17 აგვისტო, 2014
„როცა სცენარს ვკითხულობდი, ცრემლებად ვიღვრებოდი“ - დიდი კინოდან პორნოინდუსტრიამდე
დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი გარეგნობით ისე მოიხიბლნენ, წვრილმან ხარვეზებს ყურადღებას აღარ მიაქცევდნენ პოპულარობაზე ალბათ ყველა ადამიანი ოცნებობს, ზოგი მიზანს მალევე აღწევს, ზოგი ვერასდროს, თუმცა არის ზოგიერთი შემთხვევა, როცა მიზანი თითქოს მიღწეულია, მაგრამ ადამიანს არ ასვენებს კითხვა, ღირდა კი ასეთი პოპულარობა? ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი მაკა თურქეთში ცხოვრობს, თუმცა მისი ინტერნეტპოპულარობა ჩვენი მეზობელი რესპუბლიკის ფარგლებს დიდ ხანია გასცდა. მაკა თვლის, რომ ვარსკვლავია, მაგრამ მის წარმატებას ყოველთვის გაჰყვება სინანულის განცდა.

- სანამ „პირველ როლზე“ დამამტკიცებდნენ, ერთ-ერთ სარეკლამო რგოლში
გადამიღეს. ქალაქში რომ გავედი, ჩემზე ამაყი არავინ მეგონა, თავაწეული მივდიოდი, მეგონა მთელი თბილისი მე მიყურებდა, მაგრამ გარშემო აღტაცებული შეძახილები რომ ვერ გავიგონე, ნელ-ნელა მიწაზე დავეშვი. რამდენიმე წუთში უკვე გაფაციცებით შევჩერებოდი თვალებში გამვლელებს, იქნებ ერთმა ადამიანმა მაინც მიცნოს-მეთქი, მაგრამ პოპულარობაზე ოცნება ოცნებად დამრჩა. თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ერთი წელი ისე გავიდა, ჩემით არავინ დაინტერესებულა. დავდიოდი სასოწარკვეთილი და იმედგაცრუებული. ძნელია, როცა შენს მეგობრებს, კურსელებს ეკრანზე ხედავ, შენ კი არავის ახსოვხარ. ერთ დღესაც რუსთაველზე გვიან ღამით ვსეირნობდი, ქუჩაში კანტიკუნტად დადიოდა ხალხი. შორიდანვე შევნიშნე, რომ ჩემკენ დაახლოებით 45 წლის მამაკაცი გამოემართა და როცა მომიახლოვდა, ხელგაშლილი წინ გადამიდგა. - აი, ამას ვეძებდი, ეს სახე მჭირდება, - წამოიძახა აღფრთოვანებულმა. უცნაური ადამიანი ჩანდა, არასტანდარტულად ეცვა და შემოქმედებითი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. თან ახლდა კიდევ ერთი მამაკაცი, უფრო ახალგაზრდა და სიმპათიური. სასაუბროდ იქვე ბარში შევედით. უცნობმა მითხრა რომ რეჟისორი იყო, თანმხლები მამაკაცი კი - ასისტენტი. მითხრეს, რომ სცენარი მზად იყო, მთავარ როლზე მსახიობები უკვე დაამტკიცეს, თუმცა ვაკანტური იყო ერთი საინტერესო როლის შემსრულებლის ადგილი, რომლისთვისაც რამდენიმე კასტინგი უშედეგოდ ჩატარდა.
- ამ შეთავაზებაზე უარს არ იტყოდით.
- სიმართლე გითხრათ, გული დამწყდა, რომ მთავარი როლი არ მერგო, მაგრამ დასაწყისისათვის ესეც კარგი იყო. სასინჯ გადაღებაზე მეორე დღისთვის დამიბარეს. ცოტა გამიკვირდა, როცა ჩვენი შეხვედრა კერძო სახლში შედგა. იქ მხოლოდ რეჟისორი და მისი ასისტენტი იყვნენ, ოპერატორსაც კი ვერსად მოვკარი თვალი. ხელში რაღაც ტექსტი შემაჩეჩეს და ნახევრად პროფესიონალური კამერა ჩაირთო. რეჟისორი ჩემგან მოშორებით დაჯდა და ასისტენტს, რომელიც მოცემულ მომენტში გადამღების ფუნქციებს ითავსებდა, მითითებებს აძლევდა. როგორც იქნა, ენის ბორძიკით ჩავამთავრე ტექსტის კითხვა და დარცხვენილმა შევხედე პროფესიონალ ჟიურის. მათ სახეზე არც კმაყოფილება ჩანდა და არც იმედგაცრუება, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს სრულებით არ აღელვებდათ ჩემი არტისტული მონაცემები.
- ეს საეჭვოდ არ მოგეჩვენათ?
- არანაირად, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი გარეგნობით ისე მოიხიბლნენ, წვრილმან ხარვეზებს ყურადღებას აღარ მიაქცევდნენ და როგორც დამწყებ მსახიობს გადაღებების დროს მუშაობაში დამეხმარებოდნენ. - მშვენიერია, წამოიძახა რეჟისორმა, საზღვარგარეთის პასპორტს გავაკეთებთ, წვრილმან საკითხებს მოაგვარებ და ერთ კვირაში კაბადოკიაში გავემგზავრებით.
- გადაღებები თურქეთში უნდა ყოფილიყო?
- კი, სიუჟეტი აგებული იყო ქართველ ქალებზე, რომლებმაც თურქეთში სამუშაოდ გადაწყვიტეს წასვლა, მაგრამ იქ ისე აეწყო მათი ცხოვრება და იმდენი უბედურება გამოიარეს, რომ გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ. სწორედ ამ დროს მოხდა სასწაული, რამაც ქართველი მანდილოსნები იხსნა და ამ სასწაულმა მათ ღვთის მხევლებად გახდომა გადააწყვეტინა. როცა სცენარს ვკითხულობდი, ცრემლებად ვიღვრებოდი. რას ვიფიქრებდი, რომ ადამიანი, რომელმაც ასეთი გულისამაჩუყებელი სცენები შექმნა, ნამდვილი ნაძირალა იყო.
- თბილისიდან ისე გაემგზავრეთ, რომ „ფილმის“ სხვა მონაწილეები არ გინახავთ?
- ვნახე კიდევ ორი გოგონა, ისინი ჩემზე ორი წლით უფროსები იყვნენ. ჩემსავით აჟიტირებულები და გახარებულები. შეთანხმების თანახმად გადამღებ ჯგუფს ჩვენ სამნი სტამბოლში უნდა შევხვედროდით და იქიდან ერთად გავემგზავრებოდით კაბადოკიაში. ჩვენი ჩასვლის შემდეგ გაირკვა, რომ ერთხანს დედაქალაქის გარეუბანში მოგვიწევდა გაჩერება. იქვე გვთხოვეს, გადაგვეღო ფილმის პირველი „მიზანსცენები“ და სწორედ მაშინ გავარკვიეთ, რომ ეს იყო ადგილობრივ საკაბელო არხზე მომუშავე გადამღები ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში კარგი გარეგნობის ქალებს არჩევდნენ, მოტყუებით თურქეთში ჩამოჰყავდათ, თუმცა როცა ეს ადამიანები სიმართლეს გაარკვევდნენ, უკან დაბრუნებაზე ბევრი აღარ ფიქრობდა. ეს იყო ეროტიკული პროდუქციის შექმნაზე მომუშავე „საწარმო“ და ხელოვნებასთან საერთო თითქმის არაფერი ჰქონდა. როცა ეს გავარკვიეთ, ლამის ჭკუიდან შევიშალეთ. არხის ხელმძღვანელი ჩვენს აღშფოთებას მშვიდად უყურებდა. ბოლოს უცნაურად გაიღიმა და გვითხრა, - აქ ძალით არავინ დაგტოვებთ, თუ წასვლა გინდათ წადით, მაგრამ თუ დარჩებით, თვეში 8 ათას დოლარს მიიღებთ, საუკეთესო პირობებში იცხოვრებთ და ნამდვილ ვარსკვლავებად გაქცევთო. - რა საშინელებაა, ამაზე არასოდეს დავთანხმდებით, - ვამბობით სასტუმროს ნომერში დაბრუნებულები, თუმცა ვგრძნობდი, რომ თანდათან ჩვენი აღშფოთება იკლებდა და ერთმანეთთან გვიჭირდა იმის გამხელა, რომ უკან დაბრუნება აღარ გვინდოდა. ბოლოს რაზეც ვორჭოფობდი ერთადერთი ის იყო, რომ ჩვენი ნამუშევარი ინტერნეტმომხმარებელზეც იყო გათვლილი და თუ საქართველოში გვნახავდნენ, ახლობლები გვიცნობდნენ და შევრცხვებოდით.
- ბოლოს სამივე ქართველი გოგონა დარჩით სამუშაოდ?
- სამივე. როცა ასეთ გადაწყვეტილებას იღებ, მნიშვნელოვანია გვერდით ისეთი ადამიანები გყავდეს, რომლებიც მორალურად გაგამხნევებენ. რომელიმე რომ დაბრუნებულიყო თბილისში, მეც დავბრუნდებოდი, მაგრამ ყველამ დარჩენა გადავწყვიტეთ. როცა ორი წლის შემდეგ თბილისში ჩამოვედი, ლექსუსის ჯიპი მყავდა და ჩემი სფეროს ნამდვილი ვარსკვლავი ვიყავი. მას შემდეგ ჩემი სამუშაო გრძელდება და ანაზღაურება ყოველწლიურად იზრდება, ხომ იცით, რაც უფრო პოპულარული ხდები, მით უფრო მაღალანაზღაურებადი ხარ.
- ეს ის არის, რაზეც ოცნებობდი?
- (ფიქრობს) ამის თქმა ძნელია. ყველაფერი მაქვს, რაც მინდა, მაგრამ დღემდე მენატრება რომელიმე ქართულ მხატრულ ფილმში ერთი უბრალო, სევდიანი ქართველი ქალის სახე შევქმნა... სიმართლე გითხრათ, ხანდახან ვნანობ, თავის დროზე ეს არჩევანი რომ გავაკეთე. იცით? ის სცენარი მახსენდება, ჩემმა რეჟისორმა თბილისიდან გამგზავრების წინ რომ წამაკითხა, ქართველი ქალის ამბავი, რომელმაც თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ მონასტერში წასვლა გადაწყვიტა. ვინ იცის, იქნებ მეც დავადგე მონანიების გზას, მაგრამ ცოდვას, ფულსა და პოპულარობს ერთი საერთო თვისება აქვს, რაც უფრო ახლოს ხარ, მით მეტად ემორჩილები...

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS