ჩვენს რესპონდენტს მალე 34 წელი შეუსრულდება, თავის ცხოვრების განმავლობაში რამდენიმე ქალით მოიხიბლა, თუმცა ბედნიერება არ აცადეს. ახლა სიყვარულით იმედგაცრუებული იმ ქალებს იხსენებს, რომლებიც მისთვის ყველაზე საძულველი სიტყვის, „სიდედრის“ ქვეშ ერთიანდებიან.
- სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ სიდედრებში ყოველთვის „მიმართლებდა“. არ იფიქროთ, რომ მექალთანე ვარ და ცოლებს ხელსახოცივით ვიცვლიდი. ჩემი ინიციატივით ოჯახი არასოდეს დამინგრევია. ქალები თვითონ მიდიოდნენ, რატომ, ამას
- წუხილი არ გემჩნევათ...
- წამსვლელს დარდით ვერ დააკავებ. როცა პირველად ვიქორწინე, 24 წლის ვიყავი. მიყვარდა ცოლი, მისი ხათრით ცოლის ნათესავებიც. რაც შეეხება სიდედრს, ის ყოველთვის აქტიურია, მაგრამ ჩემი მეუღლის დედას ვერავინ შეედრება. ჩვენ ვარკეთილში ვცხოვრობდით, ის გლდანში. დღეში ორჯერ მოსვლას მაინც ახერხებდა. სხვა დღეებში დიდი ხელგაშლილობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ როცა ხელფასს ავიღებდი, მეორე დღესვე სურსათ-სანოვაგით დატვირთული მოგვადგებოდა ხოლმე. ერთხელ, ორჯერ, მერე უკვე დავეჭვდი. გარდა ამისა, ცოლს ჩემი მიცემული ფული სად უქრებოდა ვერ ვიგებდი. როცა ქალი გარწმუნებს, დედაჩემი გვინახავსო, ხელფასი კი უკვალოდ ქრება, ერთი-ორი კითხვა ხომ მაინც გაგიჩნდება. ერთხელაც ჩავუსაფრდი და ვნახე ასლარიანები რომ მიუთვალა დედიკოს. რამდენიმე დღე და ვხედავ ჩემი სიდედრი გადამჯდარა სატვირთო მანქანაზე და შინ საძინებლის ავეჯი მომაყენა. დამიძახა, გაინძერი, ნახე რა მოგიტანეთო. ისეთი სახით იძლეოდა განკარგულებებს, ნერვებმა მიმტყუნა, ცოლს ქეჩოში ხელი ჩავავლე და დავუყვირე, მითხარი, სად არის ჩვენი დანაზოგი, თუ არა და ამ ავეჯს დედაშენს თავზე დავამტვრევ-მეთქი.
- უფრო დელიკატურად არ შეგეძლოთ?
- კი, შემეძლო, მაგრამ თავი ვერ მოვთოკე. ცოლიც აზლუქუნდა, დავკარგეო. მაშინ კი მივხვდი, ზედმეტი მომივიდა, ყვირილი და ლანძღვა-გინება საქმეს ვერ უშველიდა. მეუღლეს ვუთხარი, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ, ალბათ საერთო ენას გამოვნახავთ-მეთქი, მაგრამ თუ ქალმა დაინახა, უკან დაიხიე, უკვე იერიშზე გადმოდის. შენ ჩემი ღირსი არ ხარ, გამაუბედურე, ახლავე მივდივარ, - ყვიროდა და დედას ნივთების ჩაყრაში ეხმარებოდა, გაოგნებული სატვირთო მანქანის მძღოლის სახე უნდა დაგენახათ, ვეღარ გაეგო როდის გაუთავისუფლებდნენ საბარგულს, ვის უყვარს ოჯახური სცენების ყურება.
- რატომ არ შეაჩერეთ?
- არ ვიცი, ალბათ არ მინდოდა. სიდედრის ყურება აღარ შემეძლო, ის კი ცოლთან მარტო არასოდეს დამტოვებდა. ორი წლის შემდეგ, როცა მეორედ ვიქორწინე, დარწმუნებული ვიყავი, რომ ძველი პრობლემები აღარ განმეორდებოდა. ლიას მშობლები საბერძნეთში სამუშაოდ იყვნენ. მე და ჩემს მეუღლეს უცხოეთიდან გვეხმარებოდნენ. ჩვენ კი შორიდან კეთილ სურვილებს ვუგზავნიდით. ასე ბედნიერად ვცხოვრობდი თითქმის ექვსი თვე, როცა თავზარდამცემი ამბავი შემატყობინეს. სიდედრი დაიჭირეს და დეპორტაციით თბილისში გამოამგზავრეს. ლიას დედიკო შინ მარტო ხომ ვერ იქნებოდა, სანამ უკან გაბრუნებას მოახერხებდა, ჩვენთან დარჩენა გადაწყვიტა. ამასობაში საკუთარი ბინაც გაყიდა, ათენში დასაბრუნებელი ფული რომ აეღო. სანამ ის სტუმრის სტატუსით ცხოვრობდა, ხმას რა ამომაღებინებდა. ცოტა ხანში გაემგზავრა კიდეც, მაგრამ რად გინდა, გზად ვიღაც თაღლითებს გადაეყარა, მათ ფული და საბუთები დასტყუეს და ლიას დედიკო უკან დაბრუნდა. ჩემი უკანასკნელი იმედი სიმამრი იყო, ის ცოლის გარეშე დიდხანს ვერ გაძლებდა, ფულს შეაგროვებდა, გამოუგზავნიდა, თუმცა მალე ისიც დაიჭირეს და საგანგებო რეისით, სხვა ქართველებთან ერთად თბილისში გამოამგზავრეს.
- ისიც თქვენს ბინაში დასახლდა?
- სხვაგან სად წავიდოდა. „დამამშვიდეს“, თავს ერთად უფრო გავიტანთო. „თავის გატანის“ პერიოდს რამდენიმე თვე გავუძელი, მერე კი ცოლი, სიდედრი და სიმამრი სახლიდან გაიქცნენ და მეორე ქორწინების შემდეგ, პირველად ამოვისუნთქე.
- ალბათ ჯობდა მესამე ცდაზე უცხოელი მოგეყვანათ...
- რუსულიც კი არ ვიცი, ფრანგსა და გერმანელს რა ენაზე შევაბამდი, თანაც ცოლის ხსენებაც არ მინდოდა. ერთ გოგონას დავუახლოვდი. ის ჩემზე ბევრად უმცროსი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ადრეული ასაკიდან აერია ცხოვრება. როცა სითბო და ყურადღება იგრძნო, პატარა ბავშვივით მომეკედლა. ის, ფაქტობრივად, ჩემთან ცხოვრობდა. შინ მხოლოდ მოხუცებული ბებია-ბაბუა ჰყავდა. თიკა 6 წლის იყო, როცა მამა გარდაეცვალა. დედა გათხვოდა. მას შემდეგ შვილი აღარ მოუკითხავს.
- მისი წარსულის მიუხედავად, უსიდედრობის პერსპექტივა მაინც მომხიბვლელი უნდა ყოფილიყო...
- ქართველი კაცისთვის ძნელია ასეთი ნაბიჯის გადადგმა. სხვაგან თუ 60-იან წლებში მოხდა სექსუალური რევოლუცია, კავკასიელები მაინც ქალიშვილობაზე ვგიჟდებით. მიუხედავად ამისა, თიკა თითქმის შემიყვარდა. ბოლოს და ბოლოს, არც მე ვიყავი 17 წლის უმანკო ვაჟიშვილი. უკვე იმაზეც კი დავფიქრდი, ხომ შეიძლებოდა მის გვერდით მაინც მეპოვა ბედნიერება, როცა სიყვარულმა ახალი ამბავი მაცნობა. თიკა სიხარულისგან ფეხზე ვერ იდგა. მისთვის ვიღაც ქალს დაურეკავს, უთქვამს დედაშენი ვარ, ვიცი უპატიებელი შეცდომა ჩავიდინე, მაგრამ ერთი შანსი უნდა მომცეო.
- თიკა თანახმა იყო?
- უფრო მეტიც, ბედნიერი. საერთოდ ძალიან დამთმობი და მოსიყვარულე გოგონაა. მას დედისთვის გულის ტკენა არ შეეძლო. თუმცა ჩემთვის ქორწინებაზე ფიქრს აქ დაესვა წერტილი. საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში უფრო მეტად მაშინ დავრწმუნდი, როცა ის ქალბატონი გავიცანი. პირველივე დღეს, სქელი ტუჩები უფრო მეტად გადმობურცა, მსხვილი თვალები გადმოკარკლა და მუშტი მაგიდაზე დააბრახუნა: - ვინც ჩემს შვილს აწყენინებს კბილებს დავაძრობ, სახსრებში დავამტვრევ, სარზე წამოვაგებ. აშკარა იყო, ჩემ წინ ნაციხარი ქალი იჯდა, სწორედ ამიტომ მიატოვა თიკაც, მაგრამ ახლა უკვე ერთად იყვნენ და ჩემი ახირებებით მათი ურთიერთობის გაფუჭებას ნამდვილად არ ვაპირებდი. როგორც ჩანს, არც სასიდედრო მოიხიბლა, რადგან თიკა აიძულა ჩემთან ურთიერთობა მანამდე შეეწყვიტა, სანამ საკუთარ გადაწყვეტილებას ვინმეს გავანდობდი. ასე მიმატოვა მესამე ქალმაც. ახლა ვზივარ მარტო, მშვიდად და ვფიქრობ სიდედრებზე. მაინც, რატომ არ გამიმართლა ასე?
მკითხველის ისტორია