15 აგვისტო, 2014
ჭარბწონიანთა ოჯახი და სიყვარულის გამო დაკლებული 54 კილოგრამი
დედამ, როგორც ბევრ ქალს სჩვევია, გათხოვების შემდეგ თავის მოვლასა და კილოგრამების კონტროლს უკლო ჩემს ოჯახში ყველა ჭარბწონიანია. რაც თავი მახსოვს, ბებიაჩემი დილიდან საღამომდე სამზარეულოში ტრიალებდა და ათასნაირ კერძს ამზადებდა. ბაბუა ძველი ყაიდის კაცი გახლდათ. უყვარდა „გაკრახმალებული“ თეთრეული, პერანგები, საცვალსაც კი ასეთს ხმარობდა. ის ერთ-ერთ ქარხანაში დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. ყოველ დილას, სამსახურში წასვლამდე, გვარიანად საუზმობდა. არ არსებობდა, ბებიას მისთვის ერთი და იგივე საკვები მოემზადებინა. ჩაი, რძე, კაკაო, კომპოტი - ყოველ დილას ხვდებოდა, რომელთან ერთად აუცილებლად უნდა
შეეჭამა ორი ნაჭერი პური ჯემით, თაფლით, ყველით და ა.შ. კვირაში სამჯერ უნდა ეჭამა მოხარშული კვერცხი, ხორცი. სადილად შინ ბრუნდდებოდა და მაგიდაზე აუცილებლად პირველი და მეორე უნდა ჰქონოდა. ჩვენს ოჯახში ყოველთვის იყო წვნიანი და ტკბილიული. ბაბუა სახლიდან არასოდეს გადიოდა მშიერი და ამავეს შეაჩვია თავის შვილები და ჩვენ, შვილიშვილები“, - ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი მშვენიერი აღნაგობისა და გარეგნობის ახალგაზრდა ქალბატონმა. როგორც გვითხრა, წლების წინ ჭარბი წონა აწუხებდა, თუმცა დღეს ის არაჩვეულებრივად გამოიყურება და საერთოდ არ ეტყობა, რომ ერთ დროს მისი წონა 100 კილოგრამს აჭარბებდა.

