ნუნუ:
- სამი ერთი მეორეზე უკეთესი ქალიშვილი მყავს და სამივე გამიუბედურდა. მაინც სად იპოვეს ეს ლოთები, ვერ ვხვდები. ერთი მაინც გაჰყოლოდა წესიერ ბიჭს. ნეტა რა შევცოდეთ ასეთი?!
- თუ შეიძლება, თანმიმდევრულად მივყვეთ.
- ჰო, მაპატიეთ, უბრალოდ როცა ამ თემაზე ვლაპარაკობ, ნერვები ისე მეშლება, მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი 25 წლის ასაკში შევქმენით. გარიგებით შევუღლდით, მაგრამ
- იცოდით, რომ თქვენს ქმარს საყვარელი ჰყავდა?
- არა, არ ვიცოდი, მაგას ვერც კი ვიფიქრებდი, ისეთი ყურადღებიანი ქმარი და მამა იყო, მგონი, ჩემი თვალით რომ დამენახა სხვასთან ერთად, მაინც ვერ დავიჯერებდი.
- ეს ამბავი რომ გითხრათ, გული არ გეტკინათ?
- შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ არც ისე. უბრალოდ, გამიკვირდა, მე და დათო პირველ რიგში მეგობრები ვიყავით და ყველაფერს მიყვებოდა. იმან გამაოცა, სხვა თუ შეუყვარდა, მე რატომ არ მითხრა, რა საჭირო იყო ასე ქურდივით გაპარვა-მეთქი. სიმართლე ეთქვა, აეხსნა და ისე წასულიყო.
- ასე უფრო გაუგებდით?
- ვხედავ, რომ არ გჯერათ ჩემი სიტყვების, მაგრამ მართლა გავუგებდი... მოკლედ, დათომ დანაპირები აასრულა და მე და ჩემს ქალიშვილებს ფულს ყოველთვიურად გვიგზავნიდა. ხშირად რეკავდა და დიდხანს ესაუბრებოდა გოგონებს. თეონას სკოლას რომ დაამთავრებდა, დათო მის მოსკოვში წაყვანას გეგმავდა. მითხრა, აქ გავაგრძელებინებ სწავლასო, მაგრამ ჩანაფიქრი არ გამოგვივიდა. XI კლასის მეორე სემესტრში თეონამ დაჰკრა ფეხი და გათხოვდა. ეს ამბავი მამამის რომ გავაგებინე, კინაღამ გაგიჟდა. ხმას აღარ გავცემო.
- სიძეს იცნობდით?
- მე კი არა, მგონი თეონაც არ იცნობდა მას წესიერად, სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი. ეს ამბავი ძლივს გადავიტანე, რომ სამი თვის შემდეგ თამთაც გამითხოვდა. ის თავის ნებით არ გაჰყოლია იმ ბიჭს, როგორც პირველი. მომტაცეს და 1 კვირა სადღაც სვანეთში ჰყავდათ გადამალული. ჩემი მაზლი ძალოვან სტრუქტურაში მუშაობს და მთელი საქართველო ფეხზე დააყენა. ვერაფერს გავხდით... რამდენიმე დღის შემდეგ თამთამ დამირეკა და მისი ხმა რომ გავიგე, აღარაფერს ვჩიოდი.
- მესამე ქალიშვილი?
- ნათიას იმედიღა მქონდა. პირველი ორი ქალიშვილი ისეთ ოჯახებში შევიდნენ, ვფიქრობდი, ეს მაინც იყოს ბედნიერი-მეთქი.
- მაინც როგორი ოჯახები ჰქონდათ?
- გეტყვით, ჩემი პირველი სიძის მამამ თავი მოიკლა. თურმე იმდენს სვამდა, `ბელაია გარიაჩკა~ დაემართა, ხან ვინ ეჩვენებოდა, რომ მოსაკლავად მისდევდა და ხან ვინ. ბოლოს, აივნიდან გადამხტარა. მისმა შვილმა ადრეულ ასაკში დაიწყო სმა. საშინელი, მძიმე ხასიათი აღმოაჩნდა. სულ ეგონა, რომ თეონა ღალატობდა და ამის გამო ჩემს შვილს სცემდა... ახლა მეორე სიძეს არ იკითხავთ?! მისი მამაც ლოთი იყო და დედაც - ერთად სვამდნენ, მერე წაკინკლავდებოდნენ და ეს ქალი და კაცი ერთმანეთის ცემას იწყებდნენ. ერთხელ დედამთილ-მამამთილი თამთამ გააშველა და მასაც მოხვდა ერთი გემრიელი მუშტი თვალში. ასეთი მშობლების შემხედვარე, მათი შვილი რა უნდა ყოფილიყო? სმას დილიდანვე იწყებდა და საღამოს საერთოდ ითიშებოდა. ხშირად ჩასძინებია საწოლში სიგარეტით ხელში და თამთას რომ არ შეესწრო, ცოცხლად ამოიბუგებოდა. ერთი წყვილ სიგარეტით ამოუმწვარ თეთრეულს ვერ ნახავთ მაგათ სახლში... კიდევ კარგი, ჩემს უფროსს გოგონებს შვილი არ შეეძინათ, თორემ გენეტიკა ხომ იცით, შეიძლება ისინიც ლოთები ყოფილიყვნენ...
- თქვენს მესამე ქალიშვილზე ვსაუბრობდით...
- ჰო, ისიც ლოთს გაჰყვა. ამან საერთოდ გადაუჯოკრა თავის დებს - 14 წლის იყო, რომ გათხოვდა. გადავირიე ქალი!.. ნათიას სამჯერ მოეშალა მუცელი და მეოთხედ, როგორც იქნა, იმშობიარა. ისეთი უდღეური ბავშვი გააჩინა, 1 თვე ინკუბატორში ეწვინათ. ახლა ნიკუშა უკვე 4 წლის არის, ენაცვალოს ბებო. ჩემი შვილიშვილი სულ ჩემთან მყავს. არ მინდა, დღე და ღამე მამამისის გამოთაყვანებულ სახეს უყურებდეს. ისიც, ჩემი მესამე სიძეც იცით როგორი ეჭვიანია? ნათიას კომპიუტერში რომელიღაც სერიალის მსახიობის ფოტოები ჰქონია, სერიალ „გაქცევაში“ იმ ბიჭს რა ჰქვია, ცისფერთვალება რომაა, მაიკლს რომ თამაშობს?
- უენტორტ მილერი...
- ჰო, მაგ მსახიობის. მე ვიცი ამხელა ქალმა ეგ ბიჭი და ის, ჩემი სიძე საერთოდ არაფრის აზრზე არ არის. ჩემს შვილს ამ მაიკლის სურათები ჰქონია და მის ქმარს კიდევ ეს ბიჭი ვიღაც ქართველი ჰგონებია. ამაში გამცვალეო - უყვირიათურმე, კომპიუტერს ფეხი ჰკრა და მაგიდიდან გადმოაგდო. ის ღამე ჩემმა ქალიშვილმა ჩემთან გაათია, მაგრამ მეორე დღეს ისევ თავის ქმართან დაბრუნდა.
- თქვენი ყოფილი მეუღლე ქალიშვილების ამბავს არ კითხულობ?
- კი, როგორ არა. თეონა და თამთა თავისთანაც კი ჰყავდა ცოტა ხნით წაყვანილი, მაგრამ ისინი ისევ თავიანთ ქმრებთან დაუბრუნდნენ. ახლა ნათიას შევუჩნდი, მგონი შევძლებ, ეს მაინც გავაშორო თავის ქმარს და ამოისუნთქოს გოგომ. უმცროსი ქალიშვილი ყველაზე მეტად მიჯერებს და რა ვიცი, ვნახოთ...
ანა კალანდაძე