- 28 წლის ვიყავი, გოგა რომ გავიცანი. ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში ვმუშაობ და ჩვენთან მოვიდა საკმაოდ სერიოზულ თანამდებობაზე. სამ თვეში გოგას თანაშემწედ გადამიყვანეს და ძალიან მალე შეგვიყვარდა ერთმანეთი. ჩემზე სამი წლით უფროსი იყო. მალე ყველამ გაიგო ჩვენ შესახებ, მაგრამ დაოჯახებას არ ვჩქარობდით. ორი წელი ისე
- როგორც ვხვდები, თქვენი ურთიერთიერთობის წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
- არა, გოგას მშობლები და და გავიცანი და ყველა ძალიან კმაყოფილი იყო ჩვენი ურთიერთობით. ერთადერთი, იმას გვეხვეწებოდნენ, რომ მალე დავოჯახებულიყავით. პატარები მართლა არ ვიყავით, მაგრამ საკმაოდ რთული სამსახური გვქონდა. თან გოგა ხევსური იყო და ხანდახან მისი სიჯიუტე მაფიქრებდა, რამდენად კომფორტულად ვიცხოვრებდით ერთად. რამდენჯერმე მისი ხასიათის გამო სერიოზულადაც ვიჩხუბეთ და დაშორებულიც ვიყავით, მაგრამ მაქსიმუმ ერთი კვირა ვძლებდით და შემდეგ ისევ ვრიგდებოდით.
- შენი მშობლებისთვის არ გაგიცნია?
- ორი ძმა მყავდა დასაბინავებელი და ჩვენც საკმაოდ ვიწროდ ვცხოვრობდით. მათთვის ბინები რომ ეყიდა, დედა ათი წლის წინ იტალიაში წავიდა საცხოვრებლად და იმდენი გააკეთა, რამდენიმე წელიწადში ორივე შვილი ცალკე გაიყვანა და ქორწილებიც გადაუხადა, მაგრამ არ ჩამოდიოდა, ბარემ შენც გიყიდი ბინას, მოგხედავ და ისე დავბრუნდები საქართველოშიო. მე და მამა ვცხოვრობდით და მერიდებოდა სახლში მოყვანა. მამას ვერც ვუბედავდი იმის თქმას, რომ შეყვარებული მყავდა. ცოტა თავისებური კაცია, მკაცრი ხასიათით. ერთი წლის წინ გოგამ ხელი მთხოვა. მეც დავთანხმდი, დავიღალე, რომ სამსახურში ყველა ჩვენს ურთიერთობაზე ლაპარაკობდა. დედაჩემს ძალიან გაუხარდა და ერთ თვეში სამშობლოში დაბრუნდა. ოროთახიანი ბინა ვიყიდე გარეუბანში, მეტი არ მომივიდა და გავაქირავე. თებერვალი იყო და ქორწილი ივნისში დავნიშნეთ, მანამდე გოგა ჩემი მშობლების და ძმის გასაცნობად მოვიყვანე.
- თქვენს ურთიერთობაში რა უნდა მომხდარიყო, რომ დღეს თავს უბედურად გრძნობ?
- მამამ ჩემი მომავალი საქმროს გვარი რომ გაიგო, სხვათა შორის უთხრა, რომ ჯარში მისი გვარის მეგობარი ჰყავდა, მერე ერთმანეთი დაკარგეს და ვეღარ იპოვა. საუბარში გამოარკვიეს, რომ გოგას მამაზე ლაპარაკობდა. უცებ მამაჩემა მაგიდას მუშტი დაარტყა, ეს ქორწილი არ შედგება, თქვენ და-ძმა ხართო. როგორც გოგამ ამიხსნა, ჯარში ხევსურული ტრადიციით სისხლით ძმობა უთქვამთ ერთმანეთისთვის. იმ ღამეს ტირილში გავათენე. გოგა იმ იმედით წავიდა სახლში, რომ მამამისი მაინც იტყოდა, რომ რაღაც შეცდომაა და ჯარში ასეთი ძმაკაცი არ ჰყოლია, მაგრამ ამაოდ. მეორე დღეს მითხრა, ყველაფერი გვერდზე გავწიოთ და ჩვენი ბედნიერებისთვის ვიქორწინოთო, თან დაამატა, დად ვერასოდეს აღგიქვამო. როგორც მივხვდი, მისი ოჯახის წევრები ძალიან წინააღმდეგიც არ წასულან, მაგრამ მამაჩემმა თქვა, თუ მას ცოლად გავყვებოდი, ამ სირცხვილს ვერ გადაიტანდა და თავს მოიკლავდა.
- დაიჯერე?
- კი, რადგან მართლა ასე იზამდა. უცნაური კაცია, მგონია, რომ ეგოისტურად ვუყვარვარ და სულ არ ადარდებდა ძმადნაფიცობა, უბრალოდ, ჩემი სახლიდან წასვლა და გათხოვება არ უნდოდა. სიყვარულზე მამის გამო უარი ვთქვი და სამსახურიდანაც წამოვედი. გოგამაც ადვილად დამთმო, ძალიან ეწყინა, რომ ტრადიციებზე მან თქვა უარი და მე არა. დღეს ყველაზე უბედური ვარ, უმუშევარი, გასათხოვარი და დილა-საღამოს მამაჩემის ბედნიერ სახეს ვუყურებ.
სალომე დადიანი