13 სექტემბერი, 2014
ნუდისტი ქმარი და ქალი, რომელიც ამნეზიის შემდეგ სექტას დაუბრუნდა
ჭაღარა მამაკაცები, ახალგაზრდები, ყველანი ერთმანეთს ჰგავდნენ, შიშვლები და ბედნიერები როგორც ამბობენ, ათი ადამიანის ცხოვრებას უფრო ადვილად შეცვლი, ვიდრე შენს თავში ჩაბუდებულ, თუნდაც ერთ „მავნე ტრადიციას“. ჩვენმა დღევანდელმა რესპონდენტმა წარსულისგან თავის დაღწევას უამრავი დრო და ენერგია შეალია, მაგრამ ამაოდ.

ქეთი 32 წლის:

- თქვენთან საუბარს ძირითადად ბავშვობის პერიოდიდან იწყებენ, მე 24 წლამდე როგორ ვიცხოვრე, არაფერი მახსოვს. მძიმე ავარიაში მოვყევი და როგორც ბრაზილიურ სერიალებშია, ამნეზია დამემართა. ორი კვირა უგონოდ ვიყავი, როცა პირველად თვალები გავახილე, ექიმების გაოცებულ სახეს
წავაწყდი. ალბათ ფიქრობდნენ: - მორგში გადასაყვანად ვამზადებდით, ეს კი გაცოცხლდაო. რამდენიმე წუთში ჩემს ახლობლებს ყიჟინით დაურეკეს. კისკისით, ცრემლისღვრით შემოცვივდნენ ადამიანები ჩემს პალატაში. ისეთი ბედნიერი სახეები ჰქონდათ, მივხვდი, მეც ღიმილითვე უნდა მეპასუხა, თუმცა სახეზე ვერავინ ვიცანი. როგორ ხარ? ეს დღეები რას გრძნობდი? ნატა გათხოვდა, ნიკამ ხელი მოიტეხა, აქეთ-იქიდან ინფორმაცია წვიმის წყალივით მოდიოდა, მე კი ისევ გაკვირვებული, თავშეკავებულად ვიღიმებოდი. ბოლოს საწოლიდან წამოვიწიე, ექიმს მივაჩერდი და ვკითხე: - ეს ხალხი ვინ არის? იმ დღეს ხელახლა არ დავბადებულვარ, მაგრამ გავარკვიე, რომ ცხოვრება თავიდან უნდა დამეწყო. არ ვიცოდი რა მერქვა, სად ვცხოვრობდი, ვინ იყვნენ ჩემი მშობლები და იმ ქალაქის სახელიც კი აღარ მახსოვდა, სადაც გავიზარდე და 24 წელიწადი ვცხოვრობდი. თვალწინ მხოლოდ შუახნის ქალის სახე მედგა, რომელიც როგორც მოგვიანებით გავარკვიე დედაჩემი იყო, მაგრამ ის იქამდე გარდაიცვალა, სანამ მე ავარიაში მოვყვებოდი.
- ალბათ ცხოვრების ხელახლა დაწყება სადღაც საინტერესოცაა, არა?
- გააჩნია ვისთვის როგორ, არ მგონია 24 წლის ასაკამდე იმდენი შეცდომების დაშვება მომესწრო, რომ ცხოვრების თავიდან დაწყება მნდომებოდა. ერთადერთი რაც დავაშავე ალბათ, ქმრის კანდიდატურა არასწორად შევარჩიე, ის კი ამნეზიის შემდეგაც გვერდიდან არ მომშორებია. მკითხველი რომ არ დავაბნიო, უფრო გარკვევით გეტყვით. საავადმყოფოში ყოფნის პერიოდშივე გავარკვიე, რომ გათხოვილი ვიყავი და მამისა და დედინაცვლის „კეთილი რჩევის“ საფუძველზე, სამკურნალო დაწესებულებიდან პირდაპირ მის ბინაში წავედი.
- ვინ იყო თქვენი მეუღლე.
- დათო ჰქვია, პროფესიით პროგრამისტია. დღე და ღამე კომპიუტერთან იჯდა, მაგრამ გააჩნია როგორ! დედისშობილა, წარმოგიდგენიათ, საავადმყოფოდან მივედი თუ არა, ტანსაცმელი გაიძრო და წინ წამომეჭიმა. აბა, თავისუფლება დაიბრუნე, მეცა მეც და თხელი ზაფხულის კაბა ლამის ტანზე შემომახია. ვიფიქრე, ქმრად სექსუალური მანიაკი მყოლია-მეთქი, მაგრამ შევცდი. გამაშიშვლა თუ არა, შემომხედა, - ისევ ისეთი მშვენიერი ხარ, გაიღიმა და კომპიუტერის მაგიდამდე მიტანტალდა. დაჯდა და მეორე დილამდე აღარც ამდგარა.
- დათო სადმე მუშაობდა?
- კი, მაგრამ ოფისში არასოდეს მიდიოდა, იშვიათი გამონაკლისის გარდა. მიზეზი მარტივი იყო, ტანსაცმელი სძულდა. თუ არ ვცდები, ამერიკული ფილმია „ჩიტი“, ახალგაზრდა მამაკაცი ჩიტად გადაქცევას ცდილობს. დედიშობილა სულ ფანჯრის წინ არის ჩაცუცქული და ცას გაჰყურებს. დათოს გაფრენა არ უნდოდა (თუმცა მეტად როგორღა უნდა გაეფრინა), მაგრამ ისიც, როცა სამუშაოს დაამთავრებდა და ვიდეოთვალით თავის ქართველ და უცხოელ ნუდისტებთან საუბარს დაამთავრებდა, იჯდა ფანჯრის წინ და ცაში იყურებოდა. შეეძლო ასე გაუნძრევლად სამი-ოთხი საათი ყოფილიყო.
- საკუთარ თავს მსგავს სურვილებს ვერ ამჩნევდით?
- არანაირად, დათოს ყურებით ლამის ჭკუიდან შევშლილიყავი. გადავწყვიტე, ის ადამიანები მომენახულებინა, რომლებთანაც ავარიამდე მქონდა ურთიერთობა და მათგან მაინც გამეგო, რატომ შევაჩერე ამ კაცზე არჩევანი. მამაჩემის დახმარებით ჩემი ძველი მეგობრები მოვძებნე და თურმე ნუ იტყვით, ჯობდა შინიდან ფეხი არ გამედგა. იმ გოგონამ, რომელიც მამას თქმით, ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, საბურთალოზე მიმიპატიჟა. ძლივს მივაგენი იმ სახლს, სადაც თურმე თითქმის ნახევარი ცხოვრება მქონდა გატარებული. როცა მასპინძელმა კარი გამიღო, „ძველი მეგობრები“ ოვაციებით შემხვდნენ, მეფერებოდნენ, გადარჩენას მილოცავდნენ. ჭაღარა მამაკაცები, ახალგაზრდები, ყველანი ერთმანეთს ჰგავდნენ, შიშვლები და ბედნიერები. როგორც გავარკვიე, ეს რაღაც უჩვეულო ორგანიზაცია იყო, სადაც კვირაში ოთხჯერ იკრიბებოდნენ და მრგვალი მაგიდის გარშემო სჯა-ბაასობდნენ.
- რაზე მსჯელობდნენ, გლობალიზაციასა და პოლიტიკაზე?
- ადამიანის ცხოვრების არსი, პოლიტიკა, რელიგიური საკითხები ყველაზე აქტუალურად განიხილებოდა. ეს ადამიანები დარწმუნებული იყვნენ, რომ „პეკინის“ ქუჩაზე მეორე სამოთხე ჰქონდათ შექმნილი. სიშიშვლე, რასაც, მათივე თქმით, „სამოსელი პირველი“ ჰქვია, ჭეშმარიტებასთან აახლოებდათ.
- ამ „ჭეშმარიტებას“ მეორედაც ხომ არ ეზიარეთ? ჩანს, ერთ დროს თქვენც ამ ორგანიზაციის წევრი იყავით?
- როგორც გაირკვა, დათო სწორედ აქ გავიცანი. დამიჯერეთ, ეს ერთგვარი სექტაა, სადაც საკმარისია ფეხი შედგა და ჭაობივით ქვევით და ქვევით გითრევს. ეს ადამიანები „ჭეშმარიტებაზე“ ლაპარაკობდნენ და როგორც კი ორატორობას მორჩნენ, წყვილ-წყვილად აქეთ-იქით განმარტოვდნენ. მე შენ გეტყვი და ტანსაცმლის გახდაში დაეკარგებოდათ დრო? შინ თავზარდაცემული დავბრუნდი. ერთი რამ ზუსტად ვიცოდი, ასეთი ცხოვრება აღარ შემეძლო და დათოს სიმართლე პირდაპირ ვუთხარი. მან კი კომპიუტერის ეკრანს რამდენიმე წუთით თვალი მოაშორა, სინანულით შემომხედა და მითხრა: - ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავისუფლებას პატივს სცემს, სხვისი არჩევანიც უნდა მიიღოს. წადი, მაგრამ თუ ოდესმე ჩემთან დაბრუნება მოგინდება, აღარ მიგიღებ, შენ მე სრულყოფილების მწვერვალებთან მიმატოვე! არა, ეს კაცი ნამდვილი შეშლილი იყო. მასთან უკანასკნელმა საუბარმა ამაში საბოლოოდ დამარწმუნა. წინ კი უარესი მელოდა. მამამ და დედინაცვალმაც რაღაც თავისუფლებაზე დამიწყეს ლაპარაკი და მითხრეს, რომ მარტო უნდოდათ ცხოვრება. ძნელი მისახვედრი არ იყო, ახალი თავშესაფარი უნდა მეძებნა და მალევე ვიპოვე კიდეც.
- ასე მარტივად ეს საკითხი როგორ მოაგვარეთ?
- როცა 24 წლის ხარ და თანაც ლამაზი, ძნელი არ უნდა იყოს კიდევ ერთი მამაკაცი მოხიბლო ისე, რომ ქორწინებაზე დაგთანხმდეს. ჩემი მეორე ქმარი – აკო, ვარკეთილში ცხოვრობდა. მართალია, დათოსავით ფეშენებელური სახლი არ ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად სიმშვიდე მჭირდებოდა და დარწმუნებული ვიყავი, აკოზე ერთგულ და გაწონასწორებულ ადამიანს ვერსად ვიპოვიდი. თვეების განმავლობაში დავრწმუნდი, რომ პირველმა შთაბეჭდილებამ გაამართლა, მაგრამ ერთ დღეს ყველაფერი ისევ თავდაყირა დადგა. შინ ჩვეულ დროზე ადრე დავბრუნდი. აკო ზის მაგიდასთან, თავი ხელებში აქვს ჩარგული და რაღაცას ბუტბუტებს. ჩემი მისვლა ვერც შეამჩნია. ქმარს მივუახლოვდი და მაგიდაზე ფოტოები შევნიშნე. ჩემი სურათები იყო, იმ პერიოდში გადაღებული, როცა იმ ავადსახსენებელი გაერთიანების წევრი ვიყავი და დედიშობილა „სამახსოვროდ“ ჯგუფური ფოტოებისთვის ვპოზირებდი.
- ვერ უთხარით, ეს ის არ არის, რასაც ფიქრობო?
- აკო ღრმად კავკასიელი იყო, ის ძლივს გადაიტანა, რომ განათხოვარი ვიყავი, ეს სურათები კი უკვე მეტისმეტი იყო. როცა დამინახა, დაჭრილი დათვივით შეტორტმანდა, დაიბღავლა და გამომეკიდა. სასწრაფოდ გავიქეცი. ბედად ქვევით ტაქსი იდგა გაჩერებული, ჩავხტი და უნებურად ჩემი პირველი ქმრის მისამართი ვუთხარი. არ ვიცი რატომ, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, ეს სურათები მან გამომიგზავნა და დათოსთვის პასუხი უნდა მომეთხოვა, მაგრამ აკო უკან გამომყოლია. როცა დათოს კარზე დავაკაკუნე, მასპინძელმა გამომხედა, რომელსაც მთელი თავისი მამაკაცური ღირსებები გადმოყრილი ჰქონდა და კარს უკან ფეხის წვერებზე იდგა, ზურგსუკან აკოს ბღავილი გავიგონე. ლამის თავზე გადამახტა, დათოს კისერში სწვდა და ისე დაალურჯა, შიშველი იყო თუ ჩაცმული აღარ ჩანდა. მერე მე შემომიტრიალდა, შემაგინა და წავიდა.
- საინტერესოა რა მოხდა ამის შემდეგ?
- დავდივართ მე და დათო შეკრებებზე, ვეკონტაქტებით ნუდისტებს კომპიუტერით და ღამღამობით შიშვლები ფანჯრიდან გავყურებთ ცას. როგორც ჩანს, წარსულის დავიწყება შეუძლებელია.

მკითხველის ისტორია
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
Mარტალი
Eსამბავიარვიცი სიმარტლეა ტუარა Mაგრამ ფაქტია რომ Dაქნეული ყველგანარის
16:34 / 04-01-2015
გამოხმაურება / 0 /
დიმა
ეს ზღაპარი კი არა,აგიტაციაა :)
18:40 / 14-09-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რა ლამაზი ზღაპარი იყო,კარგად გავერთე
20:31 / 13-09-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS