- ყველაზე ადვილად გათხოვების საკითხი გადავწყვიტე. ჩემს ცხოვრებაში ისეთი სიმპათიური მამაკაცი გამოჩნდა, უარის თქმის შანსიც არ დამიტოვა. თანაც ის პირველი იყო ჩემს თაყვანისმცემლებს შორის, რომელსაც ბინაც ჰქონ
ქმარი შინ გვიან ბრუნდებოდა, მაგრამ იმისთვის ყოველთვის იცლიდა, რომ რესტორანში დავეპატიჟე, ქალაქგარეთ გაგვესეირნა, ფული მოეცა, რომ მეორე დღეს მაღაზიებში ლამაზი სამოსი შემეძინა. ასე გაგრძელდა თითქმის ექვსი თვე. ერთ დღეს კი მეუღლე შინ საშინელ ხასიათზე დაბრუნდა. არ მეუბნებოდა რა მოხდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ რაღაც სერიოზულად უჭირდა. ბოლოს დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ ამოთქვა- უკრაინიდან საქონელი შემომქონდა, საბაჟოზე დარღვევა მიპოვეს და თუ სასწრაფოდ 50 ათასს არ გადავიხდი, სამასი ათასის საქონელს ჩამომართმევენო.
- ამ ინფორმაციის გადამოწმება არ შეგეძლო?
- ამის გაკეთება აზრადაც არ მომივიდოდა, მას თვალდახუჭული ვენდობოდი, მე კი არა, მამაჩემსაც არ შეჰპარვია ეჭვი. უფრო მეტიც, ისე განიცადა მისი მდგომარეობა, თავად შესთავაზა დახმარება. თემო გადაირია, თქვენ ფულს როგორ გამოგართმევთ, მირჩევნია ყველაფერი დავკარგოო. სიდედრ-სიმამრმა ხვეწნა-მუდარით ჩაუკუჭეს ჯიბეში ეს თანხა. იმ პერიოდში მამაჩემს თვითონაც პრობლემები ჰქონდა. საწარმოს ამუშავებდა, ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან მასალა შემოჰქონდა და აქ ავეჯს აწყობდა. სერიოზულ მოგება რჩებოდა. ერთ დღეს კი ხანძარი გაჩნდა, ნახევარი მასალა დაიწვა, ნაწილის გადარჩენა მოახერხეს, მაგრამ ზარალი მაინც დიდი იყო. თემოს დახმარება მაინც მოახერხა, შვილივით მიიღო და უყვარდა, თანაც, პრაგმატულადაც მიუდგა საკითხს, თუ მას ბიზნესი ჩაუფლავდებოდა, ჩვენს ოჯახს რით უნდა ეარსება. მოკლედ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.
თემო ისეთი გახარებული იყო, ეჭვიც არ შემპარვია, რომ საქონელი დაიბრუნა. იმ საღამოს მისი მეგობარი გვესტუმრა. ჯარჯი ერქვა. კარგი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ჯარჯი პირველად რამდენიმე თვის წინ ვნახე, მას შემდეგ იშვიათად მოდიოდა. იმ დღეს კი ჩვენთან დარჩენა გადაწყვიტა. ერთი კვირის თავზე ისევ გვესტუმრა. მეგობრებმა კარგად მოილხინეს, თითქმის გათენებამდე სვამდნენ და ერთობოდნენ. მათთან ერთად სუფრასთან დიდხანს ვიჯექი, მაგრამ ღამის ოთხი საათისთვის საძინებელში გავედი. თემოს ერთი ცუდი თვისება ჰქონდა, როცა დალევდა, ქალაქში უაზრო ბოდიალი უყვარდა, მეშინოდა, ნასვამი იმ ღამესაც არ გაპარულიყო, ამიტომ ვიფიქრე, თვალს მოვატყუებ, ცოტას დავისვენებ და ისევ მათთან დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ დაღლილს მკვდარივით დამეძინა. როცა გამომეღვიძა, დილის რვა საათი სრულდებოდა. გვერდით გადავიხედე, ლოგინში მამაკაცი იწვა და ხვრინავდა, მაგრამ ის თემური არ იყო. გადავხადე და რას ვხედავ, დედისშობილა ჯარჯი ჩემს ლოგინში ერთი საბნის ქვეშ. მინდოდა დამეყვირა, მაგრამ დრო არ მეყო, კარი გაიღო და თემური შემოვიდა. როცა თავისი მეგობარი ჩემს საწოლში დაინახა, მხეცივით აღრიალდა და ჯარჯის გაეღვიძა. დამშვიდდი, ეს ის არ არის, რაც შენ გგონიაო, შეშინებული აცეცებდა თვალებს. თემო კი ყვიროდა, იცოდით ჩემი ხასიათი, დამათვრეთ, ქუჩაში როგორც კი გავედი, მაშინვე მიღალატეთ, ბოზები, ნაბიჭვრები, თქვენი დედაცო, ყვიროდა და იგინებოდა. ჯარჯიმ კარში გაასწრო და დედიშობილა, ზეწარშემოხვეული დაეშვა კიბეებზე. ქმართან პირისპირ დავრჩი. თემო თითქოს დამშვიდდა და მითხრა, შენ რომ მოგკლა, ციხე და ჯოჯოხეთი გარანტირებული მაქვს, ამიტომ გაგიშვებ, ოღონდ ჩემი სახელი არასოდეს აღარ ახსენოო. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ერთი სიტყვაც არ მითქვამს თავის გასამართლებლად. მშვიდად ჩავალაგე ჩემი ნივთები და წამოვედი. მივხვდი, რაც უნდა მეთქვა, თემო არ მომისმენდა, ერთ წამში ყველაფერი დაინგრა, ეს იყო ერთი დიდი აბსურდი, რომლის ვერც თავი გავიგე და ვერც ბოლო.
- მშობლებს რა უთხარი? მათ მაინც არ სცადეს გაერკვიათ, რა მოხდა?
- მამაჩემი ლამის საცვლის ამარა გაიქცა, მას ვერავინ დააჯერებდა, რომ მე ქმრის ღალატი შემეძლო, მაგრამ თემო სახლში არ დახვდა. არც მეორე დღეს, არც ერთი კვირის შემდეგ. ბოლოს ასაკოვანმა ქალმა გამოხედა. მამას უთხრა, ეს ჩემი ბინაა, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს მივაქირავე, მაგრამ უკვე დაცალეს და წავიდნენო.
- შენ კი იცოდი, რომ ეს თემურის ბინა იყო?
- მე ასე მითხრა. ეჭვები სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა, თემომ შეცდომა დაუშვა, მან ვერ გათვალა მამაჩემის შესაძლებლობები. მის სიმამრს უამრავი მეგობარი ჰყავს, სად უნდა წასულიყო, რომ მისი პოვნა ვერ მოეხერხებინა.
- იეჭვეთ, რომ თაღლითი იყო?
- ფაქტია, რომ პატიოსანი ადამიანები ასე არ იქცევიან. ის რაღაცას მალავდა და მამას სიმართლე უნდა გაერკვია. საქმეს ის ართულებდა, რომ მან სახელი და გვარიც მოიტყუა, მისი ფოტოც არ მქონდა. მეუბნებოდა, სურათის გადაღება მძულს და გთხოვ, არასოდეს დამაძალოო. როგორც ჩანს, პროფესიონალი იყო, წელიწადი და ორი თვე დაგვჭირდა მის მოსაძებნად. საქმე კი ქუთაისიდან გაიხსნა. იქ პოლიციაში ატირებული ქალი მივიდა, რაც მქონდა, ქმარმა ყველაფერი გამიყიდა, ბინა, აგარაკი, მერე მისი ძმაკაცი მძინარეს გვერდით მომიწვა და ქმარმა ღალატისთვის სახლიდან გამომაგდოო. ''თემომ'' იმ ცოლთან კარგად იმუშავა, თითქმის ორასი ათასის ქონება მიითვისა და გაუჩინარდა.
- ბოლოს სად მიაკვლიეს?
- სამართალდამცველებმა იპოვეს, ბათუმის მატარებელში აიყვანეს, ვიღაც გოგოს ''კერავდა''. ისიც მდიდარი მამიკოს შვილი იყო. როგორც გაირკვა, წინასწარ აგროვებდა ინფორმაციას, როცა მიხვდებოდა, რომ შესაფერისი კანდიდატურა იყო, მთელი თავისი მომხიბვლელობით გამოეცხადებოდა, ქალების შებმა კი ნამდვილად კარგად გამოსდიოდა.
- მგონი ისევ ემოციების ქვეშ ხარ, იქნებ ციხეშიც მოინახულო...
- არ დაუჭერიათ, ამბობენ, კარგად გადაიხადაო, მამამ თავისი კუთვნილი 50 ათასი უკან დაიბრუნა, მაგრამ სხვებმა რა უნდა ქნან? ''თემო'' კი, რომლის ნამდვილი სახელი მიშიკო ყოფილა, ალბათ მორიგ საკბილოს დაეძებს. ფრთხილად იყავით, არ შეგაცდინოთ, ის ძალიან სიმპათიურია!
მკითხველის ისტორია