19 სექტემბერი, 2015
„რა ხდება როცა ყოფილი და ახლანდელი ცოლი დამეგობრდებიან“ - ქართველი კაცის გასაჭირი
თუ თქვენი ყოფილი და ამჟამინდელი ცოლები სამზარეულოში განმარტოვდებიან, დანის დამალვას ნუ იჩქარებთ, შეიძლება მათ მხოლოდ კულინარიული პრობლემები ჰქონდეთ გადასაჭრელი. ჩვენი რესპონდენტი, 28 წლის ზურა თავის ისტორიას გვიამბობს.

- მე, თამუნა და თეონა თავიდანვე დაგვაკავშირა ბედისწერამ. ერთად ვმუშაობდით საინფორმაციო სააგენტოში. მე თამუნა მომწონდა, თეონას კი მე. თავიდან თამუნა თავს მარიდებდა, მაგრამ შემდეგ შემეჩვია და რაღაც სიყვარულის მსგავსიც გამოგვივიდა. ჩემიანები აღფრთოვანებული იყვნენ ჩემი რჩეულით, რადგან ძალიან მომხიბვლელი, ელეგანტური გოგო იყო. ის დღეც დადგა, როცა მის მშობლებსა და
ახლობლებს უნდა გავცნობოდი. თამუნასთან ოჯახში მივედი, ძალიან კარგად შემხვდნენ, ცოტა ბებიამისი მიყურებდა ამრეზით. ნეტა რა არ მოეწონა ჩემი-მეთქი, ვფიქრობდი. ამის შემდეგ, როცა ჩემს გულისსწორს შევხვდი, ვკითხე, რა აზრის იყვნენ მისიანები ჩემზე, გადაიკისკისა და მითხრა.: ყველას მოეწონე, ბებიაჩემის გარდაო. რა დამიწუნა-მეთქი - დავინტერესდი. ყურებიო, მითხრა და ორივეს სიცილი აგვიტყდა. ვიცინოდი, მაგრამ გულში მაინც მწყინდა, რაღაც შეურაცხყოფილი ვიყავი. თამუნამ შემატყო და დამამშვიდა: არ იდარდო, სამაგიეროდ ბებიაჩემმა ისიც თქვა, რომ ვისაც დიდი ყურები აქვს, დიდხანს ცოცხლობსო. თითქოს ამით დამთავრდა ჩემი დაწუნების ამბავი, ჩვენი რომანი კი გრძელდებოდა. შეუღლებას არ ვჩქარობდით.

- რატომ?
- არ ვიცი, ეტყობა, არც ჩვენ ვიყავით საკუთარ თავში და ერთმანეთში დარწმუნებული. ხანდახან ვჩხუბობდით კიდეც და შემდეგ ისევ ვრიგდებოდით. ჩვენს ურთიერთობას რომ უყურებდა თეონა, თვალს გვარიდებდა და ადრინდელი მეგობრობა აღარ გამოგვდიოდა.

- თქვენ თეონას მიმართ არაფერს გრძნობდით?
- მხოლოდ სიმპათიას, მეტს არაფერს. დედაჩემი დაჟინებით მოითხოვდა, რომ მე და თამუნა დავქორწინებულიყავით. ასეც მოხდა. ერთი წლის შემდეგ შემოდგომაზე ჯვარი დავიწერეთ. თავიდან ჩემი მშობლები აღფრთოვანებული იყვნენ რძლით, შემდეგ კი, როცა ჩემმა მეუღლემ არ ინდომა დედამთილთან და მამამთილთან ცხოვრება, აზრი შეეცვალათ და საყვედურები დაიწყეს. თამუნამ კი მაინც თავისი გაიტანა და ჩვენს ერთოთახიან ბინაში გადავედით საცხოვრებლად დიღმის მასივში. მე ყველანაირად ვცდილობდი, მისთვის გამეგო, მისი სურვილები გამეთვალისწინებინა, თუმცა ბევრი ისეთი თვისება აღმოაჩნდა, რომელიც ძალიან მაღიზიანებდა.

- კერძოდ რა?
- უცხოურ ძვირფას მანქანებზე გიჟდებოდა.

- თქვენ გყავდათ მანქანა?
- ჰო, მაგრამ შედარებით იაფფასიანი. მატერიალურს სულიერზე მაღლა აყენებდა.

- და ეს თქვენთვის მიუღებელი იყო?
- რასაკვირველია, კომფორტი ყველას უნდა, მაგრამ გარკვეული დოზით, თანაც შესაძლებლობების ფარგლებში.
ასე იყო, თუ ისე, თანდათან ბზარი გაჩნდა ჩვენ ურთიერთობაში. ცოტა ხანს ვცდილობდით, რაღაც საკითხში შეთანხმებისათვის მიგვეღწია, მაგრამ ეს მხოლოდ ცოტა ხნით, შემდეგ კი ყველაფერი უფრო გართულდა და სანამ ერთმანეთი შეგვზიზღდებოდა, გავცილდით.

- ბავშვი არ გეყოლათ?
- ვერ მოვასწარით. შერიგება არც გვიცდია. მე ფიქრი თეონაზე დავიწყე და კარგადაც გამოგვივიდა საქმე. თეონა ზუსტად ისეთი ქალი აღმოჩნდა, როგორიც მე მომწონდა. თბილი, სამართლიანი, უანგარო და მოსიყვარულე, თავიდან დედაჩემს არ მოეწონა ჩემი აზრი, მაგრამ შემდეგ მასაც ძალიან შეუყვარდა. ერთ დღეს სამსახურიდან შინ დავრეკე, თეონამ მითრა, რომ თამუნა იყო ჩვენთან მისული. ხასიათი გამიფუჭდა. ვიფიქრე, ჩვენთან რა უნდა-მეთქი. ალბათ საქმეებს არჩევენ, ახლა ჩხუბი და ერთი აურზაური იქნება - ვფიქრობდი. უცბად ჩემი მეზობლების ცნობისმოყვარე და გაოცებული თვალები წარმოვიდგინე, აღარ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი, მივსულიყავი, თუ ამ უსიამოვნებისათვის თავი ამერიდებინა. ბოლოს მაინც შინ მისვლა გადავწყვიტე, ჩემს სათქმელს მე ვიტყვი, თუ საჭირო გახდება-მეთქი. ჩვენი ბინა მეხუთე სართულზე იყო. ნერვიულად ავირბინე კიბეები, ჯერ მივაყურადე. ჩამიჩუმი არ ისმოდა, შემდეგ ფრთხილად შევაღე კარი. თამუნას ხმა მომესმა: „მერე დაჭრი“ ეუბნებოდა თეონას. მერე, მერე? - ახლა თეონას ხმა მომესმა, გაოცებისგან პირი დავაღე. ვის დაჭრას აპირებენ? - გამიელვა თავში. არც ვაციე და არც ვაცხელე, უმალ თავზე დავადექი. ჩემს მეუღლეს პასტა ეჭირა და რვეულში რაღაცას გულმოდგინედ წერდა, ყოფილი მეუღლე კი კარნახობდა. მოულოდნელად რომ დავადექი თავზე, ორივემ გაკვირვებით ამომხედა.

- რა ხდება? ხმაშეცვლილმა ვიკითხე.
- შენი საყვარელი ნამცხვრის რეცეპტს მაწერინებს, - მიპასუხა თეონამ და ორივეს გაეცინათ. მე შვებით ამოვისუნთქე, იმ წუთში ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულებოდა ამ ქვეყანაზე, ერთ რამეზე კი მწყდებოდა გული: მივხვდი, რომ თამუნასთვის არასდროს არაფერს წარმოვადგენდი.

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ზურა
ორი ცოლი მაგარია ოღონდ ერთად...
10:38 / 21-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS