18 ოქტომბერი, 2014
მარტო დარჩენილი ქალის ტრაგედია - „მინდა მთელი ცხოვრება შიშით გაატაროს...“
უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გაბრაზებული ვიყავი და შვილებს მამასთან შეხვედრას ვუკრძალავდი ვის შეიძლება ენდოს სასოწარკვეთილი ქალი, ქმარს თუ მკურნალ ექიმს? როგორც ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარი, ქალბატონი ანასტასია ამბობს, მას სწორედ იმ ადამიანებმა უღალატეს, რომლებსაც საკუთარი სიცოცხლე ანდო. დღეს ანასტასია მარტოა და იმედგაცრუებული, საკუთარ თავგადასავალს კი ჩვენს მკითხველს ერთადერთი მოტივით უამბობს, სხვებმა მისი შეცდომა გაითვალისწინონ, რომ მსგავსი ისტორია მათ ცხოვრებაში აღარ განმეორდეს.

- ჩვეულებრივი ოჯახი მქონდა. მეუღლე, ბავშვები, პატარ-პატარა პრობლემები და წარმატებები. ქმარი სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა, მე
სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად. ერთ დღეს კი ყველაფერი შეიცვალა, კიბეზე ფეხი დამიცურდა, დავგორდი და ხერხემალი დავიზიანე. ექიმებს ეშინოდათ, რომ წელს ქვემოთ შეგრძნებას დავკარგავდი, მაგრამ ძლიერი ორგანიზმი მქონდა და ფეხზე გავლა შევძელი, თუმცა ინტენსიური და ხანგრძლივი მკურნალობა აუცილებელი იყო.
- მეუღლესთან პრობლემებმა ამის შემდეგ იჩინა თავი?
- არა, ის ყოველთვის ყურადღებიანი იყო, ჩემი ავადმყოფობის შემდეგ კი უფრო მეტად გულისხმიერი გახდა, დღე ისე არ გავიდოდა, სამსახურიდან ოთხჯერ, ხუთჯერ არ დაერეკა. პატარა ბავშვივით მეფერებოდა. დამერწმუნებით, რომ ეს ავადმყოფისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგვიანებით ჩემმა მკურნალმა ექიმმა მასაჟი დამინიშნა. კიდურებთან დაკავშირებული პრობლემები განვითარდა და მასაჟი მჭირდებოდა. ძველ მეგობარს დავუკავშირდი, ის საავადმყოფოში მუშაობდა და ვთხოვე, კარგი მასაჟისტის პოვნაში დამხმარეობდა. მეორე დღეს ჩემს საწოლთან ქერათმაინი, 30 წელს მიახლოებული მანდილოსანი იდგა და მზრუნველი გამომეტყველებით მესაუბრებოდა. ჩვენ ფასზე შევთანხმდით, ის მომდევნო ერთი თვე ყოველდღე უნდა მოსულიყო. ჩემი ქმარი მასაჟისტს სამსახურის შემდეგ მიაკითხავდა ხოლმე და შინ მოჰყავდა. ეს პროცესი თავიდან ძალიან ეზარებოდა, რადგან მთელი დღის განმავლობაში ძალიან იღლებოდა, მაგრამ თანდათან სიზარმაცე გაქრა და მეუღლეს მასაჟისტის მიმართ პატივისცემის გრძნობა გაუმძაფრდა.
- ეს რით ახსენით?
- რაც ხდებოდა, მაშინვე უნდა მივმხვდარიყავი, მაგრამ იმდენად ვიყავი საკუთარ ავადმყოფობაზე ფიქრით დაკავებული და ისე ვენდობოდი საკუთარ მეუღლეს, ეჭვიანობა აზრადაც არ მომსვლია.
- მასაჟისტი გასათხოვარი იყო?
- როგორც თვითონ მითხრა, 18 წლის ასაკში გათხოვილა, მაგრამ მალევე დაშორებია ქმარს. მეუბნებოდა საშინელი ადამიანი შემხვდა, შენი მეუღლე კი სხვებს არ ჰგავსო. ქმრის ქება მსიამოვნებდა, რას ვიფიქრებდი ამ სიტყვების უკან რა იმალებოდა. თანდათან მათი ფარული მოწონება სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდა. ექვსი თვის განმავლობაში ჩემი ქმრისთვის სადილიც კი არ მომიმზადებია, სულ ცუდად ვიყავი, ვკვნესოდი, ვწუწუნებდი. კაცი ასეთი სცენების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა, მაგრამ თანაგრძნობის სურვილი დიდხანს არ ჰყოფნის. მას გვერდით ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე ქალი სჭირდება. დარწმუნებული ვარ, არსებობს გამონაკლისიც. ზოგი მამაკაცი საყვარელ ქალს წლების განმავლობაში უვლის და არ ღალატობს, თუმცა ჩემი ქმარი მათ კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა.
- სახლიდან წავიდა?
- ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, სამსახურში რაღაც ინფორმაციები მოდის, იქნებ მასაჟისტი დაგეთხოვაო. პირველად მაშინ გავიგე, რაც ხდებოდა. ჩემს გარშემო. როცა დათო სახლში მოვიდა, მისი ტანსაცმელი უკვე ჩალაგებული მქონდა. არც გაიკვირვა და არც შეიცხადა, მხოლოდ ის მითხრა, ჩემთვის წასვლა პრობლემა არ არის, იმაზე დაფიქრდი, უჩემოდ შენ რა გეშველებაო. თურმე ცოლ-შვილის მიტოვება პრობლემა არ იყო, მაგრამ „სულგრძელობას“ იჩენდა და სახლში დარჩენას გვთავაზობდა. მერჩია ეჩხუბა, ეგინა, ყველაფერი თავდაყირა დაეყენებინა. მან კი მშვიდად გაიხურა კარი და წავიდა, ისე, თითქოს თოთხმეტი წელი ერთად არ გვიცხოვრია. მასაჟისტ მარგოსთან დაიდო ბინა. როგორც ვიცი, მისმა მშობლებმა ვიწრო წრეში ქორწილიც გადაუხადეს და ზეიმობენ, ქალი გავათხოვეთო. დათოც არ უნდა იყოს უკმაყოფილო. პირველზე ბევრად ახალგაზრდა, მომხიბვლელი და რაც მთავარია, ჯანმრთელი ცოლი ჰყავს.
- ბავშვებთან რა ურთიერთობა აქვს?
- უნდა ვაღიარო, რომ ძალიან გაბრაზებული ვიყავი და შვილებს მამასთან შეხვედრას ვუკრძალავდი. ვემუქრებოდი, თუ გავიგე რომელიმე დაელაპარაკეთ, შინ აღარ შემოგიშვებთ-მეთქი. მეგონა, ისინიც მიჯერებდნენ. იქნებ თავიდან ასეც იყო, მაგრამ შვილისთვის მშობელს ვერაფერი შეცვლის. რამდენიმე თვის შემდეგ ჩემმა ბიჭებმა ჩათვალეს, რომ ეს დიდების პრობლემა იყო, კონფლიქტი მათ არ ეხებოდათ და დათოსთან დაკავშირება გადაწყვიტეს. მობილურზე უპასუხეს, დათო ქალაქიდანაა გასულიო. ორი დღის შემდეგ კიდევ დაურეკავთ, მამის ხმა ვერც ამჯერად გაიგეს. ბოლოს და ბოლოს, როცა მარგოს დათოს შვილებთან საუბარი მოსწყინდა, ქმარს ნება დართო ბავშვებს დალაპარაკებოდა, მაგრამ რა? ძველი მზრუნველი მამის კვალიც კი აღარსად ჩანდა. თურმე ისე დაელაპარაკა, როგორც უცხო მამაკაცი, მენატრებითო, ისიც კი არ უთქვამს. ბიჭებმა წყენა ვერ დამალეს და აღიარეს, რომ მამას დაუკავშირდნენ. ისეთი დარდიანები იყვნენ, ვეღარ ვუსაყვედურე. რაც მოხდა, ჩვენ ყველას ერთნაირად შეგვეხო, ამიტომ სიმართლე უნდა გაგვეანალიზებინა და ერთად ახალი ცხოვრების დაწყება გვეცადა.
- მას შემდეგ დათო აღარ დაგკავშირებიათ?
- ვინც მე მიყვარდა, ის დათო აღარ არსებობს, მარგოს დამონებული კაცი კი ჩვენ არ დაგვიკავშირდება. ვიცი მკრეხელობაა, მაგრამ მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობ, მარგომ ის დღეები გამოიაროს, რაც მე შემემთხვა. არც მის სიკვდილს ვინატრებ და არც იმას, რომ ქმარმა მიატოვოს, უბრალოდ, მინდა, მთელი ცხვორება შიშით იცხოვროს, რომ ერთ დღეს გამოჩნდება ქალი, რომელიც მისი ავადმყოფობით ისარგებლებს და ბედნიერებას წაართმევს.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
tata
Eee, kacs rogor ende, an im masajists aqet iqet ras daatarebinebdi shens qmars, tviton ver ivlida? Kvela kaci, rom erti nagavia ar ici? Axalgazrda da lamaz colebs galatoben aceuli fexebis danaxvaze uproblemod . Kaci da ertguleba? Es igivea , rac cecxli da ckali erti da igive adgilze. Ise nu geshinia, imasac miatovebs axali bozis gamochenistanave...
23:47 / 26-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS