09 ოქტომბერი, 2014
კაცი, რომელიც ცოლს საყვარლისგან შვილის გაჩენაზე დათანხმდა
ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, ქალბატონი სიდონია, ორი შვილის დედა, თავის ისტორიას გვიამბობს. და საკუთარ თავზე გამოსცადა, როგორ იწყობენ ქალები პირად ბედნიერებას აბეზარი საყვარლების დახმარებით.

- 40 წლის ასაკში გავთხოვდი, გაუნათლებელ, შეუხედავ მამამაკაცს გავყევი ცოლად. ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასეთ ადამიანზე გავაკეთებდი არჩევანს. მანამდე საუკეთესო გარეგნობისა და ინტელექტის თაყვანისმცემლები მყავდა, მაგრამ ბოლო მომენტში ყველა მათგანთან ურთიერთობა მიფუჭდებოდა.
როცა მივხვდი, რომ შინაბერას სტატუსი არ ამცდებოდა, შემთხვევით გაცნობილს ცოლობაზე დავთანხმდი. დედაჩემმა ბევრი იტირა, ჩემს შვილს ასეთი არ შეეფერებოდაო, დაქალებმაც დიდხანს აქნიეს
სინანულით თავი, მაგრამ რაღას გააწყობდნენ. პირველივე თვეს დავფეხმძიმდი და ჩემი ტანჯვაც ამის შემდეგ დაიწყო.
- რატომ, ბავშვი არ უნდოდა?
- შვილზე რომელი მამაკაცი არ ოცნებობს, თუმცა ბესოს კომპლექსი ჰქონდა, რომ მის ასაკში ბავშვი აღარ ეყოლებოდა. თითქოს რცხვენოდა კიდეც, რადგან მის თანატოლებს უკვე შვილიშვილები ჰყავდათ. ამ კომპლექსს სიფხიზლეში არ ავლენდა, როცა დათვრებოდა, გულისნადებს მაშინ ამოანთხევდა ხოლმე. - ეგ ჩემი შვილი არ არის, მითხარი, ვისგან ხარ ფეხმძიმედო. ვეუბნებოდი, ბავშვი სხვისგან რომ მდომებოდა, შენზე რატომ გავთხოვდებოდი-მეთქი? თუმცა ეს არგუმენტი ბესოსთვის საკმარისი არ იყო. როცა პირველად იჩხუბა და მეორე დილით გამოფხიზლებულს შევახსენე, შერცხვა, - გავაფრინე, გთხოვ, არავის უთხრაო.
- საიდუმლო შეუნახეთ?
- სხვა რა გზა მქონდა. მეორედ, როცა ეჭვიანობის მორიგი შეტევა დაეწყო, ისევ ნასვამი იყო. ჯერ ''სულგრძელობა'' გამოიჩინა, დამშვიდდა, - რამდენს გაუზრდია სხვისი შვილი, მეც გავზრდი ამ ნაბიჭვარსო. უკვე მოთმინება დავკარგე და შევეპასუხე. ამაზე მთლად გადაირია, ხელი მკრა, ლოგინზე დამაგდო და ყელში წამიჭირა: - ვიცი, ვიღაც კაი ტიპისგან იქნები ფეხმძიმედ, ჩემისთანა მსუქანი და მელოტი რაში გჭირდებაო. წარმოიდგინეთ, ქირით ვცხოვრობდით, ყოფითი პრობლემები თავბრუს მახვევდა, ამას კი სრულიად უაზრო და უსაფუძვლო ეჭვებიც რომ დაემატა, როგორ უნდა გამეძლო?
- კონკრეტულად ვინმეზე ეჭვიანობდა?
- არა, ისიც კი არ უკითხავს, ორმოც წლამდე ვინ მიყვარდა ან ვის ვხვდებოდი. არც იმას აქცევდა ყურადღებას, ქუჩაში თუ ვინმე შემომხედავდა, ან წვეულებაზე ყურადღების ცენტრში მოვექცეოდი. თუმცა ჩაცმასთან დაკავშირებით ყოველთვის პრობლემები მქონდა. მკერდს ვინ ჩივის, ყელიც დაფარული უნდა მქონოდა, შორტებსა და სხვა თამამ ტანსაცმელზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ბოლოს სახლიდან გასვლასაც აღარ მანებებდა. ბაზარშიც თვითონ დადიოდა, სამსახურისთვის თავი დამანებებინა და სიყვარულზე ფილმს თუ ვუყურებდი, მაშინვე ჩემს გამოხედვას აკონტროლებდა, ხომ არ ჩავფიქრდი და ვინმეზე ოცნებამ ხომ არ გამიტაცა. ასე ტანჯვაში გავატარე ცხრა თვე.
ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვოცნებობდი, ბავშვი მამას დამსგავსებოდა, რომ ერთი პრობლემა მაინც მოიხსნებოდა. როცა ჩემი პატარა გაჩნდა, ერთი სიკვდილი გავათავე. მე და ჩემი ქმარი კუპრივით შავები ვართ, ბავშვი კი თოვლივით ქათქათა და ცისფერთვალება დაიბადა. ამის შემდეგ ბესომ საერთოდ დაკარგა გონივრული განსჯის უნარი და სამშობიაროდან გასვლის შემდეგ სახლიდან გაიქცა.
- თქვენ მშობლებთან დაბრუნდით?
- არა, ნაქირავებ ბინაში დავრჩი, თუმცა ქირას ამჯერად მამაჩემი იხდიდა. ბესო სიფხიზლეში მოვიდოდა, ბოდიშს მიხდიდა, მაგრამ დათვრებოდა თუ არა, ჭურჭელს ამტვრევდა და მცემდა. ერთ დღესაც შინ აღარ შემოვუშვი. მისი პირადი ნივთები გარეთ გავყარე და ჩემი ცხოვრებიდან ამ ადამიანის ამოშლა გადავწყვიტე. ბესოს უკან დასაბრუნებლად დიდი ინიციატივა აღარ გამოუჩენია. თითქმის ექვსი თვე მისთვის თვალიც არ მომიკრავს. ამ პერიოდში მარტოობის გადასატანად ვიღაც მამაკაციც გავიცანი და მე და ჩემს გოგონას ყურადღებას ის გვაქცევდა. თუმცა ბედნიერი ცხოვრება არც მისგან მელოდა. როცა აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი და საყვარელს ვახარე, მან ირონიით მითხრა, ხომ იცი, ეგ ბავშვი არავის სჭირდებაო. მანამდე ამტკიცებდა, რომ ცოლთან გაშორებული იყო, ბოლოს კი უბოდიშოდ მიმატოვა. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი.
ორმოცდაორი წლის მარტოხელა დედა კიდევ ერთ შვილს ველოდებოდი. სწორედ ამ დროს ბესო კვლავ გამოჩნდა.
- ამჯერად უკვე სხვისი შვილი დაახვედრეთ, რა რეაქცია ჰქონდა?
- საოცარი, ისეთი მშვიდი არასოდეს მახსოვს. აქ უკვე საეჭვო არაფერი იყო, ვუთხარი, რომ საყვარლისგან ვაჩენდი ბავშვს და გულაჩუყებულმა ისიც მოვუყევი, როგორ უსამართლოდ მომექცა ჩემი შვილის მამა. მკითხა, რას აპირებ, ბავშვი უნდა გააჩნოო? პასუხი თავადაც არ მქონდა, თუმცა ბესო მაინც მოვატყუე, - არა, აბორტს გავიკეთებ-მეთქი. ის ფეხზე წამოდგა, ოთახში ნერვიულად გაიარ-გამოიარა, შემდეგ ჩვენს მძინარე გოგონას დახედა და თანაგრძნობის ტონით მთხოვა: - ამ ცოდვას ნუ ჩაიდენ, თუ მაპატიებ, ორივეს ერთად გავზრდიო.
- ეს რატომ თქვა, აღარ ეჭვიანობდა?
- არ ვიცი, ალბათ ამ სენით დაავადებულ მამაკაცებს ცილისწამების დასამტკიცებლად არგუმენტები სჭირდებათ, როგორც კი ფაქტებს წააწყდებიან, უკან იხევენ და საკუთარი სულგრძელობით ტკბებიან. როგორც ახლაც ვხვდები, ბესოს ყოველთვის ვუყვარდი, მაგრამ ეჭვის ჭია ღრღნიდა, რატომ გავყევი ცოლად, მე ხომ მასზე ათი თავით მაღლა ვიდექი. საყვარლის გაჩენის შემდეგ კი ჩემმა ცოდვამ მისი ნაკლოვანებები გადაწონა, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე ფიქრობდა და ჩვენს ოჯახში სიმშვიდემაც დაისადგურა. ახლა ბესო ჩემს ორ გოგონას ისე ზრდის, რომ სხვისი შვილის პრობლემა აღარ აწუხებს.
- დაიჯერა, პირველის მამა თვითონაა?
- ერთხელ ვკითხე და მითხრა მჯერაო, მეც მეტი შეკითხვებით აღარ შემიწუხებია.

კესო ლაღიძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ნეო
მშვენიერი ოჯახი :D
16:56 / 09-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ალეხანდრე
რა კარგი სერიალის სცენარია - აბა ჩქარა გადაიღეთ ფილმი. დაუმატეთ ინდური მუსიკა და ერთად ვიტიროთ. მაინც რა არის ეს ტალანტი ვერსად ვერ დამალავ კაცო
15:10 / 09-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS