24 სექტემბერი, 2015
„მე საკუთარი ძმა პოლიციაში „ჩავუშვი“, რადგან მკვლელობა ვერ ვაპატიე“
როცა ადამიანი შიშის ტყვეობაშია, უშვებს შეცდომებს, რომლებიც მოგვიანებით, ყველაზე რთულ და საბედისწერო სიტუაციებში იჩენს თავს.
ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ურთულესი არჩევანის წინაშე აღმოჩნდა, ის უნდა წასულიყო კომპრომისზე საკუთარი ოჯახის ან სინდისის წინაშე. გიორგი შეეცადა, მშობლების მიერ დაშვებული შეცდომა გამოესწორებინა, თუმცა ამის გამო დღეს მარტოა.

- როცა ჩემმა მშობლებმა იქორწინეს, პირველი ქალიშვილი შეეძინათ. თავიდან ბავშვს არაფერი ეტყობოდა, უეცრად ცუდად გახდა. ექიმებმა ვერაფერი გაუგეს და გარდაიცვალა. ოჯახისთვის ეს დიდი ტრაგედია იყო. მშობლები ძალიან შეშინდნენ. როცა მათ მომდევნო შვილი
შეეძინათ, არანორმალური სიფრთხილით ექცეოდნენ. თვალებში შეჰყურებდნენ, ანებივრებდნენ, ათამამებდნენ. იმდენი იწვალეს, სანამ ბავშვი ნამდვილ ეგოისტად არ ჩამოყალიბდა. როცა მე დავიბადე, ჩემი ძმა ხუთი წლის იყო. სანამ თეთრისა და შავის გარჩევას ვისწავლიდი, მისთვის რა უნდა შემემჩნია, მაგრამ მკაფიოდ მახსოვს, 6-7 წლის ვიყავი, როცა ვაჟიკოს უნებართვოდ ეზოში სათამაშოდ გასვლის უფლებაც არ მქონდა. ტელევიზორში საკუთარი სურვილით გადაცემას ვერ შევარჩევდი. იმისთვის უნდა მეყურებინა, რაც ჩემს ძმას მოსწონდა, ის ჩამეცვა, ის მეჭამა და იქ წავსულიყავი, სადაც ვაჟიკო მოისურვებდა. მოკლედ, სერიოზულ სტრესში ვიყავი.

- დედ-მამა ამას ვერ ამჩნევდა?
- პირველი შვილის სიკვდილის შემდეგ მთელი ყურადღება მისკენ მიმართეს, შეშინებული იყვნენ და მათი შიში და სიფრთხილე გასაგებია, მაგრამ მე რა დავაშავე? ოჯახში ვაჟას კულტი შეიქმნა, დანარჩენები კი მის საამებლად ვიყავით გაჩენილი. ბევრ ადამიანს ვერ წარმოუდგენია, თუ არსებობენ ისეთი მშობლები, რომლებსაც შვილები ერთნაირად არ უყვართ და ერთს მეორის მონობასა და მორჩილებას აიძულებენ. ჩემს ოჯახში სწორედ ასეთი რამ ხდებოდა. როცა ვაჟამ სკოლა დაამთავრა, საბურთალოზე სამოთახიან ბინაში ვცხოვრობდით, მისთვის მანქანა რომ გვეყიდა და სწავლის ფული გადაგვეხადა, ჩვენ უფრო მოკრძალებულ ფართში, სანზონაში გადავედით საცხოვრებლად. მაგრამ ვაჟიკო კმაყოფილი მაინც არ იყო. სულ გაღიზიანებული დადიოდა, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს საკუთარ თავს გვაყვედრიდა. თანდათან საეჭვო მეგობრებიც გაიჩინა, მათთან ერთად სათამაშო კლუბებში სიარულს მოუხშირად და წაგებული ფულის გადასახდელად, რაც ებადა ყველაფერი გაყიდა. ერთხელ დედაჩემს ღამის ორ საათზე თავზე დაადგა და ხელები ყელში წაუჭირა, ფული მომეცი, თორემ მოგკლავო. მე რომ ასეთი რამ გამეკეთებინა, შინ აღარ შემიშვებდნენ, ვაჟას კი ყველაფერი აპატიეს. ჩათვალეს, რომ „საბრალო ბავშვი“ დაბნეული იყო და ცოლის მოყვანა დაამშვიდებდა.

- ეს თამაშთან რა კავშირშია?
- არ ვიცი, დედაჩემმა ასე გადაწყვიტა და მალე სათანადო კანდიდატურაც გამოუნახეს. წყნარი, მშვიდი, ანგელოზივით გოგონა შერთეს ცოლად. რამდენიმე თვე ვაჟიკო მართლაც ბედნიერად გამოიყურებოდა, მაგრამ მალე ეს „გართობაც“ მოსწყინდა და ცოლის ცემაზეც აღარ იხევდა უკან. როცა ძმას და ჩემს მშობლებს ვუსაყვეუდრე, ასე მოქცევა არ შეიძლება-მეთქი, პირველი დედაჩემი აყვირდა, - როცა ვაჟიკოსნაირი ქმარი გყავს, ცემაც უნდა აიტანო, ის გომბიო ჩემს შვილს აიძულებს ასე მოექცესო. რით იყო ვაჟა სხვებზე უკეთესი, დღემდე ვერ გამიგია, მაგრამ ძნელია ფანატიკურად შეყვარებული დედა დაარწმუნო, რომ მისი შვილი სხვებისგან არაფრით გამოირჩევა, გარდა უზნეობისა. ერთ დღესაც, შინ რომ დავბრუნდი, ჩემი ძმა და რძალი ისევ ჩხუბობდნენ. მე მათ ოთახში შესვლის უფლება არ მქონდა, მაგრამ ქალმა ისეთი შემზარავი ხმით იკივლა, ვეღარ მოვითმინე და შიგნით შევვარდი, ჩემი რძალი იატაკზე ეგდო, ძმა კი თავზე წამოსდგომოდა და იგინებოდა, ვაჟას ვეცი, გვერდით გამოვათრიე, მაგრამ მისი ცოლი აღარ განძრეულა. მან დაცემის დროს თავი დაარტყა.

- გარდაიცვალა...
- სასწრაფო გამოვიძახე. საავადმყოფში გადავიყვანეთ, მაგრამ უკვე მკვდარი იყო. ჩემი ძმა ასეთი შეშინებული არასოდეს მინახავს. ოჯახის წევრებთან ყოველთვის მძლეთამძლესავით იქცეოდა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ მისი თავხედობა დამთავრდებოდა, ერთ მუჭად გადაიქცა. მუხლებში ჩამივარდა, ტიროდა, მეხვეწებოდა, თქვი, რომ ჭაღის გასაწმენდად მაგიდაზე შედგა, ფეხი დაუცურდა, ძირს გადმოვარდა და თავი დაარტყაო. ჩემი მშობლებიც ამას მოითხოვდნენ. თუ ვაჟიკოს არ დაეხმარები, ჩვენი სახელი დაივიწყეო. ამაზრზენი იყო, 25 წლის გარდაცვლილ რძალზე არავინ ფიქრობდა. მათ მხოლოდ ის ადარდებდათ, დაიჭერდნენ თუ არა ვაჟას.

- თქვენ როგორ მოიქეცით?
- საავადმყოფოში პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ. ცხედარს ცემის კვალი ემჩნეოდა, ამიტომ ექიმებმა სამართალდამცველებს შეატყობინეს. თუმცა, როგორც გაირკვა, იმის დამტკიცება, რომ ის ქმარმა მოკლა, შეუძლებელი იყო. ჩემი მშობლების მსგავსად პოლიციას მეც წინასწარ მომზადებული ტყუილი ვუთხარი. ჩვენს ბინაშიც მოვიდნენ, ყველაფერი შეამოწმეს და ამით დამთავრდა წინასწარი მოკვლევა. პოლიციამ საეჭვო ვერაფერი შენიშნა. მით უმეტეს, რომ გარდაცვლილს მომჩივანი არავინ ჰყავდა. მისი მშობლები გაყრილები იყვნენ, მამა საზღვარგარეთ ცხოვრობდა, დედას კი ტირილისა და დარდის მეტი არაფერი შეეძლო. თითქმის ყველაფერი დამთავრებული იყო, როცა მივხვდი, რომ ამ დანაშაულს საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებდი... პოლიციაში დავრეკე და სიმართლე მოვუყევი. იმავე დღეს ჩვენება ჩამომართვეს და ვაჟა დააპატიმრეს. მას შემდეგ შინ აღარ მივსულვარ. არც მელოდებიან. წლები გავიდა, ვაჟა მალე ციხიდან გამოვა. როგორი არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე არ ვნანობ ჩემ საქციელს.

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
tbiliseli
მეც ასევე მოვიქცეოდი და ღმერთმა დამიფაროს მსგავსისაგან,მაგრამ,რომ მოხდეს ასე ვიზამ. დაე მომიკვეთოს ყველამ. ჩემს თავს ვერ ვაპატიებ.
16:57 / 29-09-2015
გამოხმაურება / 0 /
kutaisi
გენაცვალე ძმაო კაი კაცი ყოფილხარ მასე რო არ გექნა მთელი ცხოვრება ტანჯვაში იქნებოდი
19:52 / 28-09-2015
გამოხმაურება / 0 /
მარიკა
კაცური კაცი ხარ,ნამდვილი ვაჟკაცი,საკუთარ თავს ვერასოდეს აპატიებდი სხვაგვარად მოქცევას,არც მიცვალებულის სულთან იქნებოდი მართალი,ასე რომ სინდისის ქენჯნას უფრო შენი ოჯახი უნდა განიცდიდეს და არა შენ.
08:57 / 25-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS