მაშინ 17 წლის გოგო ვიყავი, შემეშინდა, ჩემებს დავუჯერე და დავრჩი. პირველი წელი ჩემს ქმარს არა უშავდა, არ სვამდა და სამსახურს დაამთავრებდა თუ არა, სახლში მორბოდა. მერე კი თავი ვეღარ შეიკავა და გარე-გარე სიარულს მოუხშირა.
გია რომ სვამდა, ცოლს სცემდა და უშვერი სიტყვებით აგინებდა. მე რომ ცოლად მომიყვანა, იმ დროს აღარ სვამდა, მაგრამ ბავშვი რომ გაგვიჩნდა და ძეობა აღნიშნა, იმ დღის მერე აღარ გამოფხიზლებულა. ძველი სპორტსმენია და ძლიერია. დალევს და ჩხუბობს, ვერავინ აკავებს. მთელ სოფელში კაცს ვერ ნახავთ, მისი მუშტი რომ არ ჰქონდეს მოხვედრილი.
ამ ერთი თვის წინ, გიამ ისე მცემა, 2 დღე ლოგინიდან ვერ ავდექი. თავიდან ჩემს მშობლებს ამას ვუმალავდი, მაგრამ ეს დიდხანს ვერ მოვითმინე. მამაჩემთან მივედი, დალილავებული თვალი და ხელები ვუჩვენე და ვთხოვე, სახლში მინდა დავბრუნდე და უარი არ მითხრა-მეთქი.
თავი ჩაღუნა და მითხრა, ქმრის სახლიდან რომ წამოხვიდე, მე თქვენს რჩენას ვერ შევძლებო. გული მომიკვდა და ისევ ჩემი ქმრის სახლში დავბრუნდი. მესმის, რომ მამა ერთი უბრალო გლეხია, მწვანილსა და ბოსტნეულს ყიდის და ოჯახს ამით არჩენს, მაგრამ ასე უნდა ეთქვა თავისი ერთადერთი ქალიშვილისთვის?!
მარტო ცხოვრების თავიც არ მაქვს, ბავშვს რა ვაჭამო?! ჩემი ქმრის წყალობით, უმაღლესი განათლება არ მაქვს და ვინ მიმიღებს სამსახურში. არადა მასთან გაჩერება უკვე გაუსაძლისია. თვითმკვლელობაზეც მიფიქრია, მაგრამ ეს უმძიმესი ცოდვაა და თან, არ მინდა ჩემი ბიჭი ობლობაში გაიზარდოს...
მკითხველის ისტორია