16 სექტემბერი, 2015
ქართველი სიკვდილმისჯილის აღსარება - „გასვლის წინ პატიმრები ერთმანეთს ეთხოვებოდნენ“
დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია ადამიანი, რომელსაც წლების წინ უზენაესმა სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ის რამდენიმე თვე სიკვდილმისჯილთა საკანში იმ წამის დადგომას ელოდებოდა, როცა დასახვრეტად გაიყვანდნენ. როგორი იყო მამაკაცის ცხოვრება სიკვდილმისჯილთა საკნამდე და მას შემდეგ. როგორც აღმოჩნდა, მას ჩვენი მკითხველისთვის მართლაც ბევრი რამ აქვს მოსაყოლი.

- ციხეში პირველად 15 წლის ასაკში მოვხვდი. სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ვცხოვრობდი. ექვსი დედმამიშვილი ვიყავით, ხშირად საჭმელიც გვენატრებოდა. როცა წამოვიზარდე, მეზობლებს ყანაში მივყვებოდი. ისინი ხან ქათამს, ხან ყველს და სიმინდს მატანდნენ. ერთ
დღესაც, როცა დაღლილი სახლში უნდა დავბრუნებულიყავი, ჩემმა ნაცნობმა მითხრა, ოთხ წველა ყველს შეგპირდი, მაგრამ ჯერ ვერ მოგცემო. შეიძლება ეს ვიღაცისთვის არაფერია, მაგრამ ჩემი ოჯახისთვის ორი დღის საკვები იყო. დედაჩემი გადაირია. საბრალო ქალს ცრემლები ჩამოსცვივდა. გაბრაზებული შინ აღარ გავჩერდი, ისევ ჩემს მოვალეს მივაკითხე, მან კი, როგორც აბეზარ ბავშვს, გრძელი ჯოხი მომიქნია და წელზე გადამცხო. როგორც გითხარით, ამ დროს უკვე 15 წლის ვიყავი, შეურაცხყოფა ვერ ავიტანე, ეზოში ქვას წამოვავლე ხელი და თავში ვესროლე. ის რომ დაეცა, გამოვიქეცი, მაგრამ მეორე დილითვე მილიციამ მომაკითხა და განყოფილებაში წამიყვანეს.

- ქვის სროლისთვის გაგასამართლეს?
- იმ კაცს თავი გაუტყდა, მაგრამ ამის გამო ციხისთვის როგორ უნდა გაიმეტო მოზარდი. მახსოვს, გამომძიებელმა სთხოვა, საჩივარი გაიტანე, ბავშვს ნუ დაღუპავო, მაგრამ არ გაიტანა. სასამართლო ჩატარდა და არასრულწლოვანთა კოლონიაში 4 თვით გამაგზავნეს. ვისაც ნამდვილ დამნაშავეებთან ციხეში ერთი დღე მაინც გაუტარებია, დამეთანხმება, რომ ოთხი თვე ჩემი გარდაქმნისთვის საკმარისზე მეტი იყო. ალბათ ნებისყოფამაც მიღალატა, ციხიდან სრულიად სხვა ადამიანი გამოვედი.

- სამეგრელოში აღარ დაბრუნებულხართ?
- ცოტა ხნით ჩავედი ჩემს სოფელში. კოლონიიდან ორი თვის გათავისუფლებული ვიყავი, რომ მარტვილში გავყევი ჩემს მეგობარს და მეორე დანაშაული იქ ჩავიდინე. ქალს ჯიბიდან საფულე ამოვაცალეთ. სამწუხაროდ, ფულის დახარჯვაც ვერ მოვასწარით, ისე ჩაგვავლეს ხელი. ამის შემდეგ როდის გამოვდიოდი ციხიდან და როდის მიჭერდნენ, თანმიმდევრობით ვერც კი გავიხსენებ. 26 წლის უკვე ჩამოყალიბებული, ცივსისხლიანი დამნაშავე ვიყავი. ძარცვა, ყაჩაღობა, დაჭრა ჩემი პროფესია იყო. იმ წლებში უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთადერთი, რასაც არასოდეს ჩავიდენდი, გაუპატიურება იყო, სხვაზე არაფერზე დავიხევდი.

- კაცის მოკვლა?
- სიმართლე გითხრათ, ამის წინასწარი ჩანაფიქრი არ მქონია. მე და ჩემი მეგობრები ბინაში შევედით. შინ არავინ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოვტყუვდით. ერთი მოზვერივით კაცი დაგვხვდა. ვიგრძენი, რომ ფიზიკურად გვერეოდა, დანა გავშალე და...

- ამ საქმეზე დაგიჭირეს?
- ამ საქმიდან ოთხი წლის შემდეგ არიფულად ჩავვარდი. ქალს ვენდე, ის მოგზავნილი ყოფილა და ცხელ კვალზე მილიცია ამედევნა. სამმართველოში ორი კვირა მაწამებდნენ, სიტყვა არ დამცდენია, ბოლოს სამხილებიც გამომიჩხრიკეს, მკვლელობისა და ყაჩაღობის ფაქტები, ორჯერ ნასამართლეობასთან ერთად, დახვრეტას ითვალისწინებდა.

- როგორ შეხვდით განაჩენს, ასეთ მომენტში ყველაზე ძლიერი ნებისყოფის ადამიანებსაც კი გამძლეობა ღალატობთ.
- მხოლოდ ის მახსოვს, დარბაზში დედაჩემმა რომ იკივლა და გონდაკარგული გაიყვანეს. ჩემ თვალწინ სხვა ყველაფერი გაფერმკრთალდა. მარტო ერთი სურვილი მქონდა, სასამართლოდან განაჩენის აღსრულებამდე ლოდინი არ დამჭირვებოდა, მინდოდა, ყველაფერი დარბაზში დამთავრებულიყო.

- ესე იგი პროტესტის გრძნობა არ გაგჩენია?
- როცა შენი ხელით ადამიანი კვდება, იცი, რომ ადრე თუ გვიან შენც საკუთარი მსხვერპლივით დაასრულებ სიცოცხლეს. დაპატიმრებამდე ამაზე არ ვფიქრობდი, მაგრამ დაჭერისთანავე ვგრძნობდი, რომ დახვრეტა აღარ ამცდებოდა.

- ციხეში, სიკვდილმისჯილთა საკანში რა განწყობა იყო?
- საშინელი. სანამ მე შევიდოდი, წინა დღით ორი კაცი გაეყვანათ დასახვრეტად, დანარჩენები საკანში ცოცხალი მიცვალებულებივით იყვნენ. წინასწარ არავის ეუბნებოდნენ, რომ განაჩენის აღსრულების დრო დადგა. ატყუებდნენ, ახლობელი ან ადვოკატი უნდა შეგახვედროთო, მაგრამ ყველამ იცოდა ეს რასაც ნიშნავდა, გასვლის წინ პატიმრები ერთმანეთს ეთხოვებოდნენ. სიკვდილმისჯილთა საკანში ყველაზე გულწრფელი თანაგრძნობა იყო. ჩვენს მდგომარეობას ექიმები თითქმის ყოველდღიურად ამოწმებდნენ, ციხის კანონების თანახმად, „სმერტნიკებისთვის“ პერედაჩების საუკეთესო ულუფა იგზავნებოდა, მაგრამ ასეთი განსაკუთრებული მოპყრობა კიდევ უფრო გვძაბავდა, კიდევ ერთხელ გვაგრძნობინებდა, რომ განწირულები ვიყავით.

„სმერტნიკების“ საკანში ყველაზე ძლიერ მამაკაცს ერთხელ მაინც უტირია... ამის გადმოცემა, ფაქტობრივად შეუძლებელია. როცა ჩემს იქ ყოფნაში საკნიდან ერთი პატიმარი კიდევ გაიყვანეს და ყველა დამუნჯდა, მე მის საწოლზე დავწექი და ბალიშზე დამხობილი, ორი საათი არ გავნძრეულვარ. მინდოდა, რომ შემდეგი მე ვყოფილიყავი, მეტი ლოდინი აღარ შემეძლო... სწორედ იმ დახვრეტილი პატიმრის ნარის ქვეშ ვიპოვე პატარა ბიბლია. ასეთ დროს ადამიანი ყველაფერს მინიშნებად მიიჩნევ. პირველი ლოცვაც იქ ამოვიკითხე. არ ვიცი იქნებ დამთხვევა იყო, მაგრამ ოთხი დღის შემდეგ, რადიოში გამოაცხადეს, სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი ცხადდებაო. ჩვენ გვერდით საკანში ბიჭებს პატარა რადიო ჰქონდათ, როცა ეს ინფორმაცია გაიგეს, მაშინვე სიკვდილმისჯილებს გაგვაგებინეს. ამის შემდეგ სასიკვდილო განაჩენი, კიდევ დიდხანს გამოჰქონდათ, თუმცა სისრულეში არც ერთი აღარ მოუყვანიათ.

- თქვენ როგორ შეხვდით ამ ინფორმაციას?
- თითქოს არ მჯეროდა, მაგრამ იმ ადამიანების მოსმენაც არ მინდოდა, რომლებიც ჩემსავით ფიქრობდნენ. როცა ხელახალი სასამართლო პროცესი გაიმართა და სამუდამო პატიმრობის ნაცვლად 25 წელი მომისაჯეს, საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ის პატარა ბიბლია შემთხვევით არ მიპოვია. ღმერთმა მომცა შანსი, სულიც გადამერჩინა და სხეულიც. ახლა თვეში ერთხელ მოძღვარს აღსარებას ვაბარებ, ჩემთვის, ჩემი ახლობლებისა და იმ ადამიანებისთვისაც ვლოცულობ, რომლებიც დავაზარალე.

- ოჯახის წევრებს თუ ნახულობთ?
- დედა გარდაიცვალა, დები გათხოვდნენ და თავისანთი ოჯახები აქვთ, ორი ძმა რუსეთში ცხოვრობს. ვერ ახერხებენ ჩემს სანახავად მოსვლას. არ ვამტყუნებ, ყველას ვუყვარვარ, მაგრამ ყოფითი პრობლემები ხომ იცით...

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
თბილისელი
ეს პატიმარი, როცა გამოვა, იქნებ მობრუნდეს სასიკეთოდ, თუმცა მაინც არ არის გასასამართლებელი. შედიხარ და ართმევ თავისას ადამიანს და თან სიცოცხლეს უსპობ? ის ვიღაც, თავის ქონებას შეეწირა მისსავე სახლში და ეს კი ცოცხალია და ჰაერს სუნთქავს. და საერთოდ, ტყუილად არავის ხვრეტდნენ მაშინ.
22:27 / 19-09-2015
გამოხმაურება / 0 /
zura
აბა ეხლა იმას კითხეთ ვინც მოკლა როგორ უნდა ამის წარმატებები და უფალმა რომ გააძლიეროს...
10:21 / 17-09-2015
გამოხმაურება / 0 /
natia
upalma gagazlıerot. martlas rom semtxvevıt araperı ar xdeba
19:40 / 16-09-2015
გამოხმაურება / 0 /
miendet upals!
შეუცნობელია გზანი უფლისანი.წარმატებბებს გისურვებთ!შემთხვევით არაფერი ხდება.ყველაფერი კარგად იქნება.
16:50 / 16-09-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS