რუსიკო 32 წლის:
,,ჩემს ცხრა წლის გოგონას ლიზი ჰქვია. მოგეხსენებათ ამ ასაკში ბავშვებს ფანტაზიის უნარი განვითარებული აქვთ და ხშირად რეალობასა და ფანტასტიკას შორის საზღვარი ეკარგებათ. ეს ერთი შეხედვით უწყინარი ფაქტი ცხოვრებისეულ ტრაგედიად მექცა.
ჩემმა შვილმა ოთხი თვის წინ აიჩემა, რომ ღამე უცხოპლანეტელები აკითხავენ. რა თქმა უნდა, ოჯახში ამას სიცილ-კისკისით შევხვდით, ჩემი ქმარი ხუმრობდა კიდეც, რომ ჩვენმა ლიზიკომ ამდენ მულტფილმს ან ფილმს არ უნდა უყუროს.
ორ კვირაში მისმა დამრიგებელმა დამიბარა და გაკვეთილების შემდეგ სერიოზულად მესაუბრა. შემომჩივლა, რომ ლიზის ტყუილები სხვა ბავშვებს აშინებს, ზოგი ღამე ვერ იძინებს. დავპირდი, რომ ჩემი ქალიშვილი შეწყვეტდა კლასელების მოტყუებას. საღამოს მას მეუღლესთან ერთად სერიოზულად ველაპარაკე და ავუხსენი, რომ ტყუილი ცუდი საქციელია.
თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ დაგვიჯერებდა. ადრე არ გამოირჩეოდა ურჩობით. არ გასულა სამი დღე მობილურზე მისი ერთ-ერთი ჯგუფელის დედამ დამირეკა და გამომლანძღა. ლიზიკოს ხელი არ დავაფარე, მოვუბოდიშე მშობელს და სიტყვა მივეცი, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა.
რადგან საუბარმა არ გაჭრა, ლიზის დავემუქრე რომ სკოლიდან გამოვიყვანდი და სახლში დავსვამდი. ცოტა ხნით სიტუაცია ჩაწყნარდა.
ორი კვირის წინ მეზობლებთან კვლავ უცხოპლანეტელების თემა წამოჭრა. ყველა ჭორაობს, რომ ჩემი შვილი არანორმალურია, თავის ბავშვებს მასთან მეგობრობას უშლიან. ლიზიკოს აღარვინ ეკარება.
სკოლაში დადის, მაგრამ ძალიან ჩაიკეტა. ეზოში თამაში საერთოდ აღარ უნდება. ზის თავისთვის ოთახში... ხან უცხოპლანეტელებს ხატავს, ხან მოთხრობებს წერს მათზე.
ძილის წინ ოთახის ფანჯრის რაფაზე ტკბილეულს ტოვებს. დილას კამფეტები და სასუსნაოები აღარ მხვდება. ალბათ თავად ჭამს. ძალიან ვდარდობ შვილზე... რას მირჩევთ? ფსიქოლოგთან მყავდა, მაგრამ არაფრით არ გაიხსნა. რა გზას დავადგე არ ვიცი.
რადა მახარაძე