31 დეკემბერი, 2014
ბედის ირონია ქართულად - ''ახალი წლის ღამეს ბედი საკუთარი ფეხით მომადგა კარზე''...
საღამოს მამაჩემი წყენით მითხრა, არ გცხვენია, თუ გათხოვებას აპირებ, ამას მეზობლებისგან უნდა ვიგებდეო ამ ქალბატონის ისტორია ''ბედის ირონიის'' სიუჟეტს მოგაგონებთ. ალბათ ბევრი მას ამ კინოფილმთან გააიგივებს, თუმცა ამ შემთხვევაში არც კამერა იყო სადმე და არც რეჟისორის ხმა ისმოდა. ეს ყველაფერი რეალურ ცხოვრებაში, რამდენიმე წლის წინ, ახალი წლის ღამეს მოხდა....

- მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში როგორაა, როგორც კი 20 წელს გადაცილდები, ნათესავ-მეგობრები, მეზობლები ერთსა და იმავე კითხვას გისვამენ: ''არ თხოვდები?!'' გაღიზიანება და ნერვების მოშლა თავისთავად, მაგრამ მგონი,
ამაზე უტაქტო შეკითხვა საერთოდ არ არსებობს!.. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. როგორც კი უნივერსიტეტი დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, ყველამ გადაწყვიტა, რომ ჩემი გათხოვების დრო დადგა. სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მყავდა თაყვანისმცემლები, მაგრამ მათ შორის ისეთი არავინ ყოფილა, რომ მასზე გათხოვება გადამეწყვიტა.
- თქვენს რჩეულს რა კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინა?
- არ იფიქროთ, რომ ფულსა და სიმდიდრეზე ვიყავი დაგეშილი და ამის მიხედვით ვირჩევდი ვინმეს, ან ციდან მოწყვეტილ ვარსკვლავს ვეძებდი, უბრალოდ, არც ერთი მათგანი არ მომწონდა ისე, რომ ჩემი ქმარი გამხდარიყო. 3 წლით უფროსი და მყავს, რომელმაც ოჯახი 21 წლის ასაკში შექმნა და ქმართან გადავიდა საცხოვრებლად. ჩემი გათხოვების საკითხით ყველაზე ნაკლებად ჩემი მშობლები იყვნენ დაინტერესებულები, რადგან არ უნდოდათ მარტო დარჩენილიყვნენ, მაგრამ ერთხელაც ახალ წელს მამამ ასეთი სადღეგრძელო დალია: ''იმედი მაქვს, წელს ჩვენი უმცროსი ქალიშვილიც თავის რჩეულს იპოვის და გაბედნიერდებაო''. შეიძლება ამ სიტყვებში ცუდი არაფერია, მაგრამ გულზე ისე მომხვდა, საახალწლო სუფრაზე ლამის ცრემლები გადმოვყარე. მერე მამაჩემს ჩემმა სიძემ აუბა მხარი, მერე ბიძაჩემმა, მისმა მეგობარებმა და ასე საერთო იერიში მოიტანეს ჩემზე.
- დარწმუნებული ვარ, რომლიმე მათგანი ქორწილში თამადის ადგილსაც ''დაჯავშნიდა''...
- მართლაც ასე იყო. მამაჩემის ერთი ძმაკაცი ამბობდა, შენი დის ქორწილში მე ვითამადე და სანამ სმა ჯერ კიდევ შემიძლია, დროზე გათხოვდი, რომ შენს ქორწილშიც თამადა მე ვიყოო... მოკლედ, შემაღონეს (იცინის)! ამის შემდეგ, ახალი ტაქტიკა შევიმუშავე, ყველას ვინც მხვდებოდა და გამარჯობის მაგივრად მეკითხებოდა: ''ხომ არ თხოვდები?'' კი, მალე-მეთქი ვპასუხობდი. ერთხელაც ასე ერთ ჩემს მეზობელს ვუპასუხე, ის კი მამაჩემთან მისულა და მიულოცავს, შენმა ქალიშვილმა მითხრა, ვთხოვდები და გილოცავო! იმავე საღამოს მამაჩემი წყენით მითხრა, არ გცხვენია, თუ გათხოვებას აპირებ, ამას მეზობლებისგან უნდა ვიგებდეო?! მერე ჩამეძია, შენი რჩეული გაგვაცანი - სახლში მოიყვანეო. მაშინვე დავეთანხმე, კარგი, ახლა მივლინებაშია, რომ ჩამოვა, დაველაპარაკები და მოვიყვან-მეთქი. ერთხელაც მამამ მითხრა, რაღაც ძალიან გაუგრძელდა შენს ბიჭს მივლინება, აღარ უნდა გაგვაცნოო?! ახალი წელი ახლოვდებოდა და მეც მორიგი ტყუილი დავაბრეხვე, კი, ამ დღეებში ჩამოვა და სახლში მოვიყვან-მეთქი... მოკლედ, იმ ახალ წელს მეგობრებთან ერთად რესტორანში უნდა წავსულიყავი, მაგრამ ყველაფერი ბოლო წუთებში შეიცვალა. ჩვენს ერთ-ერთ მეგობარს მამა დაეღუპა, საზეიმო განწყობა არც ერთს არ გვქონდა და გადავწყვიტეთ, ყველანი სახლში შევხვედროდით ამ დღესასწაულს. იმ წელსაც ჩემს ოჯახში ტრადიციულად 12 საათის მერე სტუმრები მოვიდნენ. მიყვნენ-მოყვნენ და ისევ ჩემს გათხოვება-არგათხოვებაზე ჩამოვარდა ლაპარაკი. მამა მომიბრუნდა, ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა გაგვაცნო შენი შეყვარებულიო? ძალიან მალე-მეთქი, ვთქვი და სამზარეულოში გავედი. სწორედ ამ დროს კარზე ზარი გაისმა, გავაღე და იქ უზარმაზარი თაიგულითა და 2 შამპანურის ბოთლით ხელში უცხო მამაკაცი დამხვდა. სახეზე დაბნეულობა ეტყობოდა, უკაცრავად, სადარბაზო შემეშალაო მითხრა და მიბრუნდა. მერე შემოტრიალდა, გამიცინა, მომიბოდიშა და ახალი წელი მომილოცა. მეც მივულოცე და გავიღიმე. უცბად ერთი შამპანურის ბოთლი ხელიდან გაუვარდა და გატყდა. ხმაურზე დედაჩემმა გამოიხედა და სახეგაბადრულმა დაიწყო: მოდი, შვილო, შემოდი, არ ინერვიულო, არა უშავს, ეს ბედნიერების ნიშანიაო (იცინის). ის კაცი უარესად დაიბნა, ვერ მიხვდა, რა ბედნიერებაზე იყო ლაპარაკი (იცინის). ჯერ მოიბოდიშა, მერე დედაჩემს ყვავილების თაიგული გაუწოდა და ახალი წელი მიულოცა. თინა მე მომიბრუნდა და მისაყვედურა, კი მაგრამ, როდემდე უნდა დააყუდო ეს კაცი კართან, სტუმარი შემოიპატიჟე, მე კი მანამდე ბოთლის ნამსხვრევებს მივხედავო. უცნობმა რომ შემომხედა, ეტყობა ისეთი თვალებით ვუყურებდი, რომ ზღურბლზე მართლა გადმოაბიჯა. გონს მოვეგე და წავჩურჩულე, მე თიკა მქვია, ჩემი ოჯახი ჩემს საქმროს ელოდა, მაგრამ ასეთი პიროვნება არ არსებობობს, ძალიან გთხოვთ, სულ რამდენიმე წუთით დაენახვეთ ჩემებს, რომ სასიძო ეგონოთ და მერე წაბრძანდით-მეთქი. თბილად გამიღიმა, თავი დამიკრა, მე ლაშა ვარო - ერთი ეს თქვა და მისაღებ ოთახში შეაბიჯა.
- ადვილად დაგითანხმებიათ...
- კი, ძალიან... ლაშამ მერე მითხრა, ისეთი თვალებით მევედრებოდი, დროებით ჩემი საქმროს როლი ითამაშე, უარს ვერ გეტყოდიო. მოკლედ, მამაჩემმა რომ უცნობი მამაკაცი დაინახა, მაშინვე ''სასიძო'' ეგონა, ეგრევე ფეხზე წამოხტა და ღვინით სავსე ჭიქა შეაგება - აბა, დაილოცეო!.. ლაშამაც ჩამოართვა და ისეთი ტექსტები გაუშვა, გადავირიე (იცინის). ბევრს არ სვამდა, შინაურულად იქცეოდა და ჩემებთან საუბარშიც მალე ჩაერთო. დაახლოებით 2 საათის შემდეგ წამოდგა, ბოდიში მოიხადა და თქვა, თქვენი დატოვება არ მინდა, მაგრამ ახლა ჩემს ნათლულთან უნდა წავიდე, ბავშვს შევპირდიო. ჯერ არ უშვებდნენ, მაგრამ ლაშამ მაინც თავისი გაიტანა. რომ ვაცილებდი, ალბათ მილიონი მადლობა მაინც ვუთხარი. ის კი იცინოდა და იცინოდა, ბოლოს სახე დაუსერიოზულდა და მითხრა, მე მართლა მომეწონე და ეს ყველაფერი შენთვის იმიტომ გავაკეთეო.
- ლაშა თქვენც მოგეწონათ?
- სიმართლე გითხრათ, პირველ წუთებში ამაზე ნაკლებად ვფიქრობდი, მაგრამ როცა წავიდა, მერე მივხვდი, რომ ეს კაცი მომეწონა. ის 2 იანვარს სახლთან დამხვდა და მითხრა, მინდა დამებედოო.
- როგორც ჩანს, მართლა დაგებედათ...
- კი, მე და ლაშა წელს მეხუთე ახალ წელს ვხვდებით ერთად. უკვე 3 წლის გოგონა გვყავს... ზუსტად ჩემზე ყოფილა ნათქვამი, ბედი თავისი ფეხით მოადგა კარზეო (იცინის).

ანა კალანდაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
annna
ფანტაზი ლაველ 100000101010
09:54 / 17-01-2015
გამოხმაურება / 0 /
დათო
აუუუუ...რა ზღაპრებს წერთ...და თუ მართალია ეგ რა ყ ლ ე ქალა იქნება..
20:56 / 06-01-2015
გამოხმაურება / 0 /
@
გათხოვებას დანატრებული ქალის ფანტაზიები! ყოველ შემთხვევაში, ვუსურვოთ ასრულება.
20:43 / 03-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ბებერი მეზღაპრე
თუ კარგ ჰონორარს გადაიხდით ისეთ ისტორიებს შევთხზავ გაგიჟდება ხალხი
18:42 / 02-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ოტო
რაებს არ მოიგონებს ქალი ტყუილებს
13:39 / 02-01-2015
გამოხმაურება / 0 /
გიო
ეხ კაი სისულელეა და პახმელიაზე თან, თავი და ბოლო წავიკითხე, ავტორს კაი განწყობა და სიცოცხლე, მარა ეს ზღაპრები ამ ცხოვრებაშI არა ხდება, უფ, კაია ისე ვირაცა მაინც რომ ეგეტებს წერს...გილოვაც ახალ წელს . ცოტა გულს მომეშვა(ცეგან კაი ხაში ვჭამე მარა მეძონება ახოა, და კაი ამბით დავიდინებ. აბა ჰეე)
13:38 / 02-01-2015
გამოხმაურება / 0 /
თამაზ თევდორაძე
ძალიან ლამაზი ისტორიაა, ბევრი ვიცინე! ასეთი რამეები ხშირად არა, მაგრამ მაინც ხდება ცხოვრებაში. ბედნიერებას გისურვებთ!3
16:02 / 31-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS