- კლასელები ვიყავით, მე და იმედას ერთმანეთი სკოლის მერხიდან გვიყვარდა, მაგრამ დაოჯახება 23 წლის ასაკში გადავწყვიტეთ. მე სწავლას გადავყევი, შემდეგ სამსახურში მოვეწყვე და სანამ წარმატებას არ მივაღწიე, გათხოვებაზე არც მიფიქრია. იმედამ სკოლის დამთავრების შემდეგ ორჯერ მოასწრო
- უცნაურში რას გულისხმობ?
- ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდით, მაგრამ ერთმანეთისგან გავუცხოვდით. არ ვიცი, ასე ალბათ წლების განმავლობაში ცალ-ცალკე ცხოვრების გამო მოხდა. ახლა ვფიქრობ, რომ ალბათ არც მიყვარდა და უბრალოდ, ბავშვობიდან შეჩვეული ვიყავი. ქორწილიდან სამ თვეში ვიპოვე მის ტელეფონში უცხო გოგონას მესიჯები. სწერდა, რომ თბილისში მის გამო ჩამოდიოდა და სულაც არ აინტერესებდა მისი დაოჯახების ამბები. ჩემი ქმარი სიყვარულს უხსნიდა და თან სწერდა, რომ ცოლად ვერასოდეს მოიყვანდა, მაგრამ მის მიტოვებასაც არ აპირებდა. ამ ამბავს ურეაქციოდ შევხვდი, არადა, სამი თვის გათხოვილი, კანონით, ისტერიკაში უნდა ჩავვარდნილიყავი.
- იმედა შენს სიცივეს ვერ გრძნობდა?
- შინ ორივე გვიან ვბრუნდებოდით და დაძინებამდე ორი-სამი საათი რაღაცნაირად ვახერხებდი, რომ კარგი ცოლი ვყოფილიყავი. მალე ჩემს ტელეფონზე ქმრის საყვარლის ზარიც გაისმა. როგორც გავარკვიე, ჩემი დედამთილის სოფლიდან იყო, რამდენიმე წელი უყვარდა იმედა და ერთმანეთს ჩვენი ურთიერთობის პარალელურად ხვდებოდნენ. მეხვეწებოდა, რომ თავი დამენებებინა. იმ ღამეს ქმარს დაველაპარაკე. ისტერიკაში ჩავარდა, მუხლებს მიკოცნიდა, მეუბნებოდა, რომ ბავშვობის სიყვარულს არასოდეს დამთმობდა. მალე დავფეხმძიმდი, შვილი მეყოლა და ამის შემდეგ იმედა უფრო გაუცხოვდა. ხანდახან ღამე სახლში არ მოდიოდა, ხასიათი გაუფუჭდა და მუდმივად იგინებოდა. ეჭვი მაქვს, კაიფი დაიწყო და მთელ ფულს წამალში ხარჯავდა.
- საყვარელი აღარ გამოჩენილა?
- იმ გოგომ თბილისში ბინა იქირავა და მუშაობაც დაიწყო. საერთო ნაცნობისგან გავიგე, რომ ხშირად აკითხავდა, ორჯერ აბორტიც გააკეთებინა და ბოლო დროს ხშირად სცემდა. მე ამდენს ვერ მიბედავდა. შემდგარი ადამიანი ვარ და იცის, მის გარეშე უფრო კარგად ვიცხოვრებ.
- შენი მეუღლის განარკომანება რამ გამოიწვია?
- ალბათ, ორი ქალის სიყვარულმა, ოღონდ ახლაც არ ვიცი, რომელი ვუყვარდით და რომელი ვეცოდებოდით. გოგონა შეგვეძინა და ბავშვს თავს ევლებოდა. ერთ დღეს სახლში ისეთ მდგომარეობაში დაბრუნდა, რომ მივხვდი, ამ კაცთან ცხოვრება საერთოდ აღარ მინდოდა და მის საყვარელს დავურეკე. ისე მიპასუხა, თითქოს ჩემს ზარს ელოდა. ხმა არ ამომაღებინა, ისე დამიწყო ბოდიშის მოხდა. შემდეგ მითხრა, რომ ჩემი ქმრის დანახვა არ უნდოდა და დასაბრუნებლად ჯადოს გაკეთება შემომთავაზა.
- შენ უნდა გაგეკეთებინა ჯადო იმედასთვის?
- კი, მითხრა, საკუთარ შარდში გაურეცხე ერთი რაღაც მაინც, რასაც ყოველდღე იცვამს და შენი ყურმოჭრილი მონა გახდებაო. როგორც ჩანს, თვითონ აღარ უნდოდა განარკომანებული კაცი და ასეთ მდგომარეობაში ჩემთვის ემეტებოდა. ვკითხე, აქამდე ასე გყავდა დაბმული, ოჯახი რომ აურიე-მეთქი და არა, შენთვის ვიკითხეო.
- დაუჯერეთ ქმრის საყვარელს?
- რა თქმა უნდა, არა. გამოსავალი ისევ მე ვიპოვე და იმედა ჩემი დიდი თხოვნით ისევ საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ. იმედი მაქვს, იქ საკუთარ თავს დაუბრუნდება და იმას მაინც მიხვდება, ვისთან უნდა ყოფნა, ცოლთან თუ საყვარელთან, მაგრამ საშინელება ის არის, რომ მე არ მინდა მასთან ერთად ცხოვრება.
სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''