24 სექტემბერი, 2014
''ზღვაზე დასასვენებლად გაშვებული შვილი, ერთმა ბიჭმა უკვე ორჯერ მომტაცა''...
რამდენიმე დღის წინ ერთ ქალბატონს შევხვდი, რომელიც ახალგაზრდა დაქვრივდა. როგორც მითხრა, მეორედ გათხოვებაზე არასოდეს უფიქრია და მთელი თავისი ცხოვრება შვილს მიუძღვნა. ამას წინათ ქალბატონ ნინოს შვილთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, რომლის შესახებაც მან ჩვენთან საუბარი ისურვა...

- შვილი უკიდურეს გაჭირვებაში გამოვზარდე. რომ არა ჩემი მშობლები, ძმა და მეგობრები, არ ვიცი თავს როგორ გავიტანდით. მეუღლე მაშინ გარდამეცვალა, როცა გვანცა 4 წლის იყო. ისეთი გამოუცდელი და უსუსური ვიყავი, არაფრის გაკეთება არ ვიცოდი. სანამ გავთხოვდებოდი ჩემს გასაკეთებელ საქმეს დედა
აგვარებდა, შემდეგ კი - მეუღლე. 25 წლის ვხდებოდი, როცა ჩემი მეუღლე ორ მეგობართან ერთად ავტოავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. ანუ ჩემსავით კიდევ ორი ქალი დაქვრივდა. მათ შორის ერთ-ერთს ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდა, მეორეს კი ორი შვილი ჰყავდა. ჩემი გვანცა და ის ბავშვები ერთად გაიზარდნენ. სამივეს ერთმანეთი ღვიძლი დასავით უყვარს. როცა ჩემი მეუღლე დაიღუპა გადავწყვიტე ჩემებთან დავბრუნებულიყავი. რაღაცნაირად მომერიდა უცხო ხალხთან ერთად დარჩენა.
- ''უცხო'' რატომ?
- მიუხედავად იმისა, რომ მათთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა, მაინც საკუთარ ოჯახში მერჩივნა ყოფნა. თან ჩემი მული ქმარს გაშორებული იყო და შვილთან ერთად ჩემს დედამთილ-მამამთილთან ცხოვრობდა. არ მინდოდა7 მე და ჩემი შვილი მათთვის რაიმე სახის ტვირთი ვყოფილიყავით. ასე რომ 40 დღის შემდეგ სახლში დავბრუნდი. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ პირველ ხანს გვანცას ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევდი. არც ღამით ვიწვენდი ჩემ გვერდით და არც დღის განმავლობაში ვატარებდი მის გვერდით დროს. ბავშვს მამაჩემი ასეირნებდა, დედა აჭმევდა, აბანავებდა...
- და თქვენ ამ დროს რა საქმით იყავით დაკავებული?
- არაფერს არ ვაკეთებდი. თავიდან ჩემს ოთახში შეკეტილი გამუდმებით ვტიროდი, შემდეგ მეგობრებთან სიარული დავიწყე. შემეძლო რამდენიმე საათი ვმჯდარიყავი ჩემი რომელიმე მეგობრის სახლში, სამი-ოთხი ჭიქა ყავა დამელია და დრო უქმად გამეტარებინა. არადა ვხედავდი, რომ ჩემთვის არავის ეცალა. ვინც არ მუშაობდა, საოჯახო საქმეებით იყო დატვირთული, ბავშვები ათას წრესა თუ გაკვეთილებზე დაჰყავდათ, ოღონდ სახლში არ ვყოფილიყავი და რამდენჯერმე ერთ ჩემს დაქალს თან გავყევი. შვილი ფეხბურთზე დაჰყავდა და მეც მათთან ერთად დავდიოდი. ზოგს სადილების კეთებაშიც ვეხმარებოდი და თან მაშინ, როცა სახლში არაფერი მიკეთებია. არ ვიცი7 ეს ყველაფერი სადამდე გაგრძელდებოდა, რომ არა ერთი ჩემი მეგობრის ქმრის სიტყვები. ერთხელ სამსახურიდან სახლში დაღლილი დაბრუნდა და მისაღებში, ისევ ყავის ჭიქით ხელში რომ დამინახა, სახე შეეცვალა. ეტყობა ნერვები ვეღარ მოთოკა და მითხრა, აქ ჯდომას, ჭორაობას და ყავის სმას, არ გირჩევნია შვილს მიხედოო?! ეს სიტყვები გულზე მომხვდა. ავდექი და წამოვედი. მეგობარი უკან დამედევნა, ბოდიშს მიხდიდა, მაგრამ მისთვის არ მომისმენია. ის ღამე თეთრად გავათენე. ვტიროდი და თან ჩემს საქციელზე ვფიქრობდი. მეორე დღიდან საოცრად შევიცვალე. ჩემი მთავარი საზრუნავი შვილი გახდა. ყველაფერი საკუთარ თავზე ავიღე. ყველა გაკვირვებული იყო ჩემი მოულოდნელი გარდასახვით, ეტყობა ყველას ეგონა, რომ ბავშვი მძულდა.
- ახლა თქვენი შვილი რამდენი წლისააა?
- გვანცა უკვე დიდი გოგოა (იღიმის). გარეგნულად მამამისის ასლია. სამშობიაროში პალატაში რომ შემომიყვანეს, მაშინვე დავინახე მსგავსება. საბედნიეროდ, სკოლაში კარგად სწავლობდა და უმაღლესში ისე ჩააბარა, არც ერთი რეპეტიტორი არ გვყოლია. როგორც გითხარით ყველა გვეხმარებოდა, მაგრამ ბავშვის მომზადების თანხა მაინც არ მქონდა. გვანცამ გამოცდებზე უმაღლესი ქულები აიღო.
- მიზანდასახული ბავშვი ყოფილა...
- ამაშიც მამამისს დაემსგავსა. წელს დამოუკიდებლად პირველად გავუშვი დასასვენებლად და შევცდი. ზღვაზე ვიღაც ბიჭი გაიცნო, რომელმაც ერთი თვის განმავლობაში ორჯერ მოიტაცა. ბიძამისმა მოახერხა და ორივეჯერ იპოვა, სახლში წამოვიყვანეთ, მაგრამ ახლა ის ბიჭი მაინც არ წყნარდება, შანტაჟს გვიწყობს.
- რას გულისხმობთ?
- ოჯახში გვირეკავს და გვეუბნება, გვანცას ცოლად თუ არ გამატანთ, საშინელ დღეში ჩაგყრითო. მაგ ერთადერთ შვილსაც მოგიკლავ და თავსაც მოვიკლავო. შეიძლება, ეს უბრალო ბავშვური საქციელია, მაგრამ მაინც მეშინია. ბოლო ერთი კვირაა დაწყნარდა. ამბობს, დაამთავროს გვანცამ სწავლა და ცოლად თავისი ფეხით გამომყვებაო.
- და თქვენც შვილს ის ბიჭი უყვარს?
- არა, არ უყვარს. ან რა სიყვარულზეა ლაპარაკი, ორივე ბავშვები არიან. გვანცამ მითხრა, ცხოვრებაში სულ სხვა გეგმები მაქვს, გათხოვებას ჯერ არ ვაპირებო. ვისწავლი, ვიმუშავებ, ვიმოგზაურებ, ოჯახის შექმნას მერეც მოვასწრებო. ხომ იცით, როგორია დღევანდელი ახალგაზრდობა, გათხოვებას აღარ ჩქარობენ და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია.
- ის ბიჭი ახლა აღარ გირეკავთ?
- არა, არც მე და არც გვანცას. ქუჩაშიც ხვდებოდა, მაგრამ ახლა როგორც ბავშვმა მითხრა, აღარ გამოჩენილა. იმ ბიჭის მშობლებთანაც ვცადე დალაპარაკება, მაგრამ მამამისი საზღვარგარეთაა და იქ მუშაობს, დედამისმა გამომიცხადა, ბავშვობიდან თავდაჯერებული და ჯინიანია, შავზე თუ იტყვის თეთრია, თუ არ დაეთანხმე, გადაირევა, შენც გადაგრევს და ბოლოს მაინც თავისას გაიტანსო.
რა ვქნა, ბავშვს სიყვარულს ვერ ავუკრძალავ, უყვარს თქვენი შვილი, ხომ არ სძულსო. ამის შემდეგ იმ ქალს რაღა უნდა ველაპარაკო?! როგორც ჩანს, ყველაფერს ასე მარტივად უყურებს. ვნანობ, ნეტა არ გამეშვა ბავშვი ზღვაზე, ან მეც თან გავყოლოდი. გოგონები პლაჟზე ყოფილან, როცა ის გადარეული პირდაპირ მისულა ჩემს შვილთან და უთქვამს, დღეს მეორედ გხედავ, გუშინ ქუჩაში დაგინახე და მომეწონე, იცოდე მესამედ მაშინ გნახავ, როცა დილას თვალს გავახელ და ჩემ გვერდით იწვებიო. იმავე საღამოს, ძმაკაცების დახმარებით, მაღაზიაში პროდუქტის საყიდლად გასული გვანცა მანქანაში ჩატენეს და მომტაცეს. საბედნიეროდ, მათ შორის არაფერი მომხდარა, რომც მომხდარიყო, არაფერი შეიცვლებოდა. მე სიმწრით გამოზრდილ შვილს ასეთ თავზეხელაღებულ ადამიანს ვერ ჩავუგდებ ხელში!..

ანა კალანდაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
lile
ჯერ კიდევ სად ვართ ხალხნოო.ადამიანებს იტაცებენ და ისე მოჰყავთ ცოლებად.ადამიანის მოტაცება სისხლის სამართლის დანაშაულია და ასეთ დროს პოლიციას უნდა მიმართოდ!
15:12 / 24-09-2014
გამოხმაურება / 0 /
რატი
ესაა სილამაზე?სიმახინჯეა და მეტი არაფერი ასეთი სიგამხდრე,გული აგერევა ადამიანს
14:29 / 24-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS