ჩვენი რუბრიკის სტუმარს, ქალბატონ ნათელას, რომელსაც სოლიდურ ასაკში ეწვია პირადი ბედნიერება, დედამთილმა ნამდვილი ქარ-ცეცხლი დაუტრიალა...
- დედამთილებზე ბევრი მსმენია და წამიკითხავს, მაგრამ ჩემი მეუღლის დედა ნამდვილი საოცრებაა, ვინც მას იცნობს, იტყვის, რას
- როგორც წესი, დედამთილებს ოჯახის დანგრევაში ადანაშაულებენ, თქვენ უფრო საინტერესო ბრალდებები გაქვთ...
- მოსასმენად საინტერესოა, მაგრამ ისეთი დღეები გამოვიარე, მტერსაც არ უსურვებს კაცი. ალბათ ჯობს მოყოლა იქიდან დავიწყო, რომ 45 წლის ასაკში გავთხოვდი. ჩემი მეგობრები უკვე შვილიშვილებს ზრდიდნენ, მე კი პატარძლის კაბა მეცვა და პირველი ღამის შიშით ვკანკალებდი. ჩემს ქმარს ორი ცოლი უკვე გამოცვლილი ჰყავდა და კარგად იცოდა, როგორ დაემშვიდებინა ქალი, როგორ გამოეჩინა მზრუნველობა. ახალ ოჯახსაც ადვილად შევეწყვე. სახლში მხოლოდ დედამთილი დამხვდა. თბილი, კეთილი მოხუცი. როცა პირველად მნახა, მხოლოდ ერთი რამ მთხოვა, პირობა მომეცი, რომ ამ სახლიდან შენ მაინც არსად გაიქცევიო.
- სხვა ცოლები რატომ გარბოდნენ?
- როგორც გადმოცემით ვიცი, ჩემი ქმრის უხასიათობის გამო, მაგრამ მე მსგავსი არაფერი შემინიშნავს. ალბათ აურზაურით თვითონაც დაიღალა, 50 წლის იყო და სიმშვიდე მოენატრა. ქორწინებიდან თითქმის ერთი წელი ისე გავიდა, თავს ბედნიერ ქალად ვთვლიდი, მაგრამ ერთ დღეს სამსახურიდან შინ რომ დავბრუნდი, ჩემი დედამთილი სამზარეულოში ფუსფუსებდა, შემომხედა, გამიღიმა და მითხრა, თქვენ ვინ ხართ, სადაური ბრძანდებით? - თმა ყალყზე დამიდგა, დედა, ვერ მიცანი, ლალი ვარ-მეთქი. - ლალი? - გაოცებით იკითხა და თავი სინანულით გადააქნია, - ყველა უპატრონო ჩვენთან მოდის, საწყალი ჩემი ვალიკოო. აღარ ვიცოდი, უნდა მწყენოდა, გამკვირვებოდა თუ შემშინებოდა... ყოველი შემთხვევისთვის ჩემს ოთახში შევედი და კარგა ხანს არ გამოვსულვარ. ცოტა ხანში ჩემი ქმარიც დაბრუნდა. დედა-შვილმა ჩვეულებრივად გააბა საუბარი, როცა მეც შევუერთდი, დედამთილს ჩვენი დიალოგი აღარც ახსოვდა, მოდი, შვილო, ისადილეო, მითხრა ჩვეულებრივი თბილი ხმით.
ალბათ ქმარს მომხდარი შესახებ არც მოვუყვებოდი, მეორე დილით იგივე რომ არ გამეორებულიყო. დილით საპირფარეშოს კართან რომ დამინახა, დაიყვირა - აქ შიშველი რას დატანტალებ, არ იცი რომ ვალიკომ ცოლი მოიყვანა, გინდათ ისევ ოჯახი დაუნგრიოთ? - იქვე ხელჯოხი ედო, წამოავლო ხელი და ფეხებში მომცხო, სასწრაფოდ საპირფარეშოში შევვარდი და კარი ჩავიკეტე. იმანაც დრო იხელთა, გარედან კარი გადაკეტა და იქვე დადგა. ვეხვეწებოდი, გამომიშვი, მე ვარ, შენი რძალი, მაგრამ ვინ გისმენს? მწყევლის და მლანძღავს. რამდენიმე ხანში, როცა თავისუფლება დავიბრუნე, ვალიკოს დავურეკე და შინ მოსვლა ვთხოვე. ავუხსენი დედამისის მდგომარეობა და გადავწყვიტეთ, ექიმთან წაგვეყვანა. დიაგნოზი მალე დაუსვეს, სკლეროზი და წამლებიც გამოუწერეს. ერთხანს მედიკამენტებმა თითქოს უშველა, შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ რამდენიმე თვეში ყველაფერი თავიდან დაიწყო. სახლში დენის `ლევი~ ხაზი გვქონდა შემოყვანილი. ჩემმა ქმარმა ისე ოსტატურად გააკეთა, შემოწმებაზეც რომ მოსულიყვნენ, ვერაფერს ამჩნევდნენ. ერთ დღესაც ჩემი დედამთილი შინ მარტო დახვდათ. ინკასატორმა სთხოვა, მრიცხველი მაჩვენეთო. არც კი ვიცი, საიდან გაახსენდა სახლის უკან დაყენებული გადამრთველი, ახლავე, შვილოო, უთქვამს და პირდაპირ იქ მიუყვანია, საიდანაც `ლევი~ ხაზი შემოდიოდა. ინკასატორმა იქვე შეადგინა ოქმი და 1500-ლარიანი ჯარიმა გამოგვიწერა. როცა ვალიკომ გაიგო, ლამის გაცოფდა, დედამისს უყვიროდა, ის კი მშვიდად იჯდა და მე მელაპარაკებოდა, მაგისთანა ოთხი შვილი მყავდა, კიდევ კარგი, სხვები მომპარეს, თორემ ყველას ყვირილს რა გაუძლებდაო.
- თქვენი მეუღლე დედისერთაა?
- და ჰყავს რუსეთში გათხოვილი, თუმცა ის არავის მოუპარავს, დედამ დიდი ზარ-ზეიმით გაათხოვა. როცა ჩემი დედამთილი ცუდად იყო, ვთხოვე ჩამოდი, იქნებ შენმა ნახვამ კარგად იმოქმედოს-მეთქი, მაგრამ რეაქციაც არ ჰქონია. მალე დავფეხმძიმდი კიდეც, სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი. როცა დედამთილმა მუცელი შემამჩნია, თითქოს რაღაც ცვლილება მოხდა მასში. მიღიმოდა და მეფერებოდა კიდეც. კარგად მახსოვს, 28 ნოემბერი იყო, ჩემი ძმის დაბადების დღე, იქიდან რომ დავბრუნდით, სახლის წინ პოლიციის მანქანა დავინახეთ. გულგახეთქილები შევცვივდით სახლში. ზის ჩემი დედამთილი ფერწასული, გვერდით ორი ფორმიანი მამაკაცი ჩამოსჯდომია და ამშვიდებენ. კართან პოლიციელის ხმა ჩამესმა: - თქვენ ბავშვი ნახეთ? - ეკითხებოდნენ ჩემს დედამთილს, - ვნახე? ამ ხელებით ვზრდიდი, მაგრამ გამიყიდეს, ბავშვი გაყიდეს, - კიოდა ქალი. შევედით და პოლიციასთან გარკვევა ვცადეთ. ის პოლიციელები მგონი ჩემს დედამთილზე სულელები იყვნენ, წარბშეკრულებმა მოგვახსენეს: - საქმე სერიოზულდაა, ეს ქალბატონი ამბობს, რომ მისი შვილიშვილი გაყიდეთ.
ვალიკოს ფერი დაეკარგა, მაინც თავი შეიკავა, დედასთან მივიდა და ჰკითხა. - დედა, ბავშვი ხომ არ დაბადებულა, რას ლაპარაკობ? დედამთილმა დაეჭვებით შემომხედა, ერთხანს თითქოს გაახსენდა, შერცხვა თავისი საქციელის და გონს მოეგო, მაგრამ სულ ტყუილად! - როგორ დაიბადებოდა, როცა მუცელშივე გაყიდეს, - გააგრძელა კივილი.
- ხომ არ აზვიადებთ?
- უარესს გეტყვით. მეზობლის ბინაში შეპარულა. იმ ქალს სტუდენტი შვილი ჰყავდა, ბავშვი შინ ადრე ბრუნდებოდა და დედამისი გასაღებს ჩვენთან ტოვებდა, რომ ბიჭი ქუჩაში არ დარჩენილიყო. ეს გასაღები მოიპარა და მათ ბინაში შევიდა. მთელი უბანი გადავატრიალეთ, ქუჩა-ქუჩა დავეძებდით. ამ დროს მეზობელი შინ დაბრუნდა. კარი ღია დახვდა, შევიდა და დაინახა, რომ გაზის ღუმელია ჩართული, ცეცხლი ფარდას მოსდებია, იატაკზეც გადასულა და მთელი ოთახი იწვის. ჩვენი სკლეროზიანი ბებო კი ზის, ტელევიზორი აქვს ჩართული და საინფორმაციო გამოშვებას მისჩერებია, როცა მეზობელმა კივილი ატეხა, `სტუმარმა~ თავი შეაცოდა, - დიდხანს არ გავჩერდები, ჩემი შვილი ტელევიზორს არ მაყურებინებს, ეს გადაცემა დამთავრდება და წავალო.
- ზარალი თქვენ აგანაზღაურებინეს?
- რა თქმა უნდა, მას შემდეგ ბანკის ვალიდან ვერ ამოვედით.
- ახლა ბებო როგორ არის?
- მშვენივრად, ვცდილობთ ოთახიდან აღარ გამოვუშვათ, მაგრამ როდემდე?
მკითხველის ისტორია