18 სექტემბერი, 2014
თბილისურ ოჯახში დატრიალებული დრამა: ''ეგოისტმა დამ ჩემს შვილს ოჯახი დაუნგრია...''
ჩვენი რუბრიკის დღევანდელმა სტუმარმა საკმაოდ მძიმე დღეები გადაიტანა. თავიდან რძლით აღფრთოვანებული იყო, მაგრამ დამ ახლად გათხოვილ დედმამისშვილს ბედნიერების უფლება არ მისცა.

- ჩემს ვაჟიშვილს პირველი ოჯახი დაენგრა. მისმა ცოლმა სამსახურში ვიღაც არაბი გაიცნო და მას გაეკიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი არ ჰყავდათ, ჩემმა შვილმა ეს ამბავი ძალიან განიცადა. როცა მისი მეუღლე მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, დათოსთან დაბრუნება სცადა. მე ვურჩევდი, თუ გიყვარს, ყველაფერი დაივიწყე და შეეცადე ურთიერთობები აღადგინოთ-თქო, მაგრამ დათოს ამის გაგონებაც არ უნდოდა. ერთ
წელიწადში ჩემი ყოფილი რძალი მეორედ გათხოვდა და მას შემდეგ, მისი ასავალ-დასავალის შესახებ აღარაფერი ვიცი. მეორე ქალი, რომელიც ჩემი შვილის ცხოვრებაში გამოჩნდა, ანანო იყო. უფრო მეტად კეთილშობილი და წესიერი ადამიანი არ შემხვედრია. მას შეეძლო სხვისი ბედნიერებით ეცხოვრა.
- დათოს მოსწონდა?
- კი, ანანო 31 წლის იყო. როცა მშობლები გარდაეცვალა, მისი უმცროსი და ინგა თოთხმეტი წლის იყო. თვითონ უკვე უნივერსიტეტში სწავლობდა, მაგრამ ლექციებზე სიარულს თავი დაანება და მთლაინად უმცროს დას მიუძღვნა თავი. მუშაობა დაიწყო და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ პატარა დაიკოს გაჭირვება არ ეგრძნო. უცხო ენაში ამზადებდა, კერძო სკოლაში დაჰყავდა, შემდეგ ინსტიტუტში ჩააბარებინა. სახლშიც ყველაფერს თვითონ აკეთებდა. სარეცხი, ბაზარი, სადილის მომზადება, დალაგება - ანანოს მოვალეობა იყო, ინგა კი ან სავარძელში ნებივრობდა ან მეგობრებთან ერთად სეირნობდა. ამასობაში მოთხოვნილებად გადაექცა, რომ მასზე სხვას უნდა ეზრუნა, ის მხოლოდ პრეტენზიებს გამოთქვამდა. ასე ჩამოყალიბდა ინგა ნამდვილ ეგოისტად.
- ანანო ამას ვერ ამჩნევდა?
- ალბათ ამჩნევდა კიდეც, მაგრამ ისე უყვარდა საკუთარი და, მზად იყო მისი სიხარულისთვის ეცხოვრა. 18 წლის ასაკში ინგა გათხოვდა, მაგრამ ორ წელიწადში ბავშვთან ერთად უკან გამოაბრუნეს. რძალი, რომელსაც დისკოთეკებზე სიარულისა და სარკეში ყურების მეტი არაფერი აინტერესებს, ძნელი ასატანია. ინგას საკუთარი ეგოიზმისა და სიზარმაცის გამო დაენგრა ოჯახი. ანანოსთან უკვე შვილთან ერთად დაბრუნდა საწყალმა გოგომ უფრო მეტად დაიტვირთა თავი და ახლა დას და დისშვილს ერთნაირად ანებივრებდა. როცა ანანო გავიცანი, ინგა ბათუმში ისვენებდა, მისი გასათხოვარი და კი ძიძასავით უვლიდა ბავშვს. როგორც ვიცი, ინგამ ზღვისპირეთში საზაფხულო რომანიც გააჩაღა და უკან დაბრუნებულს გინეკოლოგთან ვიზიტები დასჭირდა.
- ფეხმძიმედ იყო?
- კი და ბავშვი მოიშორა. ამ დროს უკვე დათო ანანოს ხვდებოდა და მის ცოლად მოყვანასაც ფიქრობდა. როცა ამის შესახებ ინგამ გაიგო, ისტერიკა დაემართა. დათოს დასცინოდა, თავის დას კი უგემოვნოს უძახდა. მაშინვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე და დათოს ვურჩიე, როცა ანანო ჩვენთან სტუმრად მოვა, სახლში აღარ გაუშვა, ინგა ფაქტის წინაშე აღმოჩნდება და ვეღარაფერს გააწყობს-თქო. ჩემმა შვილმა დამიჯერა და ჩუმად დაიწერეს ჯვარი.
- ინგას რა რეაქცია ჰქონდა?
- თავის დას დაურეკა. ყვიროდა, ილანძღებოდა, ნეფე-დედოფალს სულ მახინჯი მათხოვრები ეძახა. საბრალო გოგომ დისთვის პასუხის გაცემაც ვერ მოახერხა, ინგასთან საუბრის შემდეგ ოთახში ჩაიკეტა და ტიროდა. მეორე დღეს მის მოსანახულებლად წავიდა, მაგრამ დას სახლში არ შეუშვია: - შენი ოჯახი ვიღაც კაცზე გაცვალე, ამიტომ ჩემი ბავშვის ნახვის უფლებასაც აღარ მოგცემო. ანანო ისევ ატირებული დაბრუნდა. რძალი ძალიან მეცოდებოდა, მაგრამ დათო უფრო მეტად, ანანო საკუთარი ბუნების გამო იღუპავდა თავს, დათოს კი არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ერთ დღესაც ინგას დაქალმა დარეკა და ჩემს რძალს უთხრა, რომ მისი დისშვილი ძალიან ცუდად იყო. სინამდვილეში მხოლოდ გრიპის ვირუსი ჰქონია, მაგრამ ანანო თავს ვეღარ მოერია და უკანმოუხედავად გაიქცა. ალბათ იმ დღესაც ეჩხუბა ინგა. როცა საღამოს დათომ ანანოს დაურეკა, ცოლმა უთხრა, რომ ჩვენთან აღარ დაბრუნდებოდა.
- რატომ?
- ინგას და მის შვილს ვჭირდებიო. ინგას მართლაც სჭირდებოდა და, ოღონდ, როგორც მომვლელი და მოახლე, ჩემს რძალს სწორედ ეს ვერ გავაგებინე. იქნება იცოდა კიდეც, მაგრამ ბრძოლა არ შეეძლო, იმის წარმოდგენაც არ უნდოდა, რომ ქმრის გამო დას და დისშვილს დაკარგავდა.
- მას შემდეგ დათო აღარ დაკავშირებია?
- რამდენჯერმე ნახა, ყველა შეხვედრის დროს ანანო ტირის, დათოსთან თავს დამნაშავედ მიიჩნევს, მაგრამ ეგოისტი დის კლანჭებიდან თავის დაღწევის სურვილი მაინც არ აქვს. ინგას საკუთარი ნებით ემონება. 54 წლის ქალი ვარ და ასეთი სიყვარული პირველად ვნახე... სიმართლე გითხრათ, იმედი მაქვს, რომ ოდესმე ანანოც დაიღლება ასეთი ურთიერთობით, მაგრამ მისთვის პირადი ცხოვრების მოწყობა უკვე გვიან იქნება.

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
დიანა
რას იზამ ეს არც პირველია და არც ბოლო არ იქნება. 38 წლისა დედამ რომ იტყვიან ატირებული გამაყოლა ადამიანს, რომელიც ძალიან კარგი პიროვნება და ადამიანი იყო. შინაბერობა გარანტირებული მქონდა. ჩემი დღე დისშვილებსა და ძმისშვილებზე ზრუნვით იწყებოდა. დღეს კი ძალიან ბედნიერი ოჯახი მაქვს. 7 წელი ვიმკურნალე და ღმერთმა შვილი არ მაჩუქა,მაგრამ ავიყვანე და დგეს 11 წლის შვილი მყას ულამაზესი და უნიჭიერესი. ანანოს ვურჩევდირომ გაითვალისწინოს: კი ყველანი ძვირფასები არიან ახლობლები მაგრამ ნათქვამია" კერ თავოო და მერე სხვაო"
17:09 / 19-09-2014
გამოხმაურება / 0 /
:-)
ნეც ნყავს მასე განებივრებული და. სანამ გათხოვდებოდა ფაქტიურად ნაშვილები მყავდა (ცოტას ვაჭარბებ) მაგრამ როგორც კი გათხოვდა, ვუთხარი რომ ახლა მის ქმარს უნდა ეზრუნა მასზე და არა მე. ცოტა გააპროტესტა მაგრამ შეერგუა. ახლა პატარა შვილიკო ყავს და მიუხედავად იმისა რომ მე თვითონ გასათხოვარი ვარ, ნამდვილად არარ ვცხოვრობ მათი ცხოვრებით.
15:55 / 19-09-2014
გამოხმაურება / 0 /
თამილა
ძალიან მინდა ჩემი რჩევა მივცე ანანოს თუ ამას ის წაიკითხავს. საკუთარ ცხოვრებაზე არასოდეს არ უნდა თქვას უარი, თორემ ბოლოს სანანებელი გაუხდება. ინგას ის როგორც და ისე არ უყვარს, ( საერთოდ არ უყვარს) ია მოსთვის მონაა. და ანანოს რომ მოვლა და დახმარება დასჭირდეს ქუჩაში დატოვებს...
13:13 / 19-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ალამარია
უნდა გიყვარდეს ოჯახის წევრი მაგრამ ყველას ტავისი ადგილი უნდა ქონდეს! ეგოიზმი სიყვარულთან კავშირში აგარაა უკვე.ბევრი მინახავს გაუთხოვარი მამიდა იიმტომ დარჩნენ რომ ძმიშვილებისთვის უნდა მოევლო ტავისთავისთვის არ არსებობენ მასეთები.
09:54 / 19-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS