მაიკო, 42 წლის:
- მე და ჩემმა მეუღლემ დაქორწინებისთანავე ცალკე ცხოვრება გადავწყვიტეთ. რამდენიმე თვე ნაქირავებ ბინაში გავატარეთ, მერე კი ახალი ბინა შევიძინეთ. სიმართლე გითხრათ, ადგილზე მეტად ბინის ფასმა მოგვხიბლა, თუმცა არც ბინა იყო სულ მთლად ურიგო. სამი ოთახი, ლოჯია,
- კორპუსის ბინა იყო?
- არა, იტალიური ეზოში ორი სამსართულიანი სახლი იდგა, ჩვენ ერთ-ერთი სახლის მესამე სართული შევიძინეთ. მოკლედ, როგორც კი ავეჯი გადავზიდეთ, ჯერ იატაკი მოვაპრიალე, სამზარეულოსა და სააბაზანოში კაფელი ჩამოვხეხე, მერე ფანჯრები დავწმინდე და დღის ბოლოს, გადაღლილი, სავარძელში მოწყვეტილი ჩავეშვი. სწორედ ამ დროს კარზე ზარი გაისმა. ფეხები კართან ძლივს მივიტანე. იქ ასე, 70-75 წელს მიტანებული თეთრი, ცისფერთვალება ქალი დამხვდა. იღიმოდა, მაგრამ რაღაცნაირად მისი დანახვა არ მესიამოვნა. მომეჩვენა, რომ ცბიერი მზერა ჰქონდა. ქალი გამეცნო - ეთერი ერქვა. მეზობელი აღმოჩნდა და როგორც მითხრა, ჩემს ქვემოთა სართულზე ცხოვრობდა. ზრდილობის ნიშნად შევიპატიჟე, ყავას მოვადუღებ-მეთქი, მაგრამ არ შემომყვა - დაღლილი ჩანხარ, დაისვენე და სხვა დროს სიამოვნებით გეწვევი, უბრალოდ ამოგიარე, ახალი მეზობლის გაცნობა მინდოდაო, - თქვა და წავიდა. როგორც კი კარი მივხურე, თავმა ისეთი ტკივილი დამიწყო, რომ მის გასაყუჩებელად სამი აბი გამაყუჩებლის დალევა მომიწია.
ორი კვირის შემდეგ სამსახურიდან დაბრუნებულმა თეთრეული დავრეცხე და გასაშრობად თოკებზე რამდენიმე წყებად გავკიდე. სარეცხი ღამით დავტოვე, ვიფიქრე, დილით უკვე დამშრალი დამხვდება, ადრე ავდგები და სამსახურში წასვლამდე გაუთოებასაც მოვასწრებ-მეთქი. გამთენიისას გამეღვიძა. ჩემს მეუღლეს რომ გადავხედე, გემრიელად ეძინა. ვიფიქრე, რომ ავდგე, ხმაურზე შეიძლება გაეღვიძოს-მეთქი და თვალები ისევ დავხუჭე, მაგრამ ძილი ვერაფრით ვეღარ შევიბრუნე. საათს დავხედე, ჯერ მხოლოდ 6-ის ნახევარი იყო, მაგრამ ლოგინში ვეღარ გავჩერდი და ფეხაკრეფით საძინებლიდან გავედი. ცოტა ხანში აივნის კარი გამოვაღე და სწორედ ამ დროს, ჩემი აივნის ქვეშ, მეზობლის აივანზე ბოთლების ერთმანეთზე მირახუნების ხმა გავიგე. ამას კარის ჭრიალი მოჰყვა. აივნიდან გადავიხარე, მაგრამ ეთერის აივანზე წაქცეული ბორჯომისა და ღვინის ბოთლების გარდა ვერაფერი დავინახე. მერე სარეცხი ჩამოვხსენი და სახლში შემოვიტანე. როგორც კი ჩემი გარეცხილი თეთრეული ოთახში სკამზე დავაწყვე, მაშინვე ვიგრძენი, რომ მას უცნაური სუნი ასდიოდა. აშკარა იყო, რომ ეს სარეცხ ფხვნილის საშუალების სუნი არ იყო. თეთრეული გავშალე და შუქზე გავხედე. ბალიშის პირებსა და ზეწრებზე ძალიან მკრთალი, წვრილი, მოყვითალო ფერის ლაქები ეტყობოდა. ისინი ხელმეორედ შევყარე სარეცხ მანქანაში და კიდევ ერთხელ გავრეცხე, მაგრამ მეორე დღეს ისევ ისეთი სუნითა და ლაქებით ჩამოვხსენი თოკებიდან.
- მაინც როგორი სუნი ასდიოდა თქვენ თეთრეულს?
- (ფიქრობს) მიჭირს ახსნა, უფრო მიხაკისა და გვირილის ყვავილების მაგვარი - მძაფრი და უსიამოვნო... ახლაც მაჟრიალებს, ის სურნელი რომ მახსენდება... მოკლედ, რამდენჯერმე ასე რომ განმეორდა, ჩემს მეუღლეს სახურავზე ასვლა ვთხოვე. მართალია, სახლის ფასადი ახალი შეღებილი იყო, მაგრამ სახლს ძველი სახურავი ჰქონდა. ვიფიქრე, იქნებ სახურავზე რამე მცენარეები იზრდება და ქარი რომ წამოუბერავს, დაბლა ყრის და ჩემ სარეცხსაც ის ალაქავებს-მეთქი. მეუღლეს ამ ჩემს `ვერსიაზე~ გაეცინა, მაგრამ სახურავზე მაინც ავიდა. მოუთმენლად ველოდი რას მეტყოდა, მაგრამ იქ ბალახის მსგავსი არაფერი აღმოჩნდა.
- თქვენ მეუღლე თეთრეულის დალაქავებას რით ხსნიდა?
- რაღაცები გეჩვენებაო, მეუბნებოდა და ერთ დღესაც სახლში რამდენიმე წყვილი ახალი თეთრეული მოიტანა. ძველ თეთრეულს ხელი დავავლე და ნაგვის ურნაში მოვისროლე. აბა, მათ ლოგინზე როგორ გადავაკრავდი?! ახალი თეთრეულის დალაქავების შიშით, ისინი სამრეცხაოში ჩავაბარე და სახლში ასე დარეცხილ-დაუთოებული რომ მოვიტანე, ჩემმა მეუღლემ მითხრა, თუ რეცხვა გეზარებოდა, პირდაპირ გეთქვა, რაღა იმ სახურავზე მაძრომიალე `კარლსონივითო~...
- გეჩხუბათ?
- არა, ხუმრობით მითხრა, მაგრამ მისი სიტყვები ისე მეწყინა, ჩხუბი იქით დავუწყე.
ამ ამბის შემდეგ ცოტა ხანში, შემთხვევით მაღაზიაში ჩემს სახლში მცხოვრები ერთი შუახნის, სანდომიანი სახის ქალბატონი გავიცანი. ეზოში ერთად რომ შემოვედით, ქალმა თავის სახლში შემიპატიჟა. ყავა რომ მოადუღა და ისიც მაგიდას მოუჯდა, მითხრა, აქამდეც მინდოდა შენი ნახვა, მაგრამ დღემდე ვერა და ვერ მოვახერხეო. მერე კი ლაპარაკი ჩემს მეზობელ ეთერზე ჩამომიგდო.
თურმე ერთ დროს ეთერი ჩვენ უბანში ცნობილი მკითხავი ყოფილა. წლების განმავლობაში მის კართან მკითხაობის მსურველთა რიგები მდგარა. ეთერი გაუთხოვარი იყო, არსად მუშაობდა და მისი შემოსავლის წყარო ყავის ჭიქაში ყურება და კარტის გაშლა იყო. მის თავზე, ანუ ახლა ჩემს კუთვნილ ბინაში ერთი დედისერთა ბიჭი ცხოვრობდა. ახალგაზრდობაში ეთერი მასზე ყოფილა შეყვარებული, მაგრამ ბიჭი მის მიმართ გულგრილი დარჩენილა და როცა ცოლად სხვა ქალი შეირთო, ეთერს თავის მოკვლა უცდია. მე მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, - მითხრა ქალბატონმა ნაზიმ, - მაგრამ კარგად მახსოვს, მთელი ეზო ფეხზე იდგა, სასწრაფო სასწრაფოზე მოდიოდაო... ექიმებს ეთერი ძლივს გადაურჩენიათ, მაგრამ მას შემდეგ ძალიან შეცვლილა, სწორედ მაშინ დაუწყია მკითხაობაც.
ცოტა ხანში მის თავზე მცხოვრები ბიჭის ცოლს მუცელი მოშლია, მალე ეს ბიჭი გალოთებულა, მერე ცოლი გაქცევია და მშობლების სახლში თავი ჭაღზე ჩამოუხრჩვია. ამ ამბის შემდეგ ის საცოდავი, ყველანაირად გაუბედურებული კაცი საკუთარ საწოლში მკვდარი უპოვიათ. ის ბინა შემდეგში კიდევ ერთ წყვილს უყიდია, რომელსაც მოგვიანებით დაახლოებით იგივე ბედი სწვევია - კაცი ავარიაში დაღუპულა, ქალი სამუშაოდ თურქეთში წასულა, ერთ წელიწადში კი იქიდან მკვდარი ჩამოუსვენებიათ. ის ბინა მესამედ ჩვენ ვიყიდეთ, თუმცა მას შემდეგ უკვე ათი წელი გავიდა და... როგორც ქალბატონმა ნაზიმ მითხრა, მეც და ჩემი ქმარიც ბეწვზე ვართ გადარჩენილი.
- რას გულისხმობთ?
- თურმე ეთერი ზაფხულობით ტყე-ტყე დადის და სხვადასხვა მცენარეებს აგროვებს, მერე მათ სახლში ახმობს, ფშვნის, ერთ დიდ ქვაბში ყრის და ადუღებს. აბა, ვინ იცის, კიდევ რას ყრის იმ ქვაბში?! თურმე დუღილის პროცესში ეთერი ქვაბთან დგას და რაღაც გაურკვეველ სიტყვებს წარმოთქვამს. ამის შემსწრე ქალბატონი ნაზი თავად ყოფილა, მთელი ეს რიტუალი შემთხვევით დაუნახავს მოპირდაპირე სახლის ფანჯრიდან. როგორც ნაზიმ ჩემს ბინაში ჩემამდე მცხოვრები ოჯახებისგან იცოდა, მათ გარეცხილ თეთრეულს სწორედ ისეთივე ლაქები ჰქონდა და ისეთივე სუნი ასდიოდა, როგორც ერთ დროს ჩემს სარეცხს, თუმცა ის თეთრეული მე ლოგინისთვის არ გამიკარებია. სამწუხაროდ, მათ იმ დალაქავებულ თეთრეულში მაინც დაუძინიათ და იმ საცოდავების ოჯახში ის უბედურებები, რომელზეც მოგახსენეთ, სწორედ მას შემდეგ დატრიალებულა...
- ამ ამბის გაგების შემდეგ რა რეაქცია გქონდათ?
- თავიდან მართლა ძალიან შემეშინდა, მაგრამ ახლა ამაზე აღარ ვფიქრობ. მე და ჩემი ქმარი ორ მშვენიერ შვილს ვზრდით და დღემდე თეთრეულს სამრეცხაოში ვაბარებ. ისე, რა გინდა?! ეთერის `წყალობით~ ამ დამღლელ და მოსაბეზრებელ საქმიანობას კი გადავურჩი (იცინის).
მკითხველის ისტორია