15 სექტემბერი, 2015
კლიენტებს შორის ნაპოვნი სამი ცოლი, როგორ გადაურჩა ციხეს თბილისელი თერძი
„მთელი ცხოვრება ვკერავ. თან მარტო მე კი არა, მთელი ჩემი ოჯახი. და-ძმა, დედ-მამა, ორივე მხრიდან ბებია და ბაბუა. დედაჩემი მამაჩემის მეხუთე ცოლი იყო, მე ჯერჯერჯობით მეოთხე ცოლი მყავს. ვკერავ ყველაფერს - საბნებს, ლეიბებს, ბალიშებს, ტანსაცმელს, კოსტიუმს, ქუდებს, საპატარძლო კაბებს, ვარემონტებ დივნებსა და სავარძლებს, ვქსოვ ჰამაკებს, ვქარგავ ხალიჩებსა და ინტრუმენტების ბუდეებს... რა გაოცებული მიყურებ, გოგო?!“ - ზუსტად ასე შემიძახა მოხუცმა კაცმა, როცა თან მის დაუსრულებელ ჩამონათვალს ვუსმენდი და თან უზარმაზარ საკერავ მანქანას ვათვალიერებდი, რომელსაც ავტომანქანასავით პედლები
ჰქონდა და შუა ოთახში მდგარი ტრაქტორივით გუგუნებდა.

- როგორც გითხარით, ბავშვობიდან ვკერავ. საშუალო სკოლის ატესტატი იმიტომ ავიღე, რომ ჩემი დაწყებითის მასწავლებლის ოჯახში დედაჩემის შეკერილი საბან-ლეიბი ჰქონდათ, ჩემი დირექტორის აგარაკზე კი მისი შთამომავალი დღემდე ჩემ მოქსოვილ ჰამაკში ნებივრობს. ჩემი მასწავლებლების ქალიშვილებიც ჩემმა ოჯახმა გაამზითვა... სად ჰქონდა ჩემს ცხონებულ დირექტორს ნამუსი, თორემ რომ მოენდომებინა, ერთი „ლენინის თავიც“ კი მეკუთვნოდა.

- სწავლის გაგრძელება არ გიფიქრიათ?
- არა, სამაგისოდ არც დრო მქონდა და არც სურვილი. დღეს დიზაინერობა მოდურია, მაგრამ ჩემს დროს ერთი უბრალო თერძი ვიყავი, რომელმაც ნემსის ხმარების მეტი არაფერი იცოდა. ეს საკერავი მანქანა მშობლების ნაქონია, თითქმის მთლიანად სპილენძია. არეულობის წლებში სარდაფში მქონდა დამალული, იქ ვმუშაობდი. აბა რა მექნა, ამის გარეშე ვერაფერს გავაკეთებ. მშობლებმა თავიანთი ქონება სამივე შვილზე თანაბრად გაანაწილეს, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ მამაჩემის შემოსავლის ნახევარზე მეტი ალიმენტებში მიდიოდა. ჩემს დას ბინა უყიდეს, ძმა მშობლების ბინაში დარჩა, მე მკითხეს, ბინა გიყიდოთ, თუ ფული მოგცეთ და თვითონ იყიდიო. მე ვუპასუხე, რომ ის საკერავი მანქანა მინდოდა, „ვოლტერი“ და ბინას თვითონ მივხედავდი.

- ცნობილი ადამიანები თუ გსტუმრობენ?
- ახლა ჩემი ნახელავი ვის რაში სჭირდება, ათასი ვინმე კერავს, თავის დროზე უამრავი ადამიანი დადიოდა ჩემთან. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ მქონია შემთხვევა, როცა ოთხი დღე-ღამე თვალი არ მომიხუჭავს. ფაქტობრივად, ცხოვრებამ ერთ დიდ კადრად გაირბინა და ჩემი მოსარგები თარგი ვერ გამოვჭერი. ასე მეგონა, ყოველთვის ისეთივე საჭირო და ახალგაზრდა ვიქნებოდი, მაგრამ ის ვერ გავთვალე, რომ დრო იცვლება და შესაბამისად, მოთხოვნებიც.

- თქვენს დროს რაზე იყო მოთხოვნა?
- წარმოიდგინეთ, ყველაფერზე. მაშინ მზა ტანსაცმელი დიდი ფუფუნება იყო, ძირითადად „სპეკულანტებს“ შემოჰქონდათ და ხალხიც სამკერვალოებს აწყდებოდა. მე სამკერვალო შინ მქონდა მოწყობილი. ისე, როგორც ჩემს და-ძმას. ტანსაცმელი ყველა ტიპის, ეროვნებისა და რწმენის ხალხისთვის შემიკერავს.

- წლების შემდეგ ყველაზე ხალისიანად რომელი ისტორია დაგამახსოვრდა?
- მახსოვს, ერთი კაცი მოვიდა, ლამის 50-წლიანი სტაჟი მაქვს და თითქმის ყველა ზომის ხალხი მინახავს, მაგრამ ისეთი დიდთავა პირველად ვნახე. ძალიან პრეტენზიული გახლდათ. ტანზე კარგად მომდგარი უნდა იყოს, ბეჭის კონტურები რომ გამოიკვეთოსო. შეკვეთის მოცემა უნდოდა და აზრსაც მეკითხებოდა, რა ფერისა და როგორი ნაჭერი მოუხდებოდა. მოსკოვში მივდივარ, სამეცნიერო ნაშრომი უნდა დავიცვა, იქიდან დაბრუნებულმა კი გოგო უნდა დავნიშნოო... ფასზეც შემევაჭრა, გზა და ხარჯი ძვირი მიჯდება, იქ რესტორანშიც ხომ უნდა აღვნიშნო, საცოლესაც საჩუქრები მინდა ჩამოვუტანოო. 4 მეტრი გეყოფა-მეთქი. ცოტა წაამატე, ქუდიც რომ შევიკეროო. აუ, კინაღამ გავგიჟდი, ახლა ამან თავიდან თუ დაიწყო ვაჭრობა-მეთქი. შე კაცო, შენი თავის პატრონმა ჯერ ქუდი უნდა შეიკერო და თუ მოგრჩა რამე, კოსტიუმზე მერე უნდა იფიქრო-მეთქი.

- არ გაბრაზდა?
- კი, კარგა ხანს არ გამოჩენილა, მერე მაინც მოვიდა. კი ვინანე, რა ჩემი საქმეა, ვის რა ზომა თავი აქვს. ისე კი, მისი ქუდის შეკერვაზე მართლა ბევრი ვიწვალე, ქუდის „ბალკონსა“ და რგოლში ხეს ან პლასტმასს ვსვამთ ხოლმე და მისი ზომისთვის „სპეცზაკაზის“ მიცემა დამჭირდა.

- ალბათ ლამაზი კლიენტებიც გყავდათ...
- ჩემი კლიენტებიდან სამი ჩემი მეუღლე გახდა. აქედან ერთი საქმროსთან ერთად საპატარძლო კაბის შესაკერად იყო მოსული, მაგრამ მერე მოვლენები სხვაგვარად განვითარდა, რის გამოც კინაღამ ციხეში ამოვყავი თავი. რომ არა ქართული დალოცვილი ნაცნობობა და „ჩაწყობა“ , ჩემი საყვარელი მრავალნახული „ვოლტერი“ ციხის გისოსებსაც ნახავდა.

- იქნებ უფრო კონკრეტულად მოგვიყვეთ...
-
პირველად რომ მოვიდნენ, ცოლ-ქმარი მეგონა და ვიფიქრე, რამ გააყოლა ეს ანგელოზივით ქალი ამას-მეთქი. მერე ისე მოხდა, რომ დამირეკა. თქვენ წარმოიდგინეთ, უამრავი კლიენტი მყავდა, მაგრამ ის გოგო ხმაზე ვიცანი. მეორე დღეს მოვიდა, ამ თვის ბოლოს ხელის მოწერას ვაპირებთ და საპატარძლო კაბის შეკერა მინდაო. არ მახსოვს, ვინ, მაგრამ ჩემს თავში ვიღაცამ დაიძახა, ე ბიჭო, თვის ბოლომდე გქონია დროო. როცა ზომებს ვუღებდი, ცხოვრებაში პირველად დავიჩხვლიტე თითები ნემსით. შეყვარებული მანამდეც ვყოფილვარ, მაგრამ ასეთი რამ არ დამმართნია. უკვე ორცოლგანაშვები კაცი საკუთარ თავს ვსაყვედურობდი, რამ გადაგრია, ქალების უნახავი ხომ არ ხარ-მეთქი.. მაგრამ იმასაც ვხდებოდი, რომ გადარეული ვიყავი. იმ დღიდან ყველა საქმე გადავდე, ყველა კლიენტს ვუთხარი, ცუდად ვარ და ეს დღეები ვერ მოვიცლი-მეთქი. თითქმის ყოველ დღე ვიბარებდი ამ საწყალ გოგოს და ერთსა და იმავეს ცხრაჯერ ვაზომებდი.

- ეჭვი არაფერში შეჰპარვია?
- არ ვიცი, არაფერს ამბობდა. ყოველი დღის გასვლა ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო. საპატარძლო კაბები ადრეც შემიკერავს, მაგრამ ამდენი დრო არასდროს დამიკარგავს. ათას რაღაცაზე ვესაუბრებოდი და ხელისმოწერამდე ერთი კვირით ადრე, როცა კაბა უკვე მზად იყო და შინ მიჰქონდა, რაღაცნაირი ღიმილით მითხრა, ნეტავ კიდევ რამდენიმე კვირა იყოს დარჩენილი ჩემს ქორწილამდეო... სიხარულისგან თავბრუ დამეხვა. ვთხოვე, კაბა არ წაეღო და მომავალი ერთად დაგვეგეგმა. მის წინ მუხლებზე ვიყავი დაჩოქილი და სიყვარულს ვეფიცებოდი.
ამ გოგოს ქორწილი იმ კვირისთვის ჩაიშალა, მაგრამ მომდევნო კვირას ჩემი შეკერილი კაბით მე მქონდა ნიშნობა.

- საქმრომ როგორ შეგარჩინათ?
- რაღა შემარჩინა, კინაღამ ციხეში ჩამაყუდეს. ჩემი მეუღლე 17 წლის იყო და არასრულწლოვანის მოტაცების მუხლით უნდა გავესამრთლებინეთ. თან, როგორი „სანაქებო“ წარსული მქონდა? საქმის „შეკერვა“ გაუჭირდებოდათ თუ რა. ერთი სიტყვით, შევძარი ქვეყანა, ჩემი მეუღლეც თავს გადარევას იყო, პირველად მე გამოვუტყდი სიყვარულშიო, მაგრამ მისი საქმრო გავლენიანი ოჯახის შვილი იყო და ჩემი სიმამრი გაგიჟდა, ეს მათხოვარი თერძი როგორ ამჯობინე იმ ბიჭს, რა გარანტია გაქვს, შენც არ მიგატოვებსო...

- ისე, ჰქონდა გარანტია?
- კი, ჰქონდა საცოდავს. ძალიან მიყვარდა. ის ჩემთვის ქალის იდეალი იყო. ის ბიჭი მერეც ეხვეწებოდა თურმე, ყველაფერს გაპატიებ, გაშორდი და ცოლად გამომყევიო, მაგრამ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა.

- მასზე წარსულში საუბრობთ...
- ახალგაზრდა გარდაიცვალა. მას შემდეგ კიდევ ერთხელ შევუღლდი, მარტოხელა კაცი ცოდვაა. მიმხედავი და ხელის შემწყობი მჭირდებოდა. არ გვინდა ამაზე, დიდხანს ვერ ვიცხოვრეთ ერთად...

ლალი პაპასკირი
ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS