სოფო:
- ჩემი დეიდაშვილის ქორწილის დღეს შესანიშნავი ამინდი დაემთხვა. მსგავსი სანახაობა არასოდეს
- ეს ყველაფერი ასე დაწვრილებით საიდან იცით?
- დათო ჩემი დეიდაშვილია. ბავშვობაში მეც სოფელში ვცხოვრობდი. ჩვენს ეზოებს ღობეც კი არ ყოფდა. მე ძმა არ მყავს და დათოს ჩემს ღვიძლ ძმად ვთვლი. დედა და დეიდა ერთმანეთის შვილებს არ ასხვავებდნენ. ორივეს დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით გვზრდიდნენ. დათოს მამა მაშინ დაიღუპა, როცა ის ოთხი წლის იყო. დედაჩემი და მამაჩემი ყველანაირად ცდილობდნენ, ბავშვს უმამობა არ ეგრძნო.
- ახლა გასაგებია. იას მანამდე იცნობდით?
- ხომ გითხარით, ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ ია არ გამიცნია. ისე, საოცრად ლამაზია: მაღალი, შავგვრემანი, დიდი შავი თვალებით. რომ დავინახე, გამიკვირდა კიდეც, 25 წლამდე როგორ არ გათხოვდა-მეთქი?!
- კარგით, რა მოხდა ქორწილის დღეს?
- დათოს ბიძაშვილი გია წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ნათესავებს მასთან კონტაქტი თითქმის არ ჰქონიათ. ის ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს და სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა. დედამისი იცინოდა, დღეს ინგლისშია, ხვალ გერმანიაში, ზეგ შეიძლება საბერძნეთში ამოყოს თავი. ადრე ამას სულ განვიცდიდი, მაგრამ ახლა მის ამგვარ ცხოვრების რიტმს შევეჩვიე და რამდენიმე თვე რომ არ გამოჩნდეს, არ ვნერვიულობო. დათოს ქორწილის თარიღი გიასთვის დედამისს უცნობებია. არავინ იცოდა, თუ ჩამოსვლას აპირებდა. სტუმრების ნაწილს სუფრა უკვე დატოვებული ჰქოდა, როცა ეზოში გია შემოვიდა, ძლივს ვიცანი, ძალიან იყო შეცვლილი. სანამ ის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ჩამოუვლიდა და ნეფე-პატარძლამდე მიაღწევდა, რამდენიმე წუთი გავიდა. ამ დროს მე იას გვერდით ვიდექი, თმას ვუსწორებდი. მაშინვე შევამჩნიე, როგორ გაფითრდა. ვკითხე კიდეც, ცუდად ხომ არ ხარ-მეთქი. დაღლა მოიმიზეზა და სკამზე ჩამოჯდა. როცა გია მოგვიახლოვდა, ჯერ დათოს გადაეხვია, მერე იასკენ მიბრუნდა. კაცს სახე აელეწა და ეს მხოლოდ მე შევნიშნე. რამდენიმე წამი გაშტერებული იდგა, მერე დაიხარა, ია გადაკოცნა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა, გილოცავთო. ვერ მივხვდი რა ხდებოდა, თუმცა ის კი ვიეჭვე, რომ ია და გია ერთმანეთს იცნობდნენ და მართალიც აღმოვჩნდი. გია სუფრასთან რომ დასვეს, მასზე დაკვირვება გავაგრძელე. პირი არაფრისთვის დაუკარებია, ისე გადაკრა ერთი ჭიქა, მერე მეორე. არც ნეფე-პატარძალი უდღეგრძელებია და არც სხვა სადღეგრძელო უთქვამს, ის უბრალოდ იჯდა და სვამდა. დაახლოებით ერთ საათში მან დათოს თავისთან უხმო და ისინი სადღაც გავიდნენ. როცა სიძე მოიკითხეს და ვერ იპოვეს, ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს ეს ამბავი სტუმრებთან არ გაეხმაურებინათ. იფიქრეს, სიძე დათვრა და ადრე თუ გვიან გამოჩნდებაო. თან ეს უკვე ის დრო იყო, როცა სუფრასთან კანტი-კუნტად შემორჩნენ სტუმრები. იამ რამდენჯერმე სცადა დათოსთან დაკავშირება, მაგრამ უშედეგოდ. ყველა რომ წავიდა, საძინებელში ავყევი. თავად მთხოვა მასთან ვყოფილიყავი. როგორც კი ოთახში შევედით, ია ატირდა. მაშინ მიამბო ყველაფერი. 17 წლის ყოფილა, როცა დედამისი სამუშაოდ საბერძნეთში წავიდა და ქალიშვილიც თან წაიყვანა. დედამისი იქ მოხუცის მომვლელად მუშაობდა, ია კი სწავლობდა. მერე თავადაც დაუწყია მუშაობა ერთ-ერთ რესტორანში. იქ შეხვედრია გიას. მათი ნაცნობობა ორი წლის შემდეგ შეუღლებით დასრულებულა. ია გიასთან გადავიდა საცხოვრებლად, მაგრამ წყვილი ერთმანეთს ვერ შეეწყო. გია გამუდმებით მოგზაურობდა, ხან სამსახურის გამო, ხანაც ისე, გართობის მიზნით. ია ამას ვერ შეეგუა და ისევ საბერძნეთში დედას დაბრუნდა. დედა-შვილი იქ კიდევ ორი წელი დარჩა და მერე საქართველოში დაბრუნდნენ. აი, ასეთი იყო მისი ისტორია. როცა დათოს ცოლად მიყვებოდა, მისთვის არ უთქვამს, რომ მანამდე გათხოვილი იყო. ეტყობა, არ სურდა წარსულის გახსენება. იას არ ვამართლებ, უბრალოდ, რაღაცნაირად მესმის მისი, მეცოდება.
- და სიძე სახლი როდის დაბრუნდა?
- არ დაბრუნებულა. მერე გავიგეთ, რომ იმავე ღამეს დათო გიას გაჰყვა. ორი დღის შემდეგ დათომ დამირეკა და მითხრა, მაგ მატყუარა ქალს გადაეცი, სახლში დაბრუნდეს. საქართველოდან მივდივარ და მანდ რომ დავბრუნდები, არ დამენახოსო. რასაკვირველია, იას ვუთხარი და წავიდა. ყველა გაოგნებულია. არავინ იცის, სინამდვილეში რა მოხდა. სიმართლე მხოლოდ ჩვენ ოთხმა ადამიანმა ვიცით. ადრე თუ გვიან, ალბათ სიმართლეს ყველა გაიგებს, მაგრამ ჯერჯერობით დუმილს ვამჯობინებ. საერთოდაც ვფიქრობ, რომ ეს ამბავი დათომ თავად უნდა აუხსნას მშობლებს და ახლობლებს, მე ამ საქმეში არ ჩავერევი.
მკითხველის ისტორია