- ჩემი მული 21 წლის იყო, ოჯახი რომ დაენგრა. მაშინ მე მისი რძალი ჯერ კიდევ არ ვიყავი, უბრალოდ მათ ოჯახში ხშირად დავდიოდი და საკუთარი თვალით ვხედავდი, რა მძიმედ გადაიტანა ნატომ ქმართან დაშორება. გაყრის მიზეზი
- ყოფილი ქმარი არ აწუხებდა?
- რასაკვირველია. არაერთხელ მოვიდა და ცოლს შერიგება სთხოვა, მაგრამ უშედეგოდ. ერთხელ ჩემი ქმარი დახვდა შინ და გააფრთხილა, თუ კიდევ მოხვალ ისე გცემ, ძვალსა და რბილს გაგიერთიანებო. ამის შემდეგ მხოლოდ კვირაში ერთხელ, მოდიოდა, ბავშვს 1-2 საათი გაასეირნებდა იქვე ეზოში და სულ ეს იყო. ყოფილ ცოლს პერიოდულად მატერიალურადაც ეხმარებოდა, მაგრამ შემდეგ პოლიციამ ნარკოტიკები უპოვა მანქანაში, თურმე ვაჭრობდა კიდეც. მოკლედ, დააკავეს და შესაბამისად ნატოს მატერიალური მხარდაჭერაც აღარ ჰქონდა. მულმა თბილისში სამსახური რომ ვერ იშოვა, გადაწყვიტა საბერძნეთში გამგზავრებულიყო. აქ რაღაც სამთვიანი მასაჟის კურსი გაიარა და წავიდა.
- ბავშვი?
- ბავშვი ჩემს დედამთილს დაუტოვა, მაგრამ რამდენიმე თვეში ქალბატონი ნანა მოულოდნელად გარდაიცვალა. საერთოდ, დედამთილს არასოდეს არაფერი აწუხებდა. არ ვიცი, რა იყო მიზეზი, მაგრამ ერთ დღესაც სახლში მომავალი, სადარბაზოში ცუდად გახდა. ამ დროს მეზობელი შეხვდა. გაფითრებული ჩემი დედამთილი მოაჯირს ყოფილა ჩაფრენილი და უთქვამს, ძალიან ცუდად ვარ, სახლამდე ვერ ავდივარ, არც ტელეფონზე დარეკვის თავი მაქვს, მიშველეო. ეს თქვა და იქვე ჩაიკეცა... `სასწრაფო~ რომ მოვიდა, უკვე მკვდარი იყო. ბავშვი ჩემთან დარჩა. ნიკუშა მაშინ უკვე სამი წლის იყო. იმ დროს მეც უკვე მყავდა შვილი - ირაკლი.
- თქვენი მული თბილისში არ დაბრუნდა?
- არა, არც დედის დაკრძალვას დასწრებია და არც შემდეგ უფიქრია ჩამოსვლა. დამირეკა, ვიცი ნიკუშა საიმედო ხელშია. აქ ცოტა ფულს შევაგროვებ, მერე ჩამოვალ, ბინას ვიყიდი და შვილთან ერთად გადავალო. მე ვუთხარი, ბავშვის მოვლა ჩემთვის პრობლემა არ არის, უბრალოდ პატარაა და დედის გარეშე ცოდოა, ჩამოდი, აქ იპოვი რამეს და მუშაობას დაიწყებ-მეთქი. რაც შეეხება გადასვლას, ყველანი ერთად ვიცხოვრებთ-მეთქი. ამას მართლა გულწრფელად ვამბობდი, ხუთოთახიანი ბინა გვქონდა და როგორღაც ყველა დავეტეოდით.
- არ დაგეთანხმათ?
- არა... და მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა. ჩემი მულისშვილი 8 წლის არის. ის და ჩემი შვილი ერთად დადიან სკოლაში. გეფიცებით, ისე მიყვარს, საკუთარი შვილისგან ვერ ვანსხვავებ.
- ამ ხნის განმავლობაში დედა არ უნახავს?
- არა, მხოლოდ `სკაიპით~ საუბრობენ. ისიც კვირაში ერთხელ. ნატო ამბობს სულ ვმუშობ და კომპიუტერთან ყოფნას ვერ ვახერხებო. მე ვიცი, ეგ როგორი მასაჟისტიც არის, მაგრამ დუმილს ვარჩევ. ჩემმა მეუღლემ სიმართლე რომ გაიგოს, გული გაუსკდება.
- რას გულისხმობთ?
- ნუთუ ვერ მიხვდით?! მასაჟი არაფერ შუაშია, მამაკაცებს ემსახურება. ჩემმა უახლოესმა მეგობარმა საკუთარი თვალით ნახა ერთ-ერთ ბარში. ნატო მთვრალი ყოფილა, ჯერ უცეკვია ვიღაც კაცთან, მერე სკამზე კალთაში ჩაუჯდა და კისერზე ეხვეოდა, ცოტა ხანში კი ბარი ერთად დატოვესო. გული ძალიან დამწყდა. ნატო არ იყო ცუდი გოგო, ჩემთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა. არ ვიცი, ეს გზა რატომ აირჩია. თბილისში რომ დარჩენილიყო, მას და მის შვილს ჩემი მეუღლე არაფერს მოაკლებდა, სამსახურსაც უშოვიდა, მაგრამ... გული ძალიან მტკივა. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, დავურეკო და ვუთხრა, რომ ყველაფერი ვიცი და ვთხოვო, ამ საქმეს შეეშვას და შვილს დაუბრუნდეს, თუ საერთოდ გავჩუმდე და დაველოდო, როდის მოჰბეზრდება ყველაფერი და ნიკუშასთან ჩამოვა. ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიმიღია. თან მეორე პრობლემაა, ნიკუშას ისე შევეჩვიე და მიყვარს, რომ მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ის რომ ნატომ ჩვენგან წაიყვანოს, ამას ნამდვილად ვერ გადავიტან. ირაკლი და ნიკუშა ტყუპებივით არიან. ისეთი კარგი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, რომ ვერ გადმოგცემთ. არადა, ისიც არ მინდა, რომ ჩემი მული ჭაობში ჩაიხრჩოს...
მკითხველის ისტორია