- დიახ. მეც მცემდა და დედასაც. როგორც კი გამოფხიზლდებოდა, დედას ბოდიშს უხდიდა და სიყვარულს ეფიცებოდა. უმტკიცებდა, რომ ეს არასოდეს განმეორდებოდა. მერე მაღაზიიდან ჩემთვის კანფეტები ან სათამაშოები მოჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, არც იმ კანფეტებს ვჭამდი და არც სათამაშო მანქანებს ვეკარებოდი. მამინაცვლის დანახვა არ მინდოდა. ერთხელაც, დედასთან მორიგი ჩხუბის დროს, სამზარეულოში შევვარდი და მოძლადეს ჩემი პატარა მუშტებით ცემა დავუწყე. მართალია, ჩემს მოშორებას შეეცადა, მაგრამ ფეხზე დავეკიდე. ბოლოს, რასაკვირველია, მაჯობა და თავი მაგიდას მივარტყი. მერე რა მოხდა, აღარ მახოვს, თვალი რომ გავახილე, საავადმყოფოს პალატაში ვიწექი. გვერდით დედა მეჯდა და ტიროდა. მახსოვს, თავი ჩემს მუხლებში ჩარგო და ბოდიშებს მიხდიდა. მაშინ მეც ავტირდი... საავადმყოფოდან რომ გამოვედი, მამინაცვალი სახლში დარცხვენილი სახით დამხვდა. უხმოდ ჩამიკრა გულში და ჩემს ოთახში შემიძღვა. იქ ტორტი და ბუშტები დამახვედრა, ვითომ სულ ასეთი კეთილი იყო.
- იქნებ მართლა უყვარდით?
- კი, როგორ არა, სიყვარულით გვცემდა, ხომ (იცინის)?! რაც საავადყოფოდან გამოვედი, ერთი კვირა სასმელს არ გაჰკარებია, მაგრამ მერე ყველაფერი ისევ ძველებურად გაგრძელდა. კაცი შინ მთვრალი ბრუნდებოდა, დედას ცემდა, თუ ძალიან დაღლილი არ იყო და სკამზე არ ჩაეძინებოდა, მერე ჩემს ოთახში შემოდიოდა და ახლა მე მომდგებოდა. ჩვენი საშველი არ ჩანდა.
- დედათქვენს მამინაცვალთან გაყრა არ უცდია?
- არა. არ ვიცი რატომ, მაგრამ დედას ის კაცი უყვარდა. მაშინაც კი თბილ სიტყვებს ეუბნებოდა, როცა მხეცად ქცეული კაცი მუშტებსა და წიხლებს ურტყამდა. ვიცი, არ ხარ ასეთი და კეთილი გული გაქვს. მჯერა, რომ ხვალ, როცა ჩემს ჩალურჯებულ თვალებს დაინახავ, ინანებ და ამას მეტჯერ აღარ გააკეთებო. არადა, კაცი მოძალადე და სრული არარაობა იყო. ბოლოს ამ ყველაფერს ვეღარ გავუძელი და სახლიდან გაქცევა გადავწყვიტე.
- ბებია-ბაბუა, ან ვინმე ახლობელი არ გყავდათ?
- დედაჩემის მხრიდან ცოცხალი არავინ მყავდა. მამას მშობლები კი სადღაც სოფელში ცხოვრობდნენ. დედა მეორედ რომ გათხოვდა, მას შემდეგ მამაჩემის მშობლებთან კონტაქტი გაწყვიტა. მე ისინი ბუნდოვნად მახსოვს.
- სახლიდან გაქცევის შემდეგ სად წახვედით?
- ქუჩაში. მაშინ შვიდი წლის ვიყავი. სკოლაში მეორე კლასში ვსწავლობდი, მაგრამ იქ აღარ მივსულვარ. დედას წერილი დავუტოვე, რომ იმ სახლში, სადაც მისი ურჩხული ქმარი ცხოვრობდა, აღარასოდეს დავბრუნდებოდი. მაშინ მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენაზე ვფიქრობდი და საერთოდ არ მიფიქრია დედაზე. სახლიდან რომ წავედი, შემოდგომის პირი იყო. ქუჩაში გატარებული პირველი დღეები მძიმედ გადავიტანე.
- თავს სად აფარებდით? სად გეძინათ?
- ბაღში, ეზოებში, ნაგავსაყრელზეც კი... მუყაოს ქაღალდებს მიწაზე ვაფენდი და ზედ ვწვებოდი. ფეხსაცმელში გაზეთებს ვიტენიდი, ცოტა სიცივე რომ დაეკავებინა.
- და რითი იკვებებოდით?
- ვმათხოვრობდი. დღის განმავლობაში იმდენს მაინც ვაგროვებდი, პური, ხილი და სასმელი მეყიდა. ერთხელ ნაგავსაყრელზე ძველ ტანსაცმელს ვეძებდი, როცა შორიახლოს ერთი ძაღლი დავინახე. ეტყობოდა, ძალიან შიოდა, მაგრამ ნაგავში ვერაფერი იპოვა. რატომღაც ძალიან შემეცოდა, ჩანთაში ნახევარი პური მედო, ვახშმისთვის გადანახული. ძაღლს გადავუგდე. მაშინვე შეჭამა და ისეთი ვედრებით სავსე თვალებით მომაჩერდა, მივხვდი, რომ არ ეყო. მეტი არაფერი მქონდა, მოვტრიალდი და წამოვედი. გამომყვა. მას შემდეგ ეს ძაღლი გვერდიდან აღარ მომშორებია. ზამთრის პირველი თვე იყო, როცა ერთ, ნახევრად დანგრეულ შენობაში ''დავსახლდი''. იქ ცეცხლის დანთების საშუალებაც მქონდა და გასათბობად რაც კი ხელთ მომხვდებოდა, ყველაფერს ვწვავდი. ჩემი ''ჯეკა'' გვერდიდან არ მშორდებოდა. ქუჩაში ცხოვრება ძალიან საშიშია. ბევრ შარს გადავურჩი.
