- მარიამი მქვია. 19 წლის ვარ და დღემდე ერთი ბედნიერი დღე არ მქონია. ხანდახან მგონია, რომ ჩემი ოჯახი დაწყევლილია. ეტყობა წარსულში წინაპრებს რაღაც დიდი ცოდვა ჩაუდენიათ. 21 წლის იყო დედაჩემი, როდესაც ჩემზე მშობიარობას გადაჰყვა. მამაჩემი 24 წლის გახლდათ და წარმოიდგინეთ ახალგაზრდა კაცისთვის ეს რამხელა ტრაგედია იქნებოდა. არც მას ჰქონია დალხენილი ბავშვობა. ობლობაში გაზარდა დედამისმა. ბაბუა სულ ახალგაზრდა იყო, როცა ხიდან ჩამოვარდა და იქვე დალია სული. ბებიაჩემს ორი შვილი-ქალ-ვაჟი დარჩა გასაზრდელი. თავად ბებია არ გათხოვილა და შვილებზე ამოსდიოდა მზე და მთვარე. მამიდაჩემს ვიღაც ბიჭი უყვარდა თურმე, ისიც იმავე გრძნობით პასუხობდა, მაგრამ მის მშობლებს ობოლი გოგო რძლად არ მოსწონდათ. ბიჭი რომ ჯარში წასულა, მის მშობლებს მამიდაჩემისთვის მოუტყუებით, ჩვენი შვილი დაქორწინდა და დაივიწყეო. ამ ამბავზე ქალს იმდენი უნერვიულია, რომ რამდენჯერმე თავის მოკვლა სცადა. სამჯერ გადაარჩინეს, მაგრამ მეოთხედ ექიმები უძლურები აღმოჩდნენ. მამიდაჩემს დიდი რაოდენობით საძილე საშუალება დაულევია და როცა ის ასეთ მდგომარეობაში იპოვეს, უკვე გვიანი იყო. ბებიაჩემს ერთი შვილი დარჩა. მამა რომ წამოზრდილა, ძალიან ბევრს შრომობდა. მას იქვე სოფელში დედის გარდა გაუთხოვარი დეიდა ჰყავდა და მასაც უვლიდა. მერე დეიდამისი ლოგინად ჩავარდა და როგორც ბებია მიყვებოდა, ძალიან ხშირად ღამეებსაც კი უთევდა. როცა მამამ ცოლი მოიყვანა, ის თავის დეიდის სახლში წაუყვანია. როგორც გითხარით, დედა ჩემზე მშობიარობას გადაჰყვა. მისი გარდაცვალების შემდეგ, სრულიად შეიცვალა. მამას არ ვუყვარდი და ამის მიზეზს თანდათან მივხვდი. ის დედის სიკვდილში მე მადანაშაულებდა და ამიტომ მექცეოდა ასე სასტიკად.
- რას გულისხმობთ? გცემდათ?
- დიახ... დედაჩემს მშობლები არ ჰყავდა, ორივე ავარიაში დაიღუპა. ამიტომ ჩემი ერთადერთი პატრონი ბებია იყო. მე რომ გავჩნდი ის 50 წელს იყო გადაცილებული. ზოგი ამ ასაკში შესანიშნავად გამოიყურება და ენერგიულია, მაგრამ ბებია სულ ავადმყოფობდა და მე მამა მივლიდა. თუმცა, იმას შვილზე ზრუნვა არ ერქვა. სულ მიყვიროდა. რამდენჯერმე სასტიკად მცემა. ერთხელ ცხვირი გამიტეხა, ხელიც მომამტვრია... მერე სმა დაიწყო. სოფელში კარდაკარ დადიოდა და ზოგს ჭიქა არაყს სთხოვდა და ზოგსაც ღვინოს. ბებია მეუბნებოდა, რომ მანამდე მამაჩემი სულ სხვანაირი იყო. არც სვამდა, არც ყვიროდა და სოფელში მისი ბიჭებთან წაკინკლავებაც კი არ ახსოვდათ, მაგრამ როცა მე მოვევლინე სამყაროს, მამა რადიკალურად შეიცვალა. ეტყობა დედის გარდაცვალების გამო ვძულდი, თორემ სხვა რა უნდა ყოფილიყო მისი სისასტიკის მიზეზი?! 5 წლის ბავშვს ისე როგორ უნდა დაარტყა, რომ ცხვირი გაუტეხო?!
- როდემდე გაგრძელდა მამა-შვილს შორის ასეთი ურთიერთობა?!
- მამა ხშირად დადიოდა სანადიროდ. ხანდახან რამდენიმე დღით იკარგებოდა და ბოლოს სახლში ნანადირევით ბრუნდებოდა, ჭუჭყიანი, ტალახში ამოსვრილი, მშიერი. ერთხელაც ზამთარში იარაღი აისხა და სანადიროდ წავიდა. სამი დღე არ გამოჩენილა. მეოთხე დღეს ბებიამ უკვე ნერვიულობა დაიწყო და მეზობლებში გავიდა, რომ ეთხოვა, შვილი მომაძებნინეთო. იმ საღამოს ურემზე დასვენებული მოგვიყვანეს სახლში. ტყეში გაყინულიყო, მაშინ მხოლოდ 32 წლის იყო... ამ ყველაფრის მერე, როგორ შეიძლება ბედნიერი იყოს ადამიანი. ერთადერთი ბებია მყავს და ისიც რომ არა, ალბათ დღეს მეც არ ვიქნებოდი ცოცხალი. როცა ყველაზე ძალიან მიჭირდა, გვერდით დამიდგა და იმ კაცის ხელებში არ ჩამაგდო, ვისი დანახვაც კი მზარავს!
- ვინ არის ის ადამიანი, როგორც ვიცი, მას დიდი ხანია თქვენი ცოლად შერთვა უნდა...
- დიახ. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა თვალი დამადგა. არადა ჩემზე ათი წლით დიდია და წესით ასეთ სისულელეებს არ უნდა აკეთებდეს. პირველად რომ დამინახა, მაშინვე მოვიდა, გამეცნო და მითხრა, ძალიან მომწონხარ და ცოლად უნდა შეგირთოო. რასაკვირველია, გამეცინა, რადგან მაშინ მან არც ჩემი სახელი იცოდა და არც წარმომავლობა. ის ჩვენს სოფელში ბიძაშვილის ოჯახში იყო სტუმრად და ჩემი ამბავი უკითხავს. კარგს რას ეტყოდნენ, უთხრეს რა გაუბედურებული ოჯახიდანაც ვარ, მაგრამ მისთვის არაფერს აქვს მნიშვნელობა. მას მერე დამდევდა და წამით არ მასვენებდა. არ გეგონოთ რომ ვთამაშობ, მომწონს ის კაცი და რაღაცებს ვიგონებ. მეზიზღება - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით!
- რატომ გაქვთ ასეთი აგრესია მის მიმართ? სხვა მოგწონთ?
- სხვა არაფერ შუაშია. ის კაცი იმიტომ მეზიზღება, რომ არ ესმის, არ მინდა მისი ცოლობა, არა! სამჯერ მომიტაცა და გამოვექეცი. ერთხელ თავის ძმაკაცთან სოფელში წამიყვანა. იქიდან იმ ძმაკაცის დის დახმარებით გამოვიქეცი. გოგონას ავუხსენი ჩემი მდგომარეობდა. მან ტაქსის ფული მომცა და სახლიდან გამაპარა. მეორედ იმ არაკაცმა თბილისში ჩამომიყვანა. თან იცით როგორ მომიტაცა?! მაღაზიიდან გამოსულს ცხვირზე რაღაც სითხით გაჟღენთილი ნაჭერი ამაფარა, რომლის სუნმაც მომენტალურად გამთიშა. გონს რომ მოვედი, უკვე თბილისში ვიყავით, მაგრამ არც მაშინ დავრჩი მასთან. მანქანიდან რომ გადავდიოდით, გავექეცი და მეტროსკენ გავიქეცი. იქ უკვე ვეღარ მიპოვა. მესამედ ისეთ მიყრუებულ ადგილას წამიყვანა, რომ ირგვლივ არც სახლი იყო და არც ვინმე სულიერი შეგვხვედრია. ახლოს არ მივიკარე და ღამით, როცა დაიძინა, ფანჯრიდან გადავხტი. ახლაც ცუდად ვხდები, ის ღამე რომ მახსენდება. ირგვლივ ვერაფერს ვხედავდი, მაგრამ უკანმოუხედავად გავრბოდი და სად, მე თვითონაც არ ვიცოდი. მერე დავეცი და გონს რომ მოვედი, თავზე ვიღაც მადლიანი მოხუცი ცოლ-ქმარი მედგა. უგონოდ ვუპოვივართ მინდორში და სახლში წამიყვანეს... საბედნიეროდ, ბებიაჩემს არ აქვს იმაზე გართულება, რომ მონატაცების სახელით სოფლად თავი მომეჭრება. საკმაოდ მიზანდასახული ადამიანი ვარ. მინდა თბილისში რაღაც სამსახური ვიშოვო და ბებიაჩემთან ერთად აქ დავსახლდე. სოფლის სახლს გავყიდი, ან სულაც დავანგრევ და ნაკვეთად გავყიდი. იქ ჩემს ოჯახს არ გაუხარია და არ მინდა, სხვაც გაუბედურდეს.
მკითხველის ისტორია