- ნორმალურად ვსწავლობდი. ვერ ვიტყვი, რომ ხუთოსანი ვიყავი, მაგრამ არც ერთი სამიანი არ მყავდა. ბავშვობიდან მინდოდა დაწყებითი კლასის პედაგოგი ვყოფილიყავი,
- სტუდენტობის დროს თბილისში მარტო ცხოვრობდით?
- როცა ჩავაბარე, დედაჩემმა და მამაჩემმა ბიძაჩემის ოჯახში მიმიყვანეს, მაგრამ იქ ერთი წელიც ვერ გავჩერდი. ორი ბიძაშვილი მყავს და მათთან ერთად ვიყავი ოთახში. თუმცა თავს ზედმეტად ვგრძნობდი. ჩემი ბიძაშვილები ამრეზით მიყურებდნენ, მგონი, ერთმანეთში ''სოფლელსაც'' კი მეძახდნენ. არ მოსწონდათ ჩემი გურული კილო, ჩაცმის სტილი, ცხოვრების წესი. თუ ჩემი ჯგუფელები გართობაზე ფიქრობდნენ, მე ლექციების შემდეგ პირდაპირ სახლში ან საჯარო ბიბლიოთეკაში მივდიოდი. ერთხელად ბიცოლაჩემმა სადილად გვიხმო. ქათამი ჰქონდა შემწვარი, დაჭრა თუ არა, თეთრი ხორცი შვილებს თეფშებზე დაულაგა. მერე დესერტად საზამთრო მოიტანა და ყველაზე კარგი ნაჭრებიც შვილების თეფშებზე დააწყო. ამის გამო თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი და ჩემს მშობლებს შევუთვალე, ან ბინას მიქირავებთ და საცხოვრებლად მარტო გადავალ, ან სოფელში დავბრუნდები-მეთქი. დედაჩემი ჩვენი სოფლის სკოლაში ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ამბობდა, როცა ნატო სწავლას დაამთავრებს, ამ სკოლაში მასწავლებლად მოვაწყობო. მან მამა ბინის დაქირავებაზე დაიყოლია. საბედნიეროდ, მაშინ არ გვიჭირდა და ამის საშუალება გვქონდა.
- დედმამიშვილი გყავთ?
- ჩემი უმცროსი და ქუთაისშია გათხოვილი. 14 წლის იყო, როცა მისმა ქმარმა მოიტაცა. ჩემებს ვეხვეწებოდი, სულ მთლად ბავშვია, სახლში წამოვიყვანოთ-მეთქი, მაგრამ ჩემმა ძმამ და მამამ ეს არ დაუშვეს, მონატაცების სახელით ცხოვრება გაუჭირდებაო. ჩემი პატარა დაიკო ასე გაიმეტეს. ახლა 22 წლისაა და 3 შვილის დედაა. 17 წლის იყო, როცა უკვე 2 შვილი ჰყავდა. კიდევ კარგი, ნორმალურ ოჯახში მოხვდა და ქმარშიც ასე თუ ისე გაუმართლა.
მამამ ბინა მიქირავა და მარტო ცხოვრება დავიწყე. მშობლები ფულს კი მიგზავნიდნენ, მაგრამ მინდოდა დამოუკიდებლად მეცხოვრა. ბუღალტერია ვისწავლე. ყოველ საღამოს ჩემს მეზობელთან ერთად ინგლისურს ვმეცადინეობდი და ეს ენაც ავითვისე. დედაჩემს იმედები კი გავუცრუვე, როცა ვუთხარი სოფელში აღარ დავბრუნდები და სკოლაში მასწავლებლად არ ვიმუშავებ-მეთქი. მას შემდეგ დავმკვიდრდი თბილისში და ჩემი თავის ბატონ-პატრონი გავხდი. თუმცა ბოლომდე ასე მაინც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 32 წლის ქალი ვარ, მაქვს საკუთარი ოროთახიანი ბინა, სამსახური და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებ, მაინც ვერ ვიქცევი ისე, როგორც მსურს.
- რას გულისხმობთ?
- ბოლო ორი წელია ბავშვის გაჩენაზე ვფიქრობ, მაგრამ როცა ვუღმავდები, ამას რა რეაქცია მოჰყვება ჩემი ოჯახისა და ახლობლების მხრიდან, გული ისე მიჩქარდება, წამალი თუ არ დავლიე, ვერ ვმშვიდდები. რასაკვირველია, ამ წლების განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში არაერთი მამაკაცი იყო, რომლებთანაც შემეძლო ოჯახი შემექმნა, მაგრამ არ მოვინდომე. ვერ წარმომიდგენია გათხოვება მხოლოდ იმისთვის, რომ ოჯახი მქონდეს და შვილები კანონიერი მეუღლის გვერდით თანაცხოვრებით გავაჩინო. ეს ხომ ისედაც შეიძლება?! თან, ალბათ არავინ მყვარებია. ან შეიძლება მყვარებია, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ქორწინებით არ დასრულდა.
- ისე ლაპარაკობთ, რომ მგონია ვიღაც ძალიან გიყვარდათ...
- კი, ძალიან, ძალიან მიყვარდა. ის ადამიანი სიცოცხლეს მერჩივნა. იდეალური ურთიერთობა გვქონდა, ისეთი ბედნიერი ვიყავი, ხანდახან ამდენი სიხარულის მეშინოდა კიდეც, მაგრამ ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა. შუაღამეს გადაცილებული იყო, როცა ის მეგობართან ერთად სახლში ბრუნდებოდა. ქუჩა გადაკვეთა და თითქმის უკვე ტროტუარზე გადასულს, დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა დაეჯახა. ადგილზევე გარდაიცვალა თურმე (ტირის)... ვიცოდი, მისნაირად სხვა არასოდეს შემიყვარდებოდა და ასეც მოხდა. იმ ამბის შემდეგ წლები გავიდა და ვერავინ გავიკარე. ახლახან ჩემს ცხოვრებაში ერთი მამაკაცი გამოჩნდა. მას ცოლი და შვილები ჰყავს. ფაქტობრივად, მისი საყვარელი გავხდი, მაგრამ ამას არ ვნანობ. ის ზუსტად ისეთი კაცია, როგორიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მომწონდა. მშვიდად და კარგად ვარ მის გვერდით. ის კარგად ხედავს, რომ მის გარდა არავის მინდა. მითხრა, არ მემეტები იმისათვის, რომ ასე იცხოვრო, შენ ოჯახი და შვილები უნდა გყავდესო. მე კი ვუპასუხე, სიამოვნებით გავაჩენდი შვილს შენგან-მეთქი. უარი არ უთქვამს, მაგრამ მამაჩემმა და ჩემმა ძმამ ეს რომ გაიგონ, მეც მომკლავენ, მასაც და იმ ბავშვსაც, რომელსაც გავაჩენ. არადა, რომ დაუკვირდეთ, რა სისულელეა! ამხელა ქალი ვარ და საკუთარ ცხოვრებას ისე ვერ წარვმართავ, როგორც მინდა, საქართველოში ეს დღემდე მიუღებელი ნაბიჯია. ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, მინდა ვიყო დედა და ბავშვს ვზრდიდე, მაგრამ ზუსტად ვიცი, ამ ნაბიჯზე ჩემებს რა რეაქციაც ექნებათ. თქვენ გგონიათ დედა გამიგებს და ან და?! არავითარ შემთხვევაში! არადა წლები გადის, პატარა ხომ აღარ ვარ?! მალე 33 წლის ვხდები. საგონებელში ვარ ჩავარდნილი. ხანდახან ვამბობ, უნდა მოვიკრიბო ძალა, ჩემებთან სოფელში ჩავიდე, ყველანი დავსვა და ჩემი გადაწყვეტილება გავანდო. მშვიდად ავუხსნა ყველაფერი, მაგრამ ვერ ვბედავ. ძალიან მეშინია, ძალიან... იგივე რეაქცია მაქვს საზოგაოდებაზეც, ყველას გეხვეწებით, ბავშვის გაჩენა მინდა, ხელი არ მკრათ, არ გამკიცხოთ.
ანა კალანდაძე