17 ნოემბერი, 2014
თბილისელი კაცის გულახდილი ინტერვიუ: ''რძალი სახლიდან მაგდებს, მეტის მოთმენა აღარ შემიძლია''
მართლაც წავალ თავშესაფარში, ან ჩემი შრომით ნაყიდ ბინას ისე გავყიდი ხშირად მამაკაცებს უჭირთ ემოციების გამოხატვა, ვინმესთან ''გახსნა'' და საკუთარი ოჯახის პრობლემების ''გამომზეურება'', თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ გული ტკივილს ვეღარ იტევს. ბატონი თამაზი დიდი ხნის დარდზე ალაპარაკდა და როგორც აღნიშნა, ამ თემაზე საუბარი იმ გაუსაძლისმა პირობებმა გადააწყვეტინა, რაც მას რძალმა და სიძემ შეუქმნეს...

- ორი შვილის მამა ვარ. უფროსი ქალიშვილი მყავს და სამი წლით მასზე უმცროსი ვაჟი. მე და ჩემს მეუღლეს უბედნიერესი და ულამაზესი ოჯახი
გვქონდა. ორივემ სამედიცინო განათლება მივიღეთ, ერთად ვმუშაობდით და ჩვენი ურთიერთობაც სწორედ სამსახურში დაიწყო. ნინიკო ძალიან ლამაზი და გულისხმიერი ქალი იყო. ყველა ავადმყოფს ისე ექცეოდა, როგორც საკუთარ ოჯახის წევრს. ჩემი ყურადღება თავიდანვე მიიქცია. როგორც კი ჩვენთან მუშაობა დაიწყო, მის მიმართ მაშინვე სიმპატიები გამიჩნდა. ერთ წელიწადში ვიქორწინეთ და 42 წელი ბედნიერად ვცხოვრობდით. მისი თავი იმ უკურნებელმა სენმა წამართვა, რომლითაც დღეს არაერთი ადამიანი იღუპება. ბოლო ერთი წელი ლოგინად იყო ჩავარდნილი. ნინიკოს სიმსივნე ჰქონდა, ვერაფერი ვუშველეთ...
- მეუღლეს თქვენ უვლიდით?
- დიახ, მე და ჩემი ქალიშვილიც მეხმარებოდა, მაგრამ ამას ათაში ერთხელ თუ ახერხებდა. ძალიან ცუდი სიძე მყავს, პათოლოგია, ერთ ჭიქას რომ დალევს, რადიკალურად სხვა კაცი ხდება. ჩემი ქალიშვილი რომ ჩვენთან მოდიოდა, ეჭვიანობდა თუ რა ჭირდა არ ვიცი, მოგვივარდებოდა და საზარელ ამბავს ტეხდა, ერთხელ მეზობელმა პატრულსაც კი გამოუძახა. ასეთი შემთხვევები სულ უფრო ხშირად ხდებოდა. ერთხელაც, როცა ჩემი გალეშილი სიძე სახლში მოგვივარდა, ჩემი ბიჭი შინ იყო. როცა დაინახა, როგორ გაიწია სიძემ მისი დისკენ და ხელის გარტყმას აპირებდა, გიორგიმ თავი ვეღარ შეიკავა და ყბაში მუშტი ატაკა. ჩემი სიძე ყოფილი მოჭიდავეა. საკმაოდ ძლიერია, ერთი კი შეტოკდა, მაგრამ წონასწორობა შეინარჩუნა და ჩემს ბიჭს ''ხურდა დაუბრუნა''. იქ ამბავი მოხდა, ენით ვერ აგიწერთ. ისინი მე და ჩემმა ქალიშვილმა ძლივს გავაშველეთ.
- შვილიშვილები გყავთ? ვინ შეესწრო ამ ამბავს?
- კი, მყავს - ორი ქალიშვილისგან და ორიც ვაჟისგან. ვინ შეესწრო და ყველანი სახლში ვიყავით! არასოდეს დავამიწყდება ჩემი ცოლის თვალები, უხმოდ იწვა, უკვე ლაპარაკიც არ შეეძლო, უყურებდა, როგორ გამეტებით ურტყამდნენ ერთმანეთს მისი შვილი და სიძე. გაგიჟდა ქალი! ბავშვებიც იქვე იყვნენ, მერე ჩემმა რძალმა ისინი სამზარეულოში გაიყვანა.
- და რატომ იტანდით ასეთ სიძეს?
- ჩემს ქალიშვილს გაშორება არ სურდა. ის დღემდე მისი ცოლია. არ ვიცი, რამ შეაყვარა ასეთი ადამიანი? ვერაფერს გეტყვით. ახლა ბავშვები უკვე დიდები არიან. ჩემი გოგონა ინგლისური ენის სპეციალისტია, ერთ კერძო სკოლაში მუშაობის დაწყების შანსი ჰქონდა, მაგრამ ჩემმა სიძემ ნება არ დართო. ესეც უხმოდ დაემორჩილა.
- თქვენი სიძე პირადად თქვენ როგორ გექცევათ?
- პირველი ორი წელი მისი მხრიდან საკმაოდ დიდ პატივისცემასა და მოკრძალებას ვგრძნობდი, თუმცა შემდეგ უკვე ისე მექცეოდა და მექცევა, როგორც ყველას თავის გარშემო. ერთხელ ლამის ხელითაც შემეხო, ბოლო წამს გაჩერდა.
- რძალში მაინც თუ გაგიმართლათ?
- სამწუხაროდ, რძალი სიძეზე უარესია. თუმცა მან თავის უარყოფითი თვისებები თავიდანვე გამოავლინა. ჩემს მეუღლეს რომ ეთხოვა წყალი დამალევინეო, წყალს არ მიაწოდებდა. ისე ექცეოდა, თითქოს ცარიელი ადგილი ყოფილი, საერთოდ არ იმჩნევდა. ამას კიდე ავიტანდი, კარგი ცოლი და დედა რომ იყოს. არაფრის მაქნისი, ზარმაცი! მტვერმა რომ შეგვჭამოს, ერთხელ ცოცხს არ გამოუსვამს. ამ ხნის განმავლობაში, რაც ჩემი რძალია, რამდენიმე დამხმარე ქალი ჰყავდა, ბავშვებისთვის ძიძაც, მაგრამ რამდენიმე თვეზე მეტი არავინ გაუჩერდა. სადილის გაკეთება მაგან არ იცის და რეცხვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მაღაზიიდან სულ სოსი ამოაქვს, ან გამზადებული ხინკალი და პელმენი. აი, ამ გაყინულ პროდუქტებზე გამოზარდა შვილები. ჩემი ვაჟი ისეთ სამსახურში მუშაობს, რომ ყოველთვის პერანგები უნდა ეცვას. ჩემმა რძალმა ერთი მეზობლის ქალი შეითანხმა, რაღაც ფულს უხდის და ქმრის პერანგებს მას აუთოებინებს.
- თქვენ როგორ გექცევათ?
- მე საერთოდ არ მიმჩნევს, როცა რამე სჭირდება, მხოლოდ მაშინ მეძახის. ერთხელ წნევამ შემაწუხა, მამაშვილურად ვთხოვე, გასინჯვაში დამხმარებოდა. ისეთი სიტყვები მითხრა, როგორ გავიმეორებ. გამოშტერებული მოხუცი ხარ, სულ წნევა გელანდებაო, მიყვიროდა, არადა ოთხივე შვილიშვილს გეფიცებით, იმ დღეს პირველად ვთხოვე წნევის აპარატის მოტანა. საბედნიეროდ, არასოდეს მქონია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. სხვათა შორის, ისიც უნდა გითხრათ, რომ როცა რძალი ჩემს ბიჭს ხედავს, მაშინ შაქარივით დნება. რადიკალურად სხვა ქალი ხდება, მაგრამ როგორც კი გიორგი სამსახურში მიდის, მაშინვე ურჩხულად გადაიქცევა ხოლმე. ამიტომ გიორგისთან რომც დავიჩივლო, მაინც არ დამიჯერებს. ვიფიქრე, ბინას გავყიდი, მე ცალკე გადავალ და ჩემს ბიჭს თავის ოჯახიანად ცალკე გავუშვებ-მეთქი, მაგრამ ჩემმა შვილმა უარი მითხრა და არ გამიშვა. ვერაფრით ვერ მიხვდა მიზეზს, რატომ გამიჩნდა ამის სურვილი. მეც ვერაფერი ვუთხარი და გავჩუმდი. უკვე წლებია საჭმელს მე ვიმზადებ, მე ვირეცხავ. აბა, რა ვქნა?! ორი წლის წინ სამსახურში დავდიოდი და ისე დიდი დოზით არ მიწევდა ჩემი რძლის ატანა, ახლა აღარ ვმუშაობ, შემამცირეს და სახლში აღმოვჩნდი. ხან ეზოში ჩავდივარ, ხან უბრალოდ ვსეირნობ, მაგრამ დრო მაინც ძალიან ნელა გადის.
- არ ვიცი, რა გითხრათ, გამოსავალს რაში ხედავთ?
- გასულ კვირას ჩემმა რძალმა მითხრა, ჩემი დაქალის მამა მოხუცთა თავშესაფარში საკუთარი სურვილით წავიდა. ამ კაცმა მისაბაძი საქციელი ჩაიდინა. ჩემს დაქალთან რომ ვიყავი, მამამისმა იქიდან დარეკა და მოუყვა, როგორი კარგი პირობებია, სამჯერადი კვება, ტელევიზორი, გართობა... ისე, მგონი, კარგი ადგილია და თქვენც ხომ არ იფიქრებდითო?! ანუ ეს რას ნიშნავდა?! რძალი საკუთარი სახლიდან მაგდებს.
- სიძესა და რძალთან დალაპარაკება არ გიცდიათ?
- მე ვერც ერთთან ლაპარაკში ვხედავ გამოსავალს და ვერც მეორესთან. სიძეს ყოველდღიურად ვერ ვხედავ და ასე თუ ისე, ეს ცოტა შეღავათია, მაგრამ ამ ჩემი რძლის გადამკიდე, ყოველდღიურად სტრესში ვარ. არ ვიცი, როგორ მოვიქცე, უახლოეს მომავალში გადაწყვეტილება უნდა მივიღო. ან მართლაც წავალ თავშესაფარში, ან ჩემი შრომით ნაყიდ ბინას ისე გავყიდი, შვილს არაფერს ვკითხავ. მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, გასკდა გული!

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ლია
ადამიანებო,ბინები გქონდეთ თქვენს სახელზე,მეორეც როცა ადამიანს აქვს ბინა ისე როგორც ბანკში დებ ,ისევე დებენ საზღვარგარეთ მოხუცებულთა სახლში,იმიტომ რომ მოხუცებულთა სახლი არ არის ვალდებული თუ ადამიანი რამე ქონებას ფლობს უფასოდ მოუაროს.თუ გარდაიცვალა და იმ ბინიდან დარჩა ფული ოჯახმა შეიძლება დაიბრუნოს უკან.
20:36 / 17-11-2014
გამოხმაურება / 0 /
თიკო
ესეთი უმადური ქალები როგორ არსებობენ არ მესმის. ბატონო თქვენ თავშესაფარში კი არ უნდა წახვიდეთ, ბინა უნდა გაყიდოთ და თქვენთვის ცალკე გადახვიდეთ და ჯობია შვილს მოუყვეთ სიმართლე.. ეს რძლები რა დღეში არიან ნახე რა.. ჩემს მამათილს რამე ზედმეტს ვაკადრებ?!
19:36 / 17-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ალბინა
martla gaskda guli ra ubedurebaa vin shoba es sadzageli xalxi,an zrdiloba an ufros-umcrosoba ar unaxavt sakutar saxlshi?aset adamians ratom xvdeboda es ubeduri sibere?an is shvili ram daabrmava,ver xedavs ver amchnevs colis msaxiobobas?yvela shvili martla shvili xom araa,aba ase ram gamoashtera ver xedavdes ra xdeba?didi mixvedra ar unda,shvilebi ojaxs rom sheqmnian mshoblebi zedmeti xdebian,imas ar itvaliswineben rom tvitonac mshoblebi arian da daberdebian,ghmerti gadauxdit samagieros magram es am moxucistvis ra shvebaa
18:51 / 17-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS