ელენე:
- 26 წლის ასაკში გარიგებით გავთხოვდი. ჩემი მომავალი მეუღლე გივი რომ ვნახე, არ მომეწონა, მაგრამ ერთმანეთი ჩემმა ნათლიამ გაგვაცნო და ისეთი მოწადინებული იყო, რომ მომერიდა და გათხოვებაზე თანხმობა განვაცხადე.
- სამსახური გქონდათ?
- კი, ახლაც ვმუშაობ საბავშვო ბაღში. მასწავლებელი ვარ. ჩემი საქმე და ბავშვები მიყვარს და სიმართლე გითხრათ, გათხოვებაც შვილების გამო მინდოდა. გივის მშობლები გარდაცვლილი ჰყავდა. სამაგიეროდ, სახლში ორი უფროსი მული დამხვდა, ორივე გასათხოვარი. უმცროსი, ლეილა - ცუდად არ მექცეოდა. ხანდახან საჩუქარსაც მიკეთებდა ხოლმე. მაგრამ უფროსი – სანათა, ნამდვილი მონსტრი იყო. მასთან ერთად ჩემი ქმარი ზედმეტად ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა.
- გივი მუშაობდა?
- არა, დები ინახავდნენ და მერე როგორც მივხვდი, თვითონ არ აძლევდნენ მუშაობის უფლებას. ნაბოლარა ძმას ხელის გულზე დაატარებდნენ. ისიც მთელი დღე დივანზე წამოკოტრიალებული ტელევიზორს უყურებდა ან კომპიუტერთან თამაშობდა.
- მულები რას საქმიანობდნენ?
- გათხოვებიდან ერთ კვირაში სტუმრად ჩემი მეგობრები მოვიდნენ და ერთ-ერთმა სანათა იცნო, მაგ ქალს ჩემს უბანში ოჯახური სასტუმრო აქვს და ცნობილი მამაშააო. უმცროსი მულიც იმავე გზას ადგა, ოღონდ ის სხეულით თავად ვაჭრობდა. არ ვიცი, ძმამ არ იცოდა, თუ თავს იტყუებდა. ყოველ შემთხვევაში, მშვიდად ვცხოვრობდით. ყველა ჩვენს საქმეს ვაკეთებდით და ზოგჯერ ორი კვირა ისე გავიდოდა, მულები არც მეკონტაქტებოდნენ. ერთ წელიწადში ტყუპი გოგონა შემეძინა. იმ დღემ ყველაფერი შეცვალა. ახლა ვხვდები, რომ მულების მთავარი მიზანი ბავშვები იყვნენ და მერე, მე კი არა, ვინც უნდა ყოფილიყო, თავიდან მოიშორებდნენ.
- შვილები როგორ წაგართვეს?
- ორი ძიძა აიყვანეს, ერთი ბავშვებს დღისით უვლიდა, მეორე - საღამოს და ღამეც რჩებოდა. საკუთარ შვილებს არ მაკარებდნენ და ბავშვები ვერ მცნობდნენ. სახლში ორივე დიდ დროს ატარებდა და ყველაფერს განაგებდნენ. რამდენჯერმე გივის შევჩივლე და არც მომისმინა. ერთხელ კი მითხრა, თუ არ მოგწონს, წადიო. მაშინ ჩავიდინე სისულელე და ერთი კვირით დედასთან გავიქეცი. დღემდე იმას ლაპარაკობენ ჩემი მულები, რომ ერთი თვის ბავშვები დავტოვე და სახლიდან გავიქეცი. უკან მიმიღეს, მაგრამ იმ ოჯახში არავინ არაფრად მაგდებდა. მინდოდა, ჩემი შვილებით წამოვსულიყავი, მაგრამ სახლში დასაბრუნებლად პირობები არ მქონდა, თან ორი ბავშვით. ჩემი იქ ცხოვრებაც უკვე გაუსაძლისი იყო და მშობლებთან დავბრუნდი. ახლა ბავშვები უკვე სამი წლის არიან. კვირაში ერთხელ მივდივარ სანახავად, მეტად უფლებას არ მაძლევენ. ისევ ისე ცხოვრობენ, გივი დივანზე წევს, ძიძები ბავშვებს უვლიან და საკუთარი შვილები ნორმალურად ვერ მცნობენ. მინდა, ისეთი პირობები მქონდეს, რომ ჩემი ტყუპიანად სადმე თუნდაც ერთ ოთახში მაინც ვცხოვრობდე.
სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''