07 ოქტომბერი, 2014
როგორ ძალადობენ ცოლებზე ქმრები - ''პურზე ჩასულ ცოლს კაპიკებს უთვლიდა..''
უახლოესი მეგობრის გასაჭირს ხშირად ისე ვითავისებთ, რომ საკუთრი ტკივილისგან გარჩევაც გვიჭირს. ხშირად ვუფიქრდებით, რატომ ექცევა ერთს ადამიანს ცხოვრება სასტიკად, ხოლო მეორეს პირიქით - ყოველგვარი პრობლემა მისთვის უცხოა. ძველად, როცა ადამიანს არაფერში უმართლებდა, ამბობდნენ, ეს რა უბედურ ვარსკვლავზეა დაბადებულიო... ეს გამოთქმა რამდენად მართებულია, ვერ გეტყვით, თუმცა ამ ამბის მთავარი გმირი რომ უიღბლოა, ალბათ დამეთანხმებით. მეგობრის ისტორიას ნატა გვიამბობს.

- მარიკა ყოველთვის მხიარული და მოღიმარი გოგონა იყო. მისი ოჯახი ჩემს კორპუსში მაშინ გადმოსახლდა, როცა პატარები ვიყავით. ფაქტობრივად,
დებივით გავიზარდეთ. მიუხედავად იმისა, რომ მარიკას მამის სამსახურის გამო ისინი ხშირად მოგზაურობდნენ, განუწყვეტელი კონტაქტი გვქონდა. როცა თბილისში იყვნენ, ხომ საერთოდ, გვერდიდან არ ვშორდებოდით ერთმანეთს. 19 წლის გავთხოვდი და დღეს სამი შვილის დედა ვარ. მარიკამ კი წლების განმავლობაში ვერ აიწყო ცხოვრება. ახლა ისეთ მდგომარეობაშია, ხანდახან ვფიქრობ, შეიძლება ამ ყველაფერს ფსიქიკურად ვერც გაუძლოს. ისეთ დეპრესიაშია, წამალს წამალზე ასმევენ, რომ როგორმე დაიძინოს. მე ყოველთვის ვერ ვიქნები მის გვერდით და ვერც მისი რომელიმე ოჯახის წევრი. მეშინია, თავი არ მოიკლას. მიუხედავად იმისა, რომ მორწმუნე ადამიანია, ამის მაინც მეშინია.
- იქნებ თავიდან მომიყვეთ, რამ მიიყვანა თქვენი მეგობარი დეპრესიამდე?
- მარიკა 20 წლის იყო, როცა მამამისი გარდაიცვალა. დედა, ძმა და უმცროსი და უკაპიკოდ დარჩნენ. თურმე მამამისს საყვარელი ჰყოლია, რომელმაც ბავშვი გაუჩინა და იმ კაცმა მთელი ქონება მეოთხე შვილს დაუტოვა. ის ქალი მარიკას მამის დაკრძალვაზე მოსული იყო და ოფიციალურ ცოლს ყველაფერს მოუყვა. თურმე მარიკას დედას ყველაფერი სცოდნია, მაგრამ ქართველი ქალების ხასიათი მოგეხსენებათ, არ იმჩნევდა. მისთვის სრული შოკი ის იყო, როცა იმ ქალმა უთხრა, შენმა ქმარმა ახალი ბინა, მაღაზია და მანქანა მე დამიტოვა, თქვენ კი მხოლოდ ეს ბინა გერგოთ, რომელშიც ცხოვრობთო. მარიკას დედა მიხვდა, რომ გაპროტესტებას აზრი არ ჰქონდა, ყველაფერი ოფიციალურად იყო გაფორმებული. მარიკა და დედამისი იძულებული გახდნენ, ემუშავათ, რომ პატარები შეენახათ და საკუთარი თავისთვისაც მიეხედათ.
- სად მუშაობდნენ?
- რესტორანში. დედამისი ჭურჭლის მრეცხავად მოეწყო, ხოლო მარიკა ცომს ზელდა და ხინკალს ახვევდა. სახლში ისეთი დაღლილები ბრუნდებოდნენ, ჭამის თავიც არ ჰქონდათ. მარიკას პატარა ძმა და და ერთმანეთს უვლიდნენ, ფაქტობრივად, ერთმანეთი გაზარდეს. მარიკა უმაღლესში სწავლობდა, მაგრამ საბუთები დაუსწრებელზე გადაიტანა. ვეღარაფერს ასწრებდა საწყალი. მერე ოჯახის ახლობელმა დედამისს ერთ-ერთ სამინისტროში დააწყებინა მუშაობა და ამოისუნთქეს. მარიკა რესტორნიდან წამოვიდა, უმაღლესი დაამთავრა და სამსახურის ძებნა დაიწყო. სად არ იყო, არც ერთ გასაუბრებასა და გამოცდას არ ტოვებდა. თითქოს მოსწონდათ, ჰპირდებოდნენ დაგირეკავთო, მაგრამ ორი წელი ისე გავიდა, არაფერი შეცვლილა. მერე მეგობარმა პარფიუმერიის გამყიდველად მოაწყო, მაგრამ იქ უფროსის ქმარს მოეწონა.
დღე და ღამე უკან დასდევდა, არ ასვენებდა. მარიკას ბევრი აღარ უფიქრია და სამსახურიდან წამოვიდა. მერე მეორეგან მოეწყო გამყიდველად და იქაც ვიღაც აიკიდა. ამჯერად უბნის ნარკომანი. ის გაუბედურებული მიადგებოდა მარიკას და ხან შოკოლადს სთხოვდა და ხან წვენს. ეს საწყალიც უარს ვერ ეუბნებოდა და იმდენი ვალი დაიდო, მთელ ხელფასს იმ მაღაზიაში ტოვებდა. იქიდანაც წამოვიდა. მერე ის ნარკომანი კარგა ხანს დასდევდა, ცოლად გამომყევი, გამოვსწორდებიო, მაგრამ მოგეხსენებათ, როგორც ''გამოსწორდებიან'' ხოლმე...
- გამოდის, რომ პირად ცხოვრებაშიც არ უმართლებდა...
- სწორედ მაგას ვამბობ. ჯერ იყო და პირველი შეყვარებული დაეღუპა. ავარია მოუვიდა მეგობართან ერთად და იმ მანქანის ოთხი მგზავრიდან მხოლოდ ის ბიჭი ვერ გადარჩა. მარიკამ ხუთი წელი გლოვაში გაატარა. ყოველ შაბათ-კვირას დადიოდა იმ ბიჭის საფლავზე. მერე ნიკა გაიცნო. ის საკმაოდ გონიერი, გაწონასწორებული და ზრდასრული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. თან უკვე ისეთ ასაკში იყო, ვიფიქრე, ალბათ ოჯახის შექმნაზე ფიქრობს-მეთქი. შევცდი. ნიკამ მარიკა უამრავი დაპირებებით აავსო, ერთ მშვენიერ დღესაც დაჰკრა ფეხი და საქართველოდან ისე გაფრინდა, მარიკასთვის არაფერი უთქვამს.
- და მიზეზი?
- ის ადრე უკრაინაში ცხოვრობდა. იქ ვიღაც ქალი ჰყოლია. ეტყობა ვერ დაივიწყა და ისევ მას დაუბრუნდა. არადა, ქორწილის დეტალებზეც კი ლაპარაკობდნენ... მერე კიდევ რამდენიმე ნაძირალა გამოჩნდა მარიკას ცხოვრებაში. არადა, გეფიცებით, იცით როგორი თბილი და უპრეტენზიო გოგოა?! ცხოვრებაში ტყუილი არ უთქვამს და მხოლოდ იმას ფიქრობს, ვის რა სიკეთე გაუკეთოს. მერე კიდევ ერთმა ბიჭმა ძალიან ატკინა გული. უფრო სწორად, ის ბიჭი დაქალმა ''აახია'', როგორც დღეს ამბობენ ხოლმე. ბოლოს, სულ ახლახან მარიკამ დეიდამისის ოჯახში ვიღაც ტიპი გაიცნო. მართალია, ის კაცი მარიკაზე 12 წლით უფროსი იყო, მაგრამ აღარც ჩვენ ვართ პატარები, ხომ?! იმ ბიჭს მარი მოეწონა, არც ჩემი დაქალი დარჩენილა გულგრილი, რამდენჯერმე ერთმანეთს მარტო შეხვდნენ, ისაუბრეს, გაიარეს, გამოიარეს და რეზომ მარიკას ხელი სთხოვა. ეს ამბავი მალე განვითარდა, გაცნობიდან ორ თვეში ქორწილიც გადაიხადეს. მარიკა ყოველთვის თეთრ კაბაზე ოცნებობდა და იმ დღეს სწორედ ისე გამოიყურებოდა, როგორც მთელი ცხოვრება სურდა. ახალდაქორწინებულებმა ორი კვირა თურქეთში გაატარეს. მერე თბილისში რეზიკოს ბინაში მარტო დასახლდნენ.
ეს ბიჭი მუშაობდა და როგორც ვიცოდით, კარგი შემოსავალიც ჰქონდა. პირველად, მარიკასთან სტუმრად რომ მივედი, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო, მაგრამ მისთვის არაფერი მიკითხავს. რამდენიმე თვეში გავიგე, რომ ორსულად დარჩა და ეს უგუნებობა ორსულობას დავაბრალე. კიდევ რომ ვნახე, საშინლად უფერული და გამხდარი მეჩვენა. სკამიდან რომ წამოდგა, იქვე ჩაიკეცა და გული წაუვიდა. საავადმყოფოში რომ გადავიყვანეთ, ვეღარ მოითმინა და სიმართლე მითხრა. რეზიკო ავადმყოფი აღმოჩნდა. თურმე ქორწილიდან ერთი თვის განმავლობაში ცოლს არ გაჰკარებია. მერე კი მიეკარა, მაგრამ ყოველი ღამე მარიკასთვის კოშმარი იყო. ბავშვს ელოდნენ, მაგრამ იმ კაცს სახლში ისეთი პროდუქტი არ მიჰქონდა, რომ ცოლს ვიტამინები მიეღო. საშინლად ძუნწი ყოფილა და პურზე ჩასულ ცოლს კაპიკებს უთვლიდა. პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონია, ამიტომ სასმელს არ ეკარებოდა. მაგრამ ერთხელ დაულევია და ცოლი ისე უცემია, მარიკას გონება დაუკარგავს. რა თქმა უნდა, მეც და დედამისმაც ვუთხარით, რომ იმ კაცს აღარ დაბრუნებოდა. ასეც მოიქცა. მარიკას ერთ კვირაში მუცელი მოეშალა. ძალიან სუსტად იყო, დიდხანს მკურნალობდა. როგორც გითხარით, ახლა დეპრესიაშია, მარტოს არ ვტოვებთ. მინდა მალე გამოჯანმრთელდეს და უბრალოდ, ბედნიერი იყოს. ეყო, რაც დღემდე იტანჯა...

ანა კალანდაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ლია
ქართველი კაცები გადაგვარდნენ.ცოლის ცემა მათვის კარგი კაცობა გონიათ.არ მოგწონს გაუშვი.ასეთ კაცთან ცხოვრებას აზრი არა აქვს.
20:29 / 28-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ქართველი კაცი არ უნდა დაინდო!!
მათხოვრები არიან, ქართველზე ჰათხოვება დროის ფუჭად დაკარგვას უდრის!! 90% ის სჰემტხვევაში
01:25 / 09-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS