08 ივლისი, 2015
„ჩემმა ქმარმა საქორწინო ბეჭედი მომპარა და მეორე ცოლი მოიყვანა...“
ორი კვირის შემდეგ მოულოდნელად სამი უცხო მამაკაცი გვესტუმრა 35 წლის ნანა ერთ-ერთია იმ ქალბატონებს შორის, რომელსაც ქმარმა ცხოვრება გაუმწარა, მაგრამ დღემდე მასთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ ფიზიკურად არ ეხება და ამიტომ მისი მიტოვება უჭირს, მაგრამ ზარმაცი კაცი, რომელიც მთელი დღე კოტრიალობს, ცოლის საქორწინო ბეჭდით მეორედ დაოჯახდა.


- ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ქალი ვარ. ათი წელია, რაც მამუკას მეუღლე ვარ და ამ პერიოდის განმავლობაში ერთი დღე არ უმუშავია და ერთი ლარი არ შემოუტანია სახლში. ორ შვილს
ვზრდით, კარგად ვკერავ და უამრავი შეკვეთა მაქვს. ამით გაგვაქვს თავი მთელ ოჯახს. ცოტას დედაჩემიც გვეხმარება, რომელიც საბერძნეთში სამუშაოდაა წასული და ჩემი ძმის მრავალშვილიან ოჯახს ინახავს. ჩემს დედამთილ-მამამთილს ჩვენი გაჭირვება არ აწუხებს. მეორე შვილის სახლში ცხოვრობენ და თუ რამეს იღებენ, ჩემს რძალს აძლევენ.

- ქმარი რატომ არ ცდილობდა მუშაობას?
- ადრე ეკონომიკურად ძალიან ძლიერი ოჯახი ჰქონდათ, სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა, გინეკოლოგია, მაგრამ ქალის ანატომიაზე მე უფრო მეტი ვიცი, ვიდრე მან. ლექციებს არ ესწრებოდა და მამამ დიპლომი უყიდა. შემდეგ ძალიან გაუჭირდათ და ესეც სახლში დაჯდა, დროის სატარებლად ფული აღარ ჰქონდა. სწორედ ამ პერიოდში იქორწინა ჩემზე, მაშინ 30 წლის იყო. ცუდად არ მექცევა, არ მიყვირის, არც მაგინებს, მაგრამ მისმა უსაქმურობამ ცხოვრება გამიმწარა. მარტო მე ვფიქრობ იმაზე, რა ვაჭამო ბავშვებს. ყოველდღე ძვირად ღირებულ ორ კოლოფ სიგარეტს ეწევა და ყიდვა თუ დავუგვიანე, საყვედურს მეუბნება, რისთვის კერავ ამდენს, ერთი ქმარი ვერ უნდა შეინახოო.

- ინტერვიუმდე მითხარი, რომ გიღალატა. კაცმა, რომელიც მთელი დღე სახლში ზის, ეს როგორ მოახერხა?
- დედაჩემმა ჩემს უფროს გოგონას, რომელიც 9 წლისაა, საბერძნეთიდან საკმაოდ ძვირად ღირებული ტელეფონი გამოუგზავნა საჩუქრად. სადაც მუშაობს, იმ ოჯახის უფროსს უჩუქებია. თავიდან გაყიდვა მინდოდა, მაგრამ მამუკამ რომ დაინახა, კინაღამ გაგიჟდა, მაგით მაინც გავერთობიო. მთელი დღე ტელეფონში იყო შემძვრალი და ერთ-ერთ საიტზე გაუცნია მომავალი ცოლი. ერთ თვეში გარეთ გასვლა დაიწყო, თავიდან მიხაროდა, სახლში მარტოობა მენატრებოდა, მაგრამ შემდეგ ისე მოუხშირა, რომ დავეჭვდი.

თან, ფულსაც აღარ მთხოვდა, იპრანჭებოდა და სახლიდან ისე გადიოდა. ერთხელ მითხრა, სამი დღით მეგობართან მივდივარ ერთ-ერთ რაიონშიო. არავინ ჰყავდა ისეთი მეგობარი, რომ მასთან სამ დღეს დარჩენილიყო, რადგან უფულოდ დარჩენის შემდეგ ყველა შემოეფანტა, მაგრამ არაფერი მიკითხავს. სამ დღეში მართლა ჩამოვიდა. ორი კვირის შემდეგ მოულოდნელად სამი უცხო მამაკაცი გვესტუმრა. სახლში მარტო ვიყავი, მამუკა თავის ძმასთან იყო წასული, რაღაცაში ეხმარებოდა. ჩემი ქმრის სიმამრად და ცოლის ძმებად გამეცნენ და მითხრეს, რომ რაიონიდან ჩემი ქმრის ოჯახის გასაცნობად ჩამოვიდნენ.

- ალბათ, ძალიან დაიბნეოდი...
- სამი დღე მოვუნდი, ბოლომდე გამერკვია, რა მოხდა. თურმე მამუკას ტელეფონით რაიონში 18 წლის გოგონა გაუცნია, რომელთანაც ფიზიკური ურთიერთობა ჰქონდა. ამ გოგონამ უთხრა, მშობლები მომკლავენ და ცოტა ხანს ცოლად წამიყვანეო. ის სამი დღე რომ დაიკარგა, საკუთარ ქორწილში ბრძანდებოდა, რომელიც''ცოლის'' ოჯახმა გადაუხადა, ვიღაცები წაუყვანია თბილისიდან, ზოგი ძმად გააცნო თურმე, ზოგიც - ბიძაშვილად. მშობლებზე კი უთქვამს, საზღვარგარეთ არიან და ერთ თვეში ჩამოვლენო.

როგორც ჩანს, გოგოს ოჯახს ეჭვი შეეპარა და თბილისში ჩამოვიდნენ მამუკას ოჯახის სანახავად. ისიც გაირკვა, რომ მეორე ცოლს ჩემთვის მოპარული საქორწინო ბეჭედი მოარგო. სამი დღის შემდეგ ჩემი ქმარი შინ სასტიკად ნაცემი მოვიდა, ისეთი დასახიჩრებული ჰქონდა სახე, ორი კვირა საავადმყოფოში იწვა. ახალი''ცოლის'' ოჯახის წევრებს უცემიათ და სახლში ტრუსის ამარა გამოუშვიათ. არ მიმიტოვებია, ისევ მასთან ვცხოვრობ, მაგრამ საკუთარი თავი მეზიზღება, რომ ამ ბედოვლათი და უნიათო კაცისგან წამოსვლა ვერ შევძელი.

სალომე დადიანი 
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
ლარა
უთავმოყვარო ხარ,ნუთუ სიამაყე არა გაქვს?შვილებს შენი შრომით არჩენ,შენი საქმიანობით მალე მხედველობა დაგაკლდება,ვის აკლავ თავს,მასეთი მუქთახორა დროზე მოიშორე თავიდან,იმ სიგარეტის ფულით ბავშვებს კანფეტები უყიდე,გაფუჭებულ კბილს რამე ეშველება,თუ არ ამოიღე?ეგეც ამოსაღებია შენი ცხოვრებიდან,რატო აჩაგვრინებ თავს,სიძლიერე გამოიჩინე
21:00 / 20-08-2015
გამოხმაურება / 0 /
იქნებ...
რა გილისამრევად უთავმოყვარეოები ვართ ქალები ხანდახან...
20:13 / 15-07-2015
გამოხმაურება / 0 /
????
გაშორება მეც ვცადე მაგრამ უმუშევარი დავრჩი ქმარი კი სამსახურს ამოფარებული დაგულაობს დიდი კაცია და ყველა უღიმის...
15:40 / 15-07-2015
გამოხმაურება / 0 /
ანაბელა
ღმერთმა გამძლეობა და კარგი ნერვები მოგცეს, მაგრამ წლები რომ მოგემატება იცოდე გვიანი იქნება თითზე კბენანი.
01:53 / 12-07-2015
გამოხმაურება / 0 /
555
მომთმენის დედა იცინოდა....
19:07 / 10-07-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS