კვირაა დარბიან ექიმებში და იკვლევენ, რამ გამოიწვია ჩემი შვილის იმპოტენცია. ამ ტუტრუცანა გოგოს ახირების გამო ბიჭი დამიავადდა!..
ანა კალანდაძე