- დედაჩემისთვის მე პირველი შვილი ვარ. როცა გათხოვდა, 90 კილოგრამს იწონიდა. არც მამა მყოლია გამხდარი – 110 კილო გახლდათ (იცინის). დედამ, როგორც ბევრ ქალს სჩვევია, გათხოვების შემდეგ თავის მოვლასა და კილოგრამების კონტროლს უკლო. შესაბამისად, როცა ორსულობის VII თვეში ექიმთან კონსულტაციაზე მიიყვანეს, საგანგაშო მდგომარეობა აღმოჩნდა. იმ თვეების განმავლობაში წონაში 23 კილო მოუმატია. თურმე მამას შუაღამისას ხშირად სთხოვდა სალობიეში ან სახინკლეში წაყვანას. ან მძინარეს აღვიძებდა და მაღაზიიდან ნაყინის ან შოკოლადის ამოტანას სთხოვდა. სანამ მე გავჩნდებოდი, ორი დღით ადრე დედაჩემს ტორტი უნატრია. რასაკვირველია, მამამ სურვილი აუსრულა და შოკოლადის ტორტი მოართვა. იმ საღამოს დედას, სამ ჭიქა ჩაისთან ერთად შვიდი ნაჭერი ტორტი უჭამია.
- ამან მის ჯანმრთელობას პრობლემა არ შეუქმნა?
- საკეისრო კვეთის შედეგად გავჩნდი, დედა ბუნებრივი გზით ჩემს გაჩენას ვერ შეძლებდა. იცით, რამდენი კილოგრამი დავიბადე?! 4 კილო და 800 გრამი. ბავშვი კი არა გიგანტი ვიყავი (იცინის). თან დიდი, ქერა თმა მქონია და დედა მეუბნებოდა, რომ გავიღვიძე და შენ დაგინახე, ჩემი შვილი არ მეგონე. ვიფიქრე მატყუებენ და ეს ბავშვი ახალდაბადებული კი არა 5-6 თვის მაინც იქნებაო.
- ალბათ ასეთივე „წარმატებით“ იმატებდით წონაში. ბევრს ჭამდით?
- ძალიან! გადმოცემით ვიცი, რომ საწოვარას ძალით მიდებდნენ პირში, მე კი ფაფებით სავსე ბოთლებისკენ ვიქაჩებოდი. ბაღში რომ წავედი, იქაც არ მყოფნიდა ის საკვები, რომელსაც ყველა ბავშვი ჭამდა. მასწავლებლები დედას და ბებიას საყვედურობდნენ, მიხედეთ, თორემ როცა წამოიზრდება და ქალობაში შევა, გაიტანჯებაო. მართლებიც იყვნენ, პირველად რომ არც თუ ისე სასიამოვნო სიტყვა მიწოდა ჩემმა კლასელმა, ჩემი პედაგოგების სიტყვები მაშინ წამოტივტივდა გონებაში. მას შემდეგ დაიწყო ჩემი წამება.
- როდის მიხვდით, რა ასაკში, რომ ჭარბი წონა გქონდათ?
- VIII კლასში ვიყავი, რომ მივხვდი, ჩემს გარეგნობაში ცვლილებები უნდა შემეტანა. მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრებისგან დამოუკიდებლად გადავწყვიტე დიეტა დამეცვა. ბებიას მიერ მომზადებულ კალორიულ საუზმეზე უარი ვთქვი. ვატყუებდი, სკოლის სასადილოში შევჭამ-მეთქი. სკოლიდან შინ დაბრუნებულიც არ ვჭამდი. მასწავლებლებთან კერძოდ ვემზადებოდი და გაკვეთილებზე რომ მივდიოდი, ბებიას ვატყუებდი, გზაში ხაჭაპური ან ნამცხვარი ვიყიდე და ის ვჭამე-მეთქი. თავიდან ძალიან გამიჭირდა ეს რეჟიმი. ფაქტობრივად, არაფერს ვჭამდი და მუდმივი შიმშილის გრძნობა უაღრესად მთრგუნავდა. იმ ზაფხულს, როცა არდადეგებზე სოფელში წავედი, „აუშვი“. ბებია დილა-საღამოს მიცხობდა იმერულ ხაჭაპურს და მეც ვერანაირად ვერ ვიკავებდი თავს. შედეგი კი ის იყო, რომ დაკლებული ხუთი კილო ხომ დავიბრუნე და ამას კიდევ შვიდი დავამატე. ეს მართლაც საშინელება იყო. სკოლის ბანკეტზე ყველაზე მსუქანი მე ვიყავი. ერთი საკმაოდ ხანში შესული გეომეტრიის პედაგოგი გვყავდა. მას კრემიანი ღვეზლები უყვარდა და ამის გამო ბავშვები „ფუნთუშას“ ვეძახდით. არადა, სწორედ ის 73 წლის „ფუნთუშა“ ჩემზე გაცილებით გამხდარი იყო. ალბათ ზურგს უკან რაღაც მეტსახელს მეც მეძახდნენ, ზუსტად არ ვიცი.
- აბა, როდის დადექით იმ წონაზე, რომელზეც ახლა ხართ?
- 22 წლის ასაკში. მაშინ, როცა შემიყვარდა (იღიმის). რეზიკო რომ გავიცანი, მივხვდი, ის არასოდეს მიაქცევდა ყურადღებას ისეთ ქალს, როგორიც მე ვიყავი. მამაჩემს ვთხოვე ფული, დავიწყე ვარჯიშებსა და მასაჟებზე სიარული, ამავე დროს დიეტოლოგს მივაკითხე და სპეციალურად ჩემი ორგანიზმისთვის დიეტა დავანიშნინე. ვიცოდი, რომ რეზიკო ერთი წლით გერმანიაში უნდა გამგზავრებულიყო. წასვლის წინ აეროპორტში სხვა მეგობრებთან ერთად მეც გავაცილე და ვუთხარი, რომ ჩამოხვალ სიურპრიზს დაგახვედრებ-მეთქი. იმ თვეების განმავლობაში „სკაიპით“ ვესაუბრებოდი, თუმცა კამერა არასოდეს ჩამირთავს. ერთი წლის განმავლობაში 54 კილოგრამი დავიკელი და გავხდი ისეთი, როგორიც ახლა ვარ. არასოდეს დამავიწყდება რეზიკოს გაოცებული თვალები, როცა დამინახა. მგონი, მაშინვე შევუყვარდი. ჩვენი სიყვარული მეორე დღიდანვე განვითარდა და სამ თვეში ქორწილიც გადავიხადეთ. დღეს 4 წლის გოგონას ვზრდით. ორსულობის დროს 9 კილო მოვიმატე და თვე-ნახევარში ისევ ფორმაში ჩავდექი. ასე ყოფილა, სიყვარულის გამო რას არ გააკეთებს ადამიანი (იღიმის). დღეს დედაჩემს შვილიშვილი თავისთან რომ მიჰყავს ხოლმე, ვთხოვ, რომ არაფერი აჭამოს. არ მინდა, ბავშვს კუჭი დაუზიანდეს და მერე ჩემსავით ტრავმირებული გახდეს. საბედნიეროდ, მე შევძელი წონაში დამეკლო, მაგრამ ჩემ ძმის ოჯახში წლებია იგივე პრობლემაა. ჩემი ძმა ჩემზე ხუთი წლით უმცროსია. სანამ მას სკოლაში შეიყვანდნენ, ერთ შემწვარ ქათამს მხოლოდ საუზმეზე ჭამდა. ცოლიც თავისნაირი შეირთო. ის ქალი დილიდან საღამომდე სამზარეულოში ტრიალებს და ერთხელაც იქნება, ჩემს ერთმანეთზე უარესები. რაც შეეხება ჩემს პატარა ძმისშვილს, ლაშიკოს დედამისი ერთ ჭამაზე 11 კვერცხს უწვავს და ბავშვს ისიც არ ჰყოფნის, ამის შემდეგ კიდევ რაღაცას ეძებს სასუსნავს და მაცივარში იყურება. ძალიან მრცხვენია, ასეთი ოჯახი რომ მყავს, მაგრამ რას ვიზამთ, სამწუხაროდ, ჩემი მაგალითი მათთვის მხოლოდ ხუმრობის საგანია და მეტი არაფერი.

მკითხველის ისტორია

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მაკა
რეზიკო რომ გავიცანი :D გმერტო რა სისულელეებს წერთ,საიდან ამხელა ნიჯი? :D
07:37 / 16-08-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS