- ალბათ მხოლოდ დედები თუ გაიგებენ, რასაც მაშინ განვიცდიდი. საშინელებაა, როცა 16 წლის
- როგორ აღმოაჩინეთ, რომ თქვენი შვილი თავისზე რამდენიმე წლით უფროს ქალთან კონტაქტობდა?
- გეტყვით, როგორ დაიწყო ყველაფერი. ჩემმა მეუღლემ ლევანს დიდი ხნის ოცნება აუსრულა და კომპიუტერი უყიდა. თავიდან მხოლოდ ერთი-ორი საათით თუ მიუჯდებოდა, ცოტას წაითამაშებდა და ეგ იყო. მერე ათასი პროგრამა ჩაწერა, ინტერნეტიც ჩავრთეთ და ჯოჯოხეთიც მაშინ დაიწყო. ბევრჯერ გამთენიისას დაწოლილა დასაძინებლად. ძალიან ვბრაზობდი, მეუღლეს ვეუბნებოდი, ჩემი არ ესმის და იქნებ შენი მაინც გაიგოს-მეთქი, მაგრამ საყვედურებით ვერაფერს გავხდით. სამსახურში მეც მომთხოვეს, კომპიუტერული პროგრამები შეისწავლეო და სამთვიანი კურსების გავლა მომიხდა. საღამოობით ლევანს ვთხოვდი, კომპიუტერი ჩემთვის დაეთმო. არ უნდოდა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. მე თვითონაც არ მეგონა, ისე კარგად ავითვისე ყველაფერი. თან, რაც უფრო მეტს ვიგებდი, მით უფრო მიხაროდა და ახლა უკვე მე მივეჯაჭვე ეკრანს.
- თქვენი შვილი როგორ იტანდა ''კონკურენტს''?
- როცა მე ვიჯექი კომპიუტერთან, ლევანი სახლიდან მიდიოდა. ეს მიხაროდა კიდეც და ზოგჯერ საქმეც რომ არ მქონდა, რაღაცებს ვიმიზეზებდი - საბეჭდი მაქვს-მეთქი. ერთ დღესაც ''სკაიპი'' ჩართული დარჩა და მაშინ გამჟღავნდა ყველაფერი. ჩემს შვილს ვიღაც ქალი სწერდა. საყვედურობდა, რა გაწყენინე ასეთი, ვხედავ, რომ კომპიუტერთან ხარ და რატომ არ მომიკითხავო. თავიდან გამიკვირდა, ვიფიქრე, ამხელა ქალს ჩემს შვილთან რა საქმე აქვს, რამე ხომ არ ეშლება-მეთქი, მაგრამ მერე მათი საუბრების არქივს მივყევი და გული გამისკდა! მივხვდი, რომ ჩემი შვილი დიდ გასაჭირში იყო ჩავარდნილი. 39 წლის ქერა ქალი, ჩემს შვილს ''აბამდა'' - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
- მაინც რას სწერდა ასეთს?
- ნუ დამაკონკრეტებინებთ, დღესაც ცუდად ვხდები, ყველაფერი რომ მახსენდება. უბრალოდ გეტყვით, რომ ამ მიმოწერას სისტემატური ხასიათი ჰქონდა და ის ქალი ყოველდღიურად უყვებოდა დღის განრიგს, როგორ შეეჩვია ჩემს შვილთან საუბარს და ეშინია, რომ ეს ყველაფერი გრძნობაში არ გადაიზარდოს... ჩემი სულელი შვილი შეხვედრას სთხოვდა და ის უარს ეუბნებოდა. თავს იმით იმართლებდა, ჩვენ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა, არ მინდა შეგიყვარდე და ამ სიყვარულით დაიტანჯოო. ჩემი შვილი ეკითხებოდა, შენ რომ შეგიყვარდეო და ის პასუხობდა, მე შეჩვეული ვარ ტკივილს და როგორღაც გადავიტან, შენს გულს ვუფრთხილდებიო.
- გასაკვირია, რაში სჭირდებოდა იმ ქალს თქვენი 16 წლის შვილი? რას იღებდა ამ ურთიერთობიდან?
- ფულს გენაცვალე, ფულს! ერთგან ეწუწუნებოდა, ხელფასი დამიგვიანეს და ფული მჭირდება სასწრაფოდო. ჩემი შვილი სწერდა, მე მაქვს ფული და მოგცემო. ის ჯერ უარზე იყო, მაგრამ მერე, როგორც ჩანს, შეხვდნენ და გადასცა. ალბათ ასე ჰყავდა რამდენიმე ბავშვი გამოჭერილი და ფულს შოულობდა. ეს ამბავი არც ლევანისთვის მითქვამს და არც ჩემი მეუღლისთვის. მეორე დღეს თიკო ჩემი პირადი სკაიპიდან დავიმატე და გავესაუბრე. ალბათ მორიგი მსხვერპლი ვეგონე. თავიდან მხოლოდ მოვიკითხავდი, მომწერა, ქმარს გაშორებული ვარ და 9 წლის ბიჭს მარტო ვზრდიო.
- ალბათ თქვენი ნამდვილი ვინაობა არ გაუმხილეთ...
- რა თქმა უნდა არა, გამოვუტყდი, ერთი ეული, ქვრივი ქალი ვარ, რომელსაც არავინ ჰყავს ახლობელი-მეთქი. მოკლედ, თავი ძალიან უბედურ არსებად მოვაჩვენე. ერთ დღესაც ვუთხარი, თუ წინააღმდეგი არ იქნები, სადმე ყავა დავლიოთ და ვისაუბროთ, მინდა უფრო ახლოს გაგიცნო-მეთქი.
- იმ ხნის განმავლობაში, რაც თიკოსთან კონტაქტობდით, თქვენი შვილი მასთან ურთიერთობას აგრძელებდა?
- დიახ, აგრძელებდა. ერთმანეთს ხვდებოდნენ კიდეც და საკმაოდ ახლო ურთიერთობაც ჰქონდათ... ჩემს თხოვნას რაც შეეხება, უარი არ უთქვამს. ერთ საღამოს შევხვდით. რაც მართალი მართალია, თიკო ლამაზი ქალია. ჩემი დებილი შვილი კი არა, ნებისმიერი კაცი მოიხიბლებოდა მისი სილამაზით. კაფეში შევედით, ყავა შევუკვეთეთ და პირდაპირ დავუდე მაგიდაზე ჩემი შვილის ფოტო. თიკო, ამ ბავშვს თუ იცნობ-მეთქი. სახე აელეწა და აქეთ-იქით ყურება დაიწყო. პასუხს არ დავლოდებივარ, ისე ვუთხარი, თუ ჩემი შვილის ცხოვრებიდან დღესვე არ გაუჩინარდები, საკუთარ საქციელზე პასუხისმგებელი არ ვარ-მეთქი. ტირილი დაიწყო და ბოდიშებს მიხდიდა. სიმართლე გითხრათ, შემეცოდა, მაგრამ მუქარა კიდევ ერთხელ გავუმეორე და წამოვედი.
- დაგემორჩილათ?
- სხვა რა გზა ჰქონდა?! ლევანს იმ დღეს აღარ შეხმიანებია. ვხედავდი, როგორ დადიოდა ჩემი შვილი აქეთ-იქით ანერვიულებული, სადღაც რეკავდა, მერე კომპიუტერს მიუჯდებოდა და იქაც რომ ვერ პოულობდა, შეშლილი სახით გარბოდა გარეთ. მეშინოდა, თავს რამე არ აუტეხოს-მეთქი, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა. ინგლისში გავუშვით სასწავლებლად. წელს ზაფხულში ჩამოვიდა. თვის ბოლოს ზღვაზე წავალთ დასავენებლად და მერე ლევანი ისევ ლონდონში დაბრუნდება. მგონი დაივიწყა თიკო. ყოველ შემთხვევაში ახლა მთლიანად სწავლაზეა გადართული და ვნახოთ, მერე რა იქნება (იღიმის).
მკითხველის ისტორია