18 დეკემბერი, 2014
გულდათუთქული დედის აღსარება: ''შვილმა შვილიშვილი მომიგდო, გამიზარდეო''
ამბობენ, გოგონები კარგი გასაზრდელები არიანო, მაგრამ არ დავეთანხმები ბავშვობიდან მოწიფულობისკენ გარდამავალი ასაკი, ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში ყოფილა და მიუხედავად იმისა, რომ ყველას ეს გზა აქვს გამოვლილი, უმეტეს შემთხვევაში მშობლები შვილებს მაინც ვერ უგებენ. ხშირია კონფლიქტები და სტრესი ორივე მხარეს. სწორედ ერთ-ერთი ასეთ შემთხევაზე გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ. თუმცა შეიძლება ეს ამბავი სულაც არ უკავშირდებოდეს გარდატეხის ასაკისათვის დამახასიათებელ ხასიათს და უბრალოდ ადამიანი მთელი ცხოვრება დარჩეს ისეთი, როგორც მოზარდობის პერიოდში იყო...

მედეა (54 წლის):

- 25 წლის ასაკში
უკვე ორი შვილის დედა ვიყავი. პირველი გოგონა შემეძინა, მეორე - ბიჭი. ამბობენ, გოგონები კარგი გასაზრდელები არიანო, მაგრამ არ დავეთანხმები. ნინიკომ ბავშვობიდან გამაწვალა. ჯერ იყო და დღე-ღამე ჰქონდა შებრუნებული, მხოლოდ დღე ეძინა, ღამე კი ხან მე მეკავა ხელში და ხან ჩემს მეუღლეს. მე არ ვმუშაობდი, მაგრამ ჩემი მეუღლე სამსახურში დადიოდა. ძალიან მეცოდებოდა, სულ გამოუძინებელი იყო. ვფიქრობდი, რომ ნინიკოს გარდა მეტ შვილს არ გავაჩენდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ დავფეხმძიმდი და ჩემმა ქმარმა მუცელი არ მომაშლევინა. დამხმარე არავინ მყავდა, არც იმის საშუალება გვქონდა, ძიძა აგვეყვანა. თან იმ დროს ძიძა მოდაში არ იყო. ძალიან ვწვალობდი და ეს ყველაფერი ჩემს ხასიათზეც აისახა. ყველაფერზე ვყვიროდი და სულ მეტირებოდა. უძილობამ კინაღამ გამაგიჟა. თან ორ წელიწადში ოცდახუთ კილომდე დავიკელი. აღარაფრის თავი არ მქონდა. გიორგი კი წყნარი ბავშვი იყო, მაგრამ მოვლა-პატრონობა მასაც სჭირდებოდა.
- ალბათ თქვენს ამბავს მეუღლე ძალიან განიცდიდა...
- განიცადა ერთი წელი, ორი, ხუთი, შვიდი! მაგრამ მერე დაჰკრა ფეხი და სახლიდან წავიდა. საყვარელი გაიჩინა და მასთან გადავიდა. მერე ის ქალი ცოლადაც შეირთო. ყოფილი მეუღლე ფინანსურად გვეხმარებოდა. მისი ფული რომ არა, ბავშვები შიმშილით დამეხოცებოდა.
- მაშინ თქვენი შვილები რა ხნის იყვნენ?
- სკოლაში სწავლობდნენ. ნინიკომ 13 წლის ხდებოდა. მან ეს ამბავი ძალიან განიცადა. მგონი, ჩემზე მეტადაც კი. შეიძლება გიორგიც ნერვიულობდა, მაგრამ არ ემჩნეოდა. ნინიკომ სკოლიდან დაგვიანებებს მოუხშირა, ხანდახან შინ გვიან ღამით ბრუნდებოდა. იმის მაგივრად რომ შვილს მშვიდად დავლაპარაკებოდი, სახლში ჩხუბით ვხვდებოდი. ვფიქრობდი, გარდატეხის ასაკი აქვს და გადაუვლის-მეთქი, მაგრამ არა. ერთხელ სახლში არ შემოვუშვი და ის ღამე თავისი დაქალის ოჯახში გაატარა. ამის მერე სულ გადაირია. საერთოდ ვეღარ ვაკონტროლებდი. ნინიკო 14 წლის იყო, როცა ვიღაც 16 წლის ბიჭს ცოლად გაჰყვა. გაიპარნენ. ორი დღის შემდეგ მე და იმ ბიჭის მშობლებმა წყნეთში მივაკვლიეთ. მაშინ ჩემი ყოფილი მეუღლე უკვე აღარ ცხოვრობდა საქართველოში. თავის ცოლ-შვილთან ერთად უკრაინაში გადასახლდა. ნინიკო სახლში არ მომყვებოდა, მაგრამ ძალით წამოვიყვანე. ორი თვე სახლში გამოვკეტე. პირველი ერთი კვირა ოთახიდან არ გამოსულა, არც საჭმელს ჭამდა. მერე ეტყობა მიხვდა, ასე თუ გააგრძელებდა, მოკვდებოდა. კეთილი ინება და ერთ დილასაც ოთახიდან გამოვიდა. ხმა არ გამიცია. პირდაპირ მაცივრისკენ წავიდა. იმდენი ჭამა, მეგონა მოკვდებოდა.
- მეჩვენება, თუ შვილზე საკმაოდ დიდი აგრესიით ლაპარაკობთ?
- აბა, როგორ უნდა ვილაპარაკო?! ბოლომდე მომისმინეთ და გაიგებთ. მოკლედ, ამ ამბიდან რამდენიმე თვეში ნინიკო იმ ბიჭს კიდევ აეკიდა. ამჯერად ბიჭის მშობლებმა იყოჩაღეს და შვილი სასწავლებლად საზღვარგარეთ გაუშვეს. ნინიკოს მეორედ დაცილება ისე მტკივნეულად აღარ გადაუტანია, როგორც პირველ ჯერზე. მერე სკოლაც დაამთავრა და ახლობლის დახმარებით ბიოლოგიურზე მოვაწყვე. რასაკვირველია, სწავლით თავი არ გამოუჩენია. ლექციებზე არ დადიოდა, კურსიდან კურსზე ძლივს გადამყავდა. როგორც კი დაამთავრა, მაშინვე გათხოვდა. მისი რჩეული მასზე ორი წლით უმცროსი ბიჭი იყო და მხრამდე ძლივს სწვდებოდა. სად მონახა დღემდე არ ვიცი. ნინიკო მას ორ თვეში საკუთარი ნებით დაშორდა, ვერ შევეწყვე, ბავშვი გამოდგაო.
- ამ ყველაფერზე თქვენს ვაჟს რა რეაქცია ჰქონდა?
- ჩემმა ბიჭმა სკოლა დაამთავრა თუ არა, მაშინვე თავის მეგობრის ''ცეხში'' დაიწყო მუშაობა. ხის ავეჯს და სხვადასხვა ნივთებს აკეთებდნენ. მერე მამამისთან წავიდა და იქ დარჩა. ადრე რამდენჯერმე მისცა ნინიკოს შენიშვნა, მაგრამ მერე ეტყობა მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა და შეეშვა. ისე განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. ხანდახან ვფიქრობ, იქნებ ნინიკოს არასწორად მოვექეცი. არაფერს ვუთმობდი, სულ ჯიბრში ვედექი, დარიგების მაგივრად ვეჩხუბებოდი,-მეთქი, მაგრამ მეორე წამს თავში საპირისპიროს აზრები მომდის, ნინიკო ასეთი უზნეო დაიბადა და მე ვერაფერს შევცვლიდი. დღემდე პატარა ბავშვივითაა, რომელსაც პრეტენზიები აქვს ყველაფრისა და ყველას მიმართ. არაფერი მოსწონს და სულ რომ ოქროს კოშკები აუგო, მაინც უკმაყოფილო დაგრჩება.
- დღესდღეობით სად არის თქვენი ქალიშვილი?
- არ ვიცი. მესამედაც გათხოვდა. ქორწილში უკვე ორსულად იყო. ბავშვი გააჩინა და მომიგდო, დედა, მე სხვა გეგმები მაქვს და გამიზარდეო. ''გეგმებში'' მოგზაურობა და მსოფლიოს მოვლა იგულისხმებოდა. მისი ქმარი საკმაოდ ფულიანია და ცოლს ყველა სურვილს უსრულებს. არც იმაზე უთქვამს რამე, რომ შვილი მამასთან არ ცხოვრობს. ახლა ჩემი შვილიშვილი ჩემთან იზრდება, მშობლებს ის ხანდახან თავისთან მიჰყავთ. საბედნიეროდ, ბავშვი ხასიათით დედამისს არ ჰგავს. ეტყობა, ბიძამისს დაემსგავსა, გარეგნულადაც ძალიან ჰგავს გიორგის. ნინიკო შვილი სანახავად ისე ჩამოდის, არც კი გვაფრთხილებს. შეიძლება, დღეს სახლში რომ დავბრუნდები, იქ დამხვდეს. ბავშვისთვის ფულს ყოველთვიურად მიგზავნის, აბა, შვილიშვილს მე რით შევინახავდი.
- მაინც რას ფიქრობთ, რომ შვილს გარდატეხის ასაკში არასწორად ექცეოდით?
- ყველას აქვს გარდატეხის ასაკი, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ჩემს შვილს ის ძალიან დიდხანს გაუგრძელდა. 30 წლის ქალია უკვე. რა გამოდის?! მე არაფერში არ ვარ დამნაშავე. ის ასეთია და დამთავრდა! იცით, როგორ მიხარია, რომ ჩემი შვილიშვილი მას არ ჰგავს?! კიდევ კარგი, ამით მაინც ვარ ბედნიერი.

მკითხველის ისტორია


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
თქვენ დაგეთუთქათ გულები ასე უაზრო წერილებისთვის
16:44 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS