- სკოლის დამთავრების შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში არასწორად ვიცხოვრე. ულამაზესი გოგონა მოვიყვანე ცოლად. იერიშზე ვიყავი გადასული, თავი რომ არ დაეყვედრებინა, სიცოცხლე გავუმწარე, გაიქცა, მე კი მეორე ცოლი მოვიყვანე. პარალელურად მეძავებთან ვერთობოდი, ვლოთობდი, თავი მაგარი
- ამ საკითხზე ადამიანთა უმეტესობა მაშინ იწყებს ფიქრს, როცა...
- როცა ''დაერხევა'', არა? მეც ასე მომივიდა. რაც ბუნებისგან საჩუქრად მერგო, ყველაფერი გავანიავე. მანამდე მესამედ დაქორწინებაც მოვასწარი, ნონა მოვიყვანე ცოლად. მას მშობლები ავტოკატასტროფაში დაეღუპა, მაგრამ ბაბუა ჰყავდა მდიდარი. ის თავის ქონებას ობოლ გოგონას უმტკიცებდა. ეს ყველაფერი ძმაკაცისგან გავიგე და ნონას ქუთაისში ჩავაკითხე. ისე დავიჭირე თავი, თითქოს ერთი ნახვით შემიყვარდა და მისი ბაბუის შესახებაც არაფერი ვიცოდი. ნონა მართლაც საყვარელი გოგონა აღმოჩნდა, მაგრამ მაშინ ამაზე არ მიფიქრია, მხოლოდ მისი ფული და ქონება მინდოდა.
- იოლი გზაა ფულის საშოვნელად...
- თავიდან მეც ასე მეგონა. ნონამ ბაბუა გამაცნო. 70 წელს გადაცილებული ბერიკაცი იყო. მეგონა მოვეწონე კიდეც, მაგრამ როცა მარტონი დავრჩით, მითხრა, ბაბუ, ნონას თავი დაანებე, შენი შესაფერისი არ არისო. შენ ბერიკაცი ეძახე, ყველაფერს მიხვდა, მაგრამ აზრის შეცვლას მაინც არ ვაპირებდი. იმდენი ''ვიჩალიჩე'', სანამ ნონა ცოლობაზე არ დავითანხმე. წვრილმანი საკითხების მოსაგვარებლად თბილისში დავბრუნდი და პრობლემებიც ამის შემდეგ დაიწყო. ჩემს საწარმოში, რომელიც მამისგან გადმოვიბარე, ფინანსური პოლიცია შევიდა. რამდენიმე სერიოზული დარღვევა აღმომიჩინეს და საწარმოს ყადაღა დაედო, მე ლამის სისხლის სამართლის დამნაშავედ მცნეს. რამდენიმე დღეში სახლში ვიღაც მამაკაცი მომადგა, მითხრა, ყოფილი ცოლები გიჩივიან, ალიმენტსა და ბინაში ბავშვებისთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფას ითხოვენო... სანამ ბოლომდე დავიღუპებოდი, ნონა ცოლად უნდა მომეყვანა. მაშინვე ქუთაისში გავიქეცი, ''შეყვარებული'' ვნახე და შევთავაზე, გავიპაროთ-მეთქი. მივხვდი ბაბუას მკაცრად ჰყავდა გაფრთხილებული, მაგრამ სიყვარულმა სძლია. როცა თბილისში დავბრუნდით, ნონამ ''მომახარა'', იცი, ბაბუაჩემი ძალიან მდიდარია, მაგრამ როცა ვუთხარი, რომ ცოლად მოგყვებოდი, ანდერძიდან ამომშალაო. რაა?.. ვიღრიალე სასოწარკვეთილმა. რატომ აქამდე არ მითხარი, რომ ფული არ გქონდა? საწყალ ქალს თვალები ცრემლით აევსო, ჩანთას ხელი წაავლო და გაიქცა...
- ბინის გაყოფის საკითხი როგორ დამთავრდა?
- ჩემი სამოთახიანი ბინა ყოფილმა ცოლებმა და შვილებმა დაინაწილეს. მოსამართლემ ალიმენტიც დამაკისრა და ჩემს ბინაში საცხოვრებლად მხოლოდ ერთი კუთხეღა დამრჩა, აღარც სამსახური მქონდა, აღარც პირადი ცხოვრება. როგორც ზემოთ გითხარით, ''დამერხა'' და ფიქრისთვის მოვიცალე. ჩემდა გასაოცრად, იცით რა აღმოვაჩინე? ის, რომ ერთადერთი, ვის დაკარგვაზეც გული მწყდებოდა, ნონა იყო. როცა ამას მივხვდი, ქუთაისში დავრეკე. ბაბუამ მიპასუხა, პირდაპირ ვუთხარი, შენს შვილიშვილს ფულის გამო დავუკავშირდი, მაგრამ მზად ვარ, ყველაფრის გარეშე მთელი ცხოვრება მიყვარდეს-მეთქი.
- თქვენი დაჯერება იოლი არ იქნებოდა...
- ბაბუამ ისე დამიკიდა ყურმილი, არაფერი უთქვამს... შინ გაჩერება აღარ შემეძლო. ქურთუკი ჩავიცვი და ქუჩაში გავედი. მთელი ქალაქი უჩვეულოდ იყო განათებული. მხოლოდ მაშინ გამახსენდა, რომ 31 დეკემბერი დაღამდა და რამდენიმე საათში ახალი წელი დადგებოდა. უფრო მეტად მეტკინა გული. 32 წლის განმავლობაში იმდენის მიღწევაც ვერ მოვახერხე, რომ ახალ წელს ქუჩაში არ შევხვედროდი. მთელი ღამე ვიხეტიალე. დილით, როცა დავბრუნდი, უხალისოდ ავიარე სადარბაზოს კიბეები და თავჩაღუნული მივადექი ჩემი ბინის კარს, კართან მამაკაცი იდგა, თვალი ავაყოლე და გავოცდი, ნონას ბაბუა იყო, გამიღიმა და მითხრა, ოცი წელი უშიშროებაში ვმუშაობდი, ვიცი, ადამიანი როდის ცრუობს და როდის არაო... ეს ყველაზე ბედნიერი ახალი წელი იყო ჩემს ცხოვრებაში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნონა თავისი ბაბუის ქონებით დამიბრუნდა, არამედ იმიტომაც, რომ პირველად ვიყავი გულწრფელი საკუთარ გრძნობებში და ვიცოდი, ამის შემდეგ როგორ უნდა მეცხოვრა.
მკითხველის ისტორია