10 ოქტომბერი, 2014
''ყველას გეხვეწებით, ბავშვის გაჩენა მინდა, ხელი არ მკრათ, არ გამკიცხოთ...''
''პირველად თბილისში 18 წლის ასაკში ჩამოვედი. მანამდე აქ მხოლოდ პატარაობისას ვყოფილვარ. ბოტკინი მქონდა და თბილისის საავადმყოფოში მიმკურნალეს. მაშინ 3-4 წლის ვიყავი და არაფერი მახსოვს. ასე რომ, როცა ვამბობ, საქართველოში ვცხოვრობ და სანამ სტუდენტი არ გავხდი, მანამდე დედაქალაქში არ ვყოფილვარ-მეთქი, მგონი მართალი ვარ. არ მეთანხმებით?!'' - ღიმილით კი დაიწყო საუბარი ნატომ, თუმცა ბოლოს ოთახი აცრემლებულმა დატოვა...

- ნორმალურად ვსწავლობდი. ვერ ვიტყვი, რომ ხუთოსანი ვიყავი, მაგრამ არც ერთი სამიანი არ მყავდა. ბავშვობიდან მინდოდა დაწყებითი კლასის პედაგოგი ვყოფილიყავი,
მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შევიცვალე. მეოთხე კურსზე სკოლებში პრაქტიკა გავიარეთ და მაშინ მივხვდი, რომ ჩემგან პედაგოგი არ დადგებოდა. როცა ვხედავდი, რომ ბავშვი ზარმაცობდა და გაკვეთილს არ სწავლობდა, ისე განვიცდიდი, მთელი ღამე არ მეძინა. ყველა მეუბნებოდა, მასწავლებელი რომ გახდები, ამდენს აღარ ინერვიულებ, შეეჩვევიო, მაგრამ გულგრილობა ჩემს ხასიათში არ დევს. სწავლაზე და საერთოდ, ამ პროფესიაზე გული ამიცრუვდა. უმაღლესი კი დავამთავრე, მაგრამ სკოლაში მუშაობის დაწყებას არ ვაპირებდი.
- სტუდენტობის დროს თბილისში მარტო ცხოვრობდით?
- როცა ჩავაბარე, დედაჩემმა და მამაჩემმა ბიძაჩემის ოჯახში მიმიყვანეს, მაგრამ იქ ერთი წელიც ვერ გავჩერდი. ორი ბიძაშვილი მყავს და მათთან ერთად ვიყავი ოთახში. თუმცა თავს ზედმეტად ვგრძნობდი. ჩემი ბიძაშვილები ამრეზით მიყურებდნენ, მგონი, ერთმანეთში ''სოფლელსაც'' კი მეძახდნენ. არ მოსწონდათ ჩემი გურული კილო, ჩაცმის სტილი, ცხოვრების წესი. თუ ჩემი ჯგუფელები გართობაზე ფიქრობდნენ, მე ლექციების შემდეგ პირდაპირ სახლში ან საჯარო ბიბლიოთეკაში მივდიოდი. ერთხელად ბიცოლაჩემმა სადილად გვიხმო. ქათამი ჰქონდა შემწვარი, დაჭრა თუ არა, თეთრი ხორცი შვილებს თეფშებზე დაულაგა. მერე დესერტად საზამთრო მოიტანა და ყველაზე კარგი ნაჭრებიც შვილების თეფშებზე დააწყო. ამის გამო თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი და ჩემს მშობლებს შევუთვალე, ან ბინას მიქირავებთ და საცხოვრებლად მარტო გადავალ, ან სოფელში დავბრუნდები-მეთქი. დედაჩემი ჩვენი სოფლის სკოლაში ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ამბობდა, როცა ნატო სწავლას დაამთავრებს, ამ სკოლაში მასწავლებლად მოვაწყობო. მან მამა ბინის დაქირავებაზე დაიყოლია. საბედნიეროდ, მაშინ არ გვიჭირდა და ამის საშუალება გვქონდა.
- დედმამიშვილი გყავთ?
- ჩემი უმცროსი და ქუთაისშია გათხოვილი. 14 წლის იყო, როცა მისმა ქმარმა მოიტაცა. ჩემებს ვეხვეწებოდი, სულ მთლად ბავშვია, სახლში წამოვიყვანოთ-მეთქი, მაგრამ ჩემმა ძმამ და მამამ ეს არ დაუშვეს, მონატაცების სახელით ცხოვრება გაუჭირდებაო. ჩემი პატარა დაიკო ასე გაიმეტეს. ახლა 22 წლისაა და 3 შვილის დედაა. 17 წლის იყო, როცა უკვე 2 შვილი ჰყავდა. კიდევ კარგი, ნორმალურ ოჯახში მოხვდა და ქმარშიც ასე თუ ისე გაუმართლა.
მამამ ბინა მიქირავა და მარტო ცხოვრება დავიწყე. მშობლები ფულს კი მიგზავნიდნენ, მაგრამ მინდოდა დამოუკიდებლად მეცხოვრა. ბუღალტერია ვისწავლე. ყოველ საღამოს ჩემს მეზობელთან ერთად ინგლისურს ვმეცადინეობდი და ეს ენაც ავითვისე. დედაჩემს იმედები კი გავუცრუვე, როცა ვუთხარი სოფელში აღარ დავბრუნდები და სკოლაში მასწავლებლად არ ვიმუშავებ-მეთქი. მას შემდეგ დავმკვიდრდი თბილისში და ჩემი თავის ბატონ-პატრონი გავხდი. თუმცა ბოლომდე ასე მაინც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 32 წლის ქალი ვარ, მაქვს საკუთარი ოროთახიანი ბინა, სამსახური და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებ, მაინც ვერ ვიქცევი ისე, როგორც მსურს.
- რას გულისხმობთ?
- ბოლო ორი წელია ბავშვის გაჩენაზე ვფიქრობ, მაგრამ როცა ვუღმავდები, ამას რა რეაქცია მოჰყვება ჩემი ოჯახისა და ახლობლების მხრიდან, გული ისე მიჩქარდება, წამალი თუ არ დავლიე, ვერ ვმშვიდდები. რასაკვირველია, ამ წლების განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში არაერთი მამაკაცი იყო, რომლებთანაც შემეძლო ოჯახი შემექმნა, მაგრამ არ მოვინდომე. ვერ წარმომიდგენია გათხოვება მხოლოდ იმისთვის, რომ ოჯახი მქონდეს და შვილები კანონიერი მეუღლის გვერდით თანაცხოვრებით გავაჩინო. ეს ხომ ისედაც შეიძლება?! თან, ალბათ არავინ მყვარებია. ან შეიძლება მყვარებია, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ქორწინებით არ დასრულდა.
- ისე ლაპარაკობთ, რომ მგონია ვიღაც ძალიან გიყვარდათ...
- კი, ძალიან, ძალიან მიყვარდა. ის ადამიანი სიცოცხლეს მერჩივნა. იდეალური ურთიერთობა გვქონდა, ისეთი ბედნიერი ვიყავი, ხანდახან ამდენი სიხარულის მეშინოდა კიდეც, მაგრამ ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა. შუაღამეს გადაცილებული იყო, როცა ის მეგობართან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ქუჩა გადაკვეთა და თითქმის უკვე ტროტუარზე გადასულს, დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა დაეჯახა. ადგილზევე გარდაიცვალა თურმე (ტირის)... ვიცოდი, მისნაირად სხვა არასოდეს შემიყვარდებოდა და ასეც მოხდა. იმ ამბის შემდეგ წლები გავიდა და ვერავინ გავიკარე. ახლახან ჩემს ცხოვრებაში ერთი მამაკაცი გამოჩნდა. მას ცოლი და შვილები ჰყავს. ფაქტობრივად, მისი საყვარელი გავხდი, მაგრამ ამას არ ვნანობ. ის ზუსტად ისეთი კაცია, როგორიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მომწონდა. მშვიდად და კარგად ვარ მის გვერდით. ის კარგად ხედავს, რომ მის გარდა არავის მინდა. მითხრა, არ მემეტები იმისათვის, რომ ასე იცხოვრო, შენ ოჯახი და შვილები უნდა გყავდესო. მე კი ვუპასუხე, სიამოვნებით გავაჩენდი შვილს შენგან-მეთქი. უარი არ უთქვამს, მაგრამ მამაჩემმა და ჩემმა ძმამ ეს რომ გაიგონ, მეც მომკლავენ, მასაც და იმ ბავშვსაც, რომელსაც გავაჩენ. არადა, რომ დაუკვირდეთ, რა სისულელეა! ამხელა ქალი ვარ და საკუთარ ცხოვრებას ისე ვერ წარვმართავ, როგორც მინდა, საქართველოში ეს დღემდე მიუღებელი ნაბიჯია. ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, მინდა ვიყო დედა და ბავშვს ვზრდიდე, მაგრამ ზუსტად ვიცი, ამ ნაბიჯზე ჩემებს რა რეაქციაც ექნებათ. თქვენ გგონიათ დედა გამიგებს და ან და?! არავითარ შემთხვევაში! არადა წლები გადის, პატარა ხომ აღარ ვარ?! მალე 33 წლის ვხდები. საგონებელში ვარ ჩავარდნილი. ხანდახან ვამბობ, უნდა მოვიკრიბო ძალა, ჩემებთან სოფელში ჩავიდე, ყველანი დავსვა და ჩემი გადაწყვეტილება გავანდო. მშვიდად ავუხსნა ყველაფერი, მაგრამ ვერ ვბედავ. ძალიან მეშინია, ძალიან... იგივე რეაქცია მაქვს საზოგაოდებაზეც, ყველას გეხვეწებით, ბავშვის გაჩენა მინდა, ხელი არ მკრათ, არ გამკიცხოთ.

ანა კალანდაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 82 /
ნინო
აუცილებლად უნდა გააჩინო, მეც ასეთ დღეში ვიყავი, ვერ გავრისკე, და დავრჩი ასე, ახლა 49 წლის ვარ და ძალიან ვნანობ, რომ ბავშვი არ მყავს, დედა გარდამეცვალა, მოხუც მამას ვუვლი და ისიც რომ გარდაიცვლება დავრჩები სულ მარტო და სულ ვამბობ, რომ ამაში ჩემი მშობლები არიან დამნაშავეები, ისეთი მძაფრი რეაქციები ქონდათ, უნდა გააჩინო ყოველმიზეზგარშე, რომ მერე ასე არ დარჩე
16:02 / 10-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
ყოველთვის მგონია ასეთი სტატიები მოგონილია, რადგან თავს პრობლემებზე სასაუბროდ რედაქციებში არავინ დადის. მაგრამ, მაინც - შვილის გაჩენა სხვისი ქმრისგან
15:59 / 10-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
შვილის გაჩენა ძალიან კარგია, მაგრამ ბედნიერების აწყობა სხვისი უბედურების ხარჯზე არ გამოგივა...მომავალზე არ ფიქრობ? რას ეტყვი შვილს როცა გაიზრდება..ტყუილს? 33 წელი არაა ისეთი ასაკი რომ ვერ გათხოვდე....დაუბრუნე ეს კაცი საკუთარ შვილებს და შვილი ქმრისგან გააჩინე.სხვის კარგ კაცს, შენი და ცუდი გერჩიოს
15:41 / 10-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ttt
samcuxarod saqartveloshi zalian bevri msgavsi shemtxvevaa... dzabali donis da sheugneblobis ambavia... magas ki samcuxarod dzalian didi dro chirdeba rom sheicvalos... isic sheicvleba tu ara kidev sakitxavia ...magram faqtia negatiuris garda arferi moaqvs. scored am alogikuri midgomis da sheugneblobis gamo ar unda daichagros adamiani romelsac unda tavisi piradi cxovreba moickos. enas dzvali ar aqvs, is aucileblad itrialebs da sazgvrebsac gascdeba... iqneba boroti da cudi gamoxmaureba, tundac sakutari mshoblebisgan romeltac tqvenc monstrebad axasiatebt radgan tvlit rom samives mogklavt. amitom ra vqnat imitom rom mat ar mocont, tqven ase unda ikot bolomde? aramc da aramc. tqven tqvens tavs mixedet isini cxovroben tavistvis rogorc vxedavt. kvelas tavsi cxovreba aqvs da tavisi tetreuli. xoda mixedos kvelam tavis saqmes :) ra tqma unda jobda rom coliani ar kopiliko, rom shegxvedrodat iseti mamakaci romeltanac oajxs shemqnidit magram ras vizamt kvelaperi ise ar xdeba rogorc kargia :) gmerti tqvensken. sheecadet ikot bednieri da icxovrot ise rogorc gsurt da sazogaodebis azris gatvalsicinebaze dakrdnobit nu miigebt gadackvetilebas. mat tavisuplad sheudzliat dagingrion cxovreba. damercmunet mat ubralod usaqmurobis gamo unda dakavdnen sxvisi cxovrebit. adamiani romelic bednieria da tavsi cxovreba aqvs is arasdrso uxeshad ar ereva sxvis cxovrebashi. kvelas tavis gzaze gaumarjos!
15:11 / 10-10-2014
გამოხმაურება / 0 /
თუ ეს პიროვნება რეალურია, მაშინ მინდა გავამხნევო და ვურჩიო შვილი არ გადაიფიქროს. იქ, სოფელში თქვას რონ გათხოვდა და ქმარს ვერ შეეწყო და გაცილდა. პრობლემა ნაკლები იქნება. მაგრამ შვილზე არ თქვას უარი...
15:11 / 10-10-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო
ტელეფონი გინდა მოგცეო
15:11 / 10-10-2014
გამოხმაურება / 0 /
სხვას ოჯახს რატომ ურევ?
შვილის გაჩენა რომ გინდა კი ბატონო, გააჩინე, მაგრამ ცოლიანი კაცისგან რატომ აკეთებ ამას? შენნაირების პასუხი ვიცი "ცოლთან უბედურია, ის არ ფიქრობს თავის ოჯახზე, მე რატომ ვიფიქრო და ა.შ." მაგრამ ყველა თუ თავის სინდისს მიხედავს უკეთესი იქნება, რატომ არ ფიქრობ როგორ აუბედურებ სხვა ოჯახს იმიტომ რომ თურმე სხვისი ქმარი ისეთია როგორი კაცებიც შენ მოგწონს?! თუ მხოლოდ შვილის გაჩენა გინდა უცულო კაცები დაილია?! ჩემი რჩევა იქნება დაანებო თავი ცოლიანი კაცების დევნას, ხო ხედავ ოჯახს არ ტოვებს შენს გამოო. ვერც ბავშვით დაიჭერ, ნუ გაიჩენ მტრებს და დამაწყევრებს...
14:50 / 10-10-2014
გამოხმაურება / 0 /
დედა.. დეეეეეეეეეეედა
კი უნდა იყოს ყველა ქალი დედა მაგრამ არა სხვისი ქმრის ხარჯზე!!!! არა სხვისი ოჯახის გაუბედრურების ხარჯზე, გიყვარს რას მეუბნები?! მეც მიყვარს?! რატომ ამართლებთ ყოველთვის ასეთ სიყვარულს. მამაბოას ხომ პირველად ზუსტად საყვარელი ცოლის შვილმა აზიარა
14:27 / 10-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნონა
გულით და სულით გირჩევ ძვირფასოვ, გ ა ა ჩ ი ნე...
14:26 / 10-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
არავინ არ გაგკიცხავს, ვისაც უნდა მაინც იტყვის და იჭორავებს თუ გინდა აუცილებლად უნდა გააჩინო,ისედაც ხანმოკლეა ეს ცხოვრება,მაგრამ არ დაივიწყო ისიც რომ ბავშვი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ამავე დროს დიდი სიხარული და უფლის წყალობა.
14:01 / 10-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS