- თეონა ხუთი წლის წინ სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანი. ორ თვეში შევხვდით და პირველივე შეხვედრის შემდეგ შეყვარებულ წყვილად დავშორდით ერთმანეთს. ყველაფერი ლამაზად მიდიოდა. ორივე დასაქმებულები ვართ და არც ფულის პრობლემა გვქონია. თითქმის მთელი საქართველო შემოვიარეთ, მეგობრებთან
- რა აღმოაჩინეთ ახალი საყვარელ ქალბატონში?
- თეონას სასმელი ძალიან უყვარდა. თითქმის ყოველ საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს ლუდი ამოჰქონდა და წრუპავდა. თავიდან მეც მასთან ერთად ვსვამდი, მაგრამ მალე მომბეზრდა და ერთ დღეს ვუთხარი, ამდენი სასმელი რა საჭიროა-მეთქი. კინაღამ გაგიჟდა.
- შეყვარებულობის პერიოდში არ სვამდა?
- განსაკუთრებული სიყვარული არ შემიმჩნევია. თან, როცა გასვლითი ტურები გვქონდა, ყველა ვსვამდით. დანარჩენ დღეებში კი კაფეებში ვხვდებოდით ერთმანეთს და იქ ყავისა და წვენის მეტი არაფერი დაულევია. შეიძლება იმიტომ, რომ საჭესთან იჯდა და ერიდებოდა. საყვედურის შემდეგ მითხრა, რომ არაფერს აშავებდა და სამაგიეროდ, სხვა ქალებივით არ ეწეოდა. შემდეგ დაფეხმძიმდა და პრობლემა მოიხსნა. ძველებურად აღარ სვამდა, თუმცა რამდენიმეჯერ სასმლის სუნი ვიგრძენი, რაზეც მითხრა, რომ, ექიმის თქმით, მისი ორგანიზმი შეჩვეული იყო ალკოჰოლს და ხანდახან ცოტა დალევა შეიძლებოდა. არ მესიამოვნა, მაგრამ ორსული ქალი აღარ გავანერვიულე, ვიფიქრე, უარესი არ გააკეთოს-მეთქი.
- მისი ოჯახის წევრებს თუ დაელაპარაკე?
- დედას შევხვდი ცალკე და მოვუყევი. ქალმა ტირილი დაიწყო. მითხრა, რომ თეონა ადრეც სვამდა და მისი ოთახიდან ხშირად გამოუტანია ლუდის ბოთლები. თურმე ეგონა, გათხოვების შემდეგ თავს დაანებებდა. საბედნიეროდ, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ თეონამ ლუდი ვისკით ჩაანაცვლა და რამდენიმეჯერ ისე გამოთვრა, რომ ბავშვთან მთელი ღამე გავათენე. გამოფხიზლებული ტირილს იწყებდა, მშობიარობის შემდგომი დეპრესია მაქვს და მალე გამივლისო. ამასობაში კიდევ ერთი წელი გავიდა და ჩემი კატეგორიული თხოვნით, ფსიქოლოგთან დაიწყო სიარული. ერთი პერიოდი თითქოს ეშველა. ადამიანურ ცხოვრებას დაუბრუნდა, სამსახურიც გამოიცვალა, მაგრამ სამი თვის შემდეგ უარეს დღეში ჩავარდა. ისევ სისტემატური სმა დაიწყო, ოღონდ ამჯერად თავს აღარ იმართლებდა. ვაშინებდი, რომ მივატოვებდი, დედობის უფლებას ჩამოვართმევდი, მაგრამ არ ადარდებდა.
- ცოლი ძველებურად გიყვარდა?
- არა, ის პერიოდი მძულდა კიდეც. შემდეგ მოძღვარს დაველაპარაკე და მითხრა, რომ არ შეიძლებოდა საყვარელი ადამიანის განსაცდელში მიტოვება. სიძულვილმა გადამიარა, ცოლი სიგიჟემდე მიყვარს, მაგრამ დალევას ვერ გადავაჩვიე. თითქოს მის ამ მდგომარეობას შევეგუე კიდეც, მაგრამ სერიოზულად მეშინია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის. ბავშვი რომ გაიზრდება, ასეთ დედას როგორ უნდა უყუროს.
- მხოლოდ სახლში სვამს?
- დიახ, თუმცა არ მგონია, სხვაგანაც უარი თქვას. უბრალოდ, მკაცრად ვაკონტროლებ. უჩემოდ არსად ვუშვებ და სადაც მივდივართ, იქიდანაც გამოქცევაზეა, რომ მალე მოვიდეს სახლში და დალიოს. მას რომ ვუყურებ, დალევა აღარ მინდა. როგორ მეცოდებიან ის ქალები, რომლებსაც ლოთი ქმრები ჰყავთ. არ ვიცი, ამას როდემდე გავუძლებ და შევინარჩუნებ თუ არა ოჯახს. იმისიც მჯერა, თეონა რომ მივატოვო, საბოლოოდ განადგურდება, როგორც ქალი, სამსახურსაც თავს დაანებებს და შეიძლება, მთვრალმა ქუჩა-ქუჩა იაროს.
სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''