ლია:
- ძალიან ლამაზი ვიყავი და ეს სილამაზე ბედისწერად მექცა. სამჯერ სხვადასხვა ბიჭმა მომიტაცა და ყველა ჯერზე სახლში დავბრუნდი. ამაში მშობლებიც მიწყობდნენ ხელს. ჩემი გათხოვება არ უნდოდათ, ოღონდ მესწავლა და უნივერსიტეტი დამემთავრებინა. 23 წლის ვიყავი, როცა მამაჩემის მეგობრის შვილი მომეწონა. დათო ბოლო ათი წელი გერმანიაში ცხოვრობდა და საქართველოში დასაოჯახებლად დაბრუნდა.
- ქმარი გიყვარდა?
- ალბათ, მიყვარდა, მანამდე არც არავინ მყვარებია. პატარა ბავშვივით ვიყავი, სულ ვეფერებოდი. ამის გამო რამდენიმეჯერ შენიშვნა მომცა, მითხრა, რომ ჩემს ასაკში არ მიხდებოდა ასე ცანცარი. დედამთილ-მამამთილი ჩემზე გიჟდებოდნენ. ბავშვობიდან მიცნობდნენ და ჩემი წარსული კარგად იცოდნენ. ერთი წლის შემდეგ დედამთილმა მკითხა, ფეხმძიმედ რატომ არ ვრჩებოდი, რამე პრობლემა თუ მქონდა, ექიმთან წამიყვანდა. ამ თემაზე მეც ვნერვიულობდი, თან დათომ ბევრჯერ მითხრა, რომ შვილი ძალიან უნდოდა, მაგრამ ფეხმძიმედ არ ვყოფილვარ. არადა, პრობლემებიც არ მქონდა. დედამთილს დავთანხმდი და ექიმთან გავყევი. გინეკოლოგმა რომ გაიგო, ერთი წლის გათხოვილი ვიყავი, ორივე გამოგვლანძღა, განსაკუთრებულად დედამთილს ეჩხუბა, რას გაგიჟებულხართ, რა გაჩქარებთო, მაგრამ ანალიზები მაინც გამიკეთეს. პრობლემა არაფერი მქონია და ანალიზებზე ახლა დათო დაიბარეს. არც ვიცი, წავიდა თუ არა, მე მითხრა, რომ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა.
- რატომღაც ასე ჩანს, რომ ქმართან ბედნიერი არც ყოფილხარ.
- ახლა მეც ასე მგონია, მაგრამ მაშინ დაბრმავებული ვიყავი. რამდენიმე თვეში ავარიაში მოვყევი. მანქანას ნასვამი დათო მართავდა და ორივე ძლივს გადავრჩით. თვითონ მალე გამოვიდა მდგომარეობიდან, მე კი ერთი თვე ვებრძოდი სიკვდილს. რეაბილიტაცია მალე გავიარე, მაგრამ სარკეში რომ ჩავიხედე, საკუთარი თავის შემეშინდა. სახეზე დატოვებული იარების გამო, სარკიდან სხვა ადამიანი მიყურებდა. ექიმებმა მითხრეს, რომ რამდენიმე თვის შემდეგ შემეძლო, კიდევ რამდენიმე ოპერაცია გამეკეთებინა, მაგრამ ბევრი არაფერი შეიცვლებოდა. ერთი ფეხი და-მიმოკლდა. საავადმყოფოდან განადგურებული დავბრუნდი.
- მეუღლე როგორ შეგხვდა?
- საკმაოდ ცივად. სამი თვე ვმკურნალობდი და როგორც მივხვდი, ეს პერიოდი მშვენივრად გრძნობდა თავს. საერთოდ აღარ ვიყავი იმ სახლში საჭირო. რამდენიმე თვე მაინც გავჩერდი და ერთ საღამოს, ამ სიცივეს რომ ვეღარ გავუძელი, დათოს ვუთხარი, რომ მისგან წასვლას ვაპირებდი. თითქოს ამ წუთებს ელოდა. ძალიან გაუხარდა. მითხრა, რომ გერმანიაში შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ ჩემი სილამაზისა და მშობლების დაჟინებული თხოვნის გამო, გადაწყვიტა, ბედი ეცადა და ქართველზე დაქორწინებულიყო. ამ პერიოდში თითქოს შევუყვარდი კიდეც, მაგრამ ახლა ამ მდგომარეობაში ჩემი ყურება აღარ შეეძლო. იმ საღამოსვე დავბრუნდი სახლში.
- მშობლებს რა რეაქცია ჰქონდათ თქვენს დაშორებაზე?
- ჩემებს გაუხარდათ, რადგან ხვდებოდნენ, რომ ბედნიერი არ ვიყავი და უბრალოდ, თავს ვიმხიარულებდი. დათოს დედ-მამას კი არც დაურეკავს. მამამ თქვა, თავისი შვილის სამარცხვინო საქციელის გამო სამუდამოდ დამკარგესო. ამ ამბიდან რამდენიმე თვეში გავიგე, რომ ყოფილი ქმარი გერმანიაში დაბრუნდა. ახლა ვფიქრობ, თუ მაინც უსიყვარულოდ უნდა გავთხოვილიყავი, ისეთს მაინც გავყოლოდი, ვისაც ვეყვარებოდი და ამ მდგომარეობაში არ მიმატოვებდა.
სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''