ლელა:
- 16 წლის ვიყავი, როდესაც ერთ საღამოს მამამ გამომიცხადა, რომ ერთ კვირაში მეზობელ გელას უნდა დავენიშნე და მალე ქორწილიც
- მეუღლის გადაწყვეტილება დედამ როგორ მიიღო?
- მას მთელი ცხოვრება არავინ არაფერს ეკითხებოდა. ოჯახში უფროსი ყოველთვის მამა იყო. დედას ვეხვეწებოდი, რომ არ გავეთხოვებინე, მაგრამ ისიც ჩემთან ერთად ტიროდა. ჩვენ რა შეგვეძლო. ერთ კვირაში ნიშნობა შედგა, მაგრამ სიძემ ვერ მოითმინა და იმ საღამოსვე წამიყვანა სახლში. ქორწილი აღარ გადაგვიხდია, რადგან დედამთილ-მამამთილმა გადაწყვიტეს, რომ ზედმეტი ხარჯი აღარ გვჭირდებოდა.
კოშმარი გათხოვების პირველივე დღიდან დაიწყო. ქმარი არ მიყვარდა, უფრო მეტიც, მძულდა და ისევ მიტრიალებდა იმაზე ფიქრი, როგორ დაითანხმა გელამ მამაჩემი. ერთ დღეს მშობლებთან სახლში მისულს ეზოში ახალი მანქანა დამხვდა. დედას ჩემი მისვლა არ ესი-ამოვნა, თვალს ვერ მისწორებდა. მერე გამომიტყდა, რომ მანქანა მამაჩემს ჩემმა ქმარმა უყიდა. ორი თვის ფეხმძიმე ვიყავი და ნერვიულობისგან მუცელი მომეშალა.
- მამას არაფერი უთხარი?
- ისტერიკულად ვყვიროდი და ჩემს კივილზე მეზობლებიც კი შემოცვივდნენ. დედას ვუყვიროდი, ახლა მივხვდი, შენ და მამამ მანქანაზე რომ გამყიდეთ-მეთქი. ქალი ტიროდა, მარწმუნებდა, რომ არაფერი იცოდა, მაგრამ დღემდე არ მჯერა. ქმართან ოთხი წელი ვიცხოვრე, ამ პერიოდის განმავლობაში მშობლებისკენ არც გამიხედავს. გელა ვერ შევიყვარე, რის გამოც ისე გადაირია, რომ ბოლოს ლამის ყოველდღე ფიზიკურად მისწორდებოდა. მერე თვითონაც დაიღალა და გამიშვა. მითხრა, ოღონდ სახლიდან წადი, შვილი მე დამიტოვე და ბინას თბილისში გიქირავებო. შვილი მამასთან დავტოვე და სამუშაოდ იტალიაში გავემგ-ზავრე.
- არ გაგიჭირდა ბავშვის დატოვება?
- რა თქმა უნდა, შვილი ყველა დედას ენატრება, მაგრამ წასასვლელი სხვაგან არსად მქონდა. მთელმა სოფელმა იცოდა, რომ მამამ მანქანაზე გამყიდა და მშობლიურ სახლში რა დამაბრუნებდა. ჩემი დედამთილი ცუდი ქალი არ არის და დარწმუნებული ვიყავი, ბავშვს კარგად მიხედავდა.
იტალიაში ჩემი ჩამოსვლიდან ორ წელიწადში ყოფილი მეუღლე დაქორწინდა და ცოლად ჩემზე კიდევ უფრო პატარა გოგონა მოიყვანა. მე კი წელიწადში ერთხელ ჩავდივარ და ერთ კვირას ჩემს გოგონასთან ერთად თბილისში სასტუმროში ვატარებ. ყოფილ ქმარს ჩამოჰყავს და ტოვებს. ოღონდ სოფელში აღარ ჩავიდე და მისი ცხოვრებიდან გავქრე, ამ დათმობაზე თანახმაა.
- მშობლებზე გული არ მოგიბრუნდა?
- ჩემმა დამ ჩემს შეცდომაზე ისწავლა და როდესაც მისი გათხოვება გადაწყვიტეს, მეზობელ რაიონში უშვილო დეიდასთან გაიპარა საცხოვრებლად. კარგა ხანს იმალებოდა და მშობლები ისე ანერვიულა, რომ ტიროდნენ, ოღონდ გამოჩნდეს და გათხოვებაზე ხმას არ ამოვიღებთო. სკოლა დაამთავრა, უნივერსიტეტიც და სამი წლის წინ გათხოვდა. მხოლოდ მასთან მაქვს კარგი ურთიერთობა, ტელეფონით ხშირად ვუკავშირდები და ხანდახან ფულსაც ვუგზავნი. რაც შეეხება მშობლებს, საქონელივით გაყიდვას არასოდეს ვაპატიებ.
სალომე დადიანი
ჟურნალი ''რეიტინგი''