- წელიწად-ნახევრის წინ გავიგე, რომ დედას სიმსივნე ჰქონდა. მშობლები კლასელები იყვნენ და სკოლის დამთავრების შემდეგ დაქორწინდნენ. მე მათი ერთადერთი
- დედამ ავადმყოფობის შესახებ თავად გითხრა?
- ჯერ კარგა ხანს მიმალავდნენ, მაგრამ ოპერაცია რომ დასჭირდა, ერთ საღამოს ტირილით გამიმხილა. სამსახურიდან ხშირად მიწევდა მივლინებით საზღვარგარეთ გამგზავრება და რაც გავიგე, რომ დედა მძიმე სენით იყო დაავადებული, ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მის გვერდით დიდი დრო გამეტარებინა, არაფერი მომიკლია.
- გადარჩენის იმედი მაინც გქონდა?
- იმედი ბოლოს კვდება. თან ძვირად ღირებული ნემსები შევიძინე და მართალია, მანამდე ორი ოპერაცია გავუკეთეთ და ექიმები იმედს ვეღარ გვაძლევდნენ, მე მაინც ვცდილობდი მის გადარჩენას. მამას სამსახურიდან წამოსვლა ვთხოვე, რომ დედა შინ მარტო არ დარჩენილიყო. მამა სკოლაში მუშაობდა და თავის დანებების შემდეგ, კერძო მოსწავლეები აიყვანა და ამეცადინებდა. საღამოობით დედას ვეკითხებოდი, მამა ხომ გივლის, ყურადღებას ხომ არ გაკლებს-მეთქი. არა, შვილო, მთელი დღე ჩვენს ოთახშია, კომპიუტერთან ზის და ''ფეისბუქზე'' სასაცილო რაღაცებს მიკითხავსო. პირველად მაშინ გავიგე, რომ მამაჩემი სოციალურ ქსელში დარეგისტრირებულა.
- კი, მაგრამ ამით ხომ არაფერი დაუშავებია?
- არც მწყენია, უბრალოდ გამიკვირდა, რომ ჩემთვის იქამდე არ უთქვამს. შემდეგ მოვძებნე სოციალურ ქსელში და სიმართლე გითხრათ, არ მესიამოვნა. ამხელა კაცი იდგა და მთელი დღე ლექსებსა და სიმღერებს აქვეყნებდა. და თან ყველაზე მეტად რაც არ მომეწონა, დედას შესახებ ჩანახატები იყო. ღიად წერდა, როგორ იტანჯებოდა მისი მეუღლე განუკურნებელი სენით და ხალხი ანუგეშებდა. ამ დღის შემდეგ რამდენიმე თვე ისე გავიდა, მამას პროფილი აღარ დამითვალიერებია. არც მითქვამს, რომ მისი ჩანახატები ვნახე. წამლებმა თითქოს დედას უშველა და კიდეც გაიარა, სწორედ იმ პერიოდში მთხოვა უფროსმა, მივლინებით ერთ-ერთ ქვეყანაში წავსულიყავი. სულ ოთხი დღე უნდა გამეტარებინა და ამიტომ დავთანხმდი. თან დედა იმ პერიო-დში ძალიან კარგად იყო.
- დედამ ადვილად გაგიშვათ?
- კი, პირიქით, ძალიან გაუხარდა, ჩემს ავადმყოფობას გადაჰყევი და წადი, ცოტა გაერთობიო. ჩასვლიდან ორ დღეში რაღაც უცნაური გრძნობა დამეუფლა. ღამეც ვერ დავიძინე. თითქოს თბილისში რაღაც საშინელება ხდებოდა. ტელეფონზე დარეკვა ვერ გავბედე, დასაძინებლად დავწექი, მაგრამ ღამის ოთხ საათამდე ვერ დავიძინე. ბოლოს სოციალურ ქსელში შევედი და არ ვიცი, რატომ, პირდაპირ მამის პროფილი მოვძებნე. თავზარი დამეცა, დღემდე ვერ ვხვდები, როგორ უნდა ვაპატიო ეს საქციელი. მის კედელზე სტატუსი დამხვდა. თავის ვირტუალურ მე-გობრებს ატყობინებდა, რომ ორი საათის წინ საყვარელი მეუღლე გარდაეცვალა და ახლა ძალიან მარტოსულად გრძნობდა თავს. ხალხი დამამშვიდებელ წერილებს სწერდა და ისიც მადლობას იხდიდა. რომ წარმოვიდგინე, გარდაცვლილი დედა და ჩართულ კომპიუტერთან მჯდომი მამა, კინაღამ გავგიჟდი. უფროსს დავურეკე და თბილისში ერთი დღით ადრე დავბრუნდი.
- მამას აგრძნობინეთ, რომ მისი ''ფეისბუქი'' ნახეთ?
- არა, უბრალოდ, ძალიან ცივად შევხვდი. მითხრა, არ მპატიობ, დედაშენი შენი აქ არყოფნისას რომ დაიღუპაო. დედის დაკრძალვიდან ერთ თვეში მშობლიური სახლიდან ქირით გადავედი. მამაც სკოლას დაუბრუნდა. მეც ვეხმარები ეკონომიკურად. კვირაში ერთხელ შევუვლი ხოლმე და სულ კომპიუტერთან ზის. ერთხელ დეიდაშვილმა მითხრა, მერიდება და იქნებ, მამაშენს მიხედო, ''ფეისბუქზე'' დასცინიან, ისეთ რაღაცებს წერსო. არ ვიცი, რა გავაკეთო, თან ვხვდები, რომ ვირტუალური სივრცე ადამიანებს ტკივილს ადვილად ატანინებს. რამე რომ ვუთხრა, ვიცი, დაკომპლექსდება და შეიძლება, უარესი შედეგი გამოიწვიოს.
სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''