როცა მამა ცოლის ''საყვარლებს'' საწოლის ქვეშ ეძებს და დედა თავის მოკვლით იმუქრება, გასაკვირი არაა, ქალიშვილები გათხოვებას შინაბერად ყოფნას რომ არჩევენ და კაცების დანახვაზე იმალებიან.
ჩვენი რესპონდენტი ''შეშლილთა ოჯახის'' ერთადერთი წევრია, რომელმაც ცხოვრების შესაცვლელად რისკზე წასვლა გადაწყვიტა, რა შედეგს მიაღწია ამით, თავად 32 წლის მანანასგან შეიტყობთ.
- ძალიან ''საინტერესო'' ოჯახი მაქვს. მამაჩემს კლიმაქსის პერიოდში, ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. ეჩვენებოდა, რომ ცოლი ღალატობდა, ხან ერთ მეზობელს მიუვარდებოდა, წუხელ ჩემს
- თავადაც ასეთი იყავით?
- მე დებს შორის ყველაზე უმცროსი ვარ, უფროსების ასეთ ქცევას რომ ვუყურებდი, სხვაგვარად როგორ მოვიქცეოდი. დედაჩემმა მამის მაგალითზე ჩაგვინერგა, რომ ყველა კაცი ერთნაირი ურჩხულია და გათხოვების შემდეგ, ჩვენც მასავით თოკზე დაკიდებული ვიკონწიალებდით, ამის შემდეგ ქორწინებაზე ფიქრს ვინღა გაბედავდა. როცა დედაჩემი მიხვდა, რომ ჩვენს აღზრდაში სერიოზული შეცდომა დაუშვა, თითქმის შინაბერა ქალიშვილები, შეგვკრიბა და შეცვლილი ''მსოფლმხედვეობით'' დაგვარიგა, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. დროებით დადინჯებული მამაც, იქვე შორიახლოს ტრიალებდა და გვამუნათებდა, დედათქვენის საყვარლებს ქუჩა-ქუჩა დავდევ, გუშინ ერთი საწოლის ქვეშ ვიპოვე, თქვენ კი ერთხელ გათხოვებაც ვერ მოგიხერხებიათო. დედაჩემი ჩვეულებრივად ასეთ მომენტში, თოკით ხელში ეზოში გაჭენდებოდა, მაგრამ მიხვდა, რომ ახლა ამის დრო არ იყო, ჩემი ბედ-იღბლის საკითხი წყდებოდა.
- რატომ თქვენი?
- ეს ჩემმა თაყვანისმცემელმა მოახერხა. მეზობლის ქალს შემოუთვლია, კირილეანთ თენგოს ბიჭს ნანა უყვარს და ხვალ ხელის სათხოვნელად მოდიანო. ეს რომ გავიგე, აღზრდის შესაბამისად, ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე, თუმცა გულში ვფიქრობდი, ნეტა ვინმემ დამაძალოს და ამ ოჯახს მოვშორდე-თქო. შეიძლება ითქვას, რომ ნატვრა გადაჭარბებით შემისრულდა. სასიძოს გამარჯობაც არ ჰქონდა დამთავრებული, მამაჩემმა რომ მიახალა თანახმა ვარ, წაიყვანე, ამდენი ქალის მწყემსვა აღარ შემიძლიაო. სადედამთილოს მეტი რა უნდოდა, ქორწილის გადახდა ეჩქარებოდა, ხელი ჩამჭიდა და ქმრის სახლში ფეხითა და ხელკავით ამიყვანა.
- თოკის ამბავი ასრულდა?
- პირველი ორი თვე ისეთი ბედნიერი ვიყავი, დედაჩემის ფილოსოფია აღარც გამხსენებია, თითქოს ჩემს დებსაც ამქვეყნისკენ შემობრუნება დაეტყოთ, მაგრამ ერთ დღესაც, სახლში რომ დავბრუნდი, ქმარი უხასიათოდ დამხვდა. შემაგინა კიდეც, მერე კარი გაიჯახუნა და გავარდა. დედამთილმა თვალები მრავალმნიშვნელოვნად გადაატრიალა და მითხრა, ქალის ამბავია, ეტყობა ვიღაც გაიჩინაო. ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, ამ დროს რა უნდა გამეკეთებინა? ალბათ ის რაც დედისგან ვისწავლე, თუმცა ცოტა ხანს, რომ დავფიქრდი მივხვდი, რომ უმჯობესი იყო, ღალატში დავრწმუნებულიყავი, ასე ხომ უფრო თამამად წავიდოდი ამ ქვეყნიდან. მომდევნო ორი თვე, სიმართლის გარკვევას ვცდილობდი, ამასობაში ჩამოვხმი და ჩამოვდნი. გასათხოვარი 50 კილო ვიყავი, ქორწინების შემდეგ კი ჩემი ზომის ტანსაცმელს, საბავშვო განყოფილებაში ვარჩევდი. სწორედ ამ დროს დავამტკიცე, რომ დედამთილს ინტუიცია არასოდეს ღალატობს, იმ საძაგელი ქალის გვარ-სახელიც გავიგე და გადავწყვიტე თავად მომენახულებინა ჩემი სიძულვილის ობიექტი. ამისთვის მგზავრობის ფულის გადახდა და უახლოეს რაიონამდე ჩასვლა დამჭირდა. იმ კახპას სამსახურშიც თამამად შევაბიჯე და როცა ადრესატამდე მივედი, თოკი სანატრელი გამიხდა. ჩემს წინ ორმეტრიანი, გემივით აფრააშლილი ქალი იდგა, სულ ცოტა, 120 კილოს იწონიდა, და მკლავები ტაისონის მკლავებზე მეტად ჰქონდა გასქელებული.
- რა უთხარით?
- რა უნდა მეთქვა, ჩემს ქმარს თავი დაანებე, თორემ მოგსპობ-თქო? მე ხომ მისი კაბის შრიალიც წამაქცევდა. მოვუბოდიშე, მგონი რაღაც შემეშალა-თქო და წამოვედი. შინ დაბრუნებულმა ჩემი ნივთები ჩავალაგე და პირველივე ავტობუსს გამოვყევი, რომელიც თბილისში მოდიოდა. არც ჩემი ქმრის დანახვა მინდოდა და არც ნახევრად შეშლილი მშობლების. საბედნიეროდ, დედაქალაქში მეტად გამიმართლა, ბინა ვიქირავე, მომვლელად სამსახურიც ვიშოვე და რაც მთავარია, ისეთ ადგილზე ვცხოვრობ, სადაც ასი მეტრის რადიუსში ერთ კაცსაც ვერ ნახავთ. როცა გაბრაზებული ვარ, თოკის ძებნით თავს აღარ ვიწუხებ, ლოგინში ვწვები და დაძინებას ვცდილობ. მგონი, ეს მეთოდი უფრო მომგებიანია. რაც შეეხება ჩემს მშობლებს, ისევ ძველებურად ცხოვრობენ, დები კი კაცებს ადრინდელზე მეტად გაურბიან და მგონი, სწორადაც იქცევიან.
მკითხველის ისტორია