- რას გულისხმობთ?
- ჩემი თანატოლები, ვინც ქუჩაში ცხოვრობდა, ყველა ტოქსიკომანი იყო. საბედნიეროდ, მე ამ გზას ავცდი. მშველელის სახით ჩემი მამობილი მომევლინა. ნანგრევებთან ახლოს, სადაც მე ვცხოვრობდი. ერთი რესტორანი იყო. იქ ერთი კეთილი კაცი მუშაობდა - ძია რეზო რესტორანს პროდუქტებით ამარაგებდა. როდესაც პირველად ვნახე, მითხრა, ყოველ დილას აქ მოდი, როცა ბაზრიდან პროდუქტი მომაქვს, წინა დღის საჭმელებს გადასაყრელად მე მატანენ. იქ ბევრი რამაა ისეთი, რაც საკვებად ვარგისია, გაგატან და ჭამეო. იმ ზამთარში თავი ასე გავიტანე. გაზაფხულმა და ზაფხულმა შედარებით უპრობლემოდ გაიარა. ჩემი სახლიდან გამოქცევიდან ერთი წლის თავზე დედაჩემის ნახვა მომინდა. სახლთან რომ მივედი, მეზობლის ბიჭი შემხვდა. სწორედ მისგან გავიგე, რომ ჩვენი ბინა დამწვარა. დედაჩემი კვამლისგან გაგუდულა. მამინაცვალი იმ დროს სახლში არ ყოფილა და როცა დაბრუნდა, პირდაპირ ცეცხლში შევარდნილა, ცოლი უნდა გამოვიყვანოო. ძლივს გადაურჩენიათ მეხანძრეებს, მაგრამ იმდენად ძლიერი დამწვრობა მიუღია, რომ სამი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაცვლილა.
ისევ ჩემს ბუნაგში დავბრუნდი და ორი დღე ვიწექი. ''ჯეკა'' თავთან მეჯდა, ხან მლოკავდა და ხან თავისებურად მეთამაშებოდა. მესამე დღეს სადღაც გაიქცა. ცოტა ხანში ძაღლი ძია რეზოსთან ერთად დაბრუნდა. კაცმა მითხრა, ორი დღე რომ არ ჩანდი, ძალიან ვინერვიულე. მარტო ვცხოვრობ, ბევრი არაფერი მაქვს, მაგრამ სკოლაში გატარებ, დაგბან, გაჭმევ და თავზე ჭერი მაინც გექნებაო. ძაღლს გავხედე. რეზო მიმიხვდა და მითხრა, შეგიძლია ''ჯეკაც'' წამოიყვანოო. მაშინ უკვე ბევრი არ მიფიქრია, გავყევი. ორი წლის შემდეგ ძია რეზომ მიშვილა და თავის გვარზე დამწერა. ძალიან თბილი ადამიანი იყო და მასთან ერთად ძალიან ბედნიერი ვიყავი. კარგად ვსწავლობდი და არქიტექტურულზე ჩავაბარე. უნდა გენახათ, სტუდენტი რომ გავხდი, რეზო რა ბედნიერი იყო (იღიმის). უკვე ვმუშაობდი, როცა გარდაიცვალა. მერე თბილისში მისი სახლი გავყიდე და ამერიკაში წავედი. იქვე დავოჯახდი. ორი წელია საქართველოში ვარ. ჩემი ცოლს დედა ფრანგი ჰყავს და მამა ქართველი.
ნინოს არ უნდოდა ჩვენს შვილებს ქართული არ სცოდნოდათ და საქართველოში ცხოვრება ამიტომ გადავწყვიტეთ. ჩემი ცოლი ექთანია და ერთ_ერთ კერძო კლინიკაში მუშაობს. მე სამშენებლო მასალების მაღაზია მაქვს და კიდევ პატარ-პატარა კერძო შეკვეთებს ვიღებ. ორი ბიჭის მამა ვარ და არც ერთისთვის არასოდეს თითიც კი არ დამიკარიებია. მე და ჩემი მეუღლე რამეზე თუ წავიკამათებთ, ვცდილობ ამას ბავშვები არ შეესწრონ. საბედნიეროდ, ჩემს ფსიქიკას ჩემმა წარსულმა კვალი არ დაამჩნია. არ მიყვარს წარსულის გახსენება და ახლა რომ ვილაპარაკე, ძალიან ავღელდი. მაინც იღბლიანი კაცი ვყოფილვარ. მადლობა ჩემს მამობილს, რომ გზაზე დამაყენა. ის რომ არა, შეიძლებოდა დღეს ცოცხალიც კი აღარ ვყოფილიყავი.
მკითხველის ისტორია