20 სექტემბერი, 2014
„უკანონო აქამდე არაფერი ჩამიდენია და არც უკანონო შვილი მჭირდება“
35 წლის თვალში საცემი, მაღალი, შავგვრემანი ქალბატონია. გათხოვილი არასოდეს ყოფილა და ვერც დიდი სასიყვარულო ურთიერთობებით დაიკვეხნის. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სამსახური მაშინვე იშოვა და ძალიან მალე თავის სფეროში ერთ-ერთ კვალიფიციურ კადრად დაასახელეს. წარმატებული კარიერის პარალელურად, ოჯახშიც მის მშობლებსა და დედმამიშვილს შორის სრული იდილია იყო. თუმცა, აქამდე საკუთარი ოჯახი ვერ შექმნა და ამაზე უპირველესად იმიტომ სტკივა გული, რომ შვილი არ ჰყავს. „კომფორტი მქონდა შინ და გარეთ, მაგრამ სულში ყოველთვის სიცარიელეს ვგრძნობდი“ - ღრმა გულისტკივილით დაიწყო საუბარი ქალბატონმა ქეთინომ.

- როგორ დავიჯერო, რომ ამ წლების განმავლობაში ისეთი თაყვანისმცემელი არ გყოლიათ, რომელთანაც ოჯახის შექმნაზე იფიქრებდით, ან უბრალოდ მასთან თავს ბედნიერად გრძნობდით?
- გიკვირთ ხომ?! მეც მიკვირს, არ ვიცი ასე რატომ მოხდა. ბედისწერის მჯერა და ალბათ ეს იყო ჩემი ბედისწერა.
- შეიძლება ყველაფერი წინ გაქვთ, რა იცით?
- ვნახოთ (იღიმის).
- რა ხდებოდა დღემდე? გვიამბეთ...
- ჩემ გვერდით ყოველთვის ტრიალებდნენ მამაკაცები, რასაკვირველია, მეტ-ნაკლებად ამა თუ იმ პიროვნების მიმართ სიმპათიებიც მქონდა, მაგრამ რატომღაც ეს ყველაფერი სერიოზულ ურთიერთობებში არ გადადიოდა. უცხოს ტელეფონზე არასოდეს ველაპარაკებოდი. არც ქუჩაში ვაძლევდი ვინმეს გამოლაპარაკების საშუალებას. თაყვანისმცემლები ძირითადად სამეგობრო და საახლობლო წრიდან მყავდა, მაგრამ ზედმეტს მათაც არ ვაკადრებინებდი. დასაწყისში მკითხეთ, თაყვანისმცემელი არ გყოლიათ, რომელთანაც ოჯახის შექმნაზე იფიქრებდით, ან, უბრალოდ, მასთან თავს ბედნიერად გრძნობდითო. გასაგებია ამ მეორე წინადადებაში რა იგულისხმეთ. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ვერასოდეს მექნებოდა მამაკაცთან ურთიერთობა ოფიციალური ქორწინების გარეშე. რაც უნდა დიდი გრძნობა მქონდეს, ვერავის გვერდით ვიქნები იმ სტატუსით, რომელიც მე და ჩემს ოჯახს არ შეგვფერის. ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე, მამაჩემი საკმაოდ მკაცრია. მიუხედავად იმისა, რომ 35 წლის ქალი ვარ, დღემდე, როცა სახლში მისვლა შემაგვიანდება, რომელიმე ოჯახის წევრი მირეკავს და მეკითხება, სად ვარ და შინ როდის მივალ.
- 35 წლის ქალს ეს არ გაღიზიანებთ?
- ზოგჯერ კი, მაგრამ მგონი შევეჩვიე.
- პირადი ცხოვრება რომ არ აგეწყოთ, იქნებ ეს თქვენი ბრალიცაა?
- რატომღაც ყველა ასე მეუბნება. ამ დროს თბილი ვარ, ყურადღებიანი, შემიძლია მამაკაცს ისეთი სიურპრიზები მოვუწყო, რომ გავაოგნო, მაგრამ ამის საშუალება არ მეძლეოდა. თუმცა, ახლა, ბოლო რამდენიმე თვეა, ისე ვიქცევი, როგორც 16 წლის გოგონა (იღიმის)
- და რა შეიცვალა?
- ბევრი რამ. ილიკო ჩემი სტუდენტია და შესაბამისად ჩემზე გაცილებით უმცროსი. არ ვიცი, რით მომხიბლა, მაგრამ ფაქტია რომ ამ ბავშვს არაფერი ეშლება.
- „ბავშვი“ რომ უწოდეთ, არ ეწყინება?
- მას ისე ვექცევი, როგორც სრულფასოვან მამაკაცს, იმიტომ, რომ საოცრად მამაკაცურია. ხშირად მე უფრო ვარ ბავშვი, ვიდრე ის. შეიძლება ეს ყველაფერი მისი ოჯახური ტრაგედიის ბრალია. 7 წლის იყო, როცა მამა დაეღუპა და დედისა და დის რჩენა საკუთარ თავზე აიღო. სოფელში ცხოვრობდნენ და ძალიან უჭირდათ. ილიკო ჯერ საკუთარ მეზობლებს ეხმარებოდა ყანაში თუ სხვა საქმეებზე, შემდეგ სხვა სოფლებს გადასწვდა და ამაში ფულს უხდიდნენ. 16 წლის იყო, როცა თბილიში ჩამოვიდა და ხეზე მუშაობა შეისწავლა. მშენებლობაზეც მუშაობდა და ცემენტს ზელდა. მოკლედ, საკმაოდ მძიმე წლები აქვს გამოვლილი. 20 წლის რომ გახდა, ეკონომიკის შესწავლა გადაწყვიტა. საკმაოდ ნიჭიერია. მას არამხოლოდ მე, არამედ ჩემი კოლეგებიც ასე აფასებენ.
- რა ურთიერთობა გაქვთ ერთმანეთთან?
- თავდაპირველად ვფიქრობდი, როცა რაღაცას მეკითხებოდა, მართლა აინტერესებდა. თურმე ვცდებოდი. არამხოლოდ ლექციაზე, არამედ შემდეგაც, როცა სამუშაო ოთახის კარზე რამდენიმე შეკითხვის დასამელად მომიკაკუნა, მეგონა, უბრალოდ სტუდენტური ინტერესი იყო და მეტი არაფერი. ერთხელაც, სამსახურში მისულმა ჩემს მეილზე წერილი აღმოვაჩინე, რომელშიც ილიკო საოცრად თბილ სიტყვებს მწერდა და მთხოვდა, ორ დღეში მასთან ერთად კინოში წავსულიყავი. იცით როგორ ავღელდი?! ჯერ ვიფიქრე, ეს ბავშვი რას მიბედავს-მეთქი. მერე გადავწყვიტე, მისთვის დამერეკა და პირადად დავლაპარაკებოდი, მაგრამ შემდეგ ეს აზრი უკუვაგდე და ისევ წერილით ვუპასუხე. ვწერდი, რომ მეორედ ასეთი სიტყვები არ მოეწერა, კინოში წასვლაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. სიმართლე გითხრათ, მაინტერესებდა რას იზამდა ან რას მომწერდა. მეორე დღეს სამსახურში მისულს ოთახის კართან ზუსტად ის ყვავილები დამხვდა, რომელიც მიყვარს. ეს არის ველური მიხაკი და ამ ამბავმა ისე გამაოცა, ვერ აგიწერთ. მაშინვე მივხვდი, რომ ყვავილები ილიკოს გამოგზავნილი იქნებოდა დ მეილის საშუალებით მადლობა გადავუხადე. ამის შემდეგ, ჯერ „სკაიპში“ დავიმატე, შემდეგ „ფეისბუქზე“. ვერც კი ვხვდებოდი, მასთან საუბარში როგორ გადიოდა დრო. მერე კინოშიც წავედით, ერთად ვივახშმეთ, ვისადილეთ. ფაქტია, რომ ერთმანეთთან ყოფნა ძალიან გვსიამოვნებს.
- თქვენი შეხედულებებიდან გამომდინარე, საკუთარ თავს ამგვარ საქციელს უწონებთ?
- იცით, მეც მიკვირს და ჯერ ბოლომდე გააზრებული არ მაქვს რას ვაკეთებ. ისიც ვიცი, რომ ჩვენს ურთიერთობას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. მე ვერც იმას ვუშვებ, რომ ილიკოსთან ფიზიკური ურთიერთობა დავამყარო. ზევით გითხარით და ახლაც გავიმეორებ, რომ რაც უნდა დიდი გრძნობა მქონდეს მამაკაცის მიმართ, მის გვერდით ვერ ვიქნები იმ სტატუსით, რომელიც მე და ჩემს ოჯახს არ შეგვფერის. ილიკო მომწონს, მასაც, მაგრამ ასაკობრივი სხვაობის გამო, ის არასოდეს შემომთავაზებს დაოჯახებას. ეგ კი არა, ამ ურთიერთობის შესახებ მეც არავის ვეუბნები და არც ის. ვგრძნობ, რომ უბრალოდ ამ ამბის გამჟღავნება არ სურს. შეიძლება მე მიფრთხილდება, ან საკუთარ თავს. ამ თემაზე არასოდეს გვისაუბრია.
- ალბათ ქორწინების გარეშე შვილის გაჩენაზეც არასოდეს გიფიქრიათ...
- რას ამბობთ?! ასეთ ნაბიჯს ვერც საკუთარ თავს ვაკადრებ და ვერც ოჯახს. ან შვილი ოფიციალურ ქორწინებაში მყოფს მეყოლება ან საერთოდ არ მეყოლება. უკანონო აქამდე არაფერი ჩამიდენია და არც უკანონო შვილი მჭირდება.

ანა კალანდაძე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 30 /
:D :D
მე დარწმუნებული ვარ შენ დღესაც გჯერა რომ ბავშვები წეროებს მოყავთ ვაი შენს პატრონს :D :D
17:11 / 27-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ვიკა
ეთო არარაობა ხარ! არ ხარ შენ ადამიანი! გულისამრევი ამება ხარ !!! ბაქტერიაც კი არ ხარ!!! მეტი არაფერი! შენმა ,,კანონიერმა ,, შვილებმა( თუ გყავს საერთოდ ) ..გაგაბედნიერონ.. ,,უკანონო,, ,,ნაბიჭვარი,, ბავშვებით მთელი გულით გისურვებ ;)
15:01 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
:)
35 წლამდე თუ სექსი არ ქონია, არ მიკვირს ასე არეულად რომ აზროვნებს, მითუმეტს ბავშვთან მიმართებაში.
16:47 / 23-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ეთოოოს..
ეთო ჯერ აზროვნება გაასწორე.. შემდეგ მართლწერა.. თუმცა აზროვნების გამოსწორება არც ქალბატონ ქეთინოსაც აწყენდა..
16:25 / 22-09-2014
გამოხმაურება / 0 /
საბრალო ერთუჯრედიან ეთო ს
მე 27 ის გავთხოვდი და ესეიგი არანორმალური ვარ ხო? წადი ჯერ მამაოს დაეკითხე რა პასუხი გავცეთქო და მერე მიპასუხე:დ
13:39 / 22-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS