ირაკლი:
- თამთას ორი კვირის წინ ქუჩაში შემთხვევით ქუჩაში შევხვდი. მას შემდეგ, რაც ის ბოლოს ვნახე, ოთხი წელი გავიდა. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა, მაგრამ მე ის დავკარგე. ყველაფერი ჩემი სისუსტისა და უაზრო შიშის გამო მოხდა. გული
- რა გახდა თქვენი დაშორების მიზეზი?
- ხომ გითხარით, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. არავითარი მიზეზი არ ყოფილა. თამთას ძალიან ვუყვარდი. ერთმანეთი მეგობრის აგარაკზე გავიცანით და მას შემდეგ ერთმანეთს ვხვდებოდით. მის ოჯახშიც ხშირად ავსულვარ და მასაც ჩემებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ერთ დღესაც მამაჩემმა მითხრა, ასე როდემდე უნდა იაროთ, მაგ გოგოს ხელი მოჰკიდე და სახლში მოიყვანეო. მთელი ღამე თეთრად გავათენე. რომ გავაცნობიერე, რომ თამთა ჩემი ცოლი უნდა გამხდარიყო და საკუთარ თავზე ოჯახზე პასუხისმგებლობა უნდა ამეღო, შევშინდი. იმ დღის შემდეგ ათას მიზეზს ვპოულობდი, რომ თამთა არ მენახა და იშვიათად ვურეკავდი. გოგო ძალიან განიცდიდა და ბოლოს მითხრა, თუ ჩემთან ურთიერთობა აღარ გინდა, პირდაპირ მითხარიო. ასეც მოვიქეცი და ვუთხარი, ჰო, აღარ მიყვარხარ და ჯობია ერთმანეთს დავშორდეთ-მეთქი...
მას ერთი უფროსი, გათხოვილი დაქალი ჰყავდა, რომელსაც თამთა ყველაფერს უყვებოდა. კარგად მახსოვს, 31 დეკემბერი იყო, მარიმ დამირეკა და მთხოვა, შეიძლება დღეს შესაფერისი დრო არ არის, მაგრამ შენთან სალაპარაკო მაქვს და უნდა შეგხვდეო. როცა ერთმანეთს შევხვდით, მითხრა, ზუსტად ვიცი, ასე რატომაც იქცევი, შენ იმ პასუხისმგებლობას გაურბიხარ, რომელიც მომავალში წინ გელის. ასე დაემართა ჩემს მეუღლეს, როცა უნდა დავქორწინებულიყავით, მაგრამ მე ამას მივუხვდი და ჩემი მიტოვების ნება არ მივეცი. მის შესანარჩუნებლად დიდი ბრძოლა დამჭირდა, მაგრამ დღეს მისი ცოლი მქვია და მშვენიერი ოჯახი გვაქვსო. მერე მითხრა, შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ და შეიძლება ვერ მიხვდე ახლა რას ჰკარგავ, მაგრამ დამიჯერე, წლები გავა და ძალიან ინანებო. ეს მე თამთასაც ავუხსენი, მაგრამ ასე მითხრა, თუ არ ვუნდივარ, ძალით სიყვარული არაფერში მჭირდება, მისთვის ბრძოლას არ ვაპირებო.
- თქვენ რა უპასუხეთ?
- ჩუმად ვუსმენდი და ვხვდებოდი, რომ მარი სიმართლეს მეუბნებოდა. თუმცა სამსახურის დაწყება, მუშაობა, მეგობრებს მოწყვეტა, ღამით ბავშვის ტირილი და ვიღაცის გამუდმებული ჩიჩინი: „არ დალიო“, „სახლში მალე მოდი“ და ასეთების ატანა არ მსურდა, და თან იმ ასაკში... მე გადაწყვეტილება არ შემიცვლია.
- მაშინ რამდენი წლის იყავით?
- მე 22-ის, თამთა 20-ის. მოკლედ, თამთას მართლა აღარ შევუწუხებივარ, მალე სხვა გაიცნო და ცოლად გაჰყვა. ეს ამბავი რომ გავიგე, არაფერი შევიმჩნიე, მაგრამ როცა მარტო დავრჩი, ბავშვივით ავტირდი... დღეს 26 წლის ვარ და ცოლი მყავს. მე და ჩემი მეუღლე ერთად ვმუშაობდით. როგორც გითხარით, ორსულადაა, თავს სუსტად გრძნობს და სამსახურში ვერ დადის. იმ დღეს სახლში მარტო ვბრუნდებოდი და ქუჩაში თამთა დავინახე. მანქანა გავაჩერე და გადავედი. მომეჩვენა, რომ ჩემს დანახვაზე გაწითლდა. ერთმანეთი მოვიკითხეთ, დაქორწინება მომილოცა და ჩანთიდან კონვერტით ფოტოები ამოიღო. ახლახან დავაბეჭდინე, ნახე, რა კარგი ბიჭი მყავსო... სურათებს რომ ვათვალიერებდი, თვალებზე ცრემლი მომადგა. თამთამ ბავშვის ფოტოები ჩამომართვა და მითხრა, რას იზამ?! ყველაფერი შენი ბრალია, შეგეძლო ამ ბავშვის მამა შენ ყოფილიყავიო. მერე ტაქსი გააჩერა და წავიდა... მას შემდეგ მოსვენება დავკარგე. სახლში დაბრუნებულს ჩემი ცოლი ისე უცხოდ მეჩვენება, მაგრამ ახლა უკვე ძალიან გვიანაა. ქალი, რომელიც მთელ ქვეყანას მერჩივნა, ჩემი უპასუხისმგებლობის გამო დავკარგე.
ანა კალანდაძე