დეა:
- ხუთი წლის წინ გავთხოვდი და ბედი საყვარელ ადამიანს დავუკავშირე. ბექა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შემთხვევით ქუჩაში გავიცანი. ყველაფერი ერთი უბრალო კითხვით, ბანალურად დაიწყო, მაგრამ დაახლოებით ორ თვეში დაოჯახების გადაწყვეტილება მივიღეთ. სახლში მხოლოდ დედამთილი დამხვდა. ორი მული მყავს და ორივე გათხოვილი. მამამთილი რუსეთში იყო სამუშაოდ წასული და ჩვენი ქორწილისთვის სამი დღით ჩამოვიდა. დანახვისთანავე არ მომეწონა, რაღაც უხეში,
- ქმარი როგორ გექცეოდა?
- კარგად, უბრალოდ, სტაბილური სამსახური არ ჰქონდა და მუშაობა დავიწყე, რომ ოჯახს მივხმარებოდი. დედამთილი ჩუმი, რაღაცნაირი ქალია. ცხოვრებისგან დაბეჩავებული. ერთხელ მითხრა, რომ ქმართან უმძიმესი წლები გაატარა და მიუხედავად იმისა, რომ ათი წელი იყო, ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ, მის ჩამოსვლას სულ შიშით ელოდებოდა. ბიჭი შემეძინა და მისი სახელი არა, მაგრამ მიმსგავსებული დავარქვით. ჩემს მეუღლეს მამამისმა ტელეფონში აგინა და ორი თვე აღარ ელაპარაკებოდა. თითქოს ბექა ამას არ განიცდიდა, ან მე არ მაჩვენებდა. ვმუშაობდით, ვწვალობდით, მაგრამ მისი გამოგზავნილი ფულის გარეშე ცხოვრება მაინც გვიჭირდა. ერთ დღეს სახლში დარეკა და ბექას გამოუცხადა, დავიღალე და დროა შემცვალო, საქართველოში დაბრუნება მინდა და ჩამოდი, ჩემს ადგილას იმუშავეო. ორი თვე ფიქრობდა ბექა, წასვლა არ უნდოდა, მაგრამ სხვა გზა აღარ დარჩა. ზაფხულში მოსკოვში წა-ვიდა იმ პირობით, რომ აეწყობოდა და რამდენიმე თვეში ჩვენც წაგვიყვანდა. მამამთილი ჩამოვიდა, ჩვენთან ცხოვრობდა და სულ ცუდ ხასიათზე იყო. ცოლს უყვიროდა, ხანდახან ფიზიკურადაც ეხებოდა, ვცდილობდი, სულ დედაჩემთან ვყოფილიყავი და ამაზეც გიჟდებოდა, შენს ქმარს ვეტყვი, რომ გარე-გარე დადიხარო.
- ბექას არ უყვებოდი?
- თავიდან მეცოდებოდა, არ მინდოდა ენერვიულა, მაგრამ ერთ დღეს ყველაფრით დაღლილმა ტელეფონში ვუთხარი, რომ თუ მალე არ წამიყვანდა, მისი ოჯახიდან წავიდოდი. მითხრა, რომ ისე ვერ აეწყო, როგორც ფიქრობდა და შემოდგომაზე აუცილებლად წამიყვანდა. იქამდე კიდევ ბევრი თვეა, მაგრამ ბედს შევეგუე, სანამ ერთ დღეს, დედაჩემიდან დაბრუნებულს, მამამთილი ფიზიკურად არ შემეხო. სახეში გამარტყა და მითხრა, რომ მეორედ აღარ დამეგვიანა. ამას დედამთილიც შეესწრო, მაგრამ შეეშინდა, ხმა არ ამოუღია. ქმარს არ ვუთხარი, შემეშინდა, არ ჩამოსულიყო და მამა არ ეცემა, მაგრამ ერთ კვირაში იგივე გამეორდა. ბექას რომ მოვუყევი, გაბრაზდა და არ დამიჯერა, დედამისთან გადაამოწმა და იმანაც უთხრა, მე არაფერი დამინახავსო. დედამთილი მეჩხუბა, რა გინდა, შვილს მამა არ მოაკვლევინოო. ჩემზე არავინ ფიქრობს. ამ ჯოჯოხეთში ვცხოვრობ, ველოდები, როდის დადგება შემოდგომა და ამ სახლს თავს დავაღწევ.
სალომე დადიანი