მე უბრალო გამყიდველი გახლდით, ის მეპატრონე. შევამჩნიე, რომ პირველი დანახვისთანავე მოვეწონე, მაგრამ ისე მჭირდებოდა სამსახური, რომ მის ფლირტს ჩვეულებრივად შევხვდი. ერთ კვირაში ყავაზე დამპატიჟა, მაგრამ თურქ მეპატრონესთან ერთად კაფეებში სიარული არ მინდოდა.
ისედაც მამაჩემი ძლივს ეგუებოდა, რომ გამყიდველად ვმუშაობდი. თვითონ საწარმოო ტრავმა მიიღო და ერთი წლის წინ ფეხი მოაჭრეს. მას შემდეგ ჩვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა უკან წავიდა.
აჰმედს არსად მივყვებოდი, ისიც თითქოს მაცდიდა და ელოდებოდა როდის მომიბრუნდებოდა მასზე გული. ბოლოს თავი დამანება და ყურადღებას აღარ მაქცევდა. თითქმის არ მელაპარაკებოდა.
მეც დავსვენე, მაგრამ გულში ოდნავ მეწყინა, რომ ასე ადვილად დამთმო. რამდენიმე თვის წინ ტელევიზიით თურქულ სერიალს მოვკარი თვალი. დედამ მითხრა, რომ მთელი საქართველო ვინმე სავაშ ბალდარის სიყვარულით იწვოდა. რამდენჯერმე მეც ვუყურე და სიმართლე რომ გითხრათ დამაინტერესა.
ერთ დღეს სამსახურში მისული აჰმედს გამოველაპარაკე და სერიალზე რაღაცები ვკითხე. საუბარში ამყვა და იმ საღამოს მეპატრონეს პირველად გავყევი ყავაზე. იმ დღემ ყველაფერი შეცვალა. ნელ-ნელა მე და აჰმედი დავახლოვდით. თავიდან მხოლოდ მათი ქვეყნის კულტურაზე და მაღაზიის ამბებზე ვსაუბრობდით და ერთ დღეს მივხვდი, რომ მის გარეშე ცხოვრება აღარ შემეძლო.
თავიდან თანამშრომლებს ვუმალავდი, მაგრამ ერთ დღეს თვითონ მითხრეს, რომ აზრი არ ჰქონდა, რადგან ყველამ ყველაფერი იცოდა. იცინოდნენ, რომ არა სავაში აჰმედზე ხომ გული არ მოგიბრუნდებოდაო.
ორი კვირის წინ აჰმედს მოულოდნელად ცოლად გავყევი. მე ასე ვთვლი, დედაჩემი კი მეუბნება, რომ ჩემი ''სავაში'' (როგორც მას დაცინვით ეძახდა) ორ თვეში მიმაგდებს და ხელსაც არ მოაწერს ჩემთან. ახლა ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდთ, სამსახურში აღარ დავდივარ.
მართალია, მის გამო ოჯახი, ნათესავები და სამეგობრო წრ დავკარგე, მაგრამ იმდენად ბედნიერი ვარ, ჯერჯერობით თავს მარტო არ ვგრძნობ.
იმედია, დედის სიტყვები არ გამართლება და ჩემი ''სავაში'' სამუდამოდ ჩემთან დარჩება.
სპეციალურად საიტისთვის