25 სექტემბერი, 2014
''ჩემს ქმარს ჩემთან ორი ბიჭი და სხვა ორი ქალისგან ორი გოგონა ჰყავს''
საკუთარ სიძლიერეში მხოლოდ მაშინ რწმუნდები, როცა მარტო და პირისპირ აღმოჩნდები ამა თუ იმ სირთულის წინაშე. ალბათ აქედან წამოვიდა სიტყვათა შეთანხმება ''ძლიერი ქალი''. სწორედ ასეთად მიიჩნევს თავს ნათია დ.

ნათია დ:
- ბავშვობაში ძალიან მანებივრებდნენ. დედისერთა ვიყავი და მშობლებს ჩემ გარდა საზრუნავი არ ჰქონდათ. პირველი კლასიდან მატარებდნენ ცეკვაზე, სიმღერაზე, მხატვრულ ტანვარჯიშზე. მეოთხე კლასში რუსულის მასწავლებელი დამიქირავეს, მეხუთიდან ინგლისური და ესპანური ენების შესწავლა დამაწყებინეს. სკოლაში საუკეთესო მოსწავლედ ვითვლებოდი, სამედიცინოზე ჩაბარებას ვგეგმავდი, მაგრამ ჩემი გეგმები მიულოდნელად შეიცვალა. გავთხოვდი
და ერთ თვეში დავფეხმძიმდი. თამაზიკო ჩემზე 10 წლით უფროსია. როგორც კი დავინახე, მაშინვე მოვიხიბლე. 16 წლის გოგოსათვის ლამაზი სიტყვები და ყვავილები ყველაფერია და მეც ადვილად ''ავვარდი''. სამ თვეში ცოლად გავყევი. გავიპარეთ, რადგან მშობლები სკოლის მოსწავლეს არასოდეს მომცემდნენ გათხოვების უფლებას. ამ ამბავზე მამაჩემს პირველი ინფარქტი დაემართა, რამდენიმე თვეში გაუმეორდა და ექიმებმა ვეღარაფერი უშველეს. დედა მის სიკვდილში გამუდმებით მადანაშაულებდა. ერთხელაც, სახლში მომადგა და მითხრა, რომ მამაჩემის სიკვდილში დამნაშავე ვიყავი. მაშინ პირველი შვილი უკვე მყავდა და ნერვიულობისგან რძე გამიშრა.
- დამხმარე გყავდათ?
- ბავშვის აღზრდაში დედამთილი მეხმარებოდა, მაგრამ მას შემდეგ ამითვალწუნა, რაც გაიგო, რომ ნაშვილები ვიყავი. მეც არ ვიცოდი მანამ, სანამ ჩემს დედამთილს მისმა ბიძაშვილმა არ უთხრა. ჩემი დედ-მამა ძალიან გაჭირვებული ყოფილან და გამყიდეს. ჩემ გარდა ორი შვილი ჰყავდათ და ისინიც გაუშვილებიათ. ჩემს და-ძმას დღემდე ვეძებ, მაგრამ უშედეგოდ. რაც შეეხება ბიოლოგიურ დედ-მამას, ისინი ცოცხლები აღარ არიან. დედა დიაბეტმა იმსხვერპლა, რადგან მედიკამენტებს ვერ იძენდა. ხოლო მამა სვამდა და ციროზით გარდაიცვალა.
მეუღლემ რომ დაინახა, ჩემსა და დედამისს შორის რა დაძაბულობა იყო, ბინა იქირავა და ცალკე გადავედით. ამასობაში მეორედ დავორსულდი. ჯერ იყო და ისეთი საშინელი ტოქსიკოზი მქონდა, ერთ ლუკმასაც ვერ ვყლაპავდი, მერე გავიგე, რომ ჩემს ქმარს პარალელურად სხვა ქალიც ჰყოლია და ისიც ელოდა ბავშვს.
- ეს ამბავი ვინ გითხრათ?
- დედამთილმა დამირეკა და მითხრა, შეგიძლია დედაშენთან დაბრუნდე, შენი შვილი წაიყვანე და წადი. ჩემს ბიჭს მალე ახალი ცოლი ეყოლება და შვილს ის უჩენსო. ვერ ვხვდები, შვილიშვილი მხოლოდ იმიტომ როგორ უნდა აითვალწუნო, რომ მე ნაშვილები ვიყავი. სანამ ამ ამბავს გაიგებდა, შვილიშვილზე გადაყოლილი იყო, მერე ნახვაც აღარ სურდა. შემდეგ ჩემი მეუღლე დაიჭირეს. ახლა ნუ მკითხავთ რა იყო დაკავების მიზეზი, მაინც ვერ გიპასუხებთ. სრულიად მარტო დავრჩი. ასე მეგონა, ჩემზე უბედური არავინ იყო. ამდენი სირთულის წინაშე მარტო, ჩვილი ბავშვით ხელში აღმოვჩნდი და თან მეორე შვილს ველოდი. საბედნიეროდ ჩემს მეუღლეს ყოფველთვის კარგი მეგობრები ჰყავდა და დამეხმარნენ. საუკეთესო ადვოკატი აუყვანეს და სამ წელიწადში ციხიდან გამოვიყვანეთ.
- და იმაზე რა თქვა, რომ მისგან სხვა ქალი შვილს ელოდა...
- აღიარა… ვკითხე, თუ გიყვარს და მასთან წასვლა გინდა, მე არ დაგიშლი-მეთქი, მაგრამ არჩევანი გააკეთა და ციხიდან გამოსული ჩვენთან მოვიდა. მაშინ უკვე ორი ბიჭის დედა ვიყავი. იმ ქალმა ჩემს მეუღლეს გოგონა გაუჩინა. ჩემი მეუღლე რამდენიმე თვე გაჩერდა თბილისში, მაგრამ შემდეგ ცოტა ხნით ქალაქიდან გამგზავრებამ მოუწია. ბევრი პრობლემა ჰქონდა დასალაგებელი და ასე თუ არ მოიქცეოდა, შეიძლებოდა მისი სიცოცხლე საფრთხის წინაშე დამდგარიყო. ერთ დღეს კარზე დარეკეს. ზღურბლზე ულამაზესი ქალბატონი იდგა, რომელიც ჩემს ქმარს კითხულობდა. ვუთხარი, რომ თბილისში არ იყო, მაგრამ სახლში შემოვიპატიჟე. ბავშვებს ეძინათ, თორემ ვერ მოვახერხებდი იმ ქალისთვის მეთქვა, რომ იმ კაცის ცოლი კი არ ვიყავი, ვისაც ეძებდა, არამედ და. რომ გაეგო ცოლი ვიყავი, არაფერს იტყოდა. გული გადამიშალა, 9 წლის წინ ბავშვი გავაჩინე, რომლის მამაც თქვენი ძმაა. ეს ამბავი მისთვის არ მითქვამს, რადგან მალევე დავშორდით. მე ვთხოვდები და, რასაკვირველია, ჩემი შვილიც ჩემთან იქნება, მაგრამ მინდა პერიოდულად მაინც ნახულობდეს მამამისსო. ამიტომ მინდა დაველაპარაკო და ვუთხრა, რომ გოგონას მამააო. გეღიმებათ, ხომ?
- არა. უბრალოდ, როგორც ჩანს, თქვენი მეუღლე მრავალშვილიანი ყოფილა...
- დიახ, ჩემს ქმარს ჩემთან ორი ბიჭი და სხვა ორი ქალისგან ორი გოგონა ჰყავს.
- იმ ქალს რა უთხარით?
- როცა სიმართლე გავიგე, ვუთხარი, რომ მოვატყუე. შეცბა, გაწითლდა, მაგრამ დავამშვიდე. თან მათი ამბავი ჩემამდე მოხდა და არა პარალელურად, როგორც მეორე შემთხევაში.
- ახლა როგორ ცხოვრობთ?
- დილით ვდგები, ქმარს და შვილებს სკოლაში ვაცილებ. შემდეგ სადილს ვაკეთებ, ვრეცხავ, ვხეხავ, მივდივარ საყიდლებზე. მერე შვილებს ვასადილებ, საღამოს კი მთელი ოჯახისთვის ვშლი სუფრას. ჩემი მეუღლის გოგონები ჩვენთან ხშირად მოდიან. არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს მათთან და ისინიც დიდ პატივს მცემენ. უფროსი გოგონას დედა გათხოვდა და ერთი შვილი კიდევ ჰყავს, მეორის დედა კი არასოდეს მინახავს, მხოლოდ ფოტოებზე. არაჩვეულებრივი ქალია, მაგრამ რატომღაც ოჯახი არ შექმნა. არ ვიცი, იქნებ ჩემი ქმარი მართლა უყვარდა?!
- დედამთილი შეგირიგდათ?
- არა, ის ორი წლის წინ ისე გარდაიცვალა, რომ ჩემი მეორე შვილი არ უნახავს. ქმარს ყველაფერი ვაპატიე, რადგან მიყვარდა. თუმცა ბევრ რამეს ვნანობ, უმაღლესში უნდა ჩამებარებინა და მერე გავთხოვილიყავი. ძალიან ვიჩქარე, ძალიან, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკს აზრი აღარ აქვს...

ანა კალანდაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
პეპე
რას არ გაიგეეებ
22:08 / 19-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნენე
არავინმა არ იცით წინ ვის რა ცხოვრება გელოდებათ,ამიტომ სხვას ნუ განსჯით.ასეთი ისტორიები უამრავია დღევანდელ ყოფაში და არც მიკვირს ვინ როგორ და რანაირად არის გულნატკენი.
18:20 / 06-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ბოლა ბოლა . . ვაი თYქვენს პატრონს, მეზღაპრეებო
00:26 / 27-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა-ს, ნია-ს, ნინი-ს
რა მარტივად გამოგაქვთ სხვისთვის განაჩენი :-)
09:24 / 26-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ჭირი იქა, ლხინი აქა..:)
09:10 / 26-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS