10 ნოემბერი, 2014
ჩაშლილი პირველი ღამე – 42 წლის პატარძალი ქალიშვილი არ აღმოჩნდა
მოგეხსენებათ, როცა მამაკაცი გარკვეულ ასაკს გადააბიჯებს, გარშემო მყოფები ერთი კითხვით აბეზრებენ თავს: ''ცოლი არ მოგყავს?'' შინაური თუ ''გარეული'' ამ თემით ისე ინტერესდება, თითქოს სხვა საფიქრალი არ ჰქონდეს. სხვის ცხოვრებაში ჩარევა ვერ მოვიშალეთ და ზოგჯერ ეს იმდენად მომაბეზრებელი ხდება, რომ შეიძლება უაღრესად მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანიც კი გამოვიდეს წყობიდან...

ნათია, 43 წლის:

- ჩემი ბიძაშვილი 46 წლისაა. 18 წლის ასაკში ცოლი მოიყვანა, მაგრამ ექვს თვეში დაშორდნენ. ორივე ბავშვი იყო და სახლობანას თამაში არ გამოუვიდათ. მშვიდად, წყნარად
გაიყარნენ, ყოველგვარი აურზაურის გარეშე. ხუთი წლის შემდეგ ის გოგო მეორედ გათხოვდა და დღეს სამი შვილის დედაა. რაც შეეხება ჩემს ბიძაშვილს, ბიძაჩემმა გადაწყვიტა, თავის ერთადერთი შვილისთვის საფუძვლიანი განათლება მიეცა და რუსეთში, თავის ძმაკაცთან გაგზავნა. ირაკლი საკმაოდ ნიჭიერი კაცია, სამედიცინო სფერო აირჩია და კარგი ექიმია. წლების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში მუშაობდა. როგორც ვიცი, არაერთი წამყვანი კლინიკა სთავაზობდა დარჩენას, მაგრამ ბუნებით ისეთია, ერთ ადგილას დიდხანს ვერ ჩერდება. მსოფლიო მოიარა, მაგრამ ყველაზე დიდხანს მხოლოდ ორი წელი რჩებოდა. როგორც ვიცი, საქართველოდანაც ჰქონდა შეთავაზებები, მაგრამ ბოლოს მაინც კიევი აირჩია და ბოლო ხუთი წელია იქაა. სახლიც შეიძინა და კარგი სამსახურიც აქვს, მაგრამ, რასაკვირველია, მის მშობლებსა და ახლობლებს ირაკლის კარიერული წინსვლა არ აკმაყოფილებთ. სურთ რომ ოჯახი შექმნას და თან ცოლად აუცილებლად ქართველი ქალი მოიყვანოს. ირაკლი საქართველოში წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის, ყოველდღე რეკავს და როცა კი მოიხელთებენ, ყველა ამ თემაზე ელაპარაკება. მოკლედ, ამას წინათ, ირაკლი ჩვენი ნათესავის დაკრძალვისთვის ჩამოვიდა საქართველოში. დატრიალდა ნათესაობა, ამ ჯერზე მას ნამდილად აღარ გავუშვებთ ისე, რომ ერთი კარგი გოგო არ გავაცნოთო. ასეთი მცდელობები მანამდეც ჰქონიათ, თუმცა უშედეგოდ. ირაკლი მსგავს გარიგებებს არასოდეს აღიარებდა, რაც საახლობლოში დიდ გაღიზიანებას იწვევდა.
ზოგიერთებს ეჭვიც კი შეჰქონდათ მის ორიენტაციაში. ჩემი ყურით მოვისმინე როგორ ეუბნებოდა ერთი მეორეს, იქნებ ცოლი იმიტომ არ მოჰყავს, რომ მამაკაცები იზიდავსო (იცინის). მერწმუნეთ, ირაკლის ორიენტაციის საკითხი საეჭვო ნამდვილად არ არის, უბრალოდ ალბათ აქამდე ვერ იპოვა ის ერთი, რომლის გვერდითაც დაიძინებდა, გაიღვიძებდა და ვინც მისი შვილების დედა იქნებოდა. მოკლედ, პანაშვიდებზე რომ დავდიოდი, მაშინ დამანახვეს ის გოგო, რომლის გარიგებასაც ირაკლისთვის აპირებდნენ. თუმცა, რაღა გოგო, 42 წლის ქალი იყო უკვე. ეს ამბავი ცოტა არ იყოს კი გამიკვირდა, რადგან მანამდე სულ ''ქორფა-ქორფა'' ქალებზე ჰქონდათ ხოლმე თვალი დადგმული. ვერ მივხვდი, ამჯერად რატომ შეარჩიეს არჩევანი ნანიზე. თუმცა, ამას ახლა არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩამოვიდა თუ არა ირაკლი, დედამისმა მაშინვე დაანახა ''ის'' და უთხრა, იცოდე, ამჯერად თბილისიდან ისე არ გაგიშვებ, სანამ არ გაიცნობ, არ დაუახლოვდები და ცოლად არ მოიყვანო.
- იმ ქალმა იცოდა, რომ თქვენ ბიძაშვილს ურიგებდნენ?
- რასაკვირველია. მათი გაცნობის სცენას შევესწარი და მაშინვე მივხვდი, რომ მან ყველაფერი იცოდა პერსპექტიული სასიძოს შესახებ. ისე გაინაბა და გაინაზა, თავი ვერ შევიკავე და იქვე რომ არ გამცინებოდა, ადგილს გავეცალე. მოკლედ, დავკრძალეთ ჩვენი ნათესავი და ქელეხის სუფრაზე ნანი და ირაკლი ერთად დასხდნენ. მერე ჩემმა ბიძაშვილმა ქალს სახლში გაცილება შესთავაზა, მასაც უარი არ უთქვამს. მეორე დღეს კიდევ შეხვდნენ, მესამე დღესაც და ერთი თვის თავზე უკვე ნიშნობა ჰქონდათ. არ ვიცი, ასე მალე შეუყვარდა ჩემს ბიძაშვილს ის ქალი თუ უბრალოდ დაიღალა ყველაფრით და იფიქრა, ცოლად მოვიყვან და დავისვენებო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ნაბიჯი გადადგა. გამოალაგა ბიცოლაჩემმა, რაც კი ნანატრი რძლისთვის გადანახული ოქრო-ბაჯაღლო ჰქონდა და წავედით ქალის დასანიშნად. ირაკლი იცინოდა, რაღა დროს ასეთებია, მოვკიდებ ხელს და წამოვიყვან სახლშიო, მაგრამ მისმა მშობლებმა ყველა წესისა და ტრადიციის დაცვა მოსთხოვეს. ნანის მშობლებს შინ სუფრა ოც კაცზე გაეშალათ და ისეთი ბედნიერები დაგვხვდნენ, ვერ აგიწერთ. სარძლოც ფრთაშესხმული დაფარფატებდა ოთახში, არც იყო გასაკვირი, რატომაც არა, 42 წლის ასაკში თხოვდებოდა ქალი! ყველაფერმა წესითა და რიგით ჩაიარა. იყო სადღეგრძელოები, დალოცვა... იმავე საღამოს უთხოვია ირაკლის ნანისთვის, გამომყევი, სასტუმროში ნომერს ვიქირავებ და სანამ ჩემთან ერთად კიევში წამოხვალ, იქ გავჩერდეთო. საპატარძლომ უარი უთხრა, ახლა არაო. მომდევნო კვირაში ირაკლიმ თავისი მაინც გაიტანა და სანამ გასამგზავრებლად ყველა საჭირო საბუთს თავს მოუყრიდა, საცოლე მაინც დაიყოლია და ნანისთან ერთად ბათუმში წავიდა. ჩემმა ბიძაშვილმა ერთ-ერთი სასტუმროს ლუქსი ერთი კვირით დაიქირავა, მაგრამ რად გინდა?! თურმე საცოლე სათოფეზეც არ იკარებს, ეუბნება, შენთან ცოტა უცხოდ ვარ, შეგეჩვევი და მერე დავიძინოთ ერთადო. ნომერში ერთი დიდი საწოლი მდგარა, მაგრამ მასზე მხოლოდ ნანის ეძინა, ირაკლის კი - დივანზე. მეოთხე დღეს ნანის შეუთავაზებია, მოდი, საღამოს დავლიოთ, სითამამე მომემატება, შებოჭილი აღარ ვიქნები და მერე უკვე შევძლებ ''მოსახდენი მოხდესო'' (იცინის). ამის შემდეგ ირაკლის რაღაც ეჭვი კი გასჩენია, მაგრამ ქალისთვის არაფერი უთქვამს, დათანხმებია. ასე იყო თუ ისე, საღამოს წითელი ღვინის სმა დაუწყიათ, კაცს ოთხი ჭიქა რას დაათრობდა, მაგრამ ნანი მაშინვე დამთვრალა და მოულოდნელად ატირებულა. ირაკლის უფიქრია, ღელავსო, ჩახუტებია, მოფერებია და ცოტა ხანში ლოგინშიც ამოყვეს თავი. ''მოსახდენი მოხდა'' და ჩვენს პატარძალს გული ამოუჯდა, ქალიშვილი არ ვარ და არ მინდოდა ეს შენთვის მეთქვა, ვიფიქრე, რომ დავლევთ, ამას ვერ გაიგებს, მეშინოდა სიმართლის თქმის, მერე ცოლად აღარ მომიყვანო. ირაკლი გაცეცხლებულა, მაგრამ, რასაკვირველია, არა იმაზე, რაც ნანის ადარდებდა, არამედ იმაზე, რომ ის ქალი მის მოტყუებას შეეცადა. მაშინვე უთქვამს, ბარგი ჩაალაგე, თბილისში ვბრუნდებით, სახლში მიგიყვან და ამის შემდეგ ჩემმა თვალებმა არ დაგინახოსო. ქალი ფეხებში ჩავარდნია, მაპატიეო, მაგრამ ირაკლის გული ვეღარ გაალღო... მომხდარით ყველა შოკირებული იყო, რამდენიმე დღე სიმართლე ვერავინ გაიგო, მაგრამ თბილისიდან წასვლის წინა დღეს ირაკლი ჩემთან იყო სტუმრად, ჩემს ქმართან ერთად დალია და ყველაფერს მოუყვა. მე სამზარეულოში ვიჯექი და ყველაფერი მესმოდა. გაოგნებული ვიყავი იმ ქალის სიშტერით. 42 წლის ქალს ვინღა მოსთხოვდა ქალიშვილობას?! ეს რა დასამალი იყო?! ან თავიდან ვერ უთხრა იმ კაცს ყველაფერი, რა დალევა და ტანჯული სცენების დადგმა იყო საჭირო.
- ბოლოს როგორ დამთავრდა მათი ამბავი? ხომ არ შერიგდნენ?
- არა. რამდენიმე კვირის წინ ირაკლი კიევში გაემგზავრა. ბიცოლაჩემმა მითხრა, ნანი იყო მოსული და ყველა ის სამკაული თუ ნივთი მომიტანა, რაც ნიშნობაზე ვაჩუქეთო. როგორც მივხვდი, არც მათ იციან სიმართლე და მომხდარით ნანის მშობლების გაოგნებული არიან. ბიძაჩემი ირაკლისთან შეეცადა სიმართლე გაერკვია, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მე და ჩემი მეუღლე ამ თემაზე ერთმანეთთანაც არ ვსაუბრობთ. ახლა თქვენ გიამბეთ და თუ რომელიმე მხარე ამ ამბავს წაიკითხავს, შეიძლება ყველაფერს ფარდა აეხადოს. ვფიქრობ, შეიძლება ეს კარგიც იყოს, რადგან გაურკვევლობაში არიან და დღემდე ვერ გაუგიათ რა მოხდა ბათუმში...

ანა კალანდაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 94 /
ანი
ეს მართლაც მარტო საქართველოში შეიძლება მოხდეს!!! ამ ქალს ვინ ეკითხება სხვის ცხოვრებაში რომ ერევა, ან ნამდვილად ეგრე იყოო. მე უფრო იმ კაცის კაცობაში მეპარება ეჭვი :) შეიძლება ქმრის მოვალეობა ვერ შეასრულა და მაგიტომ აღარ მოიყვანა ცოლად. ძალიან საეჭვოა საცოლეს მხოლოდ იმიტომ დაშორდე, რომ ქალიშვილი არ აღმოჩდება თან მითუმეტეს კარგი სექსის შემდეგ. ამას უპრობლემოდ დათანხმდებოდა. ვფიქრობ მანდ საქმე უფრო რთულად იქნება.....და ეს ჩვენი საქმე არ არის ....
17:25 / 10-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ანნა
"ქალბატონი ბავშვურად მოიქცა" ?????
16:01 / 10-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ვაი!
ეს მარტო ჩვენთან შეიძლება მოხდეს! სულ გაგიჟდნენ!
14:31 / 10-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
გასაგებია, რომ ის ქალბატონი ბავშვურად მოიქცა... მაგრამ შენ რომ დამჯდარხარ და საქვეყნოდ ინტერვიუს აძლევ, რა ქვია ამას? შენ რას ყოფ ცხვირს?
14:30 / 10-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS