01 დეკემბერი, 2014
სასტიკი შურისძიება - ''მამამთილის ძაღლები მოვწამლე''...
მაშინ შვიდი თვის ორსული ვიყავი გამოთქმა: ''არასოდეს თქვა არასოდეს'' მგონი, ყველაზე მეტად ამართლებს ცხოვრების გზაზე. ადამიანი ძალიან ხშირად ყველაზე რთულად წარმოსადგენ ნაბიჯს დგამს. ან ისეთ საქციელს სჩადის, რომლის გამო შესაძლოა, მანამდე სხვა გაეკრიტიკებინა და გაეკიცხა. როგორც წესი, ასეთ დროს ჩადენილი მცირე თუ დიდი დანაშაულის განცდა სიცოცხლის ბოლომდე არ გტოვებთ...

ლიკა ბ:

- სიმართლე გითხრათ, საუბარი ძალიან მრცხვენია, მაგრამ ვიღაცას თუ არ გავენდე, ალბათ მოვკვდები. იცით, ყოველთვის მეგონა, რომ რამდენიმე სახის ტყუილი არსებობდა, მაგრამ ახლა ვხვდები,
რომ ნებისმიერი არასწორი წინადადების წარმოთქმა გაუმართლებელია. ჩემი ბრალი ის არის, რომ თავიდანვე მოვიტყუე. ჩემ მიერ ჩადენილი დანაშაული ხომ, საერთოდ, ცალკე თემაა.
- ვის რა მოატყუეთ?
- ჩემს საქმროსა და მის ოჯახს მოვატყუე. მათ ოჯახში ცხოველები ძალიან უყვარდათ. თუთიყუშებისა და ზაზუნების ყოლაზე არაფერს ვამბობ. ასეა თუ ისე, ორივე მათგანს საკუთარი კუთხე აქვს, არავის არაფერს უშლიან, ერთი გალიაში ზის და მეორე აკვარიუმში. თუმცა, მერწმუნეთ, ბინაში ძაღლი და კატა რთული შესაგუებელია. საშინელი დისკომფორტია. ვინც არ უნდა გიმტკიცოთ, ამა და ამ ჯიშის კატასა და ძაღლს ბეწვი არ სცვივაო, არ დაიჯეროთ. ცხოველი რაც უნდა სუფთად გყავდეს და დღეში ორჯერაც რომ დაბანო, მას სპეციფიკური სუნი აქვს. ბინაში ფეხს შედგამ თუ არა, სუნი მაშინვე იგრძნობა. სხვასთან სტუმრად რომ მივდიოდი და ვხედავდი ძაღლი ყავდათ, იმ ოჯახში ყავასაც ვერ ვსვამდი.
- და თქვენ ქმრის ოჯახში კატა და ძაღლი დაგხვდათ?
- არა, მე რომ გავთხოვდი კატა უკვე აღარ ჰყავდათ. ჩემს დედამთილს თავისი საყვარელი კატა, რომელსაც თურმე 7 წელი უვლიდა, ჩემს მისვლამდე ერთი თვით ადრე დაეღუპა. კატა არა, მაგრამ სამაგიეროდ ჩემს მამამთილს ჰყავდა ორი ძაღლი.
- რამდენ ოთახიანი ბინა გქონდათ?
- ექვსი, მაგრამ მერწმუნეთ, ოთახების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. დიდი ლოჯია გვქონდა და წესით, ძაღლები იქ უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ძაღლი თუ არ დააბი, ერთ ოთახში რას გააჩერებ?! ძაღლები დარბოდნენ სამზარეულოში, მისაღებში, აბაზანაში და საძინებლებშიც კი. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა მე და ჩემი ქმარი საძინებელში განვმარტოვებულვართ და ამ დროს ოთახში ძაღლი შემოგვვარდნია. ამის ატანას ვერავინ შეძლებს, მაგრამ ჩემი ბრალია, ეს ფაქტი თავიდანვე რომ არ გავაპროტესტე. სანამ ლაშას ცოლი გავხდებოდი, ვატყუებდი, თითქოს ცხოველები ძალიან მიყვარდა. განსაკუთრებით კი ძაღლებზე ვგიჟდებოდი. როცა ჩემი საქმროს ოჯახში მივდიოდი, ძაღლებისთვის საკვები მიმქონდა და თბილად ვეფერებოდი. ხშირად ჩვენი საუბრის ძირითადი თემა სწორედ ეს ცხოველები იყვნენ და მაშინ ვერ გავბედე, სიმართლე მეთქვა. ჩვენი ქორწილის შემდეგ, როცა უკვე საცხოვრებლად მათთან გადავედი, ძაღლების მიმართ საშინელი აგრესია გამიჩნდა. თავდაპირველად კარგად ვინიღბებოდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ თანდათან მოთმინების ფიალა მევსებოდა. სახლს რომ ვალაგებდი, სახლიდან ბეწვის დიდი გროვა გამქონდა. ჭამაც კი მეზიზღებოდა, ყველაფერი გულს მირევდა. ამ ''ბედნიერებას'' ჩემი ტოქსიკური ორსულობაც დაემატა. მთელი დღე ოთახში შეკეტილი ვიყავი, იქიდან მხოლოდ აბაზანაში გავდიოდი, სულ ეს იყო.
- თქვენი განწყობის შესახებ თქვენს მეუღლეს რატომ არ ესაუბრებოდით?
- მხოლოდ ერთხელ ვცადე. ვუთხარი, ორსულად ვარ და მეშინია ძაღლის ბეწვი არ შემყვეს-მეთქი. ათასი მაგალითი მოვიყვანე, ვისაც ძაღლის ბეწვისგან ექინოკოკი დაემართა და მერე საოპერაციო გახდა. ჩემს ქმარს გაეცინა, მთელი ცხოვრება ძაღლთან ერთად ვცხოვრობთ და ჯანმრთელები ვართ, შიში შენი მდგომარეობიდან გამომდინარეა. ორსულად რომ ხარ, მგრძნობიარე გახდი, თორემ ძაღლები შენც ხომ გიყვარს, ბავშვი რომ გაჩნდება, გადაგივლისო. დედამთილთანაც ვცადე დალაპარაკება, ვიფიქრე, მაინც ქალია და გამიგებს-მეთქი, მაგრამ მანაც ჩემი განცდები ორსულობას დააბრალა.
- მამამთილისთვის რომ გეთქვათ რამე?
- არა, მამამთილს ამ თემაზე საერთოდ ვერ დაველაპარაკებოდი. ''ჩემი ლამაზი გოგოებიო'' - ასე ეძახდა თავის ძაღლებს, პირიდან ლუკმას გამოიცლიდა და მათ აჭმევდა. არადა, იცით როგორი დედამთილ-მამამთილი მყავდა?! საოცნებო, სანატრელი, უტკბილესი და უთბილესი ადამიანები. ორსულად რომ ვიყავი, ჩემი მამამთილი ორ დღეში ერთხელ დილაობით ბაზარში მიდიოდა და ჩემთვის ახალ-ახალი ხილი მოჰქონდა. დედამთილიც სულ თვალებში შემომციცინებდა, რა გაგიკეთო, რა გესიამოვნებაო. სახლის საქმეს საერთოდ არ მაკარებდა, თავად ალაგებდა და რეცხავდა. ეგ კი არა, წარმოიდგინეთ, ბროწეული რომ შემოვიდა, ჩემი მამამთილი წვენს მიწურავდა და მომართმევდა ხოლმე. უსაყვარლესი კაცია, მაგრამ მე რაც გავუკეთე, ალბათ არ მეპატიება.
- იქნებ ორსულობის დროს დროებით დედასთან გადასულიყავით?
- აზრი?! ბავშვი როცა დაიბადებოდა, ეს ძაღლები მაინც ძველებურად იპარპაშებდნენ. ასე რომ, დროებით სახლიდან გადასვლას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ერთ დღეს სახლში მარტო ვიყავი, როცა კარზე ზარი დარეკეს. ვიღაც ქალი იყო, მწერებისა და მღრნელების საწინააღმდეგო წამლებს ყიდდა. მართალია, არც თაგვები გვაწუხებდნენ და არც ტარაკნები, მაგრამ საწამლავი მაინც ვიყიდე. სწორედ მაშინ გავივლე გონებაში ის საშინელება, რომელიც რამდენიმე დღეში სისრულეში მოვიყვანე. მაშინ შვიდი თვის ორსული ვიყავი. ჰოდა, ერთ ღამესაც, როცა ყველამ დაიძინა, ლოჯიაში გავედი და ძაღლებს საკვებში საწამლავი ავურიე. ვიცი, საშინელი საქციელია. ალბათ ყველას მონსტრი ვეგონები.
- წარმომიდგენია, თქვენს ოჯახში რა მოხდებოდა, როცა დახოცილ ძაღლებს ნახავდნენ...
- ეს იყო სრული შოკი მთელი ოჯახისათვის. ყველაზე იოლად მათი სიკვდილი ჩემმა ქმარმა გადაიტანა. დილით დედამთილის ხმამაღალი შეძახილი მომესმა, ის მოთქმით უხმობდა საშველად ჩემს მამამთილს. როცა მათ შევუერთდი, ასეთი სურათი დამხვდა: ჩამუხლული მამათილი ორივე ძაღლს გულზე იხუტებდა და ტიროდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დანაშაული ჩემი ჩადენილი იყო, როცა ეს ადამიანები ასეთ მდგომარეობაში დავინახე, მეც ხმამაღლა ავქვითინდი. რასაკვირველია, ეჭვი ჩემზე არავის მიუტანია. იფიქრეს, რომ ძაღლებმა სადღაც ჭამეს საწამლავი და ამით დაიხოცნენ. დღეს ერთი თვის ბავშვი მყავს, დედაჩემთან ვცხოვრობ, ქმართან განქორწინებაზე განცხადება რამდენიმე კვირის წინ შევიტანე. ჩემი საქციელი არასოდეს მომცემს იმის საშუალებას, რომ დედამთილ-მამამთილსა და ჩემი ქმრის გვერდით ამ ტყუილით ვიცხოვრო. სიმართლე საკუთარ მშობელისთვისაც კი არ მითქვამს. რასაკვირველია, ვერავინ ხვდება, რატომ და რის გამო ვითხოვ ქმართან განშორებას, მაგრამ ტყუილში ცხოვრებას ასე ვარჩიე.

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 32 /
8
მაგაზე დიდ სისულელეს კაცი ვერ ჩაიდენს,რა სისულელეც ძაღლებთან ერთად ცხოვრებაა.
16:00 / 01-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ილოცე , რომ ეგ ცოდვა შენს შვილზე არ გადმოვიდეს. შენ ჩვეულებრივი მკვლელი ხარ. რა განსხვავებაა, ძაღლს მოკლავ თუ ადამიანს, ორივე ცოცხალი არსებაა. როგორ შეიძლება ასეთი სიბოროტე.
15:48 / 01-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS