ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ირმა გ. სამშობიაროში მალულად მიიყვანეს და ახალდაბადებული ვაჟიშვილიც გაუსხვისეს. მაშინ ოჯახი დარწმუნებული იყო, რომ პრობლემა დამთავრდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.
- გულით მხოლოდ იმ ადამიანების მშურს, რომლებსაც შეუძლიათ ღამე მშვიდად იძინონ. ცოდვა ყველას ჩაუდენია, მაგრამ გააჩნია ვის რა
- ის ქორწინების გარეშე დაიბადა?
- მანამდე გათხოვილი ვიყავი, პირველ ქმართან ორი შვილი მეყოლა. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მერეც ვიღაც ქალი გამოჩნდა, ჩემზე უჭკუოც იყო და არც გარეგნობით გამოირჩეოდა, მაგრამ გამარჯვებული ის გამოვიდა. ჩემმა ქმარმა მიმატოვა და მასთან გადაბარგდა საცხოვრებლად. ვიცი, არის ქალების გარკვეული კატეგორია, რომელიც ამას მოითმენდა, მეუღლის სახლში დარჩებოდა და მოთმინებით დაელოდებოდა, როდის დაბრუნდებოდა „უძღები შვილი“, მაგრამ მე ზედმეტად ამაყი ვიყავი. მერჩია ქუჩაში გამეთია ღამე, ვიდრე ყველას სიბრალულით ეცქირა ჩემთვის. წამოვედი და ბავშვებიც წამოვიყვანე.
- როგორც ვიცი, კარგი სამსახური გქონდათ, ახლობლები გეხმარებოდნენ, დამოუკიდებელი ცხოვრება რომ არ გაგჭირვებოდათ...
- ეკონომიკური პრობლემები არ მაწუხებდა. იმ პერიოდში ტელევიზიაში ვმუშაობდი, მამაჩემსაც ღვინის ბიზნესი ჰქონდა. რაც ქმარს გავშორდი, მანქანაც ვიყიდე, საკუთარი გარეგნობისა და ჩაცმულობისთვისაც მეტად მოვიცალე, მაგრამ ქალისთვის ეს არ არის მთავარი.
- გვერდით მამაკაცი?
- როცა სხვა ქალში გაგცვლიან, შეურაცხყოფილი რჩები და კომპლექსი გიჩნდება. ისეთი განცდა დამეუფლა, რაც მეტ კაცს მოვაწონებდი თავს, მით უფრო კმაყოფილი ვიქნებოდი. გარდა ამისა, უნდა ვაღიარო, რომ მარტო ყოფნაც გამიჭირდა. სწორედ ამ პერიოდში გავიცანი მამაკაცი, რომელთანაც რომანი გავაბი. მას ცოლი ჰყავდა, მეც ორი შვილი, ამიტომ ერთმანეთისგან ზედმეტს არ ვითხოვდით. ვიცოდით, სად გადიოდა ზღვარი ჩვენს ურთიერთობაში და პრობლემებიც ნაკლებად იყო. ერთ დღეს კი აღმოვაჩინე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. ჩემს საყვარელს ვუთხარი და ექიმთან გამომყვა. ბუნებრივია, გადაწყვეტილი მქონდა, ნაყოფი მომეცილებინა, მაგრამ გინეკოლოგმა რომ გამსინჯა, უარი მითხრა, შენთვის აბორტი არ შეიძლება, სისხლდენას ვერ შევაჩერებთო. მოკლედ, საშვილოსნოსთან დაკავშირებული პრობლემა მქონდა. იმ ექიმის სიტყვებს არ დავუჯერე, სხვა გინეკოლოგიც მოვინახულე, მაგრამ ხელი არავინ მომკიდა, გადაწყდა, ბავშვი უნდა დაბადებულიყო.
- დაბადებაც და გაშვილებაც?
- ფეხმძიმობის პერიოდში მომავალზე ფიქრიც არ შემეძლო. პირველად ჩემი გასაჭირი დედას გავუმხილე. გურული ქალია, შეიცხადა, მერე მიხვდა, წივილ-კივილი უარესი იქნება, შვილს გვერდით უნდა დავუდგეო და ბოლო რამდენიმე თვე ქალაქიდან გამიყვანეს. შვილებმაც კი არ იცოდნენ, სად ვიყავი და რატომ. ამასობაში ჩემი მომავალი ბავშვის დედობილ-მამობილიც მოუძებნიათ, უშვილო ოჯახი. სამშობიაროდან ბავშვი პირდაპირ მათ გაატანეს. მაშინ მეგონა, ყველაზე რთული პერიოდი უკან მოვიტოვე და შევძლებდი მომხდარის დავიწყებას, თუმცა როდის წამოგადგება წარსულის აჩრდილი, არავინ იცის. ყველასთვის მოულოდნელად ქმართან დაბრუნება გადავწყვიტე. მან საყვარელი მიატოვა და ჩემთან შერიგება მოინდომა, მეც დავთანხმდი. ამას დაემთხვა შემცირებები ტელევიზიაში და ძველი სამსახურიდან გამომიშვეს. სამი წელი შინ უმუშევარი ვიჯექი, მეოთხე წელს კი ქმრის მეგობარმა თბილისის იმ უბანში სადაც ბავშვი გავაშვილე კერძო ბაღი გახსნა და იქ აღმზრდელად მუშაობა შემომთავაზა. მეგონა უსაქმურობისგან დავისვენებდი, არადა, ჩემი უბედურება სწორედ მაშინ დაიწყო.
- რატომ?
- ვერ წარმომიდგენია ბაღის აღმზრდელს რომელიმე ბავშვი არ უყვარდეს, მაგრამ ერთი-ორი ყოველთვის გამორჩეულია. ერთი ხუჭუჭთმიანი, შავთვალება ბიჭი გვყავდა. საოცრად თბილი, მოსიყვარულე, თანც ისეთი სხარტი აზროვნება ჰქონდა, ძალით შეგაყვარებდა თავს. ეს ბიჭუნაც რაღაცნაირად მომეკედლა, მეც ვერ ვმალავდი, ირაკლი სხვა ბავშვებისგან გამორჩეულად რომ მომწონდა. ერთ დღესაც ბაღში დედაჩემმა მომაკითხა, ნათესავთან სტუმრად უნდა წავსულიყავით. ამ დროს მოვიდა ირაკლის მამიკოც. დედაჩემი ლამის ადგილზე გაშეშდა. მან იცნო ის მამაკაცი, რომელმაც სამშობიაროდან ჩემი შვილი წაიყვანა.
- ანუ, შვილი იპოვეთ?
- სრულიად შემთხვევით, განგებამ შეგვახვედრა ერთმანეთს. ხომ ვიცოდი, რომ სადღაც ჩემი შვილი დადიოდა, მაგრამ ნანახი არ მყავდა, არ ვიცნობდი და თითქოს ისე არ ვნერვიულობდი, იმ დღის შემდეგ კი მთელი ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა. ირაკლი ბაღში აღარ მოუყვანიათ. მე კი შინ რა უფლებით მივაკითხავდი, რას ვეტყოდი მის გამზრდელებს, ჩემს მეუღლეს ან, თუნდაც, ბავშვს. ერთი თვის წინ მუშაობასაც თავი დავანებე. იმ გარემოს ატანა აღარ შემეძლო, სადაც ჩემი შვილი პირველად ვნახე. ახლა სახლში ვზივარ და ვფიქრობ, მაქვს თუ არა შანსი გამოვასწორო ის შეცდომა, რომელმაც ცხოვრება ტანჯვად გადამიქცია. იქნებ ვინმემ მირჩიოს, სად არის გამოსავალი.
მკითხველის ისტორია